Accessibility links

ჩაიკოვსკი - როგორ დაინდო მტკვარმა


ჩაიკოვსკი საქართველოში ერთ-ერთი სტუმრობის დროს

1893 წლის 28 ოქტომბრის გაზეთმა „კავკაზმა“ და საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების ტფილისის განყოფილებამ მწუხარებით სავსე ნეკროლოგი გამოაქვეყნეს.

პეტრე ჩაიკოვსკის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება ადგილობრივმა ქართულმა გაზეთებმა და მუსიკალურმა საზოგადოებამაც გაიზიარეს.

თბილისში უყვარდათ ჩაიკოვსკი. თავის მხრივ, ჩაიკოვსკიც გიჟდებოდა თბილისზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისი იყო ჩაიკოვსკის ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქი, რომელსაც 1886-1890 წლებში ხუთჯერ ესტუმრა და ყოველ ჯერზე თითქმის მთელი თვის განმავლობაში დარჩა. აქ, ამ ქალაქში, ჯერ სასამართლო პალატის პროკურორად, შემდეგ კი ვიცე-გუბერნატორად, მსახურობდა მისი ძმა ანატოლი, თუმცა, ცხადია, მხოლოდ ამის გამო არ სტუმრობდა დიდი კომპოზიტორი თბილისს. მოსწონდა ყველაფერი: ბუნებაზე წერდა, აღტაცებისგან ლამის ვიტიროო; ქალაქზე ამბობდა: სიცოცხლით აღსავსე მთავარ ქუჩებს, მშვენიერ მდიდრულ მაღაზიებს მთლიანად ევროპული სახე აქვსო... ბრწყინავს კაშკაშა მზე, ბაღებში ყველგან ყვავილებია, თბილისი წააგავს იტალიის ზოგიერთ ქალაქს, განსაკუთრებით ფლორენციასო... ძალიან კმაყოფილი ვარ თბილისში ყოფნით, რა საუცხოო ქვეყანააო და ასე შემდეგ...

უკანასკნელად პეტრე ჩაიკოვსკი ტფილისს 1890 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ეწვია. რუსეთის იმპერიაში უკვე მძვინვარებდა ქოლერის ეპიდემია, რომელიც 70 გუბერნიას, მათ შორის, თბილისის გუბერნიასაც იყო მოდებული. შესაბამის ცნობებს უხვად შეხვდებით მაშინდელ ქართულ პრესაში.

„გუშინ-წინ საღამოს საგანგებო კრება მოხდა ტფილისის საქალაქო საბჭოსი. კრებამ განიხილა სასანიტარო კომისიისა და გამგეობის მოხსენება ხოლერასთან ბრძოლის შესახებ. მოხსენება შეწყნარებულ იქმნა. ქალაქმა 46 000 მანათი გადასდო ამ საქმისათვის. მიწვეული იქნა 11 მკურნალი და ამოდენივე ფერშალი. სულ 11 სასანიტარო დასი შესდგება. თითოეულ მათგანს მიენდობა თითო განყოფილება ტფილისისა, ხოლო ერთს ჩაჰბარდება ქალაქის მიდამოების თვალ-ყურის გდება“, - წერდა 1892 წლის 7 ივნისის „ივერია“. ეს ის დროა, რომელზედაც მოგვიანებთ ერთი საბჭოთა პოეტი მტკვარს ათქმევინებს:

„ერთი დროც იყო შვილოსა,
ჩემს მღვრიე ტალღებს თბილისში
სვამდნენ, ვით კახურ ღვინოსა“.

ამ დროს ავჭალის წყალსადენი ორი-სამი წლის აშენებულია, მაგრამ თვითონ წყალსადენიც კი 70%-ით მტკვრის წყლით მარაგდება. სხვა ამბავია, რომ წყალსადენი სანახევროდაც ვერ აუდის ქალაქის მოთხოვნილებას და თბილისიც წყურვილს მტკვრის წყლით იკლავს, წყალი კი, მოგეხსენებათ, ქოლერის მთავარი გადამტანია, თუმცა დიდი კომპოზიტორი მტკვრის წყალს უვნებელი დააღწევს თავს (არადა, მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მტკვრის წყალს არაერთხელ დალევდა თბილისში ყოფნის დროს, თუ რას ეფუძნება ჩვენი ეს ვარაუდი, ამაზე ცოტა მოგვიანებით) და დაავადდება იმპერიის ცენტრში - სანკტ-პეტერბურგში, სადაც 1893 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად, საშუალოდ, ასი ადამიანი იღუპებოდა, მაგრამ ინფექციის „აკიდების“ ალბათობა მაინც ყველაზე ნაკლები იყო.

ჩაიკოვსკის ქოლერით ინფიცირების და გარდაცვალების შესახებ წერს რუსი ისტორიკოსი ლევ ლურიე წიგნში „22 სიკვდილი, 63 ვერსია“, რომლის მიხედვითაც, კომპოზიტორი ქოლერით დაავადდა 1893 წლის 21 ოქტომბერს:

„წინა დღით ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო (ე.წ. ალექსანდრინსკი) თეატრში ალ. ოსტროვსკის კომედიის სანახავად. სპექტაკლის შემდეგ მეგობრებმა ლეინერის რესტორანში შეიარეს. რესტორნის მფლობელი ლეინერი შვეიცარიის გერმანიიდან იყო, მისი დაწესებულება განთქმული იყო დახვეწილი, უპირველეს ყოვლისა, იტალიური სამზარეულოთი, მაღალი დონის მომსახურებით და რესპექტაბელური სტუმრებით.

ჩაიკოვსკის უყვარდა საკვებზე ცივი წყლის დაყოლება. იმ საღამოს თავისი საყვარელი სპაგეტი მიირთვა. შესთავაზეს სელტერის წყალი ბოთლით, მაგრამ კომპოზიტორმა უბრალო (უგაზო) წყალი მოითხოვა. როგორც უკვე ვთქვით, ქალაქში ქოლერა მძვინვარებდა, ამიტომ ოფიციანტს შეეძლო მიეტანა მხოლოდ თბილი, ანადუღარი წყალი, მაგრამ ჩაიკოვსკი ითხოვდა ცივს. ოფიციანტის უარისა და მეგობრების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ჩაიკოვსკიმ მაინც გაიტანა თავისი და დალია ცივი, აუდუღარი წყალი.

მეორე დღეს, 21 ოქტომბრის საღამოს 11 საათზე, ჩაიკოვსკის მეგობარმა ლეიბ-მედიკმა ლევ ბერტენსონმა გამოთქვა ვარაუდი, რომ კომპოზიტორი ქოლერით იყო დაავადებული.

სხვათა შორის, ბევრად ადრე, XIX საუკუნის 50-იან წლებში, ქოლერამ იმსხვერპლა ჩაიკოვსკის დედაც.

გაზეთი „ნოვოე ვრემია“. 1893 წ. 26 ოქტომბერი. ექიმი ბარტენსონი:

„ყველა საშუალება უშედეგო გამოდგა. ერთისთვის - აბაზანებისთვის - არ მიგვიმართავს, რადგანაც ჩემთვის ცნობილი იყო, რომ პეტრე ილიას ძის დედა სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როცა აბაზანაში ჩასვეს. ამ გარემოებამ ჩაიკოვსკისა და მის ნათესავებს აბაზანისადმი ცრუშიში შთაუნერგა. 24 ოქტომბერს აშკარა გახდა შარდით მოწამვლის (ურემია) ნიშნები. მივიღე გადაწყვეტილება, გამეკეთებინა პ.ი. - თვის აბაზანა. მაგრამ საღამოსთვის ყველა იმედი დავკარგეთ“.

ექიმ ბერტენსონსა და მის ასევე ექიმ ძმას ბრალი დასდეს იმაში, რომ გვიან დასვეს სწორი დიაგნოზი, მკურნალობისას არ გამოიყენეს აბაზანა გაუწყლოების წინააღმდეგ საბრძოლველად, არ მოიწვიეს კონსილიუმი. ასე იყო თუ ისე, ჩაიკოვსკი გარდაიცვალა 25 ოქტომბრის ღამეს, ქოლერით.

ახლა ისიც ვთქვათ, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ თბილისში აუცილებლად დალევდა მტკვრის წყალს.

თბილისში ყოფნისას კომპოზიტორს ხშირად უმართავდნენ მიღებებს, საღამოებს, უძღვნიდნენ გვირგვინებს, ავსებდნენ ყვავილებით და ა.შ. თვითონ კომპოზიტორიც სულ ცდილობდა ჩართულიყო ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებაში; მონაწილეობას იღებდა საღამოებში, უკრავდა ინჟინერ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის სიმებიან კვარტეტში, ეცნობოდა ფოლკლორს, წერდა მუსიკას (მაგ. თბილისში ყოფნისას (1890 წ.) შეიქმნა ბალადა „ვოევოდა“), თუმცა მისი ძირითადი დრო მაინც დასვენებას და დროსტარებას ეთმობოდა.

ცნობილია, რომ „განმარტოებისა და მხოლოდ ნაცნობთა ინტიმური წრის მოყვარულ ჩაიკოვსკის საშინლად ეშინოდა ახალი ადამიანების შეხვედრისა“, მაგრამ ტფილისში თუ ბორჯომში, ის სულ მუდამ ხალხმრავალ კამპანიაში იყო, რაზეც ასევე უხვად შემორჩენილი ფოტომასალა მეტყველებს. ერთხელ დიდი სადილი გაუმართეს ბაღში თამამშევის წისქვილთან, მტკვრის ნაპირზე ორთაჭალაში; უკანასკნელი ჩამოსვლისას, გამოსამშვიდობებელი საღამო კი ცნობილ „თეთრ დუქანში“ მოუწყვეს... პეტერბურგისგან განსხვავებით, ტფილისში, ორთაჭალის ბაღში არც არავინ ურჩევდა გადადუღებული წყლის დალევას, ცხადია, ცივს მიეძალებოდა, ცივი კი, უთუოდ, მტკვრისა იქნებოდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, თბილისში „კუჭიც კი არ აშლია“. თბილისმა დიდ კომპოზიტორისთვის მხოლოდ სითბო, სიხარული და სიყვარული გაიმეტა... აქ ახლა, წესით, ჩაიკოვსკის სექსუალურ ორიენტაციასა და სასიყვარულო თავგადასავლებზე მსჯელობით უნდა ვაგრძელებდეთ თხრობას, მაგრამ ასე ვერასოდეს დავასრულებთ...

ერთხელ რომელიღაც კოლეგისთვის მიუწერია თბილისიდან, უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, სამუდამოდ დავრჩებოდი აქ საცხოვრებლადო...

ვიცით, რომ არ დარჩა, ორმოცდაათ წლამდე იყო და არ დარჩა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეროსისა და თანატოსის ჭიდილში, თანატოსმა გაიმარჯვა; თბილისისა და სანკტ-პეტერბურგის ჭიდილში კი - პეტერბურგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG