საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა პირველ ივლისს ძალაში შესული ჩინეთის „ეთნიკური ერთიანობის შესახებ“ კანონი, რომელიც გაერომ და ევროკავშირმა უკვე დაგმეს. ეს კანონმდებლობა ეთნიკურ უმცირესობებს ავალდებულებს, გაითავისონ ჩინური (ხანის) ეროვნული კულტურა და საჯარო სივრცეში უპირატესობა ჩინურ ენას (მანდარინს) მიანიჭონ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ახალი კანონმდებლობა „განამტკიცებს კანონის უზენაესობას“ და „უკეთ დაიცავს“ ქვეყანაში ოფიციალურად აღიარებული 56 ეთნიკური ჯგუფის უფლებებს.
კანონის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ დებულება, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პირთა დევნის საკითხში პეკინის უფლებამოსილებას განამტკიცებს, ჩინეთს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გამოყენების საბაბს მისცემს. მათი თქმით, ამ გზით ჩინეთის ხელისუფლება სხვა სახელმწიფოებზე მოახდენს ზეწოლას, განსხვავებული აზრის დასახშობად, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, რომლებიც წარმოშობით ჩინეთიდან არიან, თუმცა ამჟამად სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ.
ყაზახეთში მცხოვრებმა ჩინური წარმოშობის უფლებადამცველმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ პეკინს საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე ზეწოლის გასამართლებლად და გასაძლიერებლად კიდევ უფრო მეტი სტიმული გაუჩნდება.
უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, მასობრივი დაკავებებისა და რეპრესიების მეშვეობით ჩინეთი უკვე დიდი ხანია ავიწროებს თავის უკიდურეს დასავლეთ პროვინციაში, სინძიანში მცხოვრებ უიღურებს, ყაზახებს, ყირგიზებსა და სხვა, ძირითადად მუსლიმ თურქმანულ უმცირესობებს.
ამგვარი დაკავების ბანაკების არსებობის პირველი მტკიცებულებები 2017 წელს გამოჩნდა, რაც პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ წამოწყებული კამპანიის - „მკაცრი დარტყმა ძალადობრივ ტერორიზმს“ - ნაწილი იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ ბანაკებში მილიონზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა.
გაეროს 2026 წლის აპრილის სპეციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონი ჩინეთში უმცირესობათა უფლებების შელახვის საფრთხეს ქმნის, რადგან ქვეყნის ყველა რეგიონში ეთნიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით „უნიფიცირებულ მიდგომას“ ამკვიდრებს.
პეკინმა გაეროსა და ევროკავშირის კრიტიკას "მავნებლური ცილისწამება" უწოდა და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად შეაფასა.
ახალი ერთიანობის კანონის ძალაში შესვლამდეც კი, ყაზახი უფლებადამცველი აცხადებდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო, ჩინეთში მყოფ ნათესავებს მასთან დაკავშირების ეშინოდათ. მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა მისი ოჯახის წევრები რამდენჯერმე დაიბარეს და დაკითხეს.
მისივე თქმით, ახალი კანონი "ჩინეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რეალური მდგომარეობის საერთაშორისო თანამეგობრობამდე მიტანის შესაძლებლობას მკვეთრად შეზღუდავს", რაც იმას ნიშნავს, რომ უფლებადარღვევის ფაქტები შესაძლოა ყურადღების მიღმა დარჩეს.
სინძიანის ბანაკებგამოვლილი ნურლან კოკტეუბაის თქმით, რომელიც ამჟამად ყაზახეთში ცხოვრობს, პეკინის მთავარი მიზანია "იქ მცხოვრები მუსლიმი ხალხების იდენტობის, რელიგიისა და ენის წაშლა და მათი ასიმილაცია."
კოკტეუბაი ამბობს, რომ მას მუდმივად თან სდევს შიში, რომ საზღვარგარეთ ყოფნისასაც კი ჩინეთის ხელისუფლება დაუწყებს დევნას, ხოლო საზღვარს მიღმა დარჩენილ ნათესავებთან ყოველგვარი კავშირი დაკარგა.
ჩინეთის მზარდი გავლენა ყაზახეთში
უფლებადამცველების შეფასებით, ბოლო წლებში ყაზახეთში ჩინეთის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა კიდევ უფრო ზრდის ტრანსნაციონალური რეპრესიების რისკს.
პეკინთან ურთიერთობა ასტანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ყაზახეთი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებასა და ალტერნატიული გზების მოძიებას ცდილობს. ჩინეთის მთავარი საბაჟო სამმართველოს მონაცემებით, 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,7%-ით პროცენტით გაიზარდა და 30 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არარეგისტრირებული უფლებადამცველი ჯგუფის, Naghyz Atazhurt-ის 19 აქტივისტის წინააღმდეგ - ორგანიზაცია სინძიანში დაკარგულთა ოჯახების ინტერესებს იცავს. მათ ბრალად ედებათ "ეთნიკური შუღლის გაღვივება". სამართლებრივ დევნას წინ უძღოდა ყაზახეთ-ჩინეთის საზღვართან მდებარე სოფელ ქალჟათში გამართული საპროტესტო აქციები, რომლებზეც აქტივისტები ეთნიკური უმცირესობების მიმართ ჩინეთის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეები გააკრიტიკეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა: Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა.
სასამართლო პროცესს საფუძვლად დაედო ალმათიში ჩინეთის საკონსულოს მიერ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი ნოტა, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა. დოკუმენტში საპროტესტო აქცია შეფასებულია, როგორც ჩინეთის "ღირსების წინააღმდეგ მიმართული აშკარა პროვოკაცია", და ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, "საქმე საფუძვლიანად გამოiძიოს".
"ძალიან მეშინია ჩემი ნათესავებისა და ახლობლების გამო, რომლებიც ჩინეთში დარჩნენ", - ამბობს ახალ კანონთან დაკავშირებით ორალხან აბენი, ერთ-ერთი მსჯავრდადებული მომიტინგის მეუღლე. "ასევე მიმაჩნია, რომ საფრთხე ჩვენც გვემუქრება, ვინც ახლა ყაზახეთში ვცხოვრობთ, რადგან ჩინეთის მთავრობა ყაზახეთზე გავლენის მოპოვებას კვლავაც ცდილობს", - დასძინა აბენმა.
ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის მის ქმარს, თურსინბეკ კაბიულის, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 3 წლით აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა.
ასტანასა და პეკინის დაახლოებასთან ერთად, იზრდება შფოთვა, რომ ზეწოლის საფრთხე კიდევ უფრო მოიმატებს.
18 მაისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს მოუწოდა, პეკინთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა განამტკიცონ. ცენტრალური აზიისა და ჩინეთის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრებთან შეხვედრაზე ტოყაევმა განაცხადა, რომ კავშირების გაღრმავება აუცილებელია "ექსტრემისტული იდეების გავრცელების აღსაკვეთად" და ინტერნეტის საშუალებით ტერორისტულ დაჯგუფებებში ახალი წევრების რეკრუტირების პრევენციისთვის.
ახალი კანონმდებლობის შედეგებს მთელ მსოფლიოში მიმოფანტული დიასპორები საკუთარ თავზე გრძნობენ. მიუნხენში ბაზირებული "მსოფლიო უიღურთა კონგრესის" ვიცე-პრეზიდენტის, ზუმრეთაი არკინის თქმით, რეპრესიების ახალი ეტაპი მსოფლიო ასპარეზზე ჩინეთის მზარდ თავდაჯერებულობაზე მიუთითებს.
მისი თქმით, პეკინს დაუსჯელობის სინდრომი განუვითარდა, "რადგან ხედავენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობამ უიღურები ბედის ანაბარა მიატოვა. დიასპორისთვის ეს ძალიან მძიმე და ბნელი პერიოდია".
ფორუმი