Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შუახევიჰესის“ გვირაბის ჩამოშლის გამო სპეციალური კომისია შეიქმნა


სახელმწიფო კომისიამ დაიწყო ზემომთიან აჭარაში, 2017 წელს გახსნილ „შუახევიჰესზე“ მომხდარი ავარიის მიზეზების შესწავლა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ახლადშექმნილი კომისიის თავჯდომარემ, „საქართველოს დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ პრეზიდენტმა, დავით მირცხულავამ.

მან სპეციალური კომისიის შექმნა 2019 წლის აპრილში მოითხოვა. მაშინ დავით მირცხულავამ გვითხრა, რომ „შუახევიჰესზე“ ორი წლის წინ მომხდარი ავარია საქართველოს ჰიდროენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში სერიოზული გამოცდილების მქონე კომპანიები მონაწილეობდნენ.

პროექტის ძირითადი ინვესტორები არიან ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი" და ინდური „ტატა ჯგუფი." ისინი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად ფლობენ ჰესის მშენებელ კომპანიას, „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს. პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი.

ჰესის მშენებლობა დასრულებულად ორი წლის წინ გამოცხადდა. 2017 წლის ივნისში გამართული ოფიციალური პრეზენტაციიდან ორ თვეში გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა.

2019 წლის აპრილში, დავით მირცხულავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიზეზი არასაკმარისი გეოლოგიური კვლევები იყო. როგორც მაშინ განმარტავდა, ზემო აჭარის გეოლოგიური პირობები იმ რაიონებში, სადაც გვირაბები კეთდებოდა, არ იძლეოდა მოპირკეთების გარეშე გვირაბის გაყვანის საშუალებას.

დავით მირცხულავა, რომელიც დღეს უკვე ავარიის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეა, გამომწვევ მიზეზებზე აღარ საუბრობს. ამბობს რომ კომისიაში არიან წამყვანი სპეცილისტები, რომლებიც ახლახან იმყოფებოდნენ ზემომთიან აჭარაში და გაეცნენ ყველა იმ კლვევასა და სამუშაოს, რასაც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ორი წელია ატარებს გვირაბების აღსადგენად. ამ მასალებზე დაყრდნობით, კომისია სექტემბრის ბოლოსთვის დაასრულებს დასკვნის და რეკომენდაციების მომზადებას.

„ერთ ერთი რეკომენდაცია აუცილებლად უნდა იყოს გადახედვა იმ აუცილებელი მოცულობების, რაც უნდა იყოს ასეთი ტიპის მშენებლობების დროს. ბუნებრივია, უამრავი მეწყერული ზონა გვაქვს საქართველოში და ეს მოითხოვს შესწავლას. მშენებლობის დაწყებამდე და მშენებლობის ნებართვის გაცემამდე უნდა იყოს ძალიან დიდი რაოდენობის შესწავლები ჩატარებული, რომ შემდეგ კითხვები არ დაისვას ობიექტის უსაფრთხოებაზე, მის საიმედო ექსპლუატაციაზე და ა.შ.“ - ამბობს დავით მირცხულავა.

სპეციალისტების ნაწილმა თავიდანვე არასრულყოფილად მიიჩნია „შუახევიჰესის“ მშენებლობის დაწყებამდე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევა. მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ მაღალმთიანი აჭარის დამეწყრილ ფერდობებზე 187 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა რისკის შემცველი იყო. კომპანიის მიერ მომზადებულ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მშენებლობის ნებართვა გასცა, შენიშვნები არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გამოაქვეყნა. მან არასაკამრისად მიიჩნია მშენებლობამდე ჩატარებული გეოლოგიურ-საინჟინრო კვლევები. ორგანიზაციის წარმომადგენლის დავით ჭიპაშვილის შეფასებით, კრიტიკას ვერ უძლებს ისიც, რომ ჰესის მშენებლობის დროს გვირაბების გაყვანა ბურღვა-აფეთქებებით მიმდინარეობდა:

„მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა თქვა, რომ 400 მილიონიან პროექტს ვერ შეაჩერებდა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც გეოლოგიური კვლევები არ ყოფილა ჩატარებული. გვირაბების ჩამოშლის შემდეგ კი, კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ გვირაბს ბურღვა-აფეთქებებითი სამუშაოების დროს სწავლობდნენ გეოლოგები. ეს წარმოუდგენელი და მიუღებელი პრაქტიკაა. მით უმეტეს, რომ ზემომთიანი აჭარა მეწყერსაშიში ზონაა და იქ მაცხოვრებელი ადამინები პოტენციური ეკომიგრანტები არიან.“

„შუხევჰესის“ საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონი აშშ დოლარი იყო. გვირაბის დაზიანების შემდეგ „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ მიზეზების შესწავლისა და დამატებითი სამშენებლო სამუშაოებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო. გახსნიდან ორ თვეში „შუახევიჰესის“ 38 კილომეტრიანი გვირაბი რამდენიმე ადგილას დაზიანდა - ჯამურად დაახლოებით 300 მეტრის მონაკვეთზე. გვირაბში ქანების ჩამოშლის მიზეზად „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ინჟინერი გიორგი ლაკირბაია ასახელებს გაუთვალისწინებელ გეოლოგიას, ასეთი რისკი კი, მისი თქმით, ყველა მსგავს მსენებლობას თან ახლავს:

„გვირაბში ჩატარდა დამატებითი კვლევითი სამუშაოები. ერთი წელი მოვუნდით ამას, იმიტომ რომ უპრეცედენტოდ მაღალი ხარსისხით და დიდი რაოდენობით გავაკეთეთ ნიმუშები. დაახლოებით 1000 ნიმუშზე მეტი გაიგზავნა გამოსაკვლევად ბრიტანეთის ლაბორატორიაში. ჩართული გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები ბრაზილიიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა არა მხოლოდ დაზიანებული გვირაბის მონაკვეთის აღდგენა, არამედ მთლიანად გვირაბის რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა 38 კილომეტრზე. ყველა რისკის აღმოსაფხვრელად შევიმუშავეთ პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ამ წლის ბოლოს ვაპირებთ სატესტო რეჟიმში გასვლას. 2020 წლის გაზაფხულზე კი სრული დატვირთით უნდა ამუშავდეს ჰესი“ - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ლაკირბაიამ.

„შუახევიჰესის“ მშენებლობას დღემდე აპროტესტებს მაღალმთიანი აჭარის 20-მდე სოფლის მოსახლეობის ნაწილი. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს მცხოვრებლებმა მშენებლობისთვის ნებართვის გაცემა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ კი, ჰესის მშენებელ კომპანიას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში(EBRD) უჩივლეს. მათ EBRD-ის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმით ისარგებლეს. ეს საქმე წარმოებაში ცოტა ხნის წინ მიიღეს. მომჩივანები იმის შეფასებას ითხოვენ, თუ რამდენად შეესაბამება „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს ქმედება EBRD-ის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG