Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაწყობილი თამაშების საქმე - მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა


„2019 წლის 3 აპრილს თბილისის „მერანისა“ და ლანჩხუთის „გურიის“ შეხვედრაში დაფიქსირდა წინასწარ შეთანხმებული შედეგი“ - ვკითხულობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 22 მაისის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

გარიგებულ მატჩებში მონაწილე ფეხბურთელების საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა უკვე ჩატარებულია და პირველი ვერდიქტიც გამოტანილია. თერთმეტი ბრალდებულიდან ოთხს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა. მათგან სამი ვეტერანი ფეხბურთელია, რომლებიც საქმეში ორგანიზატორებად არიან მოხსენიებულნი. შვიდ მოქმედ ფეხბურთელს კი გირაოს სახით ათ-ათი ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა საბოლოოდ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორსაც საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვდა. პატიმრობაში დატოვებულ სპორტსმენებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვა, შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულებს კი - პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის მიღება, შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დილის 10 საათზე დაიწყო და ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ფეხბურთელების ადვოკატები მოსამართლისგან მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ, ოღონდ გაცილებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ, ვიდრე პროკურატურას სურდა. დასახელდა ათასი და სამი ათასი ლარი. ადვოკატები ამბობდნენ, რომ ფეხბურთელების ოჯახების რეალურ ფინანსურ შესაძლებლობებს ითვალისწინებდნენ. სხდომის შესვენების დროსაც დერეფანში მყოფთა მთავარი სასაუბრო თემა სწორედ გირაო იყო. ზოგს აინტერესებდა, თანხის გადახდის შემდეგ რა დრო დასჭირდებოდა ფეხბურთელების საპატიმროდან გათავისუფლებას, ზოგი კი შეშინებული უსვამდა კითხვას ადვოკატს, რა მოხდებოდა, თუ ბრალდებულებს მართლა ათიათასლარიანი გირაო დაეკისრებოდათ და ოცდღიან ვადაში ამხელა თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდნენ. მათ ადვოკატებისგან შეიტყვეს, რომ გირაოს უზრუნველყოფა უძრავი ქონების ჩადებითაც შეეძლოთ.

აქვე გარიგებული მატჩების სკანდალთან დაკავშირებული ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალიც, რომელზეც გამოძიების მიმდინარეობისას ადვოკატები ბევრჯერ გაამახვილებენ ყურადღებას. მათი განცხადებით, ფეხბურთელები წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე წამოაგეს. საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი, - სავარაუდოდ, აგენტი, - რომელმაც დააინტერესა ერთ-ერთი ბრალდებული აღნიშნული სქემით.

რვა მოქმედი და სამი ვეტერანი ფეხბურთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 19 მაისს დააკავა. იმავე დღეს გავრცელდა ფარული ვიდეოჩანაწერიც.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქმედ ფეხბურთელებთან ერთად წინასწარ გეგმავდნენ მომავალი თამაშის შედეგს, რითაც, ჯამში, 93 500 ლარი მიიღეს.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 15 ივლისს გაიმართება.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG