Accessibility links

შრომა მიწის ქვეშ: გადაღლილობა, როგორც სიკვდილის საფრთხე  


არასათანადო კვება, მუშაობა დასვენების გარეშე, კვოტების წნეხი და ზედამხედველთა გულგრილობა იმ ძირითად ფაქტორებს შორის ხვდება, რომლებიც მეშახტეებისა და მაღაროელების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. Human Rights Watch-ის მიერ 22 აგვისტოს გამოქვეყნებული 60-გვერდიანი ანგარიში „არცერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“ სასწრაფოდ შესაცვლელ რეალობას ასახავს.

საქართველოს პროფკავშირების თანახმად, 2018-2019 წლებში დაიღუპა 19 და დაშავდა 16 მაღაროელი და მეშახტე.

Human Rights Watch-ის ახალი ანგარიში ეფუძნება საუბარს 80-ზე მეტ პირთან. მათ შორის არიან მუშები, რომლებიც ტყიბულსა და ჭიათურაში, ქვანახშირისა და მანგანუმის მოპოვებისას ყოველდღიურად დგანან სიკვდილის საფრთხის წინაშე.

ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ნათელია, რომ სამუშაო პირობები პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხთან, მაგრამ ეს კავშირი უგულებელყოფილია საქართველოში.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს მანგანუმის მადნის მოპოვების ახალ სისტემაზე, რომელიც 2016 წლიდან დაინერგა - „ახალი სისტემა კიდევ უფრო ამძაფრებს შრომის უსაფრთხოების პრობლემებს“. ეს სისტემა, ანგარიშის თანახმად, ამჟამად 400-მდე მუშაზე ვრცელდება.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ახალი სისტემით დასაქმებული მუშები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო პირობებს აღწერენ:

  • დილისა და ღამის 12-საათიანი სამუშაო ცვლები, ზედიზედ 15 დღის განმავლობაში;
  • სავალდებულო ყოველკვირეული დასვენების არარსებობა;
  • აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო;
  • ოჯახთან სიშორე და ვალდებულება იცხოვრონ დამსაქმებლის მიერ უზრუნველყოფილ საერთო საცხოვრებელში;
  • გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა;
  • დამსაქმებლის მიერ მიწოდებული დაბალი ხარისხის, არასაკმარისად კალორიული საკვები.

Human Rights Watch-ის შეფასებით, ქვანახშირისა თუ მანგანუმის მოპოვების პროცესში შრომის უსაფრთხოების უგულებელყოფას კვოტების (საწარმოო მიზნების) დაწესებაც იწვევს. ანგარიშში ნათქვამია, რომ კვოტების შეუსრულებლობისთვის ხელფასი იქვითება და ეს „სტიმულს აძლევს მშრომელებსა და ზედამხედველებს უგულებელყონ შრომის უსაფრთხოება“.

„ათასობით ადამიანი კვლავაც იდგება მომეტებული საფრთხის წინაშე, ვიდრე საქართველოში არ დარეგულირდება სამუშაო საათები და არ შეიქმნება ინსპექტირების ისეთი სისტემა, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის სამუშაო პირობების ზემოქმედებას უსაფრთხოებაზე... ეს არ არის აბსტრაქტული რისკები. მუშები ასახელებენ მაგალითებს, როდესაც ისინი უკიდურესი დაღლისა და გამოფიტვის გამო შემთხვევით გადაურჩნენ უბედურ შემთხვევებს“, - განაცხადა კორინა აჟდერმა, Human Rights Watch-ის ანგარიშის ავტორმა და მკვლევარმა.უბედური შემთხვევების გამოწვევა შეუძლია უფროსების გულგრილობასაც.

მეშახტეებმა და მაღაროელებმა Human Rights Watch-ს იმ კონკრეტულ მაგალითებზეც მოუთხრეს, როცა ტრაგიკულ დასასრულს შემთხვევით აირიდეს თავიდან.

შემთხვევა # 1

„ისე დავიჭერი, რომ ნეკნები მიჩანდა“ - ამბობს ერთ-ერთი მუშა და იხსენებს მძიმე მუშაობაში მიწისქვეშ ზედიზედ გატარებულ მე-14 ღამეს, როცა მის გვერდით მჯდომ ასევე გადაღლილ მუშას ჩაეძინა და შემთხვევით დააჭირა თითი სამუშაო აპარატის ჩამრთველ ღილაკს.

შემთხვევა # 2

ერთ-ერთ მუშას, რომელიც ღამის ცვლაში ზედიზედ 11 დღის განმავლობაში მუშაობდა და სასტიკად გადაღლილი იყო, მძიმე საბურღი აპარატის მართვისას თვალები ავტომატურად დაეხუჭა და თითქმის ჩაეძინა. ამბობს, რომ ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა, სწრაფად რომ არ გამოფხიზლებულიყო.

შემთხვევა # 3

ერთ-ერთმა მუშამ შეატყობინა უფროსს, რომ საბურღი აპარატი მწყობრიდან იყო გამოსული, მაგრამ მას არ შეაჩერებინეს მუშაობა, რადგან შეკეთება რამდენიმე საათს მოითხოვდა და, უფროსის თქმით, დრო არ უნდა დაკარგულიყო. მუშა დაემორჩილა და შედეგად მან - კიდური დაკარგა.

Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება საქართველოს შრომითი კანონმდებლობა, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველომ 2020 წლამდე უნდა შექმნას სრულფასოვანი შრომის ინსპექცია. მართალია, ამ სტრუქტურას 2019 წლის თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებით გაეზარდა უფლებამოსილება, რაც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, მაგრამ Human Rights Watch-ის შეფასებით, ეს საკმარისი არ არის.

  • შრომის ინსპექციას მაინც არ ექნება შესაძლებლობა გააკონტროლოს სამუშაოს საათობრივი ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება თუ სამუშაო პირობების გავლენა დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

ანგარიშზე დაყრდნობით „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მიერ შემუშავებულ რეგულაციებს არაერთი ადრესატი ჰყავს და მათ შორის არიან როგორც მეშახტეთა და მაღაროელთა უშუალო დამსაქმებელი კომპანიები, ასევე საქართველოს მთავრობა და პარლამენტი.

„საქართველოში, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე, დაუყოვნებლივ უნდა დარეგულირდეს სამუშაო საათების ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთური მუშაობა, უნდა იყოს დაფიქსირებული შესაბამისი ანაზღაურება, უნდა არსებობდეს ყოველკვირეული დასვენება (მინიმუმ 24 საათი ყოველ შვიდ დღეში), ღამის ცვლა არ უნდა იყოს 8 საათზე მეტი - 12-საათიანი სამუშაო მუშების გადაღლის ძირითადი მიზეზია“, - აცხადებს გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი.

Human Rights Watch-ის რეკომენდაციები მიმართულია ასევე ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისკენ, რათა შრომითი უფლებების რეფორმის გზაზე, შემდგომშიც წაახალისონ საქართველო, მაგრამ ასევე განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე შესაბამისი რეგულაციების დროული ამოქმედების მიზნით.

ანგარიში, რომელიც Human Rights Watch-მა 22 აგვისტოს გამოაქვეყნა ტყიბულის ერთი შახტისა და ჭიათურის ერთი მაღაროს შრომითი პირობების შესწავლის შედეგად მომზადდა. თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანგარიშში გამოკვეთილი პრობლემები საქართველოში თითქმის ყველა სფეროში დასაქმებულებს შეეხებათ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხი

მანგანუმის მადნის მომპოვებელმა კომპანიამ - შპს "ჯორჯიან მანგანეზმა" 22 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გამოაქვეყნა ანგარიშის საპასუხო განცხადება.

ტექსტში ნათქვამია, რომ „კომპანია იღებს ძალიან სერიოზულად“ Human Rights Watch-ის ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებსა და დასკვნებს, თუმცა „ანგარიშში დაფიქსირებული ზოგიერთი გარემოება იწვევს ვარაუდს, რომ სიღრმისეულად არ არის შესწავლილი ზოგიერთი საკითხი“.

კომპანია ამ მხრივ გამოყოფს - ზეგანაკვეთური და ღამის სამუშაოს გაზრდილი განაკვეთით ანაზღაურების, შესვენებისა და კვოტების საკითხებს.

"ჯორჯიან მანგანეზი" აღნიშნავს, რომ ანგარიშში „არასრულყოფილად არის წარმოჩენილი მოპოვების ე.წ. ახალი სისტემა“, რადგან "ამ სისტემით მომუშავე პირებს ყოველთვის ჰქონდათ და დღემდე აქვთ თავისუფალი არჩევანის ​შესაძლებლობა".

კომპანიის თანახმად​:

  • არსებული „ცვლიანობის მრავალფეროვნება“ ხელს უწყობს დასაქმებულთა მიერ მათი დროის მართვის მოქნილობასა და დასაქმების შესაძლებლობის მიცემას მთელი ჭიათურისთვის;
  • „ამავე შესაძლებლობას ამყარებს საერთო საცხოვრებლისა და უფასო ტრანსპორტირების არსებობა“.

კომპანია აღნიშნავს, რომ მისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დასაქმებულთა „შრომითი და სოციალური უფლებები, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ და გრძელდება მუშაობა „ხარვეზების აღმოფხვრასა და დასაქმებულთა პირობების სრულყოფაზე“.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის Human Rights Watch-თან და პროფკავშირებთან თანამშრომლობა გააგრძელოს ნებისმიერ სამუშაო ფორმატში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG