იან მასარიკი ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მეთაურის და შემდგომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ტომაშ გარიგ მასარიკის ვაჟი იყო.
ახლად მიკვლეული დიპლომატიური ფოსტის საფუძველზე, ჩეხეთის პოლიციამ განაახლა გამოძიება იმის გამო, რომ ეს შეიძლებოდა მკვლელობაც ყოფილიყო.
პირველი, ვინც იან მასარიკის სხეული ნახა ჩერნინის სასახლის ქვიან ეზოში, მოსამსახურე იყო. მინისტრს საშინაოდ ეცვა, სხეული ცივი იყო, სახით ზემოთ - ფეხები შენობისკენ ჰქონდა მიმართული. ასე წერია პოლიციის მაშინდელ ანგარიშში.
ფანჯრიდან გადახტომა, გადახტომის იძულება თუ გადაგდება მოხდა იან მასარიკის სამსახურის ბინის აბაზანიდან.
ეს იყო ფანჯრიდან გადახტომის, გადახტომის იძულების თუ გადაგდების მესამე შემთხვევა ბოჰემიის ისტორიაში.
მე-15 საუკუნეში იან ჰუსის სიკვდილით დასჯის გამო მისმა განრისხებულმა მიმდევრებმა პრაღაში, რატუშის ფანჯრიდან გადაყარეს ათი ადამიანი, ქალაქის თავის, საბჭოს ორი წევრისა და მოსამართლის ჩათვლით. ეს იყო პირველი ასეთი, ლათინურად დეფენესტრაციად წოდებული აქტი ბოჰემიის მიწაზე. მეორე დეფენესტრაცია პრაღაში 1618 წელს მოხდა, როცა ჩეხი პროტესტანტები აჯანყდნენ ჰაბსბურგების წინააღმდეგ და რომელსაც ოცდაათწლიანი ომის დაწყება მოჰყვა.
იან მასარიკის სიკვდილი მესამე დეფენესტრაციად ითვლება - რიგში არ არის გათვალისწინებული ადრე მომხდარი მსგავსი ფაქტები.
ამ ამბის შემდეგ სამოცდაათი წელი გავიდა მას მერე, მაგრამ ჩეხებმა დღემდე ბოლომდე ვერ გაარკვიეს „ცივი ომის“ პერიოდში შემოტრიალების ამ წერტილის არსი.
ამ დროის განმავალობაში ჩეხეთში, ადრეც და უკვე კომუნისტური მთავრობის განდევნის შემდგომაც, ოთხჯერ იყო მცდელობა, გაერკვიათ: გადახტა მასარიკი ფანჯრიდან - ანუ თავი მოიკლა, თუ გადააგდეს - მოკლეს?
თუ ზეწოლა მოხდა მასზე? რისთვის? ვისგან, რას ითხოვდნენ? ჩეხი კომუნისტები თუ საბჭოთა საიდუმლო პოლიცია? მისივე მომხრეები, სამშობლოს ღალატი ვინც დააბრალა?
ერთი თვის წინ, იანვრის ათ რიცხვში, ჩეხეთის პოლიციამ გააკვირვა საზოგადოება, როცა გამოაცხადა, რომ გააახლა იან მასარიკის სიკვდილის გარემოებათა გამოძიება, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ „ეს იყო მკვლელობა“.
გამოძიების განახლებას იმპულსი მისცა აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის დიპლომატიურმა წერილობითმა გზავნილებმა, რომლებიც, როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მას შარშან გადაეცა. რადიო თავისუფლებამ დოკუმენტები შარშან ოქტომბერში იხილა.
გამოძიების მიზანია „დავუპირისპიროთ ახალ ინფორმაციას ფაქტები, რომლებიც დღემდე იყო მიკვლეული და გამოვავლინოთ შესაძლო კავშირი, რასაც შეუძლია პასუხი გასცეს შეკითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია აღარავის დაუსვამს“, - წერს პოლიცია.
მიხალ სტეჰლიკი, ჩეხეთის ახალი ისტორიის მკვლევარი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მასარიკის სიკვდილი ბევრი ჩეხისთვის იყო ისტორიული ნიშანი, მრუმე სიმბოლო, რომლითაც დაიწყო კომუნისტების მმართველობა ამ ქვეყანაში.
იან მასარიკის სიკვდილის საიდუმლო ბევრ ჩეხს ახსენებს 1962 წელს ტეხასის შტატში, დალასში, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის გამო გავრცელებულ ხმებს. სტეჰლიკი ამბობს, რომ მასარიკის სიკვდილი იგივეა ჩეხოსლოვაკიის და მისი საზოგადოებისთვის, რაც კენედის მკვლელობა დალასში.
დამფუძნებელი ოჯახი
იან მასარიკი ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკურ არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა.
მამა, ტომაშ გარიგ მასარიკი, 1918-დან 1935 წლამდე იყო ქვეყნის პრეზიდენტი.
უმცროსი მასარიკი, რომელმაც განათლება აშშ-სა და ბრიტანეთში მიიღო, დიპლომატიურ სამსახურში ჩადგა და ედვარდ ბენეშის (1935–1938 და 1945–1948 წწ. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი) საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მისი მთავარი ასისტენტი იყო.
1938 წელს მიუნხენის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იან მასარიკი ლონდონშია და იქ ემიგრაციაში ჩეხოსლოვაკიის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი უჭირავს. გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ამ შეთანხმებით, სხვათა შორის, ჩეხოსლოვაკიას გერმანიისთვის უნდა დაეთმო გერმანელებით დასახლებული სუდეტის ოლქი. ამ ხელშეკრულებამ გაუხსნა ადოლფ ჰიტლერს გზა ჩეხოსლოვაკიის ანექსიისკენ.
BBC-ის ეთერში მისმა რადიოგადაცემამ London Calling - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ის პოპულარული გახადა ჩეხურენოვან მსმენელებს შორის.
ომის მერე იან მასარიკი დაუბრუნდა სამშობლოს და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იყო თვით კომუნისტი მმართველის, 1946 წლიდან პრემიერ-მინისტრის, კლემენტ გოტვალდის მთავრობაში. მალევე გაემგზავრა მოსკოვში, სადაც საბჭოთა მოხელეები ჩეხოსლოვაკიას აძალებდნენ, უარი ეთქვა ევროპის აღდგენისთვის აშშ-ის მრავალმილიარდიან დახმარებაზე - მარშალის გეგმაზე.
1948 წლის თებერვალში, კაბინეტის 12-მა არაკომუნისტმა წევრმა უარი თქვა პროტესტის ნიშნად და გოტვალდს კომუნისტური პარტიის წევრებისგან პოლიციური ორგანოების შექმნა დააბრალა - კომუნისტების შეიარაღებული რაზმები პრაღაში აღლუმს აწყობენ, ძალის საჩვენებლად. ედუარდ ბენეში, იმ დროს უკვე პრეზიდენტი, კომუნისტების მოთხოვნას ჰყაბულდება და ახალი - კომუნისტებისგან შემდგარი მთავრობა იქმნება.
დასავლეთში, ასევე ჩეხეთში, ისტორიკოსები ამ მოვლენას გადატრიალებად აფასებენ. ჩეხოსლოვაკიას 41 წლის განმავლობაში მართავენ კომუნისტები, ქვეყანა მთლიანად „რკინის ფარდის“ მიღმა აღმოჩნდა.
გადაგდებული ადამიანები
დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, 9 მარტის საღამოს, მასარიკი, რომელმაც უარი თქვა, გადამდგარიყო, იმყოფებოდა ოფიციალურ საცხოვრებელ ბინაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე სართულზე, რომელიც მდებარეობდა იმპერიული ეპოქის შენობაში - ჩერნინის სასახლეში.
მისი მსახურის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩეხეთისთვის მიწოდებული დიპლომატიური ფოსტის პაკეტში იყო, მასარიკი იმ საღამოს რეზიდენციაში იყო და მარტო ივახშმა. დაახლოებით საღამოს 8:30-ზე, მასთან შესახვედრად სამი ჩეხურად მოლაპარაკე მამაკაცი მივიდა. მსახურმა, რომელიც მათ არ იცნობდა, ოთხი ფინჯანი შავი ყავა მიართვა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ.
მსახური, რომელიც რეზიდენციის მთავარ შესასვლელთან თვლემდა, ჰყვება, რომ დაახლოებით საღამოს 10 საათზე ის გააღვიძა მასარიკის ყვირილმა: „ამას არ გავაკეთებ თქვენთვის. ყველაფერს მოვაწერ ხელს, მაგრამ ამას - არა. ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ამას ცოცხალი თავით არ გავაკეთებ“.
მსახურის ჩვენებით, მან კიდევ რამდენჯერმე გაიგო ყვირილი საღამოს 10 და 11 საათს შორის. შემდეგ მასარიკს კიდევ ერთი ჭიქა შავი ყავა შეუტანა საღამოს 11:45-ზე, რის შემდეგაც ის დასაძინებლად დაითხოვეს. მსახურის თანახმად, მას მასარიკმა უთხრა: „მორჩა. წადით, დაიძინეთ. ღამე მშვიდობისა და ღმერთმა დაგლოცოთ“, - მსახური იყო ბოლო ადამიანი, ვინც მასარიკი ცოცხალი ნახა.
ვინ იყო ის სამი კაცი?
მასარიკის ცხედრის პოვნიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის პრესის ოფიციალურმა სააგენტომ მისი გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა და თქვა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. წლების განმავლობაში, დანაშაულზე დამაჯერებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო, ბევრი იძულებული იყო, მიეღო ეს ვერსია.
1949 წელს პრაღაში აშშ-ის საელჩოს მაღალი რანგის ოფიციალური პირის მიერ გადაცემულ დიპლომატიურ ტელეგრამაში, ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალურმა მდივანი წერს, რომ მისი ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე, მასარიკი თვითმკვლელობაზე საუბრობდა. ტელეგრამის თანახმად, სამინისტროს ყოფილმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მასარიკმა მას გაანდო, რომ დეკლარაციაში არ განუცხადებია ნიუ-იორკში რამდენიმე ათასი დოლარის შესახებ და ახალმა კომუნისტურმა მთავრობამ, შესაძლოა, ის ფინანსური წესების დარღვევაში ამხილოს.
მაგრამ სასამართლოს ჩანაწერების, ისევე როგორც სამინისტროს თანამშრომლების და მასარიკის მეგობრებისა თუ მტრების ჩვენებების ათწლეულების მანძილზე შესწავლის შემდეგაც კი, ისტორიკოსების - პროფესიონალები იქნებიან თუ მოყვარულები - აზრი კვლავ გაყოფილია.
საქმის მასალებში არსებულ უპასუხო შეკითხვებს შორისაა: ვინ იყო ის სამი კაცი, ვინც მასარიკს მისი სიკვდილის წინა საღამოს ესტუმრა? მათი ვინაობა დღემდე უცნობია ჩეხეთის ოფიციალური ხელისუფლებისთვის.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღემდე არ გარკვეულა, ვინ იყო ეს სამი ადამიანი“, - განაცხადა სტეჰლიკმა.
არის სხვა პასუხგაუცემელი შეკითხვებიც: ოფიციალური პირები, რომლებიც თავდაპირველად გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე, სადაც მასარიკის ცხედარი იპოვეს, არ იყვნენ სასამართლო პოლიციის გამომძიებლები. მოსამსახურის შემდეგ გამოიძახეს მეხანძრე.
1968 წელს, კომუნისტური მმართველობის ხანმოკლე დათბობის დროს, რომელიც ცნობილია როგორც პრაღის გაზაფხული, მასარიკის გარდაცვალების გარემოებების მიმართ ინტერესი კვლავ განახლდა.
პრაღაში ბრიტანეთის საელჩოს 1968 წლის 15 აპრილის ტელეგრამაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასპორტო განყოფილების მორიგე იტყობინებოდა მანქანების შესვლის შესახებ სამინისტროს ეზოში საღამოს 11 საათზე, ხოლო ამის შემდეგ მალევე, მისი კარი გარედან მოულოდნელად ჩაიკეტა და სატელეფონო ხაზები გაითიშა. ოთხი საათის შემდეგ, მორიგეს კარი გაიღო და სატელეფონო ხაზები ჩაირთო. მან თქვა, რომ დაახლოებით ამ დროს მოესმა მანქანების ხმა, რომლებიც იქაურობას ტოვებდნენ.
პრაღის პოლიციის წარმომადგენელმა, ამასობაში, განაცხადა, რომ მასარიკის ბინაში იპოვა ნახევრად შეჭმული ვაშლი, გადაშლილი ბიბლია და იატაკზე მიყრილ-მოყრილი - სავარაუდოდ, დამამშვიდებელი - აბები, როგორც მეორე ტელეგრამაშია ნათქვამი. ასევე, აბაზანის ფანჯრის რაფაზე - რომელიც ადამიანის წელის სიმაღლეზე იყო და საიდანაც გადავარდა მასარიკი, როგორც ვარაუდობდნენ, - იპოვეს ადამიანის ექსკრემენტი. საშხაპეში იპოვეს ხის სკამი, ხოლო აბაზანის იატაკზე - ბალიში.
პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მის მისვლამდე, შენობაში იმყოფებოდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და დაზვერვის ორი უმაღლესი თანამდებობის პირი.
ახალი ამბები ახალი გამოძიების შესახებ, 10 იანვრის განცხადების შემდეგ, დღეების განმავლობაში რჩებოდა ჩეხურ პრესასა და საინფორმაციო გამოშვებებში. „მოკლეს თუ არა მასარიკი? ახალი დოკუმენტები დაგვეხმარება, მაგრამ რუსეთი დუმს“, - ასეთ სათაურს წაიკითხავდით ონლაინგაზეთ Seznam Zpravy-ში, რომელიც ასახავდა ზოგიერთი ჩეხის დიდი ხნის ეჭვს საბჭოთა კავშირის მონაწილეობის შესახებ.
ჩეხეთის პოლიციამ მაშინვე არ უპასუხა რადიო თავისუფლების ელექტრონულ წერილს, სადაც საქმის დამატებით დეტალებს და გამოძიების განახლების მიზეზების შესახებ ინფორმაციას ვითხოვდით.
აზრთა სხვადასხვაობა
მასარიკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ოთხი ოფიციალური გამოძიება ჩატარდა. თავდაპირველი დასკვნა, რომ მან თავი მოიკლა, ძალაში იყო 1968 წლამდე, „პრაღის გაზაფხულამდე“.
ამ დროისთვის ისტორიკოსები და სხვა ოფიციალური პირები განსხვავებულ დასკვნამდე მივიდნენ: ეს ან თვითმკვლელობა იყო, ან უბედური შემთხვევა, მაგრამ მკვლელობა ნამდვილად გამორიცხული იყო.
კომუნისტური მთავრობის განდევნის შემდეგ, კიდევ ორი გამოძიება ჩატარდა. ერთი გამოძიების სამწლიანი მცდელობა დასრულდა 1996 წელს, იმ ახსნა-განმარტებით, რომ მასარიკი სააბაზანოს ფანჯრიდან გადავარდა, როცა ვიღაცისგან თავის დაღწევას ცდილობდა. მეორემ კი, 2001-2003 წლებში, ყურადღება გაამახვილა სასამართლო ექსპერტიზის მითითებაზე - მაგალითად, სხეულის მდებარეობაზე ფანჯრის მიმართ - და დაასკვნა, რომ მასარიკი მოკლეს.
„კვლავ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ მივიღებთ უტყუარ ინფორმაციას 1948 წლის ამ შემთხვევის შესახებ, - თქვა სტეჰლიკმა, - სასახლეში იმ მომენტის გარშემო, როცა მასარიკი მოკვდა“.