Accessibility links

შუშანიკიდან კარასინამდე


ლაშა ბუღაძე

ცოტა არ იყოს, დამღლელი კია, მაგრამ რაც საქართველო არსებობს, მუდამ არჩევანის წინაშე დგას.

ქართული ლიტერატურა არჩევანით იწყება: აღიარებს ატროშანს შუშანიკი თუ ქრისტიანულ პრინციპებს უერთგულებს?

თავად ქრისტიანობის გავრცელებაც არჩევანის შედეგია: მეფე მირიანს მზე დაუბნელდება თხოთის მთაზე და ის ჯერ არმაზის ღვთაებას შესთხოვს მზის დაბრუნებას, წარუმეტებლობის მერე კი "ნინოს ღმერთს", რასაც მისი გაქრისტიანება მოჰყვება.

ისტორია მუდმივად გვაყენებს არჩევანის წინაშე, თითქოს სულ გზის გასაყართან ვიდგეთ: საით წავალთ?

მისწრაფება ყოველთვის ცივილიზაციისკენ გვაქვს (მთავარია, ცივილიზაცია დაგვიხვდეს ადგილზე), ეს კი ზოგჯერ ბალანსით გამოგვდის, ზოგჯერ დაუბალანსებლად, ზოგჯერ არც გვიტოვებენ ასარჩევს, მაგრამ უმეტესად ცხოვრება თითქოსდა მარტივი დილემის წინაშე გვაყენებს: თავისუფლება თუ თავისუფლების შეუძლებლობა?

არჩევანის წინაშე იდგა ბრძოლებით გადაღლილი ერეკლე მეორე: იმპერიათა შორის ბალანსის შენარჩუნების შეუძლებლობის შემდეგ, რუსეთის შენიღბული ექსპანსიურობის სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი თუ სპარსული პოლიტიკის გაურკვევლობის?

არჩევანი აღარც ჰქონდათ კონფორმისტ მამებს, როცა შვილები ამხელდნენ "პასუხის პასუხში": ლიბერალობა, პატრიოტობა (თქვენსავით) სალანძღავ სიტყვებად არ გაგვიხდიაო (ილია ჭავჭავაძე).

არჩევანის წინაშე იდგნენ ისინი, ვინც "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" აფუძნებდა, რადგან ეს უდავოდ გააღიზიანებდა აგრესიული რუსიფიკაციის პოლიტიკის გამტარებელ საიმპერიო მაღალმოხელეებს.

არჩევანის წინაშე იდგა დიმიტრი ყიფიანი, როცა ფიქრობდა, ღირდა თუ არა საყვედურის მიწერა ეგზარქოს პავლესთვის, რომელმაც ქართველი ერი დაწყევლა ამბიონიდან.

არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ სტუდენტები 1978 წელს, როცა ქართული ენის დაცვას ცდილობდნენ სსრკ-ის ახალი კონსტიტუციის კანონპროექტის, სინამდვილეში რუსიფიკაციის ტალღის ძველი\ახალი შემოტევისგან.

არჩევანის წინაშე იდგა ის ხალხი 1989 წლის 9 აპრილს, როცა მართლმადიდებელი პატრიარქი (სავარაუდოდ, საქ სსრ "ცეკას" რჩევა-მითითებით) ქაშვეთის ეკლესიაში ლოცვისკენ (ანუ დაშლისკენ) მოუწოდებდა.

არჩევანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ამ 9 აპრილიდან ორი წლისთავზე, როცა დამოუკიდებლობა აუცილებლად განარისხებდათ იმპერიის დედაქალაქში.

არჩევანი იყო თბილისის ცენტრში ომის წამოწყება, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა და ეს კი, ერთმანეთის განადგურებით გართულებს, უნდა გამოგვპარვოდა.

არჩევანი იყო (ოღონდ რამდენად საქართველოსი?) სამხედრო ძალით დაძვრა სოხუმისკენ და შემდეგ ტრადიციულ ხაფანგში აღმოჩენა.

არჩევანი იყო დაქსაქსვა და პოლიტიკური სტატუსების გადარჩენის მიზნით, ქვეყნისთვის საზიანო კომპრომისების ამარა დარჩენა, როცა არჩევანი აღარც გაქვს კომპრომისის გარდა.

არჩევანი იყო, ღირდა თუ არა პირადობის მოწმობებით შესვლა ქობულეთში 2004 წლის 6 მაისამდე, როცა რეგიონის ავტოკრატ-დესპოტი ქვეყნის ერთიანობას უპირისპირდებოდა.

არჩევანი იყო და არის არჩევნების გაყალბება და შემდეგ ხმების დაცვა.

არჩევანი იყო (თუკი საერთოდ გქვონდა ან არ გვქონდა არჩევანი) რუსეთის პროვოკაციაზე რეაგირება 2008 წელს.

არჩევანი იყო და არის ძალადობა სამართლიანობაზე.

არჩევანი იყო და არის განვითარებისკენ მოძრაობა ან წარსულში დარჩენა.

არჩევანია აკვიატებებით მოცულ ოლიგარქს დაუთმო ქვეყანა, რომლის შესაძლებლობებიც შეუძლებლად შეუსაბამოა უნიჭო და სახიფათო არაფორმალურ მმართველობასთან.

არჩევანი იყო და არის არჩევნები.

უხერხულიც კია ამ ჩამონათვალის შემდეგ ამხანაგი კარასინის ხსენება, მაგრამ მისი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასავით ძველი განცხადება ისევ და ისევ ტრადიციული არჩევანის წინაშე გვაყენებს: ევროატლანტიკური უსაფრთხოება თუ რუსეთის ჰეგემონია ჩვენს ქვეყანაში.

ქართული ისტორია არჩევანის ისტორიაა: ხიფათებით, იმედგაცრუებით, რისკით და, ამავდროულად, იმედით სავსე, სადაც რაღაცნაირად ყოველთვის გამოიძებნება ხოლმე გამოსავალი, ისტორიული პერსპექტივით კი - გადარჩენის შესაძლებლობა.

ასეა თუ ისე, რთული და ხშირად ეგზისტენციალური არჩევანის მიუხედავად, მრავლისმეტყველია უკვე თავად არჩევანის არსებობა, განსხვავებით თუნდაც ამხანაგი კარასინის ქვეყნისგან, სადაც არჩევანი არ აქვთ და, არსებითად, არც არასდროს ჰქონიათ, ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე, ბოლო ოცი წელიწადი, ისტორია კი აქაა, სადაც დინამიკაა, რადგან დროს თავისი კანონები აქვს და რამდენი კანონიც არ უნდა მიიღონ ინტერნეტის თუ ტელე-ეკრანზე შეწებებული სახიფათო ავტოკრატის შეურაცხყოფის აკრძალვაზე, ვერავინ და ვერასდროს აკრძალავს განცდას, რომელიც განუვითარებლობით დაღლილობისგან ჩნდება, ეს განცდა კი, როგორც წესი, ისტორიული ცვლილებების საწინდარია ხოლმე...

შუშანიკიდან კარასინამდე
please wait

No media source currently available

0:00 0:05:19 0:00
Direct link

XS
SM
MD
LG