Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოუ-ბიზნესის სახეები ქართულ პარტიებში


ავტორი: ვერიკო სართანია

ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ მიმზიდველად ითვლება ცნობადი სახეების პოლიტიკაში მოვლინება, პარტიულ რიგებში მრავლად შევხვდებით მომღერლებს,მსახიობებს, სპორტსმენებს,ტელეწამყვანებს. ეს ელექტორატზე ზემოქმედების, ასე თუ ისე, წარმატებული საშუალებაა და არჩევნებში გამარჯვების შანსსაც ზრდის, ჩვენს ქვეყანაში გაგვიჭირდება, ისეთი პოლიტიკური პარტიის მოძებნა, სადაც ამ „ხრიკისთვის“ არ მიუმართავთ, მეტიც, არსებობს პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც მთლიანად ცნობად სახეზეა აგებული, ასეთ პარტიად შეიძლება დავასახელოთ „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია, რომელიც ძირითადად ქართული ტელეკომპანიის, „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტებით იყო დაკომპლექტებული, 2007 წელს ამავე ტელეკომპანიის დარბევის შემდეგ ხალხისთვის იმ დროისთვის საყვარელმა ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ პარტია შექმნა და თავის გარშემო ჟურნალისტები შემოიკრიბა,მის გვერდით გამოჩნდნენ გივი თარგამაძე და მაგდა ანიკაშვილი. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ სწორედ თარგამაძე იყო ის ჟურნალისტი, რომელმაც ბოლო წამებში ხალხს ეთერის საშუალებით მიმართა, ამ დროს კი შეიძლება ხალხს გასჩენოდა მოლოდინი, რომ ის ისეთივე მართალი და კარგი პოლიტიკოსი იქნებოდა, როგორიც წამყვანი, ვაღიაროთ რომ იმ დროისათვის თარგამაძე ხალხში პოპულარობით სარგებლობდა. „ქრისტიან-დემოკრატებმა“ საკუთარი პიარისათვის გამოიყენეს, ჯგუფი „ ნიკოლშოუ“, რადგან ეს მომღერლებიც არ უჩიოდნენ პოპულარობას.

რაკი, ჟურნალისტებზე საუბრით დავიწყე ბლოგის წერა, ნუ დავივიწყებთ, ინგა გრიგოლიას, რომელიც 2012 წლის არჩევნებში აქტიურად ჩაერთო და ხალხის ნდობის მოპოვება სცადა.

ბლოგის დაწერის წინ, სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩავატარე, „შოუ ბიზნესის რომელი წარმომადგენელი გახსენდებათ ქართულ პოლიტიკაში?“, საინტერესო იყო ერთ-ერთი კომენტარი „ყველა“, სამწუხაროდ ასეა, საქართველოში ძალიან ბევრი ცნობადი სახეა, რომლებიც საკუთარ „მოღვაწეობას“ პოლიტიკაში მოსვლით აგრძელებენ.

შოუ-ბიზნესიდან პოლიტაში გადაბარგებულთა რიგებს უერთდებიან ნუგზარ ერგემლიძე და პაატა ბურჭულაძეც, ამ უკანასკნელის პოლიტიკაში მოვლინება,საკმაოდ სკანდალურიც კი იყო.

მართალია, პარტიები საკუთარი პიარისათვის აქტიურად იყენებენ შოუ-ბიზნესისა და ქართული ელიტის წარმომადგენლებს, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ჩვენი „ვარსკვლავები“, ძირითადად მმართველ პარტიას აფარებენ თავს,

ცნობად სახეებთან ურთიერთობისას საინტერესოა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა, საკუთარი ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში მუდმივად ცდილობდა ქარიზმატული ლიდერების წარმოჩენას, ამისათვის კი ცნობად სახეებს იყენებდა. მათ რეკლამად იქცა ქართული შოუბიზნესისა თუ ჟურნალისტიკის მრავალი წარმომადგენელი. 2004 წლიდან მოყოლებული ხშირად ვხედავდით ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელ გიორგი ასანიძეს პოლიტიკაში. ნაცმოძრაობა ცნობილი ბიზნესმენებითაც ავსებდა თავის რიგებს, რომ ხალხს უფრო ერწმუნა მათი. ამავე პარტიის აზრის პირდაპირი გამტარები იყვნენ ჟურნალისტები, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი ორზე,ისინი აღნიშნულ პარტიას კარგ რეკლამას უკეთებდნენ და ხალხზე გავლენის მოხდენასაც ცდილობდნენ. გასაკვირი არ არის რომ ეს ჟურნალისტები შემდგომ პირდაპირ პარლამენტში ან სამთავრობო აპარატში ინაცვლებდნენ, რისი კარგი მაგალითიც მანანა მანჯავიძე და მაია ნადირაშვილი არიან.

ასევე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ჯგუფი „სახეს“ წევრი გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული ხელისუფლება მუდმივად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წლიანი რეჟიმის კრიტიკითაა დაკავებული, რიგ საკითხებში მაინც არ ღალატობს მათ პოლიტიკურ გზას,ცნობადი სახეებით პარტიის რიგების დაკომპლექტება ერთ-ერთი მათგანია.

2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ცნობადი სახეები„კოალიცია ქართული ოცნების“ მხრიდანგამოჩნდნენ. სამტრედიის მაჯორიტარი-დეპუტატის კანდიდატად მოგვევლინა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე დედაქალაქის მერი კახი კალაძე, ახმეტაში კენჭი იყარა ოლიმპიური ოქროს მფლობელმა ზვიად ზვიადაურმა, (აღსანიშნავია,რომ ამავე წელს წინა საარჩევნოდ ახმეტის კანდიდატად ნაციონალურ მოძრაობას სურდა ჯარჯი ზვიადაური დაესახელებინა, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძიუდოისტი (რომელიც საბერძნეთში მოღვაწეობდა) და ამავდროულად საუკეთესო იყო იმ მხრივ რომ არსებულ რეალობაში შეეძლო კონკურენცია მეორე კანდიდატისთვის ზვიად ზვიადაურისთვის გაეწია.)გურჯაანის მუნიციპალიტეტში კენჭი იყარა მსახიობმა მაია ბერიკაშვილმა, თბილისის გლდანის რაიონში მსახიობმა სოსო ჯაჭვლიანმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ექიმმა ნევროპათოლოგმა მირიან წიკლაურმა. ვიტყვი, რომ თითოეული ეს ადამიანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან საყვარელი, ახლობელი და სანდო იყო, მათი სანდოობა მათივე მოღვაწეობიდან მოდიოდა, აი რამდენად გაამართლებდნენ ადამიანების იმედებს პოლიტიკაში ამაზე არავის უფიქრია. „ქართული ოცნების“ პარტიულ რიგებში იყო ასევე სპორტსმენი ლუკა კურტანიძე.

ეს პოლიტიკა დღესაც პოპულარულია და საკმაოდ აქტიურად გრძელდება, კიდევ უფრო საყურადღებოა რეგიონების განხილვა ამ კუთხით. არაპოლიტიკოსების თვითმმართველობებში მოსვლამ მუნიციპალიტეტები სადამდე მიიყვანა ყველამ კარგად ვიცით და მიუხედავად ამისა დღესაც იგივე ტენდენციაა შენარჩუნბული. დღევანდელ რეალობაში „ქართული ოცნების“ პარტიულ რიგებს შეუერთდა „ქუჩის ბიჭების“ წევრი ზურა ხაჩიძე, რომელიც ამჟამად სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებს,ბათუმის მერის მოადგილედ კი სოფო ხალვაში გვევლინება.

დღესდღეობით, „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერია მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომლის სატელევიზიო გამოსვლები, მუდმივად სკანდალსა და მითქმა-მოთქმას იწვევს მოსახლეობაში.

რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმას, რომ ჟურნალისტობიდან ან შოუ-ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლა დანაშაულია, მით უფრო,რომ შესაძლოა მეც სწორედ ეს გზა გავიარო მომავალში, უბრალოდ, მთელი ამ ბლოგის საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად კომპეტენტურნი არიან ამ სფეროში ეს ადამიანები, სამწუხაროა, რომ ქართველი ამომრჩეველი, თითქმის, არასოდეს უყურებს პარტიის იდეოლოგიასა და პოლიტიკურ მრწამსს, არც მათ საარჩევნო პროგრამებს უკეთებს ანალიზსს, მისთვის პოლიტიკა, თითქოს, ერთგვარი სანახაობაა, პარტია უფრო საინტერესო ხდება , თუ ასეთი „გმირებითაა“ დახუნძლული, ალბათ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ჩვენს მოსახლეობას იმედგაცრუება არ აკლია, ყოველი არჩევნების შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოში პოლიტიკური კულტურა განვითარების დაბალ საფეხურზეა, რიგითი მოქალაქისთვის ბევრად ადვილად აღსაქმელია წარმატებული და ცნობილი ადამიანი, ვიდრე პოლიტიკოსი რომლის ენაც შესაძლოა ვერც გაიგონ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG