Accessibility links

"შენი შვილი თუ არ გაჩუმდება, შენ დაკარგავ სამსახურს"


“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა. ჩხიტუნიძის მამას ადგილობრივ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე მყოფი ნაცნობები წლების განმავლობაში პირდაპირ და ირიბად მიანიშნებდნენ იმაზე, რომ არ მოსწონდათ მისი შვილის და რადიოს სხვა თანამშრომლების კრიტიკული დამოკიდებულება მათ მიმართ და აფრთხილებდნენ, რომ ეს შესაძლოა მისთვის სამსახურის დაკარგვის მიზეზიც გამხდარიყო.

ელგუჯა ჩხიტუნიძე საარჩევნო კომისიაში წლების განმავლობაში მუშაობდა. 2018 წლამდე ის ორი ვადით აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნად. მეორე 5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მან კონკურსში ვეღარ გაიმარჯვა. ჟურნალისტის მამა ამ დრომდე უმუშევარია.

“სამსახურის დაკარგვის შემდეგ, მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში ვაკანტურ თანამდებობაზე ორჯერ გამოცხადდა კონკურსი. ყველანაირი საბუთის, სერთიფიკატების და 10 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მამაჩემი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მაინც არ აირჩია.

ახლა კი, როდესაც საოლქოში კიდევაა ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადებული მამას "ურჩიეს", რომ თავს ნუღარ შეიწუხებს და საბუთებს ნუღარ შეიტანს რადგან, მისი შვილის სამსახურის გამო, მაინც არ აირჩევენ.” - წერს ვლადიმერ ჩხიტუნიძე Facebook-ის პირად გვერდზე.

“იყო გაფრთხილებები, დაანებოს თავი ჟურნალისტობას, წამოვიდეს სამსახურიდან. თუ გინდა მუშაობა, შეეშვას შენი შვილი ამ საქმეს, თორემ შენ მოგიწევს სამსახურის დატოვება. ასეთ ფრაზებს - ხან საარჩევნო კომისიის წევრებისგან ვისმენდი, ხან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ერთხელაც ვუთხარი, რომ ჩემი შვილი არაფერ ცუდს და უკანონოს არ აკეთებს, თავის საქმეს თავს არ დაანებებს და თუ ვინმემ უნდა თქვას სამსახურზე უარი, ისევ მე მირჩევნია ვიყო უმუშევარი. კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის ვადა რომ გამივიდა, იმის მერე 4 სხვადასხვა კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ვერც ერთში რომ ვერ გავიმარჯვე, ამიხსნეს, რომ სანამ ჩემი შვილი მარნეულის რადიოში იმუშავებს, არამარტო ცესკოში, არანაირ სხვა საჯარო სამსახურში არ ამიყვანდნენ“ - უყვება რადიო თავისუფლებას ელგუჯა ჩხიტუნიძე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის კანონით გაწერილ წესს განმარტავენ - მას ცესკოს 12 წევრი ირჩევს და ამ პროცესში გარე პირების ჩარევა არ ხდება.


“რეალურად ჩვენ საქმეს ვაკეთებდით, ვაშუქებდით და მათ ეს არ მოწონდათ. 2016 წელს დავიწყე მუშაობა რადიოში და მას მერე მალევე დაიწყო ეს ამბავი” - ეუბნება ვლადიმერ ჩხიტუნიძე რადიო თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG