Accessibility links

logo-print logo-print

ჩიბურდანიძის ფენომენი


ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა. 8 წლის იყო, როდესაც საჭადრაკო კარიერა დაიწყო. ის ჭადრაკის დედოფლის სტატუსს 14 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

1961 წელს დაბადებულებს გაგარინის თაობას უწოდებენ, სწორედ ამ წელს გაფრინდა გაგარინი კოსმოსში. მაიაც ამ თაობისაა, თავისი კოსმოსით და ვარსკვლავით, რომლის გახსნაც ჭადრაკის ფედერაციას უნდა და არ გამოსდის: „ნონას ვარსკვლავი გავხსენით, ახლა ლოგიკურად უნდა გაიხსნას მაიასი და მერე დანარჩენი ქართველი ქალების. მაია არ გვაძლევს საკუთარი ვარსკვლავის გახსნის უფლებას და, შესაბამისად, ვერ ვხსნით სხვებისას“, - ამბობს სოფო ნიკოლაძე, ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და მაიას დისშვილი.

მაიას არც ვარსკვლავის გახსნა უნდა, არც ხალხის ყურადღება და მაინდამაინც არც მედიასთან ურთიერთობა გამოსდის. „ჩაკეტილი, მაგრამ ძალიან კორექტული და კარგი ადამიანი“, - ასე ახასიათებენ მას ახლობლები.

And the Oscar goes…

დიდად არც ჭადრაკის თამაში უნდოდა 8 წლის გოგოს, მაგრამ ბავშვი იყო და მშობლებს დაუჯერა. თან „პიონერთა სასახლეში“ დაჰპირდნენ, თუ არ იტირებ და კარგად ითამაშებ, ნონა გაფრინდაშვილის ფოტოს გვერდით ცარიელი ლურსმანი რომ არის, იქ შენს ფოტოს ჩამოვკიდებთო.

მაიამ ისე ითამაშა, 17 წლის უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო. საერთო ჯამში ხუთჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. საჭადრაკო ოლიმპიადებზე ცხრაჯერ გაიმარჯვა, საჭადრაკო ოსკარი ოთხჯერ აიღო... ახლა ამ მედლებიდან, ოსკარებიდან და თასებიდან ერთიც არ უდევს სახლში, ძირითადად საქველმოქმედო აუქციონებს დაურიგა.

ჭადრაკის მოცარტი

საბჭოთა კავშირის დროს ჭადრაკი იდეოლოგიის ნაწილი იყო. ტალანტებს ყველგან ეძებდნენ. ფსიქოლოგიური ომი სსრკ-სა და აშშ-ს შორის ჭადრაკის დაფაზეც გადიოდა. ამერიკას ექსტრავაგანტული ბობი ფიშერი ჰყავდა, საბჭოთა კავშირს - გარი კასპაროვი, ბორის სპასკი, ქალებში - ჯერ ნონა გაფრინდაშვილი, მერე კი - მაია ჩუბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანიც.

„მაიას შეიძლება ჭადრაკის მოცარტი ვუწოდოთ. შემოქმედი იყო საჭადრაკო დაფაზე, ძალიან რთულ პარტიებს თამაშობდა და ძალიან რთული იყო მასთან თამაში, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის“, - ამბობს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

რატომ მოცარტი? ჯერ ერთი, მასავით ძალიან პატარა გამოვიდა ასპარეზზე და, მეორეც, მაია ინტუიციური მოჭადრაკე იყო, უფრო შინაგან ხმას ენდობოდა, ვიდრე გათვლებს. ამასთან, მუდმივად ინარჩუნებდა სიმშვიდეს - მყარი ფსიქიკა ჭადრაკში ნიჭზე ნაკლებ არ ფასობს, რადგან ტვინმა 5 საათი შეუსვენებლად უნდა იმუშაოს. ამის გამო ტურნირების წინ მოჭადრაკეები სხვა სპორტსმენებივით ემზადებიან ფიზიკურად - ზოგი დარბის, ზოგი ვარჯიშობს.

„სპეციალურ დიეტას არ ვიცავდით, ერთადერთხელ მწვრთნელმა მითხრა, ტურნირის წინ არ ისადილო, უფრო გამწარებული იქნებიო“, - ამბობს ნანა იოსელიანი, სსრკ-ის ოთხგზის ჩემპიონი ჭადრაკში.

ნანა მაიაზე ერთი წლით პატარაა, ამიტომ რაც თავი ახსოვს, მაიაც ახსოვს. „მახსოვს, პირველად როდის ვნახე. ტურნირში ვთამაშობდით, მე დამწყები ვიყავი, მაია - ახალი გადმოსული ქუთაისიდან. მთხოვა, წინსაფარი შემიკარიო, ეს მომეწონა ბავშვს. მერე ძალიან ბევრი ტურნირი ვითამაშეთ ერთად“.

მაია, ნონა გაფრინდაშვილის მსგავსად, კაცებთანაც თამაშობდა, საკმაოდ წარმატებულად. ჭადრაკში ქალებს მამაკაცების ტურნირებზე თამაში შეუძლიათ, მაგრამ პირიქით აკრძალულია. ჭადრაკი, ალბათ, ერთადერთი სპორტია, სადაც სპორტსმენები ერთ ადგილას სხედან, მაგრამ:

„ჭადრაკს რომ ენერგია და ფიზიკური მომზადება სჭირდება, იმისთანა... კასპაროვი მატჩის შემდეგ (მატჩი რამდენიმე თვეს გრძელდებოდა) დაახლოებით 10 კილოს კარგავდა“, - ამბობს გია გიორგაძე და იხსენებს 2008 წელს, როდესაც მაია ჩიბურდანიძემ დრეზდენის ჩემპიონატზე გაიმარჯვა. მართალია, ამით გუნება გამოუკეთა ხალხს, რომელიც ომის შემდეგ დეპრესიაში იყო ჩავარდნილი, მაგრამ მას მერე, ფაქტობრივად, აღარ უთამაშია, ჭადრაკს შეეშვა.

„მაშინ მაია ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი იყო. ფანტასტიკური თამაში აჩვენა, ყველა მეტოქე გაანადგურა, მით უფრო, რომ მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ როგორც მოქმედი, ისე ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები. ლომის წვლილი იმაში, რომ მაშინ ქალთა ნაკრებმა დრეზდენის ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა, იყო მაიასი... დახურვას ჟუჟა პოლგარი უძღვებოდა, გამოაცხადა: „მინდა სცენაზე მოვიწვიო ლეგენდარული მაია ჩიბურდანიძე“. როდესაც სცენაზე ავიდა, ათი წუთი ტაში არ შეწყვეტილა...

მაიამ ახლაც რომ მოინდომოს თამაში, ახლაც მშვენივრად ითამაშებს. მაგრამ მას ძალიან ბევრი სხვა ინტერესი აქვს“.

ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და დები პოლგარები ბათუმში.
ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და დები პოლგარები ბათუმში.

ამ სხვა ინტერესებიდან ერთ-ერთი ჭადრაკის აკადემიაა, რომელიც მაიამ თავისი დანაზოგით დააარსა.

„მაიას არ უყვარს წაგება, წაგებას ვერ იტანს, ამიტომაც დაანება თავი ჭადრაკს ადრე. ამბიცია რომ ჰქონოდა და კიდევ ეთამაშა, მეტს მიაღწევდა“, - ამბობს სოფო ნიკოლაძე.

ერთი ქეციანი, ერთი - ფეხმოტეხილი

სპორტში მარტო ვერ იქნები, მაგრამ სპორტიდან წამოსულს უკვე შეგიძლია თავს მსგავსი ფუფუნების ნება მისცე. მაიას კარჩაკეტილი ცხოვრების წესი აქვს, მას ხალხში ყოფნაზე მეტად ბუნება და სიჩუმე უყვარს.

„დამსვამდა თავის აივანზე, მოუსმინე ბუნებასო. იქ ჰყავდა კატები, ძაღლები, არ ვიცი - რამდენი. თუ სადმე უპატრონო ძაღლს და კატას იპოვიდა, ყველა სახლში მოჰყავდა. ერთხელ ქუთაისიდან ჩამოსულს დავხვდი, მანქანაში ორი ძაღლი ეჯდა, ერთი ქეციანი, მეორე - ფეხმოტეხილი, გზაზე უნახავს. ორივე წაიყვანა აგარაკზე და მკურნალობდა“, - ამბობს სოფო ნიკოლაძე.

თუმცა თავიდან მაია არასდროს ყოფილა მარტო. ჭადრაკის თამაში უფროსმა და-ძმამ ასწავლა, ტურნირებზე ყველგან დედა დაჰყვებოდა. ძმა, რეზო, 19 წლის გარდაიცვალა, უფრო ადრე, 10 თვის ასაკში დაიღუპა რეზოს ტყუპისცალი, თემური. ამ ტრაგედიამ ოჯახი ერთიანად შეცვალა. მანამდე თითით საჩვენებელი ათეისტები რელიგიურები გახდნენ. მაია ახლაც მორწმუნეა. ამის გარდა უყვარს აღმოსავლური კულტურა და აღმოსავლური მედიცინა, თავადაც სამედიცინო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

„თუ რამე აინტერესებს, ბოლომდე მიჰყვება, ძირფესვიანად იკვლევს. სამედიცინოზე 10 წელი სწავლობდა. ვინ არ ჩაუთვლიდა, მაგრამ მაინც, აინტერესებდა. პატარა ვიყავი და დამისვამდა, მომისმინეო.

სახლის საქმეები არ ეხერხება, დამხმარე ჰყავს. ერთი-ორჯერ დაგვპატიჟა თავის გაკეთებულ დელიკატესზე. ვჭამეთ, მაგრამ... აღმოსავლურ ჩაის კი მართლა ძალიან კარგს ამზადებს, თავისი მოწყობილობები აქვს. ერთ რამედ ღირს მაიასთან ჩაის დალევა“, - ამბობს სოფო ნიკოლაძე.

საკუთარი ოჯახი მაიას არ შეუქმნია, უფრო სწორად 1985 წელს იქორწინა, მაგრამ ამ კავშირმა მხოლოდ ორი კვირა გასტანა.

ჟურნალისტ ია ანთაძესთან ინტერვიუში მაია ასეთ რამეს ამბობს: შემოქმედი ადამიანები მუდმივად ჩართულები არიან ძიების პროცესში, დაკავებულები არიან ახალ იდეებზე ფიქრით, სიახლეების შექმნით და ეს ანიჭებთ ბედნიერებას. მათ ხშირად აკლიათ ის, რაც ყოფით ბედნიერებად ითვლება - ოჯახი, შვილები, ახლობლებთან ურთიერთობა. ისინი მარტოობაში პოულობენ თავის ბედნიერებას. მაგრამ ასეთი ადამიანები რომ არ იყვნენ, ამქვეყნად არაფერი განვითარდებოდა“.

დისციპლინებული ადამიანი

მაია საოცრად დისციპლინებულია, ყველა წესს იცავს. მაგალითად, პირბადეს უკვე მაშინ ატარებდა, როდესაც კორონავირუსის არსებობის შესახებ ჯერ ჩინეთშიც არ იცოდნენ. ნანა იოსელიანი სიცილით იხსენებს, როგორ ესტუმრნენ ის და ნანა ალექსანდრია ჭადრაკის აკადემიაში და მაია პირბადით დახვდათ.

„არადა, მაშინ ჯერ არ იყო პანდემია. გვითხრა, გაისად 60 წლის ვხდები, თუ ისევ რამე უბედურება არ მოხდაო. სულ მახსენდება, რა იცოდა, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა და მის იუბილეს ვერ აღვნიშნავდით“.

როგორ დავეწიოთ წარსულს

სულ ისმის კითხვა, რატომ განვითარდა საქართველოში ქალების ჭადრაკი და არა მამაკაცების. მსოფლიო ჩემპიონებით დაკომპლექტებული ქართული ნაკრები იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ბოლოს საბჭოთა კავშირი თავად ბლოკავდა საერთაშორისო ტურნირებზე. კომუნიზმი უფრთხოდა ყველაფერს, რაც ოდნავ მაინც იხრებოდა ნაციონალურობისკენ.

„ჩვენი ტრადიციიდან გამომდინარე, გოგოები უფრო დისციპლინებულები არიან, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. საქართველო ქალთა ჭადრაკის მექად ითვლება და სულ ისმის ეს კითხვა, ქალები კაცებს რატომ სჯობიანო. სჯობიან იმიტომ, რომ უფრო მობილიზებულები არიან“, - ამბობს გია გიორგაძე.

...იმასაც ამბობს, რომ საქართველოში ჭადრაკი უყვართ, ოღონდ ჩემპიონების გამოსავლენად ისევ ის ძველი ტრადიცია უნდა აღდგეს, ოჯახში საღამოობით ჭადრაკის თამაშის ტრადიცია - ორიოდე პარტია ჩაის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG