Accessibility links

ცვლილება ზელენსკის ოფისში და პირველი რეაქციები მოსკოვსა და ვაშინგტონში


უკრაინის პრეზიდენტის მიერ მისი გარემოცვის ერთ-ერთი გავლენიანი წევრის, ანდრეი ბოგდანის, გათავისუფლება და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელად ანდრეი ერმაკის დანიშვნა კიევის მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

მაგრამ, განსხვავებით რუსული მედიისგან, სადაც აქცენტი რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებლის ვოლოდიმირ ზელენსკის „მარჯვენა ხელად“ დანიშვნაზე კეთდება, ამერიკული მედია ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ დონალდ ტრამპის ადვოკატ რუდი ჯულიანისთან კარგ ურთიერთობაში შემჩნეული ანდრეი ერმაკი აღმოჩნდა სწორედ ის უკრაინელი მაღალჩინოსანი, რომლის არაორაზროვანმა განცხადებამ საკმაოდ გააძლიერა დონალდ ტრამპის დაცვის პოზიციები აშშ-ის პრეზიდენტის გახმაურებული იმპიჩმენტის პროცესში.

დონალდ ტრამპის ადვოკატების მოკავშირე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განხორციელებული ცვლილება შესაძლოა მიანიშნებდეს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილზე თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან, სადაც კარგად იცნობენ ანდრეი ერმაკს, საგარეო საკითხებში ზელენსკის თანაშემწეს, რომელსაც, „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, დონალდ ტრამპის პირად ადვოკატ რუდი ჯულიანისთან ჰქონდა ურთიერთობა ორმხრივად საინტერესო საკითხებზე.

სწორედ ერმაკის ამოცანას შეადგენდა უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტის ორგანიზება ვაშინგტონში მაშინ, როცა რუდი ჯულიანი იძიებდა დონალდ ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, შვილის, ჰანტერ ბაიდენის, კავშირებს უკრაინულ ნავთობკომპანია „ბურისმასთან“.

ანდრეი ერმაკის სახელი ხშირად ფიგურირებდა წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული საიმპიჩმენტო გამოძიების დროს. კერძოდ, ახსენებდნენ ანდრეი ერმაკსა და რუდი ჯულიანის ტექსტურ შეტყობინებებს და სატელეფონო საუბრებს, რომელიც შეეხებოდა უკრაინაში „ბურისმის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების განახლებას, რაც თავის დროზე ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ზეწოლის შედეგად შეწყვიტა უკრაინის ხელისუფლებამ.

დემოკრატმა კონგრესმენებმა ბრალი დასდეს დონალდ ტრამპს, თითქოს იგი, პრინციპით „კბილი კბილისა წილ“, უკრაინის ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვდა ჯო და ჰანტერ ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების განახლებას, რასაც უკავშირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას.

მაგრამ იმპიჩმენტის თაობაზე მიმდინარე მოსმენების დროს ბატონი ერმაკი შეეცადა ვითარების შერბილებას და თეთრი სახლისათვის ის კიდევ უფრო მისაღები გახდა მას შემდეგ, როცა ფაქტიურად არ დაადასტურა საბრალდებო არგუმენტის მთავარი დეტალი.

„როდესაც კონგრესისთვის მიცემულ ჩვენებაში ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა, გორდონ სონდლენდმა, თქვა, რომ ერმაკს ვუთხარი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების საკითხი გამოძიების დაწყების თაობაზე განცხადების გაკეთებას უკავშირდებოდაო, -ერმაკმა მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ახსოვდა საუბრის შინაარსის ეს ნაწილი. უკრაინელი პოლიტიკოსის ამ კომენტარმა გააძლიერა ბატონი ტრამპის დაცვის მხარე“, - წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

„ერმაკი ცდილობს ისე წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რომ ხელეწიფება ამერიკელებთან მოლაპარაკება. ეს პოზიცია შესაძლოა მას დაეხმაროს ახალი როლის შესრულებაში, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ იგი ძირითადად შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო დანიშნა“, - მოჰყავს საინტერნეტო გამოცემა „Ukraine World“-ის რედაქტორის, ვოლოდიმირ იერმოლენკოს, სიტყვები „ნიუ-იორკ ტაიმსს“ .

ჯულიანი, კოლომოისკი და პარნასი

მაგრამ, მეორე ვერსიით, ერმაკის დანიშვნით ზელენსკი თავიდან იშორებდეს არა მხოლოდ უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან აფილირებულ იურისტს, ანდრეი ბოგდანის სახით, არამედ უკრაინის პრეზიდენტს შესაძლოა სურდეს დისტანცირება ასევე ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის, მოკავშირეებისგანაც.

ნიშანდობლივია, რომ რუდი ჯულიანი, თავის დროზე კრიტიკულად იყო განწყობილი ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ყოფილი უფროსის, ანდრეი ბოგდანის, მიმართ, რაც, „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ბოგდანის ყოფილი უფროსის, ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა, და რუდი ჯულიანის დაძაბული ურთერთობიდან იღებს დასაბამს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ჯულიანი კოლომოისკის თავის მხარდამჭერად მოიაზრებდა უკრაინის გარშემო გამოძიების საქმეში, გასულ ზაფხულში მათ შორის პრობლემებმა იჩინა თავი, რის შემდეგაც „ბატონმა ჯულიანიმ თავისი პარტნიორის, ლევ პარნასის, პირით შეუთვალა ბატონ ზელენსკის, თავი შეეკავებინა ბატონ ბოგდანის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნისაგან“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

საბჭოთა წარმომავლობის ლევ პარნასი, რომელიც გასული წლის დამდეგს ჯულიანის სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამჟამად აშშ-ში იმყოფება და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიების დაფინანსებასთან დაკავშირებული დარღვევების გამო.

მაგრამ დეკემბერში რუდი ჯულიანის კვლავ განუახლებია თანამშრომლობა ოლიგარქ კოლომოისკის მოკავშირეებთან, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი მასალების მოძიებისკენ მიმართული საქმიანობის კონტექსტში.

„იმ პირთა შორის, ვისაც ბატონი ჯულიანი კიევში ვიზიტის დროს შეხვდა, იყო ბატონი დუბინსკი, კოლომოისკის თანამებრძოლი, რომლის ოფისიც მოგვიანებით ადგილობრივი დაზვერვის სამსახურმა გაჩხრიკა. ასე რომ, გაურკვეველია, მიანიშნებს თუ არა აღნიშნული ჩხრეკა და ბატონ ბოგდანის გათავისუფლება იმაზე, რომ ავიწროვებენ იმ ხალხს, ვინც ჯულიანის ეხმარებოდა“,- წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

გადაადგილება კრემლისა და კიევის ადმინისტრაციებში

ანდრეი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ახალი უფროსი, ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტების პირველივე დღიდან კურირებდა რუსეთთან ურთიერთობისადა დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებს.

ცნობილია, რომ ერმაკი ამ ამპლუაში თანამშრომლობდა კრემლის ე.წ. „კურატორთან უკრაინის საკითხებში“, ვლადისლავ სურკოვთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ საერთოდ დატოვა სახელმწიფო სამსახური და „მედიტაციაში“ გადავარდა.

როგორც რუსული მედია წერს, ამ ხნის განმავლობაში სურკოვთან უკრაინის წარმომადგენლი ურთიერთობა არ იყო იოლი, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე არასოდეს მალავდა „აშკარა სიმპათიებს“ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკელების მიმართ; დაჟინებით მოითხოვდა, რომ ისინი კიევისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი ყოფილიყვნენ და, ამასთან, უკრაინის მხარეს ეცნო მათი „განსაკუთრებული სტატუსი“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ახალი უფროსი, ანდრეი ერმაკი, რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას ასრულებდა ასევე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ტყვედ ჩავარდნილი სამხედროებისა და დაპატიმრებული სამოქალაქო პირების გაცვლის საკითხებში, რომლის დროსაც უკრაინელი პოლიტიკოსის ვიზავი მოსკოვის მხრიდან იყო დმიტრი კოზაკი, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი.

ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა უკრაინაში დაბადებული დმიტრი კოზაკი ვლადიმირ პუტინმა 24 იანვარს ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, 11 თებერვალს კი თავის მთავარ წარმომადგენლად დანიშნა კიევთან და დონბასელ სეპარატისტებთან მოლაპარაკების საკითხში.

სხვათა შორის, კოზაკსა და ერმაკს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, ბოლოს-გასული წლის დეკემბერში ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რაც ერმაკმა არა მხოლოდ დაადასტურა, არამედ საკმაოდ პოზიტიურადაც ილაპარაკა რუსი პოლიტიკოსის შესახებ.

„ვფიქრობ, რომ ის უფრო მეტად არის განწყობილი დიალოგისათვის. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული ურთიერთობა, ურომლისოდაც, ალბათ, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა ერმაკმა ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ეთერში.

ერმაკს მხედველობაში ჰქონდა პატიმრების გაცვლა, რაც ორჯერ განხორციელდა ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პირველ ექვს თვეში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დონბასში ომის შეწყვეტა „პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტულ საკითხად“ რჩება. მაგრამ რაც შეეხება სეპარატისტების და ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას - არჩევნების გამართვას დონეცკსა და ლუგანსკში, კიევი არ აპირებს პრინციპული პოზიციიდან გადახვევას.

"რეგიონული არჩევნები აღმოსავლეთ ურაინაში ჩატარდება მხოლოდ უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად და მას შემდეგ, რაც რეგიონს დატოვებენ უცხო ქვეყნის ჯარები" - განაცხადა ანდრეი ერმაკმა 12 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე

მოსკოვი კი მხარს უჭერს ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულას" - თავდაპირველად არჩევნების უპირობოდ ჩატარებას და შემდგომ ჯარების გაყვანას.

და ვიდრე კიევსა და მოსკოვს შორის არ არსებობს კომპრომისი დონბასის პოლიტიკური სტატუსის რეალიზების საკითხში, კიდევ უფრო ბუნდოვანია ომით დანგრეული რეგიონის ეკონომიკური აღორძინების კიევისეული პერსპექტივა.

„ომის შემდეგ ჩვენ მართლა გვსურს იქ თანამედროვე ეკონომიკური ჰაბის (ცენტრის) შექმნა, ახალი ტექნოლოგიის, ახალი ბიზნესის შეტანა. ეს ჩვენი ტერიტორიაა და იგი იმსახურებს იმას, რომ მიიღოს მეორე სიცოცხლე“, - განაცხადა 12 თებერვალს ანდრეი ერმაკმა.

2014 წლის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინის არმიასა და მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა დადევნილად იქცა ათიათასობით ადამიანი, დაინგრა და განადგურდა ინფრასტრუქტურა და შენობები, მათ შორის დონეცკის საერთაშორისო აეროპორტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG