Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემპიონთა ლიგის მატჩი და ხარვეზები ცენტრალურ სტადიონზე


რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში

ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში არსებული რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ამ დრომდე ეჭვქვეშ დგას 10 ივლისის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის გამართვა ქუთაისის საფეხბურთო გუნდ „ტორპედოსა“ და მოლდოვურ „შერიფს“ შორის.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აუცილებლად მიიჩნევენ სტადიონის გასხვისებას, ისევე როგორც ეს წლების წინ იყო, და მოედნის საფარის, ტრიბუნების, გასახდელებისა და მსაჯთა ოთახების სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგებას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების ხელმძღვანელის, ბაქარ ჟორდანიას, განცხადებით, ინფრასტრუქტურული პრობლემები რამდენიმე თვის წინ დააფიქსირეს საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია „ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის“ (უეფას) წარმომადგენლებმა და მათ გადასაჭრელად სტადიონის ადმინისტრაციას გარკვეული ვადა მისცეს. ბაქარ ჟორდანიას განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების წარმომადგენლებმა აპრილის ბოლოს, ინსპექტირებისას, ისევ დააფიქსირეს ხარვეზები და სტადიონის ადმინისტრაციას მათი გამოსწორების რეკომენდაცია მისცეს:

„ხარვეზები დავადგინეთ, მანამდე კიდევ იყო უეფას წარმომადგენლის მიერ მითითებული ხარვეზები. გამოსწორებისთვის ვადა აქვთ. უნდა მოაწესრიგონ. მატჩამდე ჩამოვა უეფას დელეგატი, შეამოწმებს და ამის შემდეგ გადაწყდება, ჩატარდება თუ არა ქუთაისის სტადიონზე მატჩი“.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების ხელმძღვანელის, ბაქარ ჟორდანიას, ინფორმაციით, „ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის“ დელეგატი მატჩამდე 10 დღით ადრე ჩამოვა ქუთაისში და სტადიონის მდგომარეობას შეაფასებს, რის შემდეგაც გადაწყდება, ჩატარდება თუ არა ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“.

ქუთაისის საფეხბურთო სტადიონზე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მის გასხვისებას მიიჩნევენ აუცილებლად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ამბობს, რომ წლების წინ, როცა სტადიონზე ადმინისტრირებას კერძო კომპანია ახორციელებდა, იგი მოვლილი იყო, ამჟამად კი ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 250 ათასამდე ლარი სტადიონის თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება და მისი ინფრასტრუქტურის მოსავლელად არასაკმარისია:

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში

„თუ შევადარებთ როგორი იყო სტადიონი კერძო კომპანიის მფლობელობაში და რამდენი ადამიანი მუშაობდა და ახლა რა მდგომარეობაშია და რამდენი თანამშრომელი მუშაობს, დადგინდება, რომ აუცილებელია სტადიონი გასხვისდეს კერძო მესაკუთრეზე. საუბარია იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ცუდი პირობების გამო შეიძლება ვერ ჩატარდეს ქუთაისში, რაც სირცხვილი იქნება ქალაქისთვის“.

სტადიონის გასხვისების მომხრეა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გიგა შუშანია. მისი განცხადებით, სტადიონი მოქმედი სახელისუფლებო პარტიისაქტივისტების დასაქმების ადგილია და ამიტომ არის ის მერიის დაქვემდებარებაში და ფინანსდება ქალაქის ბიუჯეტიდან. გიგა შუშანიას აზრით, რადგანმერიის დაქვემდებარებაში არსებულ სტადიონს იყენებს კერძო მფლობელობაში მყოფი საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“, აუცილებელია მერიამ მოლაპარაკება გამართოს კლუბის მეპატრონესთან და სტადიონი გაასხვისოს.

„მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ და ვისაც ეკუთვნის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“, ის იჯარით აიღებს სტადიონსაც. ჩემი აზრით, ქალაქის მერიას ურჩევნია, რომ თანხა ბიუჯეტიდან საკუთარი აქტივისტების დასაქმებაში გადაიხადოს. თანხა არ იხარჯება სტადიონის მოვლისთვის, სწორედ უყურადღებობისა და მოუვლელობის გამოა სტადიონი სავალალო მდგომარეობაში“.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“ დირექტორი თამაზ კივაძე სტადიონის სავალალო მდგომარეობის შესახებკრიტიკას არ იზიარებს და ამბობს, რომ ბოლო დროსსტადიონზე ინფრასტრუქტურული ხარვეზები გამოსწორდა, მოაწყვეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ადაპტირებული ლოჟა, გამოცვალეს განათების სისტემა, გაარემონტეს გასახდელები, ამჟამად კი რემონტდება სველი წერტილები და10 ივლისს სტადიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს უმასპინძლებს:

„ძირითადი შენიშვნები რაც იყო ფედერაციიდან, მერიის ხელშეწყობით, მხარდაჭერით და ჩვენი მონდომებით ვასწორებთ და, ალბათ, მატჩამდე ყველაფერს მოვასწრებთ. ამჟამად რაც მაქვს ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციიდან, ინფორმაცია სტადიონის მონაცემებისა და მდგომარეობის შესახებ გაგზავნილია უეფაში, იქედან რაიმე სერიოზული შენიშვნა არ გვაქს მიღებული, რომ საფრთხე შეექმნას შეხვედრის ჩატარებას“.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისში

სტადიონის დირექტორი თამაზ კივაძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მოსაზრებას სტადიონის გასხვისების შესახებ იზიარებს, თუმცა დასძენს, რომ უსაფუძვლოა მათი ბრალდებები,თითქოს სტადიონის ადმინისტრაციაში შტატები ხელოვნურად იყოს გაზრდილი და „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ დასაქმებულნი:

„ჩვენთან ადმინისტრაციაში მუშაობს სულ 4-5 ადამიანი, დანარჩენი არის დამხმარე პერსონალი, სულ 22 თანამშრომელი მუშაობს შპს-ში. ჩვენ ჩვენს ფუნქციებს ვასრულებთ, სტადიონის ტერიტორია 6 ჰექტარზე მეტია და სჭირდება მუდმივი მოვლა, დასუფთავება და დალაგება. ხშირად ითიბება ტერასები და სისტემატური რეჟიმით კეთდება სამუშაოები“.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ქუთაისის საფეხბურთო გუნდ „ტორპედოსა“ და მოლდოვურ „შერიფს“ შორის 10 ივლისსგაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“ უეფას სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, შეხვედრა თბილისში ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG