Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედური გამონაკლისი: კორონავირუსთან ბრძოლა კარანტინის გარეშე


შვედეთი. 2020 წლის 25 აპრილი
შვედეთი. 2020 წლის 25 აპრილი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა რამდენიმე კვირა უმკაცრესი შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს, შვედეთი პანდემიას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ბიზნესის სავალდებულო დახურვის გარეშე უმკლავდება.

შვედეთმა საზღვრები არ ჩაკეტა; 16 წლამდე ასაკის ბავშვები სკოლებში დღემდე შეუფერხებლად დადიან; ბარები, რესტორნები და კაფეები მომხმარებელს ემსახურება, თუკი ”მაგიდები ისეა განლაგებული, რომ ხალხმრავლობის თავიდან აცილება და ყველა კლიენტის მაგიდასთან დაჯდომაა შესაძლებელი“; საპარიკმახერო, სპორტული დარბაზები, იოგას სტუდიები და რამდენიმე კინოთეატრიც კი განაგრძობს მუშაობას.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ქვეყნის შიგნით და შვედეთის მოსახლეობა შესანიშნავად იცავს როგორც სავალდებულო წესებს, ასევე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე...
ლენა ჰალენგრენი

მოქალაქეებს ურჩიეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იმგზავრონ, თუმცა გადაადგილებაზე შეზღუდვები არ დაწესებულა.

არსებითად, შვედეთის სტრატეგია აერთიანებს თითებზე ჩამოსათვლელ სავალდებულო შეზღუდვასა და სოციალური დისტანცირების ნებაყოფლობით რეკომენდაციებს.

1 აპრილიდან აკრძალულია ხანდაზმულთა სახლებში ვიზიტი, რათა ”ასაკოვანი ადამიანები ყველაზე მეტად უნდა დაიცვან ვირუსის გავრცელებისგან.”

მუზეუმები დახურულია. გაუქმდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები და აიკრძალა 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

მაღალ კლასებსა და უნივერსიტეტებში სწავლა მხოლოდ ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.

თუმცა უმეტეს ქვეყანასთან შედარებით, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სახელით დაწესებული შეზღუდვები გაცილებით მსუბუქი იყო - ადამიანების უმეტესობას საშუალებას აძლევდა განეგრძოთ ყოველდღიური ცხოვრება კარანტინის ან ნიღბის სავალდებულო ტარების გარეშე.

შვედეთის ჯანდაცვის მინისტრი ლენა ჰალენგრენი ამტკიცებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში ცხოვრება ჩვეული კალაპოტიდან არ ამოვარდნილა.

ჰალენგრენმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შვედეთის სტრატეგიის მიზნები სხვა ქვეყნებისგან არ განსხვავდება. მისი თქმით, მთავარი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად დაავადების გავრცელების შენელება და ყველაზე დაუცველთა - ხანდაზმულთა და სარისკო ქრონიკული დაავადების მქონე პირების დაცვაა.

სტრატეგია ეყრდნობა შვედეთში ხალხის მიმართ ნდობას, რომ მათ შეუძლიათ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს, ამბობს ჰალენგრენი.

”ძირითადად, წესებს ძალიან კარგად იცავს შვედი ხალხი,” - ამბობს მინისტრი. - ”ისინი ძალიან პასუხისმგებლიანი არიან... ჩვენ ვთანამშრომლობთ ქვეყნის შიგნით და შვედეთის მოსახლეობა შესანიშნავად იცავს როგორც სავალდებულო წესებს, ასევე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე“.

მართლაც, ჰალენგრენის თქმით, ქვეყანაში დასაქმებულთა დაახლოებით 30 პროცენტი სახლიდან მუშაობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 60 პროცენტით არის შემცირებული.

ჰალენგრინი ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, შვედეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ნაკლები შეზღუდვების სტრატეგია უკეთ იმუშავებს და უფრო მდგრადი იქნება თვეების განმავლობაში, ვიდრე რამდენიმეკვირიანი სრული ჩაკეტვის უზრუნველყოფა.

ზედმეტი რისკები?

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიდგომა აქამდე პოპულარობით სარგებლობს შვედების უმეტესობაში, ყველა არ ფიქრობს, რომ ეს მიდგომა გამოწვევების ადეკვატურია.

ბოლო დროს სოც-მედიაში გავრცელებულ სტოკჰოლმის ბარებში, რესტორნებსა და პარკებში ხალხმრავლობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეომასალებს, შვედეთსა და მის ფარგლებს გარეთ შეშფოთება მოჰყვა; ხომ არ ხდება არასაჭირო რისკების გაწევა?

26 აპრილს სტოკჰოლმში, რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოწმების შემდეგ სოციალური დისტანციის დაუცველობისა და ხალხმრავლობის გამო ხუთი რესტორანი დახურეს. მანამდე ამ რესტორნებს ერთი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდათ. მაგრამ არც ერთი არ დაუჯარიმებიათ და ახალი შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ ისინი კვლავ გაიხსნებიან.

ეს ზომები უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე, ჩვენი ევროპელი მეზობლების მსგავსად... ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს გამონაკლისი პანდემიის შესაჩერებლად ბრძოლაში...
შვედი მეცნიერების პეტიცია

მარტის ბოლოს, დაახლოებით 2 000-მა შვედმა მკვლევარმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც მთავრობას მოუწოდეს "დაუყოვნებლივ გადაედგა ნაბიჯები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად", კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ხელმომწერთა შორის იყო ნობელის ფონდის თავმჯდომარე, კარლ ჰენრიკ ჰელდინი.

პეტიცია მოუწოდებდა შვედეთს ადამიანებს შორის კონტაქტის შემზღუდველი მკაცრი ნორმების დაწესებასა და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაზრდას, ინფექციაზე უფრო მეტი ტესტირების ჩასატარებლად;

”ეს ზომები უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე, ჩვენი ევროპელი მეზობლების მსგავსად”, - წერდნენ შვედი მეცნიერები, - ”ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს გამონაკლისი პანდემიის შესაჩერებლად ბრძოლაში”.

მათ პეტიციაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ჯოგური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას, ისევე, როგორც ეს გრიპის ეპიდემიის დროს ხდება, მყარი მეცნიერული დასაბუთება არ აქვს.

მთავარი სახელმწიფო ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი უარყოფს, რომ შვედეთის ”ნებაყოფლობითი თანამშრომლობისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის“ სტრატეგია მიმართულია ჯოგური იმუნიტეტის შესაქმნელად, ანუ მოსახლეობის უმრავლესობაში იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, რაც არაპირდაპირ იმუნიტეტის არმქონე ნაწილსაც იცავს.

მართლაც, მეცნიერები ამბობენ, რომ ჯერ ისევ ბუნდოვანია, COVID-19-ით დაავადებისგან გამოჯანმრთელებულს იმუნიტეტი განუვითარდება, თუ კვლავ გახდება შესაძლებელი მათი ინფიცირება;

ახლახან შვედეთში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის თანახმად, შვედეთის 10-მილიონიანი მოსახლეობის ერთი მესამედს მაისის დასაწყისში წესით უკვე შეყრილი ჰქონდა კორონავირუსი.

შვედეთის ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ იმუნიტეტი ნამდვილად გვექნება, რადგან უმეტეს ადამიანს, რომლებმაც გადაიტანეს დაავადება, ტესტირების შემდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდათ...
ანდერს ტეგნელი

BBC-ის კითხვაზე, დაეხმარება თუ არა შვედეთს არჩეული სტრატეგია კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ტეგნელმა უპასუხა, რომ ეს ”ნამდვილად იმოქმედებს ვირუსის რეპროდუქციის სიჩქარეზე და შეანელებს გავრცელებას”. მაგრამ ტეგნელის თქმით, ეს საკმარისი არ იქნება ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად.

”ჩვენ ვიცით ძალიან ცოტა რამ ამ დაავადების იმუნიტეტის შესახებ, მაგრამ შვედეთის ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ იმუნიტეტი ნამდვილად გვექნება, რადგან უმეტეს ადამიანს, რომლებმაც გადაიტანეს დაავადება, ტესტირების შემდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდათ,” - თქვა ტეგნელმა. - ”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დაგვეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში."

ტეგნელი, როგორც პოლიტიკური მრჩეველი, რომელიც შვედეთის სტრატეგიას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ქვეყანაში არც იყო სამართლებრივი ჩარჩო, სრული კარანტინისა და დაბლოკვის განსახორციელებლად.

”ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ შეზღუდული საკარანტინო ზომები, მაგრამ ქალაქების ან რეგიონების ჩაკეტვა იურიდიულად შეუძლებელია - რომ აღარაფერი ვთქვათ მთელ ქვეყანაზე,” - უთხრა ტეგნელმა ამას წინათ შვედურ გამოცემა The Local-ს.

ტეგნელი ასევე ამტკიცებს, რომ შვედეთში კორონავირუსის გავრცელება შეესაბამება სხვა ევროპულ ქვეყნებში გავრცელებასაც, რომლებმაც მკაცრი ზომები გაატარეს.

29 აპრილისთვის 19 600-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევითა და 2 355 ლეტალური შედეგით 10-მილიონიან მოსახლეობაში, შვედეთში ინფექციის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით იგივეა, რაც ირლანდიაში, ქვეყანაში სადაც მკაცრი კარანტინი იყო შემოღებული.

მაგრამ ჩეხეთის რესპუბლიკასთან შედარებით - პრაქტიკულად იგივე რაოდენობის მოსახლეობით, და მკაცრი წესებით - შვედური რიცხვები ძალიან მაღალია: ჩეხეთში, 29 აპრილის მდგომარეობით, ინფექციის 7,504 შემთხვევაა დარეგისტრირებული და 227 გარდაცვლილი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ კორონავირუსის მონაცემთა გლობალური ბაზის თანახმად, შვედეთის გარდაცვალების მაჩვენებელი - 100 000 ადამიანზე 23 - უკეთესია, ვიდრე ბელგიის (64), ესპანეთის (51), იტალიის (45), საფრანგეთის (35), ბრიტანეთის (31) და ნიდერლანდის (27).

შვედეთის სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ შევძელით მრუდის გაბრტყელება და მოვახერხეთ, რომ ჯანდაცვის [სისტემა] უმკლავდება ყველას, ვისაც საექიმო მზრუნველობა და ინტენსიური დახმარების გაწევა სჭირდება...
ლენა ჰალენგრენი

ყველა ამ ევროპულ ქვეყანაში მკაცრი კარანტინის სავალდებულო ზომები იყო დაწესებული, სკოლის დახურვით დაწყებული და ბიზნესის საქმიანობით შეჩერებული; ამავე დროს, მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ახალი ინფექციების რიცხვის შემცირების შემდეგ, ევროპული ქვეყნები იწყებენ ზომების შერბილებას და ეკონომიკის ეტაპობრივ ამუშავებაზე ფიქრს, შვედეთის ჯანდაცვის მინისტრი აღიარებს, რომ მის ქვეყანაში, ალბათ, ჯერ არ დამდგარა დაავადების გავრცელების პიკი.

”მე არ ვიტყოდი, რომ პიკი უკვე გადავლილი გვაქვს,” - განუცხადა ჰალენგრენმა რადიო თავისუფლებას 28 აპრილს. - ”მაგრამ შვედეთის სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ შევძელით მრუდის გაბრტყელება და მოვახერხეთ, რომ ჯანდაცვის [სისტემა] უმკლავდება ყველას, ვისაც საექიმო მზრუნველობა და ინტენსიური დახმარების გაწევა სჭირდება.”

"შვედეთის საავადმყოფოებში კვლავ ხელმისაწვდომია საწოლები კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში,” - ამბობს ის.

ჰალენგრენი დასძენს, რომ შვედეთის მთავრობა "ყოველთვის მზად არის" გაამკაცროს შეზღუდვები მომავალში - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აპრილის პირველი კვირის განმავლობაში მიღებულმა კანონმდებლობამ გააფართოვა მთავრობის უფლებამოსილება, დააწესოს ქვეყანაში მკაცრი გადაუდებელი ზომები.

თუ არსებობს რამე გაკვეთილი, რაც შვედეთს შეუძლია შესთავაზოს დანარჩენ მსოფლიოს თავისი სტრატეგიის ჩავარდნებიდან, ჰალენგრენი ამბობს, ეს ის დამანგრეველი ეფექტია, რაც კორონავირუსს ჰქონდა შვედეთის ხანდაზმულთა სახლებზე, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ვერ მოხერხდა.

შვედეთში კორონავირუსით დაღუპულთა 86 პროცენტი ხანდაზმულ მოსახლეობაზე მოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG