Accessibility links

logo-print logo-print

შრომის უფლება და დაკარგული სახეები


“ნავიგატორები”( The Navigators”, 2001, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი კენ ლოუჩი)

სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როცა დიდი ბრიტანელი რეჟისორის, კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმის რტოს” ყველაზე უხუცესი ლაურეატის ეს ფილმი ქართულ საიტებზე, თანაც ქართულად დუბლირებული, აღმოვაჩინე. როგორც სურათის ტიტრებიდან ვიგებთ, “ნავიგატორები” პროფკავშირების ახალგაზრდული გაერთიანების მხარდაჭერით გაუხმოვანებიათ. არ არის გამორიცხული, რომ, პირველ რიგში, პროფკავშირების აქტივისტებისთვის გამართულ სეანსებზე საჩვენებლად.

დიდი ხნის წინ - თუ არ ვცდები, 2004 წელს - საქართველოს პროფკავშირების მაშინდელ ახალგაზრდა ლიდერს, ირაკლი პეტრიაშვილს, შევთავაზე თავიანთ ყრილობაზე ეჩვენებინათ კენ ლოუჩის ფილმი “პური და ვარდები”. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სურათი თავად ყრილობის დელეგატებს დააფიქრებდა პროფკავშირების როლსა და შესაძლებლობებზე. საქართველოში “ვარდების რევოლუცია” მოხდა, იცვლებოდა ყველაფერი. წესით, უნდა შეცვლილიყო პროფკავშირებიც, რომელსაც პოსტსაბჭოთა საქართველოში ხშირად განიხილავდნენ, როგორც საბჭოთა წყობის უფუნქციო რუდიმენტს. უნდა შეცვლილიყო პროფკავშირები და, რაც მთავარია, პროფკავშირების მიმართ საზოგადოების და ხელისუფლების დამოკიდებულება.

“პური და ვარდები” ყველას მოეწონა, თუმცა კინომ ისევ ვერ შეცვალა ვერაფერი. ხელისუფლებასა და დამსაქმებლებს შორის კი არა, თავად პროფკავშირების აქტივისტებს შორისაც კი პროფკავშირები, ფაქტობრივად, ასოცირდებოდა მხოლოდ სოციალური უფლებების დაცვასთან. “ვარდების რევოლუციის” ავტორები ჩქარობდნენ. ცდილობდნენ მოესწროთ რეფორმები, სანამ საზოგადოების ნდობა ჰქონდათ. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებისთვის პროფკავშირი ეკონომიკური განვითარების შემაფერხებლად განიხილებოდა. რეფორმებისა და სწრაფი განვითარების იდეა დაუპირისპირდა შრომის უფლებას. მოხდა ის, რაც მხატვრულად, სახიერადაა წარმოდგენილი კენ ლოუჩის ფილმში “პური და ვარდები” და კიდევ უფრო ძლიერად, უფრო გაბრაზებულად - “ნავიგატორებში”. თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის “ნავიგატორები” აქტუალური “ვარდების ხელისუფლების” დამარცხების შემდეგ გახდა, როცა ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს რკინიგზაში ე.წ. “ყვითელი პროფკავშირები” შექმნა. გახსოვთ, ალბათ, როგორი პრობლემები დაუგროვდათ მაშინ რკინიგზაში დასაქმებულ პროფკავშირის წევრებს, როგორ არ დებდა დირექცია კოლექტიურ ხელშეკრულებას, როგორ აიძულებდნენ დასაქმებულებს შესულიყვნენ “ახალ პროფკავშირებში”... სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი წინა ხელისუფლება პროფკავშირებს ლიბერალური რეფორმების მუხრუჭად მიიჩნევდა, ახალმა საბჭოთა ტრადიცია აღადგინა (როგორც ბევრ სხვა სფეროში) და პროფკავშირებისგან მორჩილი და ფორმალური გაერთიანების შექმნა გადაწყვიტა.

ამ პროცესებს ვიხილავთ “ნავიგატორებში”. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კენ ლოუჩმა არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ ჩვენი რეალობა აღწერა. თან, როგორც ახასიათებს, ლაკონიურად, მე ვიტყოდი, პრინციპულად სწორხაზოვნად. დაკვირვებული ვარ, როცა პრობლემა მწვავდება, როცა სოციალური კრიზისი პიკს აღწევს, კენ ლოუჩი ნაკლებად ფიქრობს ხოლმე სახიერებასა და ხასიათებზე. მთელი სიმძიმე ამ დროს თავად პრობლემაზე გადადის. ცხადია, ასეთი პუბლიცისტური პათოსი და რეპორტაჟულობა აზარალებს ფილმის მხატვრულ ქსოვილს, არ გამოდის ფილმი ისეთი, რომ ავტორს, თუნდაც, კანის “ოქროს პალმის” მოპოვების შანსი გაუჩნდეს, მაგრამ ლოუჩისთვის “პალმები” არასდროს ყოფილა თვითმიზანი. “ნავიგატორები” სწორედ ასეთი ფილმია - შეიძლება ისეთი სასიამოვნო საყურებელი არა, როგორც ამ რეჟისორის სხვა ფილმები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ლოუჩის სამშობლოსთვის, თავად ლოუჩისთვის და, ვინ იცის, შეიძლება ქართველი მშრომელებისთვისაც.

დიახ, “ნავიგატორების” გმირებიც რკინიგზელები არიან. მათი საქმე გზის შეკეთებაა. თუმცა პრივატიზაციის პროცესი მათი შრომის შინაარსზეც მოქმედებს, რადგან რკინიგზის გაუთავებელი ყიდვა-გაყიდვის ფონზე მათ, უბრალოდ, აღარ იციან, კონკრეტულად ვისთვის ასრულებენ ამ სამუშაოს. მას შემდეგ, რაც ფილმის გმირები მომსახურებას შესთავაზებენ დროებითი დასაქმების სპეციალურ სააგენტოს, ისინი დაკარგავენ შვებულების უფლებას, შრომით პირობებს, ფაქტობრივად, ყველაფერს, რასაც პროფკავშირმა ბრძოლის შედეგად მიაღწია. უფრო მეტიც, ისინი პროფკავშირების უფლებასაც კარგავენ!

აი ეს მიყვარს პირადად კენ ლოუჩში და ეს განასხვავებს მას ბევრი სხვა მემარცხენე რეჟისორისგან, თუნდაც, კანის ფესტივალის “ოქროს პალმის” კიდევ ერთი ლაურეატის, ამერიკელი მაიკლ მურისგან, რომელსაც სჩვევია ერთი სისტემის თითქმის იდეალიზაცია მეორე სისტემის მძაფრი კრიტიკის ფონზე. კენ ლოუჩი ამას არასდროს აკეთებს. მისთვის მთავარი ადამიანია. მისთვის არ არსებობს სისტემა, რომელიც ბოლომდე დაიცავს ამ ადამიანს. “ნავიგატორებში” შრომის სამართალი, რომელიც, წესით, მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია (იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც კაპიტალიზმი ჯერ კიდევ “ველურია”), შეიძლება ითქვას, განადგირებულია კენ ლოუჩის მიერ. თანაც, არსებითად სისტემა, წარმოდგენილი “ნავიგატორებში”, შორს არცაა იმისგან, რასაც ჩვენ “ველურს” ვუწოდებთ - ხარჯები შესამცირებელია, ამიტომ უსაფრთხოების ზომები გაუქმებულია (გავიხსენოთ რამდენი მუშა დაგვეღუპა მშენებლობებზე საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები. დამსაქმებლები მაშინ თავს იმით იმართლებდნენ, რომ ამ ზომებს თავად მუშები არ იცავენ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავად მუშები არიან “ველურები”). თუკი რომელიმე დასაქმებული შეეწინააღმდეგება ამ სისტემას, თუნდაც ჩურჩულით გამოხატავს პროტესტს, მას მაშინვე დაითხოვენ. “შრომითი ბაზარი” ისედაც გადატვირთულია. ეს პროტესტი შეიძლება აწყობდეს კიდეც დამსაქმებელს.

კი, რა თქმა უნდა ლოუჩისთვის მთავარი ადამიანია და მის საუკეთესო ფილმებში ადამიანები გვამახსოვრდებიან პირველ რიგში, მათ მიმართ გვაქვს თანაგრძნობა, ისინი გვატირებენ კიდეც. “ნავიგატორებში” ასეთ პერსონაჟებს ნაკლებად ნახავთ. კენ ლოუჩი თითქმის არაფერს გვეუბნება ამ ხალხის ცხოვრებაზე სამუშაოს მიღმა. შესაბამისად, მათი ხასიათებიც არაა გამოძერწილი ისე საინტერესოდ, როგორც ლოუჩის ყველაზე ცნობილ ფილმებში. მაგრამ ეს “ნავიგატორების” ნაკლი არაა. ამ ადამიანების “უსახობაც” იმ სისტემის შედეგია, რომელშიც მათ შრომა უხდებათ. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ სახე, რადგან წართმეული აქვთ ცხოვრების უფლება, გართობის უფლება, გახარების უფლება.

ეიზენშტეინი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში წერდა, ადამიანი, როგორც ასეთი, არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სისტემა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობსო. დაახლოებით, ასეთია კენ ლოუჩის პოზიციაც “ნავიგატორებში” - ის იკვლევს სისტემას, რომელმაც გააძევა ადამიანი, წაართვა მას “პური და ვარდები”... როგორ უნდა დაუბრუნდეს სახე ამ ხალხს? როგორ უნდა აღდგეს მრავალფეროვნება?

ფაქტია, კინო და ხელოვნება ისევ ვერ ცვლის ვერაფერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG