Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციფრული მიმართულებიდან კონვერგენტულ ჟურნალისტიკამდე


კიევში გამართული საერთაშორისო მედიაფორუმი საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში მეოთხე ხელისუფლების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას მიეძღვნა. მონაწილეთა შეფასებების მიხედვით, ოთხივე ქვეყანაში თანამედროვე მედიის მთავარი პრობლემა საკუთარი აუდიტორიის შესწავლა, მისი მართვა და მონეტიზაციაა.

გადმოწერა


ის ფაქტი, რომ მედიაში არის ადგილობრივი და გლობალური პრობლემები, რომლებიც ძირითადად შემცირებულ შემოსავლებსა და მედიის პოლიტიზებას უკავშირდება, კარგად ესმის მოლდავეთის რეგიონალური გაზეთის, ,,ესპეს“, მთავარ რედაქტორს. რუსლან მიხალევსკი მიიჩნევს, რომ სოციალურმა ქსელებმა მედიას ექსკლუზივი დააკარგვინა, რის გამოც ამ სივრცეში მთავარი ახლა მედიის როლის მოძებნაა.

პრობლემა მედიაში ძალიან სერიოზულია, რადგან სარეკლამო ბაზარი ძალიან მცირეა. ამით შეიძლება საქართველოსთანაც პარალელის გავლება. თუ შევადარებთ პოლონეთს, იქ სარეკლამო ბაზარი, დაახლოებით, 2 მილიარდამდე ევროთი განისაზღვრება...
ზურაბ ალასანია

,,საიმედო და სარწმუნო მედიაწყარო, რომელიც ამავე დროს იქნება ოპერატიული და გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, არის მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სარეკლამო ბაზარზე, ფინანსებზე. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ განვითარება არ შეწყდეს, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, არ დავკარგოთ ჩვენი ნიშა და ვიყოთ თანამედროვე მედიასაშუალებები – ამის ერთიანი რეცეპტი, ალბათ, არ არსებობს. გვიწევს სათითაოდ, ჩვენი აუდიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე, ვიფიქროთ განვითარებაზე. რაც შეეხება გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებს... გლობალურ დონეზე მედია აღარ გვევლინება კონტენტის ექსკლუზიურ გამავრცელებლად. ახლა მილიარდამდე ადამიანს შეუძლია შექმნას კონტენტი და თავადვე დააფიქსიროს ფაქტიცა და პოზიციაც. მედიამ დაკარგა თავისი ექსკლუზიური პოზიცია – იყოს შუამავალი აუდიტორიასა და წყაროს შორის. ეს არის მთავარი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, რომ ვიპოვოთ მედიის როლი ამ სისტემაში“, – განმარტავს რუსლან მიხალევსკი.

შეხვედრის ერთ-ერთი მხარდამჭერი „დოიჩე ველე აკადემია“ იყო, რომლის მოწვევით ფორუმზე „ედისონრისერჩის“ მკვლევარებიც მონაწილეობდნენ. ორგანიზაცია ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის კვლევებს ატარებს. კვლევის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში თანამედროვე მედიის მთავარი გამოწვევა შემცირებული სტანდარტული რეკლამაა, რის გამოც მედია შემოსავლების მოძიებას ახლა უკვე ისეთი კონტენტით ცდილობს, რომელიც კარგად იყიდება. კომერციული შემოსავლების ნაკლებობას უჩივის ზურაბ ალასანია, რომელიც უკრაინაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელმძღვანელობს.

,,პრობლემა მედიაში ძალიან სერიოზულია, რადგან სარეკლამო ბაზარი ძალიან მცირეა. ამით შეიძლება საქართველოსთანაც პარალელის გავლება. თუ შევადარებთ პოლონეთს, იქ სარეკლამო ბაზარი, დაახლოებით, 2 მილიარდამდე ევროთი განისაზღვრება. რაც შეეხება უკრაინას, აქ მედიის კომერციულმა შემოსავლებმა გასულ წელს 167 მილიონი შეადგინა, საიდანაც 144 მილიონი ეროვნულ არხებში დაიხარჯა. რა თქმა უნდა, ეს ,,ტორტი“ ძალიან პატარაა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა საზოგადოებრივ მაუწყებელში, თუმცა იმედია, გადავრჩებით ‘’,– ამბობს ზურაბ ალასანია.

მიდის დეცენტრალიზაციის პროცესი, როცა რეგიონებიდან კიევში სამუშაოდ გადადიან ჟურნალისტები, რედაქტორები. ეძებენ სხვა სამუშაო ადგილებს, არ აკმაყოფილებთ ანაზღაურება, სამუშაო პირობები, საქმიანობის დონე და ა.შ.
ოქსანა პანასივსკოვა

უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად რეფორმა ხორციელდება, რომელიც ქსელურ მაუწყებლობას გულისხმობს. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ტელევიზიის სტატუსს ატარებდა, რის გამოც ბიუჯეტიდან უხვად ფინანსდებოდა. ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული 31 კომპანია ხელისუფლების პროპაგანდას ეწეოდა, რაც დღეს კანონით აკრძალულია, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ზურაბ ალასანია. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, უკრაინაში 200-ზე მეტი კერძო მაუწყებელია, სადაც სარეკლამო ბაზრის შემცირებასა და მედიის პოლიტიზებასთან ერთად პროფესიონალი ჟურნალისტების სიმცირეზეც ჩივიან. საკადრო შიმშილს, როგორც მას აისქულის ხელმძღვანელი უწოდებს, მედიის არასტაბილურობა იწვევს. ოქსანა პანასივსკოვა შექმნილი მდგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავალს კონვერგენტული ჟურნალისტიკის განვითარებაში ხედავს.

,,უკრაინაში ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს კადრების გადინებასთან დაკავშირებით. ძალიან ძნელია ორგანიზება გაუწიო გუნდს, რომელიც დიდხანს და საჭირო თემებზე მუშაობს. მიდის დეცენტრალიზაციის პროცესი, როცა რეგიონებიდან კიევში სამუშაოდ გადადიან ჟურნალისტები, რედაქტორები. ეძებენ სხვა სამუშაო ადგილებს, არ აკმაყოფილებთ ანაზღაურება, სამუშაო პირობები, საქმიანობის დონე და ა.შ. ჩვენ პრეზენტაციებიდან გავიგეთ, რამდენად აუცილებელია გუნდში ატმოსფეროს გაუმჯობესება, მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის შენარჩუნება. თემები, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა - დაწყებული ციფრული მიმართულებით, კონვერგენტული ჟურნალისტიკით გათავებული“, – აცხადებს უკრაინის რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და აისქულის დამფუძნებელი ოქსანა პანასივსკოვა.

სტრატეგიული მენეჯმენტი, კორპორაციული ფინანსები, გუნდის მართვა, მარკეტინგული განვითარება და საკუთარი კომპანიისა და პროდუქციის დაწინაურება – ეს არის ის საკვანძო საკითხები, რაზეც 4 ქვეყნის მედიამენეჯერები სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. მედიაექსპერტების დასკვნით, ტრადიციული მედია არ კვდება, ის მხოლოდ გავრცელების პლატფორმას იცვლის – ამისთვის კი მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები.

XS
SM
MD
LG