Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ დახმარება აღარ გვჭირდება“ - უკრაინაში დატბორვის გამო ასობით ცხოველი დაიღუპა


წყალდიდობა კახოვკის კაშხლის გარღვევის შემდეგ
წყალდიდობა კახოვკის კაშხლის გარღვევის შემდეგ

რუსული ჯარის მიერ ოკუპირებულ ახალ კახოვკაში, ჰესის დანგრევის შემდეგ ადგილობრივი ზოოპარკის 300-მდე ბინადარი დაიღუპა. ზოოპარკი კაშხლიდან ორიოდე კილომეტრში მდებარეობდა.

ზოოპარკის დირექტორი ელენა ნავროცკაია ჰყვება, რომ როდესაც თანამშრომლები დილის ექვს საათზე ზოოპარკში მივიდნენ, უკვე ყველაფერი დატბორილი იყო და „ლეში დაცურავდა“. დაიღუპა ზოოპარკის სამასამდე ბინადარი: მწვანე მაიმუნები, ფარშევანგები, ენოტები, ზაზუნები, თუთიყუშები, ხოხბები, პონები, ვირები, კამერუნის თხები, ზღვის გოჭები. გადარჩა რამდენიმე იხვი და გედი. ახლა ზოოპარკი მთლიანად წყალქვეშაა მოქცეული.

ზოოპარკის ოფიციალურ საიტზე ირწმუნებიან, რომ ცხოველების გადარჩენა შეუძლებელი იყო, რადგან მათ სიახლოვეს ტერიტორია რუსმა ჯარისკაცებმა დანაღმეს.

„ძალიან მძიმე ზამთარი გადავიტანეთ, შუქის და გათბობის გარეშე. მუდმივად სროლების ქვეშ ვიყავით. მაინც ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ცხოველები გადაგვერჩინა. ეს საშინელებაა. ყველას მადლობა, ვინც ჩვენი მწუხარება გაიზიარა, მაგრამ ჩვენ დახმარება უკვე აღარ გვჭირდება“, - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

წყალდიდობისგან დაშავებულები საკუთარი თავისა და ცხოველების გადარჩენას ცდილობენ.
წყალდიდობისგან დაშავებულები საკუთარი თავისა და ცხოველების გადარჩენას ცდილობენ.

ვლადიმირ კოვალენკო, ახალი კახოვკის მერი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უყვება, რომ ცხოველების ზოოპარკიდან გამოყვანა ვერ ხერხდებოდა, რადგან „ზედ ნაპირთან, სანგრებში“ რუსი ჯარისკაცები ისხდნენ.

„ყველაზე უარესი ისაა, რომ ზოოპარკი „ზღაპრული დიბროვა“ დაიტბორა. ცხოველების გადარჩენა შეუძლებელი იყო, ოკუპანტები აფეთქებამდე ნაპირზე, სანგრებში იყვნენ. ზოოპარკში არავის უშვებდნენ, იქ ღამე არც დარაჯი იყო, არც მცველი. არც მომსახურე პერსონალს ჰქონდა უფლება ღამე შესულიყო - მხოლოდ დღე. ამიტომ, როცა დილით მივიდნენ, ზოოპარკი უკვე დატბორილი დახვდათ“, - ამბობს მერი.

რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС-ი ირწმუნება, რომ ახალ კახოვკაში ზოოპარკი საერთოდ არ არსებობს. „ცხოველები ვერ დაიღუპებოდნენ, რადგან ჩვენს ქალაქში ზოოპარკი არაა“, - განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა.

ცხოველების წყლისგან ხსნას ცდილობენ ხერსონის რაიონშიც. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, შინაური ცხოველები შეძლებისდაგვარად უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანონ, ხოლო თუ ამის საშუალება არა აქვთ, ახსნან მაინც, პირუტყვი და ფრინველი კი გალიებიდან და სადგომიდან გამოუშვან. ამით მათ შანსი ექნებათ, რომ გადარჩნენ. როგორ აისახება კახოვკის ჰესის ნგრევა ადგილობრივებზე, რა ელის სოფლის მეურნეობას, ამის შესახებ „ნასტოიაშჩეე ვრემია“ ნატალია გოზაკს ესაუბრა, ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრის „ეკოდიას“ აღმასრულებელ დირექტორს.

- ახლა ძნელია მომხდარი სრულფასოვნად შევაფასოთ, თუ როგორ იმოქმედებს ის ეკოლოგიაზე, მაგრამ მაინც რა შეიძლება ვთქვათ?

- ძალიან დრამატული ვითარებაა, ეს ჯერ ადამიანებს ეხებათ, ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებს, წარმოებას. რაც შეეხება ჰესის ქვევით ეკოსისტემას, წყლისპირა ეკოსისტემები წყლის მაღალ დონეს მიჩვეული არიან. 7-9 დღის შემდეგ წყალი ისევ კალაპოტს დაუბრუნდება. ეს სისტემა საკმაოდ მალე აღდგება. რა თქმა უნდა, გარეული ცხოველები დაშავდნენ, მაგრამ შინაურებს უფრო უჭირთ: ძაღლებს, კატებს, პირუტყვს. აი, ამ მხრივ კატასტროფული ვითარებაა.

რაც შეეხება ეკოსისტემას ჰესის ზევით, აქ სხვა მდგომარეობა გვაქვს. ამ შემთხვევაში წყლის დონის მკვეთრი ვარდნა ბევრ რამეზე აისახება. წყალის მიწოდებაზე, სასმელ წყალზე, წარმოებაზე, რომელიც ამ რეგიონში წყლის დონეზეა დამოკიდებული. ყველაზე მეტად აისახება სოფლის მეურნეობაზე.

ხერსონი
ხერსონი

ინფორმაცია კახოვკის ჰესის პლატინის გარღვევაზე 6 ივნისის დილას გავრცელდა. დნეპრში ტონობით წყალი ჩაიღვარა. დაიტბორა ოთხმოცამდე დასახლებული პუნქტი. ამჯერად მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. კაშხლის მიზანმიმართულ გარღვევაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG