Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვის სამძებრო ოპერაციისას დაღუპულები - რა კითხვებს აჩენს მათი სიკვდილი?


შოვი, სტიქიის ზონა
შოვი, სტიქიის ზონა

ჯერ 7 აგვისტოს, შემდეგ 29 აგვისტოს, კურორტ შოვში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი, 48 წლის მირიან ჭელიძე, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მაშინ გახდა შეუძლოდ, როდესაც მაშველებმა შოვის სტიქიისას დაღუპული ერთ-ერთი ცხედარი იპოვეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

გულის შეტევა სახელდება 50 წლის თემურ ხარჩილავას, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის გარდაცვალების მიზეზადაც. საკუთარ სახლში, ზუგდიდში, ის 29 აგვისტოს, გვიან ღამით გადაასვენეს.

თემურ ხარჩილავას ახლობლები ამბობენ, რომ ის გარდაცვალებამდე 10 დღის განმავლობაში მუშაობდა სტიქიის ზონაში, 29 აგვისტოს კი „სახლში დაბრუნება უწევდა“:

„გულის პრობლემები ჰქონდა და რაღაც პრეპარატებსაც იღებდა, მაგრამ ჩვენ ასე ვიცოდით, რომ სერიოზული არაფერი იყო. არც იქ მუშაობის პერიოდში უთქვამს, რომ ცუდად იყო. მის გვერდით ვინც იყო, გვითხრეს, შეუძლოდ რომ გახდა, მალევე დაკარგა გონება და სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყოო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თემურ ხარჩილავას ახლობელი.

თემურ ხარჩილავას სახლი ზუგდიდში
თემურ ხარჩილავას სახლი ზუგდიდში

სამხედრო, რომელიც თემურ ხარჩილავასთან ერთად მუშაობდა სტიქიის ზონაში, ამბობს, რომ სამსახურში არასდროს ულაპარაკია ჯანმრთელობის პრობლემებზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თემურ ხარჩილავას მეზობლები უყვებიან:

„ეს სამხედრო წუხელ, ცხედრის ჩამოსვენებისას იყო აქ. ამბობდა, რომ ჯან-ღონით სავსე კაცი იყო და უცებ, წამებში მოხდა ყველაფერი, მანამდე ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემა, არ ვიცით, სამსახურში ჯანმრთელობის პრობლემებზე არასდროს ულაპარაკიაო. იმ დღეს, როცა გარდაიცვალა, უთქვამს, არ ვარ კარგად, მდინარეზე ჩავიდა, ცივი წყალი შეისხა და რამდენიმე წუთში გონებაც დაკარგაო. სასწრაფო მალე მისულა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყოო“.

ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დროულად, 10 წუთში მივიდა, თუმცა, ექიმებს სამხედრო გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო ინფორმაცია, რომ პაციენტის დახმარება დაგვიანდა ან მას არასათანადო მომსახურება გაეწია, „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“:

„სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ასევე, ონისა და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანიმობილი“.

თემურ ხარჩილავას ოჯახის წევრები ახლა ექსპერტიზის პასუხს ელიან, რათა დადგინდეს მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შოვში გარდაცვლილი მირიან ჭელიძის ოჯახსაც. თუმცა, როგორც მისმა ცოლმა გვითხრა, არ სურს ჟურნალისტებთან ლაპარაკი.

როგორ მუშაობდნენ მაშველები, სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები სტიქიის ზონაში?

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური კატასტროფის ზონაში, პირველივე დღიდან მუშაობს რამდენიმე ასეული მაშველი. თავდაპირველად მაშველების რაოდენობა 400-მდე იყო, მოგვიანებით, სამძებრო არეალის გაფართოებასთან ერთად, მათ კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი დაემატა. შოვში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 5 აგვისტოდან ჩაერთვნენ სამხედრო მოსამსახურეებიც.

შოვი, სტიქიის ზონა
შოვი, სტიქიის ზონა

მას შემდეგ, რაც სტიქიის ზონაში, სამძებრო-სამაშველო საქმიანობაში ჩართული ორი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ უფრო მკაფიოდ დაისვა კითხვები იქ მომუშავეთა შრომის უსაფრთხოების პირობების, პერსონალის მომზადება-გადამზადების, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„ადამიანების ტრაგიკული გარდაცვალების თავიდან ასაცილებლად ფსიქოთერაპია, როგორც მეთოდი, არ არის შესაბამისი. კარგად არის ცნობილი, რომ შრომის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დაცვა და პერსონალზე ზრუნვა, საქართველოში ნულზეა და ამის გამო ყოველ წელს გვეღუპება თანამემამულეები, მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ მაშინ ხდება ხოლმე მსჯელობის საგანი, როდესაც ურემი გადაბრუნდება და თან ხშირად არასწორი მსჯელობის საგანიც ხდება. ახლაც, ფსიქოლოგიურ დახმარებაზეა საუბარი ნაცვლად იმისა, რომ შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვაზე ზრუნვა მოვთხოვოთ სახელმწიფოს“, - ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

ჯანა ჯავახიშვილი
ჯანა ჯავახიშვილი

ჯანა ჯავახიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში, ველზე მუშაობა მკაცრად უნდა ექვემდებარებოდეს როტაციას:

„არ შეიძლება, რომ ადამიანი, ასეთ ფიზიკურად და ემოციურად უმძიმეს სამუშაოს 10 დღე მიყოლებით ასრულებდეს. და თუ როტაცია არ ხდება, ფსიქოთერაპიით ვერ ვუშველით ამ პრობლემას. შრომითი უსაფრთხოების დაცვაა აქ თანამშრომლების დაკარგვის თავიდან აცილების მეთოდი. ისევე, როგორც სამხედრო სამსახურში, პერსონალი როტაციით უნდა იცვლებოდეს, ერთმანეთს ცვლიდნენ“.

კითხვები სტიქიის ზონაში მყოფი მაშველების სამუშაო პირობების, მათი აღჭურვილობის, კვებისა თუ ღამის გასათევის შესახებ შოვის სტიქიის პირველივე დღეებში გაჩნდა.

ამ ინფორმაციას და კითხვებს კი ის თვითმხილველები და მოხალისეები ავრცელებდნენ, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ. ისინი მაშველებისთვის კვების, უფრო ზუსტად, ცხელი წვნიანის მომზადებით, პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდებით იყვნენ დაკავებულები.

ერთ-ერთი მოხალისე, რომელმაც სტიქიის ზონაში პირველი 10 დღე გაატარა, ეთო არსანიძეა. ის მაშველებისთვის მეგობრებთან ერთად ცხელ წვნიანს ამზადებდა და იმ პირველადი მოხმარების ნივთებსა და მედიკამენტებს აგროვებდა, რომლებიც მაშველებს უშუალოდ ველზე სჭირდებოდათ.

ეთო არსანიძე
ეთო არსანიძე

„ჩვენი მოხალისეები ცხელი წვნიანის ასატანად უშუალოდ სტიქიის ზონაში ადიოდნენ და შემდეგ იქიდან ჩამოჰქონდათ ინფორმაცია, რა ჭირდებოდათ მაშველებს. ეს იყო პარალონები, საძილე ტომრები, მაისურები, მედიკამენტები, თავის ტკივილის გამაყუჩებლები, კუჭის... არავის ეხალისებოდა ცხელი წვნიანის მომზადება იმ სიცხეში, სადღაც ტყეში, მაგრამ ჩვენ ამის საჭიროება დავინახეთ, იმიტომ, რომ მაშველები ძირითადად მშრალ კვებაზე, ე.წ. პაიოკებზე იყვნენ. 13 აგვისტოს, სტიქიიდან მეათე დღეს, ადგილობრივმა მერიამ გააკეთა საველე სამზარეულო და, შესაბამისად, ჩვენი სამზარეულოს საჭიროებაც აღარ იყო და დავხურეთ ბანაკი“.

ეთო არსანიძე ამბობს, რომ სტიქიის ზონაში ყოფნისას, ყოველდღე ადევნებდა თვალს, როგორ აკითხავდნენ ტერიტორიაზე გაშლილ სამედიცინო პუნქტებს სამაშველო პროცესში ჩართული ადამიანები:

„დღე არ გასულა, რომ ან მაღალი წნევით არ მოეყვანათ იქ ვინმე, ან მძიმე ტექნიკაზე მომუშავე ოპერატორები არ გამხდარიყვნენ ცუდად. უკვე ჩვენთან მოსულები, როცა ვუმასპინძლდებოდით, იქ ხდებოდნენ ცუდად, სასწრაფოს გამოძახებაც გვჭირდებოდა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ გაუსაძლისი სიცხე იყო. ჩემი დაკვირვებით, მინიმუმ 6-7 დღე მაინც არ იცვლებოდნენ მაშველები. მუშაობდნენ ცვლებში, მაგრამ ყოველდღე“.

სტიქიის ზონაში იმუშავა მოხალისედ 11 დღის განმავლობაში ალპინისტმა და მთის გიდმა კახაბერ აქიმიძემ. რადიო თავისუფლებას უყვება, რომ განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართვა მაშველებს მწირი აღჭურვილობითა და „თითო ხელი“ ეკიპირებით უწევდათ:

კახაბერ აქიმიძე
კახაბერ აქიმიძე

„მაგალითად, ლაფში გადასაადგილებლად გამოიყენება ფეხზე მისაბმელი ე.წ. პლასტმასის დაფები. იქ ეს არ ჰქონდათ. პასუხი კი იყო, რომ დიახ, ეს დაფები გვაქვს, მაგრამ მესტიასა და ყაზბეგში. არ ვიცი, შესაძლოა, იქ 10-20 წყვილი უდევთ სადმე, მაგრამ ამაშიც ეჭვი მეპარება უკვე. როდესაც ჩვენ, მოხალისე მაშველებმა გავიკეთეთ ფიცრები ფეხებზე, რომ ტალახზე გვემოძრავა, სამაშველო სამსახური მიხვდა, რომ ეს მეთოდი მათ საქმეს გაუადვილებდათ, მაგრამ ცუდად გამოჩნდებოდა, რადგან რატომ მოაფიქრდა ეს პირველად სხვას და არა სამაშველო სამსახურს? გარდა ამისა, თოკები, რათა მაშველების სიცოცხლე უფრო მეტად ყოფილიყო დაზღვეული. ეს თოკები, მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ან არ იყო, ან იყო ძალიან ცოტა. ასევე, რატომ არ უნდა ყოფილიყო პირველ დღეებში ადგილზე ნაჯახები, ფარნები, პირადი ჰიგიენის ნივთები. ანუ, ის ნივთები, რაც სჭირდება მაშველს. გარდა უნიფორმისა, რომელიც ზედ ეცვათ და თუ დაუზიანდებოდათ, უნდა გაეკერათ“.

სტიქიის ზონა
სტიქიის ზონა

კახაბერ აქიმიძე ჰყვება, რომ ტალახის მასაში ნამუშევარ მაშველებს, სველი უნიფორმით, ღია ცის ქვეშ უწევდათ ღამის გათენება:

„რამდენიმე დღის შემდეგ, გვიან დაიწყო სახელმწიფომ ორგანიზება, რომ მაშველებს თურმე სჭირდებათ ტანსაცმლის გამოცვლა და თურმე ღამით ნორმალური ძილი სჭირდებათ. იყო ერთი სასტუმრო, სადაც მაშველების ნაწილი რჩებოდა. დანარჩენები, პირდაპირი მნიშვნელობით, გარეთ, სტადიონზე, ბალახზე ათენებდნენ. მე 14 აგვისტოს წამოვედი შოვიდან და ვიცი, რომ იმ დღემდე, კონკრეტულ ჯგუფებს არ ჰქონდათ გარეთ ნორმალური დასარჩენი. ჩვენი იქ ყოფნის მიზანიც ეგ იყო, რომ მათთვის მიგვეწოდებინა პარალონები, საძილე ტომრები. რაც მთავარია, ეს ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ არ გამოჩენილიყო, რადგან სირცხვილია, რომ სახელმწიფომ ვერ მოაგვარა, რომ დაახლოებით 700 კაცს ჰქონოდა შესაბამისი კვება, აღჭურვილობა და ღამის გასათენებელი.

იჩქმალებოდა, რომ მაშველს ეძინა ღია ცის ქვეშ, პარალონისა და საძილე ტომრის გარეშე. ახლა კი ვართ ადამიანები, რომლებმაც ეს ინფორმაცია ძალიან ჭკვიანურად უნდა მივაწოდოთ ხალხს, რომ ხალხმა დაგვიჯეროს და არ გვითხრან, რომ რაიმეს ვიგონებთ. მაშინ, ყველაფერი უნდა გადაგვეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ მომენტში, არ ვფიქრობდით იმაზე, რომ ტელეფონი უნდა ამოგვეღო და გადაგვეღო. თუმცა, ამის უფლებასაც არ გვაძლევდნენ“.

კახაბერი ამბობს, რომ მაშველებს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ცხედრებთან, ხშირად სჭირდებოდათ სამედიცინო დახმარება:

„ეს მაშველები პირდაპირ გადაჰყავდათ სასწრაფო დახმარების მანქანით. გამოცდილი მაშველებისთვისაც კი ძალიან რთული იყო იქ მუშაობა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მძიმე ტექნიკის მძღოლებზე, რომლებიც იმიტომ აღმოჩნდნენ შოვში, რომ იციან ტრაქტორის მართვა. ამ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ ცალკე სალაპარაკოა“.

სტიქიის ზონა
სტიქიის ზონა

რას ამბობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი?

კითხვებს მაშველების ეკიპირებისა და აღჭურვილობის რეზერვების შესახებ, 10 აგვისტოს, შოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ასე უპასუხა:

„სრული გულწრფელობით ვიტყვი და ძალიან გთხოვთ, რომ თუკი ამ საკითხზე რაიმე დაინტერესება გექნებათ, აუცილებლად შემეკითხეთ და დამისვით რაც შეიძლება მეტი კრიტიკული შეკითხვა...

ჩვენ გვაქვს საკმარისი, გონივრული მარაგები საწყობებში, ეს ეხება როგორც ტანისამოსს, როგორც ბოტს, როგორც ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას, სპეცაღჭურვილობას და ა.შ. დაწყებული, ასე ვთქვათ, მცირე ხელსაწყოთი, დამთავრებული მძიმე სპეცაღჭურვილობით, რომელიც გაგვაჩნია საკმარისი რაოდენობა.

როგორც კი დგება დღის წესრიგში ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა აუცილებელი მარაგების დონე არ ჩამოვიდეს ქვემოთ, რადგან ღმერთმა დაგვიფაროს, [არ ვიცით], ხვალ რა სახის ღონისძიებაში და რა ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება მოგვიწიოს ჩართვა როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ, თუნდაც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად, ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებს და მარაგების შევსებას.

ძალიან არ მინდა, ამ სიტუაციაში წავიდე სიღრმეებში, მაგრამ ყველას მინდა მოვუწოდო, ყველაზე მეტად კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, ჩემი ტელეფონი შემიძლია პირდაპირ ეთერშიც დავასახელო, დაგვირეკონ, შეგვეკითხონ, დასვან კითხვა, მიიღონ პასუხები“.

რადიო თავისუფლებამ 10 აგვისტოდან მოყოლებული, რამდენჯერმე სცადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მაშველების სამუშაო პირობების, შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ კითხვებზე პასუხების მოძიება, თუმცა, როგორც ჩანს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირობა „ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისა“ მხოლოდ პირობად დარჩა.

რადიო თავისუფლებამ 30 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს აი, ამ კითხვებით მიმართა, თუმცა, მათზე პასუხი ვერ მიიღო:

  • როგორ და რა პერიოდულობით ხდება მეხანძრე-მაშველების როტაცია?
  • დღის ბოლოს, სამძებრო ოპერაციიდან დაბრუნებული მაშველები, სად და რა პირობებში ათენებენ ღამეს?
  • დღის განმავლობაში, რამდენჯერ იკვებებიან და რისგან შედგება მათი რაციონი?
  • რამდენ მაშველს დასჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება? - იგულისხმება როგორც გარეგანი დაზიანების გამო, მაგალითად, სხვადასხვა სახის ჭრილობა, ისე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, - ჯანმრთელობის რა ტიპის პრობლემები გამოუვლინდათ მაშველებს? რამდენს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა?
  • როგორ არის ველზე დაცული მაშველთა შრომის უსაფრთხოება?
  • სტიქიის ზონაში, კონკრეტულად სად და რამდენი სამედიცინო დახმარების პუნქტია გახსნილი და რამდენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მათ შორის, რეანიმობილი ემსახურება სტიქიის ზონას?
  • სტიქიის ზონიდან დაბრუნების შემდეგ, გადიან თუ არა მაშველები რაიმე ტიპის სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის ფსიქოლოგიურ შემოწმებას?
  • ფსიქო-ემოციური პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, აქვთ თუ არა მაშველებს საშუალება, გაიარონ რეაბილიტაცია? არიან თუ არა მაშველები, რომლებსაც შოვის სტიქიის პერიოდში დასჭირდათ ფსიქოლოგის/ფსიქიატრის მომსახურება?
  • სტიქიის ზონაში გაგზავნამდე, გაიარეს თუ არა მაშველებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება?
  • რამდენ ხანში ერთხელ გადიან მაშველები სწავლება/ტრენინგებს?

„არ მახსოვს მათი სახეები, ვინც გადავარჩინე, სამაგიეროდ, მახსოვს ყველა, ვინც ვერ გადავარჩინე“

შვიდი წელი იმუშავა გიორგი დიასამიძემ მეხანძრე-მაშველად. არაერთ სამაშველო ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის ფასად.

გამოცდილებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ მაშველებს სტიქიის ისეთ ზონებში, როგორიც შოვია, გარდა ფიზიკური მზაობისა და სათანადო აღჭურვილობისა, სჭირდებათ ფსიქო-ემოციური მდგრადობაც, რაც დიდწილად დამოკიდებულია მენეჯმენტის მიერ სწორად დაგეგმილ სამუშაო პროცესსა და სამოქმედო გეგმაზე:

„თითოეული მეხანძრე-მაშველი მზადაა ბოლომდე დაიხარჯოს, თუმცა, აქ საჭიროა ხელმძღვანელი პირების პროფესიონალიზმი, სამაშველო პროცესის სწორი დაგეგმვა და არა სპონტანური მოქმედებები. მე ურთიერთობა მაქვს მოქმედ მაშველებთან და ვიცი, რა სურათი დახვდათ იქ, შოვში, რადგან მეწყერი და ღვარცოფი ძალიან მძიმე დაზიანებებს ტოვებს ადამიანების სხეულებზე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს, იქ მომუშავე მაშველების ნაწილს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა აქვთ. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, არ მახსოვს არავინ, ვინც გადამირჩენია, მაგრამ ვისი გადარჩენაც ვერ მოვახერხე, მათი სახეები დღესაც მახსოვს. არ არის გასაკვირი, რომ იქ მაშველებს შესაძლოა გარკვეული სამედიცინო დახმარება დასჭირდეთ“.

გარდა შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო პროცესში არსებული კითხვის ნიშნებისა, გიორგი დიასამიძე საუბრობს მაშველების რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც:

„წარმოიდგინეთ, დაამთავრებს სმენაში მუშაობას, სმენაში, რომელიც მისთვის შესაძლოა, ძალიან მძიმე იყო, მიდის სახლში და შემდეგ ან ტაქსიზე ჯდება, ან კურიერად აგრძელებს მუშაობას. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, თუკი თბილისში მეხანძრე-მაშველის ხელფასი შესაძლოა იყოს 1000 ლარი და ცოტა მეტი, რეგიონში მათი ხელფასი 600 ლარამდეა“.

ყოფილი მაშველის თქმით, მოქმედი მაშველები არსებულ პრობლემებზე ლაპარაკს თავს კონკრეტული მიზეზით არიდებენ:

„გინახავთ მაშველი, რომელიც საჯაროდ გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, რაც აწუხებს? არა, იმიტომ, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან, ექვემდებარებიან „კანონს პოლიციის შესახებ“ და ამ კანონის თანახმად, მათ ეკრძალებათ, მაგალითად, გაფიცვა, დემონსტრაციების მოწყობა. მოქმედი მაშველები უფრთხილდებიან იმ მინიმალურ ხელფასსაც კი, რაც აქვთ. ამიტომ იმის შიშით, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, შესაძლოა, დაითხოვონ სამსახურიდან, ურჩევნიათ, ჩუმად იყვნენ“.

გიორგი დიასამიძე იმასაც ამბობს, რომ ისევე, როგორც სხვა ბევრი პროფესიის წარმომადგენელი, მათ შორის, ყოფილი პოლიციელები და ექთნები, მაშველების ნაწილიც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისგან თავის დასაღწევად ემიგრაციაში მიდის.

სტიქიის ზონა
სტიქიის ზონა

31 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, კვლავ ეძებენ ორ დაკარგულს. ნაპოვნია 31 ცხედარი. ბოლო ორი ცხედარი მაშველებმა ერთი კვირის წინ, 24 აგვისტოს იპოვეს. სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრში.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG