Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიშის ძალა


“გასართობი თამაშები” (“Fanny games”, რეჟისორი მიჰაელ ჰანეკე, 1997, ავსტრია)

ოდესმე სატელევიზიო პროგრამა “ფსიქოს” ისტორიას თუ დავწერ, მიჰაელ ჰანეკეს ამ ფილმს აუცილებლად ცალკე თავს დავუთმობ - მეტისმეტად ხმაურიანი აღმოჩნდა “გასართობი თამაშების” პრემიერა ჩემს გადაცემაში. რა არ ვაჩვენეთ “ფსიქოში” – “გრძნობათა იმპერია” და “ლეგენდა ნარაიამაზე”, “მარწყვი და შოკოლადი” და “ომის ზონა”, “ცემენტის ბაღი” და “უკანასკნელი ტანგო პარიზში”... მაგრამ არც ერთს არ ჰქონია ისეთი გამოხმაურება, როგორც ავსტრიელი რეჟისორის ამ მცირებიუჯეტიან ტრილერს ორ ახალგაზრდაზე, პიტერსა და პაულზე (პეტრე-პავლე?),რომლებიც ერთი ძალიან ჩვეულებრივი, წესიერი, კეთილგანწყობილი ოჯახის მთლიანად ამოწყვეტას განიზრახავენ. ფილმის მსვლელობის პროცესში მუქარის ზარები არ შეწყვეტილა. “გადაგბუგავთ!”, “დედას გიტირებთ!”, “სადისტებო!”, “შეწყვიტეთ ამის ჩვენება!” - ასეთი რეპლიკების მოსმენა უწევდა “რუსთავი 2”-ის დაცვას, რომელმაც ბოლოს მირჩია უსაფრთხოების მიზნით იმ ღამეს ტელევიზიაში დავრჩენილიყავი.

ამგვარ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი. აქამდე ჩვენს მაყურებელს სისხლის და, განსაკუთრებით, სექსის ჩვენება აღაგზნებდა ხოლმე. “გასართობი თამაშების” გამოსახულება კი თითქმის პურიტანულია, მოკლებულია სადისტურ სცენებს. უფრო მეტიც, მიჰაელ ჰანეკე, გარკვეული თვალსაზრისით, მაყურებლის ნერვებსაც უფრთხილდება და ხანდახან შეგვახსენებს, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ ეკრანზე, მხოლოდ და მხოლოდ თამაშია (“ლოცვა უკუღმა”, ეპიზოდი აჩქარებული კადრებით, ერთგვარი თვალის ჩაკვრაა, მაყურებელთან ფლირტი). მაგრამ ეს დისტანციურობა და გაუცხოების ეფექტი, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა საკმარისი - “გასართობმა თამაშებმა” შეაშინა ჩვენი პუბლიკა - ისე შეაშინა, რომ ჩვენ დაგვემუქრა, სატელევიზიო გადაცემის ავტორებს, ეს რას უჩვენებთ, გადაგბუგავთო.

არადა, 90-იანი წლების მიწურულის საქართველო თითქოს მზად უნდა ყოფილიყო მიჰაელ ჰანეკეს ფილმის მშვიდი აღქმისთვის. რა არ გვქონდა გადატანილი. რამდენი რამე დავკარგეთ - ტერიტორიები, ახლობლები, ქონება... სანამ ომები და ეს “სიცივე-უშუქობა” დაიწყებოდა, საბჭოთა კავშირის დროს, კაცმა რომ თქვას, არ ვცხოვრობდით ცუდად ქართველები; ცოტას ვიპარავდით, ცოტას ვატყუებდით (დამპყრობელს!), სტურუა დგამდა თავის სპექტაკლებს და შენგელაიები იღებდნენ კარგ ფილმებს. მერე ყველაფერი ერთად დავკარგეთ და დასაკარგი აღარაფერი დაგვრჩა შევარდნაძის და “სიგუას ნამცხვრის” გარდა. ამიტომ წესით, ჩვენი რეაქცია “გასართობ თამაშებზე” ბევრად უფრო მშვიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე თუნდაც ევროპელებისა, ვისაც, პირველ რიგში, მიმართავს ავსტრიელი რეჟისორი მიჰაელ ჰანეკე - მიმართავს მომხმარებელ საზოგადოებას და წვრილ, საშუალო ევროპელ ბურჟუებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება კეთილმოწყობილ ლაგუნად აქციეს.

არა, 1997 წელს ევროპას ჯერ არ განეცადა სირიელი დევნილების შემოტევა, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორი,მემარჯვენე-რადიკალები და მემარცხენე-რადიკალებიც ასე არ ბობოქრობდნენ, როგორც დღეს, მაგრამ ჰანეკემ გადაწყვიტა, რომ ევროპულ საზოგადოებას აუცილებლად სჭირდებოდა შერყევა, დაშინება კონფორმიზმის მორევიდან გამოსაყვანად - კულტურული შერყევა ლამის ტერორისტული აქტის დონეზე, როცა ხელოვანი არანაირ, აი, მართლა არანაირ იმედს არ უტოვებს მაყურებელს. სარკეში ახედებს და კლავს! დიახ, პირველ რიგში, ამ მაყურებელს კლავს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ბოლო წუთამდე პუბლიკა ზის და თავის თავს ეუბნება: “არა, ამას არ იზამს!”, “არა, ამას ცოცხლად დატოვებს”, “ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდება”, “ჰიჩკოკთანაც ხომ ასე იყო, მაგრამ სამართლიანობა იმარჯვებდა!”.

ჩვენი არც ერთი მოლოდინი არ გამართლდება “გასართობ თამაშებში”. ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ განვითარდება. ბუნებრივია, რომ ეს გვაბრაზებს. “ბოროტი რეჟისორი”, “სადისტი!”, “მიზანთროპი”, “ცივსისხლიანი ავსტრიელი”. ასე კი შევაფასებთ, მაგრამ ფაქტია, ჩვენს დროში, როცა ძალადობას უკვე პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, ომებს ვუყურებთ ლაივში, ძალიან ძნელი ხდება პუბლიკის მანიპულაცია. ჰიჩკოკი ამას უკვე ვეღარ შეძლებდა. მიჰაელ ჰანეკემ ეს შეძლო. მისმა ჰიპერრეალისტურმა დრამამ შეაშინა ევროპა. შეგვაშინა ჩვენ.

“გასართობი თამაშები” დარჩა კინოს ისტორიაში, როგორც ტესტი, რომელიც ერთი ჩემი კოლეგის შენიშვნისა არ იყოს, თამაშგარე მდგომარეობაში ნამდვილად არ დაგტოვებთ. რეჟისორმა გამოგვიყვანა კომფორტის ზონიდან და, ფაქტობრივად, ძალადობის თანამონაწილედ გვაქცია. ახლა მთავარია, ვისთან გააიგივებთ თავს - მსხვერპლთან, თუ ჯალათთან? და თუ მაინც მსხვერპლთან, მაშინ საინტერესო ხდება, რატომ აგაღელვათ ასე პატარა ავსტრიული ოჯახის ბარბაროსულმა დარბევამ? ფილმის ბოლომდე ხომ იცოდით, რომ ის, რაც გათამაშდა ეკრანზე, მხოლოდ და მხოლოდ კინო, მხოლოდ თამაში იყო - არა “გასართობი”, ძალიან სასტიკი, მაგრამ მაინც თამაში.

თუკი ძალადობამ აგაღელვათ, პირდაპირ თქვენს არაცნობიერზე იმოქმედა, რამდენად გულწრფელი იყო თანაარსებობა ამ ძალიან ჩვეულებრივ, ყველანაირ ქარიზმას მოკლებულ, მე ვიტყოდი, “ნაცრისფერ” ბურჟუაზიულ ოჯახთან? იქნებ სინამდვილეში ისეთივე გულგრილები ვართ მათ მიმართ, როგორც მეზობლები, რომლებიც დასახმარებლად არ მოდიან? ან თავად ეს ოჯახი წავიდოდა მეზობლის დასახმარებლად? ამ ტოტალური გულგრილობის ფონზე რეალურად რამ შეგვაწუხა “გასართობ თამაშებში? უდანაშაულო ადამიანების დარბევამ თუ საშიშროებამ, რომელიც მოჩვენებით წესრიგს, უამრავი მსხვერპლის ხარჯზე შექმნილ წესრიგს დაემუქრა?

“თამაშების” სახვითი გადაწყვეტა სუნთქვის შემკვრელია. ყველას არ შეუძლია უბრალო საგნებისგან, აბსოლუტური მინიმალიზმისგან ცივი, მაგრამ მიმზიდველი, ზოგჯერ, უბრალოდ, მაგიური კადრები შექმნა.ამ სისადავემ, ასკეტურობამ, თითქმის “ოქმის” მსგავსად დაწერილმა სისხლიანმა ისტორიამ ცხადყო, რომ არაა საჭირო სანახაობად აქციო ძალადობა, მან რომ მაყურებელზე იმოქმედოს.განა ცხოვრებაშიც ასე არაა?

აი, მაგალითად, ხომ შეგვაძრწუნა ტელეფონით გადაღებულმა ამერიკის ამბებმა? ახლა ისღა დაგვრჩა პრიორიტეტზე დავფიქრდეთ და გავიხსენოთ, რას მივანიჭეთ უფრო მეტი მნიშვნელობა, რამ უფრო აგვაღელვა იმ მოვლენებიდან, რომლებიც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ:ჯორჯ ფლოიდის მხეცურმა მკვლელობამ (რომელსაც ზოგიერთი ჩემი თანამემამულე ნათლავს როგორც “შემოაკვდა”), თუ ლუი ვიტონის მაღაზიის გაქურდვამ? ასიათასობით ადამიანის მონაწილეობამ სამგლოვიარო მარშებში, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაშიც კი გაიმართა, თუ რომელიღაც ონლაინ სერვისის მესვეურთა გადაწყვეტილებამ დროებით ამოიღონ ქსელიდან “ქარწაღებულები”? რატომ შეგვაშინა ასე მაღაზიის ვიტრინების მსხვრევამ, მანქანების დაწვამ, რამდენიმე ქანდაკების წაბილწვამ? იმიტომ ხომ არა, რომ რაღაც ვიცანით ამ ქაოსში, რაღაც, რისი მსგავსიც, გვგონია, რომ უკვე გავიარეთ? “ვარდების რევოლუციაც” ხომ ისე მოვაწყვეთ, ერთი ვიტრინა არ ჩაგვიმსხვრევია. აღარ გვინდა ხმაური! სიმშვიდე გვინდა, სინათლე და სითბო გვინდა. ჩვენი პატარა ლაგუნა, რომელიც წლების წინ ძლივს მოვიპოვეთ. უფრო სწორად, საბჭოთა კავშირიდან დავიბრუნეთ. ჩვენი პატარა სამყოფელი, ოჯახური სითბო, ალერსი, ბიძინა ივანიშვილი და ტელევიზორში რამე “ჟიზნენი” ზღაპარი, თუნდაც “ქარწაღებულები”.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG