Accessibility links

ჩვენ გვიყვარს ჩვენი პაპები


“ორი პაპი” (The Two Popes, რეჟისორი ფერნარდო მეირელისი)\

მოდასთან ბრძოლას აზრი არა აქვს. თუ არ აჰყვები, უბრალოდ, უნდა გაემიჯნო. დამარცხებით ვერ დაამარცხებ.

მოდა ბიოგრაფიულ კინოზე ახალ თემებს, ახალ ადამიანებს მისწვდა. ფრედი მერკური, ელტონ ჯონი... მალე ბობ დილანი იქნება და, ა, ბატონო, ორი პაპი! ორი პაპი ერთად! - პაპი ფრანცისკე და პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე. ბრაზილიელმა რეჟისორმა ფერნარდო მეირელისმა გადაიღო ფილმი ყოფილ პაპზე და ახლანდელ პაპზე, მიმართა რა კონკრეტული ფაქტის კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციას: 2013 წლის მარტში რომში შედგა ამ ორი ადამიანის საუბარი - პირველი ასეთი შეხვედრა კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. ახალი პაპი, ფრანცისკე, თავის რეზიდენციაში, კასტელ განდოლფოში, შეხვდა თავის წინამორბედს, რომელიც, თავის მხრივ, ამ შეხვედრამდე ერთი თვით ადრე გადადგა. ვატიკანში მაშინ არ ახმაურებდნენ კონკრეტულად რა საკითხებზე იმსჯელეს ძველმა და ახალმა პაპმა. ფერნარდო მეირელესმა ამ შეხვედრის თავისი ვერსია შემოგვთავაზა და დაუმატა კიდევ ერთი - პაპების შეხვედრა ვატიკანში, პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში (სიქსტეს კაპელა ფილმში, მართლაც, ძალიან შთამბეჭდავადაა გადაღებული). ჰოლივუდში დამკვიდრებულმა ბრაზილიელმა რეჟისორმა, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა სოციალური რეალიზმის კლასიკური ნიმუშით, ფილმით ”ღმერთის ქალაქი” (2002), მოდაზე უარი არ თქვა - ცოცხალი ადამიანების პორტრეტები, მათი ბიოგრაფია ”გამოგვიძერწა” ეკრანზე, თანამედროვეობის ორ უდიდეს მსახიობთან, ენტონი ჰოპკინსსა და ჯონატან პრაისთან ერთად.

რომის პაპის წასვლაზე - უფრო სწორად კი, ახალი პაპის მოსვლაზე -ერთი კარგი ფილმი უკვე გადაღებულია: ნანი მორეტის ”გვყავს პაპი”.

იმხანად კინოს სამყარო მორეტისგან, ამ სახელგანთქმული მეამბოხისგან, ვატიკანის მხილებას მოითხოვდა, მაგრამ იტალიელმა რეჟისორმა სხვა გზა აირჩია: გადაიღო უაღერსად თბილი და ირონიული ფილმი ძალაუფლების უარყოფაზე.

მორეტი თავად თამაშობს ფილმში. თანამედროვე იტალიური კინოს ყველაზე წარმატებული რეჟისორი ეკრანზე ფსიქოანალიტიკოსის სახით გვევლინება. ის მაშინ გამოჩნდება, როცა კარდინალები გადაწყვეტენ ფსიქოანალიზის დახმარებით მოუხსნან ფობიები ახლად არჩეულ პაპს. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ ფსიქოანალიზის გაშარჟება რეჟისორს ფილმის მთავარი თემის გაშლისთვის სჭირდება - ძალაუფლებაზე უარის თქმა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. პაპის ფსიქოანალიტიკოსები მის საქციელს შეაფასებენ, როგორც „ინფანტილიზმს“. სინამდვილეში კი პაპი აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც არ უნდა ძალაუფლება.

”ორი პაპი” ჟანრულად თითქოს ნანი მორეტის ფილმის გაგრძელებაა. ძალაუფლებაზე აქ ბევრს საუბრობენ, მაგრამ საუბრობენ Beatles-ზეც, ”ABBA”-ზე, კლასიკურ მუსიკაზე, მიირთმევენ პიცას და უყურებენ ფეხბურთს. ნანი მორეტის ფილმისგან განსხვავებით, ძალაუფლების თემა ”ორ პაპში” ნელ-ნელა უმნიშვნელო ხდება. უფრო პირიქით, ფილმის ყურების პროცესში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვატიკანმა, უბრალოდ, დაუკვეთა ფილმი კარგ ბრაზილიელ რეჟისორს. თანაც, სთხოვა, რომ არ ჩამორჩენილიყო მოდას და ახლა უკვე რომის პაპი გადაექცია პოპულარული კულტურის გმირად.

ნანი მორეტის ფილმის მსგავსად, ვატიკანის მხილება აქაც არა გვაქვს. უფრო პირიქით, ავტორი ცდილობს დაიცვას თავისი პერსონაჟები და როგორმე გაგვაგებინოს: ყველას შეუძლია და ყველას აქვს უფლება ოდესმე მაინც გამოიცვალოს, ოდესმე მაინც შეიცვალოს ცხოვრების სტილი და, რაც მთავარია, ოდესმე მაინც თქვას უარი ძალაუფლებაზე. სანამ ამ დასკვნას გავაკეთებთ, უნდა ვუყუროთ ორი განსხვავებული იდეოლოგიის შერკინებას, თვალი ვადევნოთ ულტრაკონსერვატორი ბენედიქტეს და რეფორმატორი ფრანცისკეს დისკუსიას. მთელი ეს პროცესი უნდობლობიდან, მტრობიდან ნდობასა და ურთიერთგაგებამდე უნდა მივიდეს, რათა მაყურებელმა ცოტა არ იყოს გაცვეთილი დასკვნა გამოიტანოს: დიალოგი ორ, განსხვავებულ მსოფლხედველობას შორის შესაძლებელია, თუკი ადამიანები დიალოგისთვის მზად იქნებიან. მე პირადად ამ დასკვნის მიმართ

ირონია, ანდა, ოდნავი ეჭვი ფილმში ვერ დავინახე. ერთადერთი, რაც ანგრევს ამ ”პაპების ურთიერთობას”, ფილმში ჩართული მსოფლიო ჩემპიონატის ფეხბურთის მატჩია, რომელშიც გერმანიის ნაკრები არგენტინის ნაკრებს ეთამაშება. გერმანიის ნაკრებმა, მოგეხსენებათ, მოიგო ის თამაში.

მიუხედავად ორი პოზიციის დაპირისპირებისა, ”ორ პაპში” კონფლიქტი, ”ექშენი”, ფაქტობრივად, არა გვაქვს. ფეხბურთის ეს მატჩი ფილმის ყველაზე მოულოდნელი და ორიგინალური ეპიზოდია, რადგან, მგონი, მაინც პირველად დააფიქრებს მაყურებელს და ამ საყოველთაო ”სიამტკბილობისგან” გამიჯნავს. ხშირი ფლეშბეკები რაღაც მომენტში დამღლელი ხდება და, ვფიქრობ, არცაა აუცილებელი. უცნაურია, ასეთი გამოცდილების რეჟისორს თითქოს არ ჰყოფნის უნარი უცვლელი დატოვოს დრო და სივრცე და ისე გვიამბოს თავისი პერსონაჟების შესახებ. ზედმეტად ბევრი მოგონება და ქრონიკა არ გვაძლევს გმირებზე კონცენტრირების საშუალებას. არადა, გულდასაწყვეტია - ორივე მსახიობი, ენტონი ჰოპკინსიც და ჯონატან პრაისიც ისეთი ოსტატები არიან, იმდენად კარგად შეუძლიათ თავიანთი პერსონაჟებისგან გამიჯვნა, როცა საჭიროა მათ მიმართ ირონიის გამოხატვა, როცა საჭიროა მათი თანაგრძნობა, რომ ფილმის რეჟისორს მხოლოდ ამ ორი არტისტის დიალოგი რომ დაეტოვებინა და ”ორი პაპი” იმპროვიზაციაზე აეგო, შესაძლებელია მისი სათქმელი (”დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია!”) უფრო დამაჯერებელი გამხდარიყო. ახლა კი მხოლოდ გვთავაზობენ დავრწმუნდეთ, რომ ”პაპიც ადამიანია” და ”პაპიც დადის ტუალეტში”. გვთავაზობენ მსახიობების, მართლაც რომ, ნიუანსებზე აგებულ თამაშს, მაგრამ თავად კინოს - ნაკლებად, კინოს - ნიუანსებისა და ფიქრის გარეშე.

”ორ პაპში” რეალური პრობლემები, რომლებიც დაუგროვდა კათოლიკურ ეკლესიას, თანდათან მიიჩქმალება ამ ”პიცებისა” და ”ABBA”-ს სიმღერების წინა პლანზე გამოტანით. ანუ ისევ და ისევ პოპ-კულტურით, რომლის პერსონაჟები თანამედროვე კინომ მთლად რომის პაპები გახადა (ყოფილიც და ახლანდელიც). რაღაც მომენტში დეკორაციებით, კოსტიუმებით, ლოკაციებით მოხიბლულ მაყურებელს, უბრალოდ, შეიძლება დაავიწყდეს, რომ უყურებს ფილმს ვატიკანზე, თანამედროვე კათოლიკურ ეკლესიაზე, მთელი თავისი ფინანსური და სექსუალური სკანდალებით, პირველ რიგში, პედოფილიასთან დაკავშირებული სკანდალებით. როგორც კი რეჟისორი, ბოლოს და ბოლოს, გაბედავს და შეეხება ამ თემას, ფილმის დრამატურგია ”კოჭლობას” იწყებს. მეტისმეტად სერიოზული პრობლემაა იმისთვის,

რომ მაყურებელი ამ სათნოებისა და სიყვარულისგან ადვილად გადაერთოს. საბოლოოდ კი რა გვრჩება? რა ერქვა ყველაზე პოპულარულ გვერდს ფეისბუკზე? ”ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი”. ჰოდა, გვრჩება ”ჩვენ გვიყვარს ჩვენი პაპი”, უფრო სწორად - ”პაპები”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG