Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი გზა ევროპისკენ!


ავტორი: მაგდა ოსიტაშვილი

რომ გითხრათ, „სადღაც“ წასვლაზე არასდროს მიფიქრია-მეთქი, მოგატყუებთ! ყოველთვის წასვლა მინდოდა, მას შემდეგ, რაც დავიბადე... წასვლა სკოლიდან, მეგობრებისგან, ოჯახისგან, ხანდახან საკუთარი თავისგანაც კი.

შემდეგ ცოტა გავიზარდე, ვისწავლე, განვიცადე, მაგრამ სვლას მაინც არ ვწყვეტდი და არც ახლა ვწყვეტ. ხანდახან ნელა, ხანდახან სირბილით, დაცემით, ადგომით, ნასროლი ტალახის ჩამოფერთხვით, საკუთარი შეცდომების სიმძიმით და შემდეგ მათი გამოსწორებით. მაგრამ გზა მაინც გზაა... ზოგისთვის მოკლე, ზოგისთვის გრძელი. მთავარი მაინც ის არის, მასზე რა კვალს დავტოვებთ...

ბევრი ვიფიქრე, რაზე შემეძლო დამეწერა. ყოველთვის მხიბლავდა საკუთარი ემოციების გაზიარება. გამოგიტყდებით, ხანდახან ზღვარს ვკარგავდი და ვიკარგებოდი გრძნობების მორევში, მაგრამ ამასაც თავისი სარგებელი მოჰქონდა.

შესავალი ცოტა გამიგრძელდა... დღეს მინდა მოგიყვეთ ჩემი გამოწვევების შესახებ, როგორ მოვიწამლე გამოცდილების მიღების უზომო სურვილით, როგორ შემიყვარდა ადრენალინი და როდის გავუსინჯე ევროპულ ცხოვრებას გემო.

ქართული ოჯახებიდან ყველას მსგავსად, მეც კლასიკურ განათლებას ვიღებდი. ვსწავლობდი ინსტრუმენტებზე დაკვრას, ვცეკვავდი, ვცურავდი. ვერ ვიტყვი, რომ რამეში განსაკუთრებული ნიჭი გამომევლინოს, მხოლოდ დაკისრებულ მოვალეობებს ვასრულებდი საუკეთესოდ. ვიღებდი მაღალ ქულებს, ვუჯერებდი მასწავლებლებს, ხანდახან მშობლებს J . მქონდა საოცარი წარმოსახვა და ფანტაზია. ხან მეცნიერი ვიყავი, ვსწავლობდი ეგვიპტოლოგიას. შემდეგ ქიმიკოს-ბიოლოგ-ზოოლოგობა გადავწყვიტე, ქილებში გამოვამწყვდიე უზარმაზარი ობობები და ვაწარმოებდი მათზე „კვლევებს“. სპორტი ჩემი ჰობი არასდროს ყოფილა. მუსიკალური სკოლის გავლენით მომღერლობაც მინდოდა. აქაც მოვიშველიე ფანტაზია, გადავტეხე ბადმინტონის ჩოგანი და მიკროფონად გადავაკეთე. (ოჰ, რა კომედია- კონცერტები ჰქონდათ ხოლმე ჩემს მეზობლებს აივანზე J )

მოზარდობისას, არასდროს გამიცნობიერებია იმის რეალური მიზეზი, თუ რატომ მასწავლიდნენ უცხო ენებს. კლასიკური ქართული მენტალობიდან, რომ მეც სამშობლოს უნდა გამოვადგე, ევროპა გარყვნილია და მათ არ უნდა დავემსგავსო, არასდროს მიფიქრია უცხოეთში წასვლა, მანამ, სანამ ერთხელაც ვიოლინოს მასწავლებელმა არ აღნიშნა ვენის კონსერვატორიაში სწავლების უპირატესობანი. შემდეგ წლები გავიდა, გავხდი სტუდენტი. ამ მომენტისთვის, უკვე მეომარი ვიყავი, ნამდვილი ჯარისკაცი, რომელიც ახალგაზრდული ჟინით ცდილობდა დამოუკიდებლობის მოპოვებას საკუთარ სხეულსა და გონებაზე. გამოჩნდა შესაძლებლობები. ერთხელაც, შემთხვევით, ოჯახში ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის შესახებ ვთქვი. პროგრამა ექვსი კვირით იტალიაში გამგზავრებას გულისხმობდა. მშობლებმაც შეიცხადეს, რომ ხელის გულზე გაზრდილ და ერთადერთ გოგოს, ვერსად გამიშვებდნენ და ამის შესახებ უნდა დამევიწყებინა. ეს ის მომენტია, სისხლში ადრენალინის მოწოლას რომ გრძნობ...

და ყველაფერი იწყება აქ...

ეს ნაბიჯი არასდროს დამავიწყდება, ეს იყო დიდი შესაძლებლობა ჩემი გონების „გათავისუფლებისთვის“ და წლების შემდეგ რომ მკითხავენ, რა ყოფილა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი მიღწევა, სიამაყით გავიხსენებ, როგორ გავხდი დამოუკიდებელი, 20 წლის მანძილზე მარტო რომ არასდროს დავრჩენილვარ, როგორ ავიღე ჩემოდანი ხელში და შევერკინე ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

იქაურობა სულ სხვანაირი მომეჩვენა. სულ მეუბნებოდნენ, რომ საქართველოსნაირი ლამაზი, „წესიერი“, „პატიოსანი“, ტრადიციული და მეგობრული ქვეყანა არ არსებობს. საშუალოსტატისტიკური ქართველივით ვისმენდი გაუთავებელ სადღეგრძელოებს და მრავალჟამიერებს. მეც მჯეროდა, სანამ არ დავინახე კედლებში გაცოცხლებული ისტორია, სუფთა ქუჩები, მომღიმარი სახეები და ნების ავტონომია...

ყველგან მოიძებნება კარგიც და -ცუდიც. უდავოდ, სრულყოფილი არავინაა, მაგრამ რამდენიმე წელია ვერ ვპოულობ პასუხს კითხვაზე, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ სკოლამდე, უნივერსიტეტამდე, სამსახურამდე გზად შემხვედრებს გავუღიმოთ და მშვიდობიანი დღე ვუსურვოთ. სულ რამდენიმეს მაინც... ვერც იმას ვიგებ, უნივერსიტეტთან ველო-პარკინგი მუდმივად ცარიელი რატომაა, ან რატომ უნდა მიყურებდეს ყველა შეშლილივით, როცა სპორტული ტანსაცმლით და შუბლზე რეზინით სავარჯიშოდ პარკამდე მივდივარ. ეს ყველაფერი ბერმუდის სამკუთხედივითა, ამოუცნობი, ბრუნვადი, ირაციონალური...

გავიდა რამდენიმე წელი და შემდეგი გაჩერება დამოუკიდებლობისთვის, უკვე ვენა იყო, სადაც ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით მხოლოდ რამდენიმე თვე დავყავი. აქ უკვე სხვა გამოწვევების წინაშე დავდექი. ეს იყო შემთხვევა, როცა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ამეღო. ფინანსებზე, ცხოვრების დაგეგმვაზე, განათლებაზე. ეს პერიოდი რთული იყო, ბიუჯეტის განაწილება საჭირო და არასაჭირო ქმედებებზე, დილით სწავლა, შუადღით მუშაობა, ვითომ არც ისე რთულად ჩანს, მაგრამ უამრავი ინფორმაციით დახუნძლული, მალე გადავიწვი, გადავიღალე. ძალიან ბევრი დაცემა და შემდეგ ფეხზე ადგომა, ბევრი დაბრკოლება, ახალი ცხოვრების დაწყება, ახალ წესებთან მიჩვევა, არხეინი ქართული რუტინიდან მზის ამოსვლიდანვე მშრომელი ევროპის ჩვეულებებზე გადართვა, ნამდვილად რთული იყო. მაგრამ ვუმკლავდებოდი. ეს კი უკეთესი განათლებისთვის და განვითარებისთვის ხდებოდა. სწორედ მაშინ მივხვდი რამხელა ენერგია სჭირდება სწავლისა და მუშაობის შეთავსებას და ძალიან დავაფასე ის ახალგაზრდები, რომლებიც წლებია იგივე გზას გადიან.

ისევ ვაგრძელებდი შეუპოვრად ბრძოლას, მაგრამ სამყარომ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა და თან ძალიან მწარედ, რა ცუდად ვექცევით ჩვენს სახლს, როგორ ვანადგურებთ. დავისაჯეთ, მაგრამ, ვიცი, მალე მივხვდებით ჩვენს შეცდომებს, გავაანალიზებთ და დედამიწაც კიდევ ერთ შანსს მოგვცემს უკეთესი ცხოვრებისთვის.

მტკივნეული იყო იმის ყურება, თუ როგორ წყვეტდნენ მუშაობას საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორ მცირდებოდა ჩემი შრომით დაგროვილი ბიუჯეტი, როგორ ცარიელდებოდა რეკრეაციული ზონები, სტუდენტური ბარები, პარასკევი საღამოც უკვე უშინაარსო გახდა...ამ პერიოდში ბევრი ადამიანი გავიცანი: უნგრელები, ჩეხები, რუმინელები, ავსტრიელები, იტალიელები და რამდენიმე გერმანელიც. კითხვაზე, თუ რითი ვამაყობდით ქართველები, ცხვირაწევით ვპასუხობდი: „ისტორია, სამზარეულო, ღვინო, სტუმართმოყვარეობა“. მერე იმაზე დავფიქრდი, თუ ეს სიტყვები რამდენჯერ გავიმეორე და ზოგადად, ქართველები რამდენი ათწლეულია რაც იგივეს ვიმეორებთ. დიახ, ნამდვილად საამაყოა, მაგრამ მგონი, დროა გადავეჩვიოთ ჩვენი წინაპრების წარმატების მითვისებას და ნამდვილად ახლაა შესაფერისი მომენტი, რომ შევქმნათ ჩვენიც, რაიმე ღირებული, რომლითაც ჩვენვე ვიამაყებთ.

ჰოდა, გზა ევროპისკენ! მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს გზა საითკენ იქნება. ევროპისკენ, აზიისკენ თუ სამხრეთ აფრიკისკენ. მთავარი მაინც განვითარებაა, მუდმივი ბრძოლა და ტრანსფორმაცია უკეთესობისკენ!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG