Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი დანაკარგები": ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან გაქრნენ


უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ფოტოზე, 2024 წლის დეკემბერში რუსეთის კურსკის რეგიონში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ჩრდილოეთკორეელებიც.
უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ფოტოზე, 2024 წლის დეკემბერში რუსეთის კურსკის რეგიონში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ჩრდილოეთკორეელებიც.

თვეების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ათასობით ჯარისკაცი თავს ესხმოდა სანგრებს, ირიდებდა საარტილერიო ცეცხლს და იბრძოდა რუსეთის ჯარების მხარდამხარ უკრაინული ძალების რუსეთის ტერიტორიიდან განსადევნად.

ისინი პირველად გასულ შემოდგომაზე გამოჩნდნენ. ამან შეაშფოთა დასავლელი ოფიციალური პირები, რომლებიც შიშობდნენ, რომ უკრაინულ ჯარს, რომელსაც 1100-კილომეტრიანი ფრონტის ხაზზე არაერთი პრობლემა აქვს, უკან დახევა მოუწევდა.

ეს არ მოხდა. ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტის ხაზებიდან უკან იხევენ. მიზეზი, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ 31 იანვრის სტატიის თანახმად, დიდი მსხვერპლია.

ერთმა უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა პუბლიკაციას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა. სამხედრო დაზვერვის თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, Current Time-ს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების როტაცია მართლაც განხორციელდა „დიდი დანაკარგების“ გამო, მაგრამ მათ გადაადგილებას „სტანდარტული ოპერაციები“ უწოდა.

თუმცა, უკრაინის სპეცოპერაციის სარდლობამ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს დაუდასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები სპეცრაზმს დაახლოებით სამი კვირაა აღარ შეუნიშნავს. „სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ”.

თუ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების გაყვანა ან მნიშვნელოვანი უკან დახევა მართლაც დადასტურდება, ეს პოტენციურად სამარცხვინო მარცხი იქნება რუსი მეთაურებისთვის.

აი, რა ვიცით აქამდე.

ფხენიანიდან კურსკამდე

ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოჩნდნენ. ამას უკრაინელები ელოდნენ - ისინი მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ბრძოლაში ჩრდილოეთი კორეაც ჩაერთვებოდა და ამ მოლოდინს სატელიტური სურათებით და სადაზვერვო ინფორმაციით ამყარებდნენ. ოფიციალური პირები მაშინ აცხადებდნენ, რომ 11 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჩავიდა რუსეთში.

იმ დროს გაურკვეველი იყო, თუ რატომ მიმართა კრემლმა დახმარებისთვის ფხენიანს; ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურდა თავიდან აეცილებინა ახალი მობილიზაცია ან წვევამდელების გაგზავნა ბრძოლაში - ნაბიჯები, რომლებიც რუსეთის შიგნით გამოიწვევდა წინააღმდეგობას.

დასავლელი ოფიციალური პირები ამ ნაბიჯს სასოწარკვეთის ნიშნად სახავდნენ. დასავლური შეფასებით, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში 700 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ჩრდილოეთკორეელები კურსკში ჩავიდოდნენ - სასაზღვრო რეგიონში, სადაც უკრაინა ორი თვით ადრე შეიჭრა.

და მართლაც, უკრაინულმა ქვედანაყოფებმა განაცხადეს, რომ კურსკში არაერთხელ მოუწიათ ჩრდილოეთკორეელებთან შეტაკება და რამდენიმე ტყვედაც აიყვანეს.

მოახდინეს თუ არა მათ გავლენა ბრძოლაზე?

როდესაც უკრაინამ აგვისტოში რუსეთს მის ტერიტორიაზე დაარტყა, შეტევაში ჩაერთო კიევის ყველაზე გამოცდილი საბრძოლო დანაყოფი და სწრაფად დაიპყრო კურსკის მნიშვნელოვანი ტერიტორია - დაახლოებით 1300 კვადრატული კილომეტრი. ეს იყო რუსეთის ტერიტორიაზე უცხოელი სამხედროების ყველაზე დიდი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

რუსეთის თავდაცვა თავდაპირველად ქაოსური და არაორგანიზებული იყო - რამაც გამოიწვია გაკვირვება და აღშფოთება, განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობაში. თუმცა შემდეგ რუსეთმა იქ ქვედანაყოფები გადაისროლა და ნელ-ნელა შეავიწროვა უკრაინული ჯარები. ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები იქ ოქტომბერში განლაგდნენ.

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის გაერთიანებულმა ძალებმა დღემდე კურსკში უკრაინული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიის დაახლოებით ნახევრის დაბრუნება შეძლეს.

ახალი წლის მეორე დღეს უკრაინელმა მეთაურებმა კურსკის რეგიონში ახალი შეტევის ბრძანება გასცეს, ჩრდილოეთ კორეის ჯარის უკან დასახევად. მიზეზი ამჯერადაც გაურკვეველი იყო, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამბობდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო მცდელობა პოზიციების გასამაგრებლად შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, რომლის ჩატარებასაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს.

სწორედ ამ შეტევის დროს აიყვანეს უკრაინის ჯარებმა ტყვედ რამდენიმე ჩრდილოეთკორეელი პატიმარი.

„ისინი მოქმედებენ საბჭოთა ტაქტიკის მიხედვით, მოქმედებენ ოცეულებში, ასეულებში. ისინი სარგებლობენ თავიანთი მასობრივი უპირატესობით“, - თქვა უკრაინის უმაღლესმა სამხედრო ოფიცერმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ გასული თვის ინტერვიუში. „ისინი საკმაოდ მამაცები არიან; რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა”.

მაინც, რა მსხვერპლი განიცადა ჩრდილოეთ კორეის ჯარმა?

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეკემბრის ბოლოს თქვა, რომ ეს რიცხვი 3000-ს აღემატებოდა.

სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებისათვის ჩამორთმეული ნივთების სურათები - წიგნები, ბროშურები, მობილური ტელეფონებიც კი - თუმცა მათი შინაარსი საჯაროდ არ გაუვრცელებიათ.

თავის ინტერვიუში სირსკიმ ივარაუდა, რომ 11,000-12,000 განლაგებული ჯარისკაცისგან დაახლოებით ნახევარი მოკლული ან დაჭრილია.

თუმცა, უკრაინული შეფასებების გადამოწმება შეუძლებელია.

ზელენსკის შეფასებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ კორეის მთავარმა სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ დაახლოებით 1100 ჩრდილოეთკორეელი იყო დაღუპული ან დაჭრილი. თეთრმა სახლმა 27 დეკემბერს მსგავსი შეფასება გააკეთა: 1000-ზე მეტი „მოკლულია ან დაჭრილია ამ კონკრეტულ ბრძოლაში მხოლოდ გასულ კვირაში“.

სამხრეთ კორეის დაზვერვამ განახლებული მონაცემები 13 იანვარს გამოაქვეყნა: დაიღუპა 200 ჩრდილოეთკორეელი, დაიჭრა - 2700.

ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკან დახევა ბრძოლის წინა ხაზიდან შესაძლოა აჩვენებდეს, თუ რამდენად ეფექტიანი იყო უკრაინის თავდასხმები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევის ძალებს სამიზნეში ფხენიანის ჯარი ჰყავდათ ამოღებული.

თუმცა, ჯარების როტაცია ასევე ნორმალური მოვლენაც შეიძლება იყოს ბრძოლის ველზე - დაღლილ ჯარისკაცებს დასვენება სჭირდებათ; დიდი მსხვერპლის მქონე ქვედანაყოფები უნდა შეივსოს; საბრძოლო მასალასა და ჭურვებს დაგროვება სჭირდება.

XS
SM
MD
LG