Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილი


1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა ჩერნობილის ატომური სადგური. შედეგი კატასტროფული იყო, თუმცა ტრაგედიის სრულ მასშტაბზე მხოლოდ ათეულობით წლების შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი. ამ პროცესს ბიძგი მისცა სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნმა „ჩერნობილის ლოცვა“. წელს ჩერნობილის თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც გამოვიდა სერიალი „ჩერნობილი“. ფილმი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ არის გადაღებული და მასში ბევრი რამ არის რეალობიდან, მათ შორის ამბები, რომლებიც „ჩერნობილის ლოცვაშია“ აღწერილი.

„ჩერნობილის ლოცვაში“ წერია, რომ რეაქტორის აფეთქების გამო მხოლოდ ბელარუსმა 485 სოფელი დაკარგა, ამათგან 70 მიწაში ჩამარხეს. კატასტროფის შედეგად ატმოსფეროში 50Х10(6)KU რადიონუკლიდი გაიტყორცნა, მათი უმეტესობა ბელარუსში. დაბინძურდა ქვეყნის ტერიტორიის 23 პროცენტი. მაღალი რადიაციული ფონი დაფიქსირდა თითქმის მთელ ევროპაში.

პირველი დღეები ამ ამბავს საერთოდ მალავდნენ, სათანადო ზომები არც შემდეგ მიუღიათ. მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, პარარელურად კი ავტობუსები ჩამოაყენეს და ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. არაფრის წაღება არ შეიძლებოდა, ყველაფერი რადიოაქტიური იყო.

„რადიოში გამოაცხადეს, არ შეიძლება კატის წაყვანა! გოგონა ამიტირდა და შიშისგან, რომ შეიძლებოდა საყვარელი ფისო დაეკარგა, ენა დაება. ჩემოდანში ჩავსვით! მაგრამ არ უნდა კატას ჩემოდანში, მოძვრება, ყველანი დაგვკაწრა...

წარმოიდგენთ შვიდ მელოტ გოგოს ერთად? პალატაში შვიდნი იწვნენ... ჩემი გოგონა ჩერნობილისგან მოკვდა. ჩვენგან კი მოითხოვენ, რომ დავდუმდეთ... კატუშენკა ერქვა, შვიდი წლის იყო“.

სვეტლანა ალექსიევიჩი
სვეტლანა ალექსიევიჩი

მეხანძრეები, ჯარისკაცები ახსნა-განმარტების გარეშე წამოყარეს და ჩერნობილში გაუშვეს. აღჭურვილობა, ფაქტობრივად, არაფერი ჰქონდათ. რეაქტიურ ნარჩენებს უბრალო ნიჩბებითა და აქანდაზით ებრძოდნენ. მათ ევალებოდათ ხალხის გასახლება, - მათ შორის იმათიც, ვისაც წასვლა არ უნდოდა და ტრაქტორს ბორბლებში უვარდებოდა, - უპატრონოდ დარჩენილი პირუტყვის დახოცვა და დამარხვა. მარხავდნენ ყველაფერს - ცხოველებს, ციდან ჩამოცვენილ მკვდარ ჩიტებს, ნივთებს, - მათ შორის ძვირფას ნივთებს, - სახლებს, ხეებს და თვითონ მიწასაც, რომელზეც რადიაქტიური მტვერი იდო.

„სკოლის კარიდან პირდაპირ ჩვენკენ გარეული ტახი მორბის ან მელია. სახლებში, სკოლებში კლუბებში მხეცები დასახლდნენ. იქ კი ეკიდა პლაკატები: „ჩვენი მიზანი - მთელი კაცობრიობის ბედნიერებაა“, „პროლეტარიატი მთელ მსოფლიოში გაიმარჯვებს“...

ჩერნობილმა ტვინი ამიფეთქა. ფიქრი დავიწყე“.

თუმცა ბოლომდე არც მათ იცოდნენ, რამდენად სახიფათო იყო ეს სამუშაოები. ერთ-ერთი მოხალისე იხსენებს, რომ როცა სახლში დაბრუნდა, რაც ეცვა, ყველაფერი დაწვა, ხოლო ქურთუკი, რადგან ძალიან შეეხვეწა, თავის პატარა ბიჭს მისცა. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.

როგორ აფეთქდა ჩერნობილის ატომური სადგური
please wait

No media source currently available

0:00 0:03:25 0:00

მეორეს უცხოელი ჟურნალისტები ახსენდება. ისინი რომ ჩამოვიდნენ, კამერაც კი შეფუთული ჰქონდათ, ამ დროს ადგილობრივი თარჯიმანი გოგონა სანდლებსა და საზაფხულო კაბაში იყო გამოწყობილი.

„ბაბუაჩემს ფუტკარი ჰყავს, ხუთი სკა. სამი დღე არ გამოფრენილან, დაიცადეს... რადიო და გაზეთები არაფერს ამბობდნენ და ფუტკრებმა უკვე იცოდნენ“.

ოპერატორი ლეონიდ ტოპტუნოვი, რომელმაც აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე დააჭირა ხელი საავარიო წითელ ღილაკს, მეტრნახევრიანი ბეტონის ქვეშ ფოლგიანი კუბოთი დამარხეს. სხეულზე მხოლოდ ერთი პატარა ლაქა ჰქონდა დასხივების გარეშე. „რომ გადარჩეს, საჭიროა სხეული“, - ამბობდნენ ექიმები, სანამ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

იმათ, ვინც ჩერნობილის რადიაცია საკუთარ თავზე იწვნია, დროთა განმავლობაში სხვადასხვა დაავადებები და პათოლოგიები განუვითარდათ. სტიგმის ქვეშ იყვნენ ისინიც, ვისაც არაფერი სჭირდა. სვეტლანა ალექსიევიჩი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევაკუაციის შემდეგ ხალხი სხვადასხვა ქალაქში დასახლდა, დაქორწინება მხოლოდ ერთმანეთთან შეეძლოთ. სხვები, უბრალოდ, არ ეკარებოდნენ. „ჩერნობილელს“ „ნორმალურები“ არც ცოლად მიჰყვებოდნენ და არც თხოულობდნენ.

წლების შემდეგ მიტოვებულ და გაუკაცრიელებულ სოფლებში ხალხი ჩუმად დაბრუნდა და, მიუხედავად რადიაციისა, ცხოვრება განაგრძო.

„კატებიც დაბრუნდნენ და ძაღლებიც, ერთად დავბრუნდით. ჯარისკაცები არ გვიშვებდნენ, ჰოდა, ჩვენც ტყეებზე ვიარეთ, პარტიზანების გზებზე...

მგელს კი ასე შევხვდი: ისიც დადგა და მეც. შევყურებთ ერთმანეთს თვალებში და უცებ გვერდზე გაბრუნდა და გაიქცა“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG