Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ინსპექცია: მშენებლობაზე, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, კრიტიკული დარღვევებია

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსში, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, სამუშაოები შეჩერდა.

დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციის პირველადი მოკვლევით, დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევები.

„მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ ფაქტის გამო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სამუშაო პროცესი შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. კერძოდ, სიმაღლეზე სამუშაოების დროს მასალის ატანა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რომელიც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან“.

მისივე თქმით, ყველა კომპანიას აქვს ვალდებულება, თავად უზრუნველყოს უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა:

„ბუნებრივია, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ დაეცვა შრომის უსაფრთხოება, დაენიშნათ უსაფრთხოების სპეციალისტი. ამას არკვევს გამოძიება. უახლოეს პერიოდში გვექნება მეტი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა“.

5 თებერვალს, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას ათსართულიანი კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი ასაკი 25 წლამდეა.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

XS
SM
MD
LG