Accessibility links

ცნობილია თუ არა ე.წ. „საბურთალოს კლასტერის“ პირველწყარო?


სად და როგორ დაინფიცირდა მედდა, რომელმაც, სავარაუდოდ, ე.წ.„საბურთალოს კლასტერი“ წარმოქმნა, ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება ითქვას, რომ ბუნდოვანია.

მედდა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს, პირველ მაისს სამკვირიან შვებულებაში გავიდა. ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შვებულებაში წასვლამდე, მედდას პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, პასუხი იყო უარყოფითი, ანუ, კორონავირუსი არ ჰქონდა, მას მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია და შვებულებაში გავიდა. თუმცა, სამი კვირის თავზე, სამსახურში დაბრუნებამდე, ისევ და ისევ პროტოკოლის თანახმად, მედდას კვლავ ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე და ამ შემთხვევაში, ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ლევან რატიანს უჭირს თქმა, სად შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო მედდა. ის არ გამორიცხავს, რომ მისი თანამშრომლის ინფიცირება საყოფაცხოვრებო შემთხვევას უკავშირდებოდეს, რაკიღა, ირკვევა, რომ მედდის ოჯახი, ამ სამი კვირის განმავლობაში, ორჯერ იმყოფებოდა ნათესავების შეკრებაზე მეზობელ კორპუსში:

„ერთი შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მედდა ჩემგან წავიდა, ანუ შვებულებაში გავიდა, ის ინფიცირებული არ იყო. ისიც უნდა ვთქვა, რომ მას ინფიცირებულ პაციენტთან შეხება არ ჰქონია. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ეს პერიოდი ოპერაციებს არ ვატარებდით, ექთანი დროებით შვებულებაში გავუშვით. სამსახურში დაბრუნებისას, პროტოკოლის თანახმად, კვლავ ჩავატარეთ ტესტი და მას ვირუსი აღმოაჩნდა. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ შესაძლოა, მისი ინფიცირების წყარო იყოს მამა. როგორც თავად ამბობს, 9 და 16 რიცხვში იყვნენ ახლობლების შეკრებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემგან რომ წავიდა, მას კორონავირუსი არ ჰქონდა. თუმცა, რომ დაბრუნდა, ვირუსი დაუდგინა. როგორ დაინფიცირდა, საყოფაცხოვრებო ინფიცირებაა თუ კლინიკური, ამას განსაზღვრავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი“.

ის, რომ ე.წ. "საბურთალოს კლასტერის" ინფიცირების პირველწყარო, მედდაა, ამას ბოლო დღეებია ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მეტიც, ნუცუბიძის მეორე პლატოზე, დევნილთა დასახლებაში დაფიქსირებულ ინფიცირების შემთხვევებს ის „მიკროაფეთქებას“ უწოდებს:

„სერიოზული მიკროაფეთქება გვქონდა საბურთალოს კლასტერში, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მუშაკს. ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალია, რომლისგანაც გავრცელდა ამ დასახლებაში ეს ინფექცია და დღევანდელი რიცხვით 23 ადამიანია კლასტერში ინფიცირებული. უკვე გამოკვლეულია 103 კონტაქტი. 42 გადაყვანილია კარანტინში, დანარჩენები არიან ე.წ. შიდა კარანტინში“.

მეხუთე დღეა კარანტინში იმყოფება დევნილთა დასახლებაში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი 65 წლის კაცი. მას ვინაობის გამხელა არ სურს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ცოლთან ერთად თბილისში მდებარე ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მის მეზობლად მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა:

„ეპიდემიოლოგები იყვნენ მოსულები, აგვიღეს ტესტები, პასუხები ამჯერად უარყოფითი იყო. თუმცა, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი უნდა გავიაროთ. ინფიცირებულთან ახლო შეხება არ მქონდა, მაგრამ ეზოში შევხვდით ერთმანეთს რამდენჯერმე. ეს არის და ეს. მე მეტი არაფერი ვიცი. თავს ნორმალურად ვგრძნობთ. მეზობლების ნაწილი თვითიზოლაციაში დარჩა, თუმცა, ჩვენ კარანტინში გადმოგვიყვანეს. მთელ დასახლებას დეზინფექცია ჩაუტარეს. ინფიცირებული მედდა და მამამისი ერთად ცხოვრობდნენ, მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობდა. დეტალები ვინ და როგორ დაინფიცირდა, არ ვიცით. ის ვიცით, რაც ტელევიზიით გვესმის. ჩვენც ჩვენი თავი გაგვჭირვებია, ვნერვიულობთ, არ ვიცით, როგორ ჩაივლის ეს ორი კვირა, შეშინებულები ვართ“.

ადგილობრივების ცნობით, კარანტინში 20-ზე მეტი ოჯახია გადაყვანილი, 10 ოჯახი კი საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მკაცრი თვითიზოლაციის პირობებში რჩება. ეპიდემიოლოგების განცხადებით, დევნილთა დასახლებაში დარჩენილ ოჯახებს საცხოვრებელი სახლის დატოვების უფლება მხოლოდ დღეში ერთხელ აქვთ. მათ მიეცათ რეკომენდაცია, რომ დღეში ორჯერ გაიზომონ ტემპერატურა, საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართოს სპეციალისტებს.

ე.წ. „საბურთალოს კლასტერმა“ 4 დღეში და ორ კორპუსში, 23 ინფიცირებული მოაგროვა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისში აღმოცენებული კლასტერებიდან, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერია. რაც შეეხება საქართველოს მასშტაბს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 10-ზე მეტი კლასტერი იყო ცნობილი. დღემდე, მათ შორის ყველაზე დიდი კლასტერი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ჰყავს და ინფიცირებულთა რაოდენობა 150-ს სცდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, ანა კასრაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, თბილისში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ვირუსის გადადების მხოლოდ ერთეული და ისიც ოჯახის სივრცეში გადადების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ თითქმის ერთი თვის განმავლობაში, თბილისი ე.წ. მრავალრიცხოვანი კლასტერების გარეშე აგრძელებდა ვირუსთან ბრძოლას.

„მთელი მაისი, ასეთი მრავალრიცხოვანი კლასტერი თბილისში არ დაფიქსირებულა. ძირითადი შემთხვევების რაოდენობა ბოლნისზე მოდიოდა. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს, ბოლო კლასტერი, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასტერია თბილისის მასშტაბით. ასეთი მრავალრიცხოვანი გავრცელების მიზეზად, როგორც წესი, იქცევა ხოლმე ის ფაქტი, რომ ინფიცირებული არ არის იზოლირებული და ის აგრძელებს აქტიურ ცხოვრებას, ურთიერთობს ადამიანებთან, გადაადგილდება და ა.შ. როგორც კი ირღვევა იზოლირების წესები, მათ შორის, დისტანციის დაცვა, ნიღბის ტარება და ა.შ. ცხადია, ეს იწვევს მსგავსი ტიპის მინი-აფეთქებებს და ვირუსის გავრცელებას. ვიცით, რომ გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდა, გაიზარდა მოსახლეობის მობილობა, შესაბამისად, ცხადია, გაზრდილია ვირუსის გავრცელების რისკიც. სწორედ ახლაა განსაკუთრებით მნიშნელოვანი იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც ეპიდემიოლოგები იძლევიან“.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. "საბურთალოს კლასტერს" ეპიდემიოლოგები ეპიდაფეთქებად აფასებენ, ანა კასრაძე ამბობს, რომ პროცესი მართულია და ამ კლასტერიდან ვირუსის გავრცელების შანსი ნაკლებია.

2 ივნისის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 796 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 634 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხნას დაემთხვა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება. ბოლო ოთხ დღეში, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 26-მდეც ავიდა. მათგან უმეტესობა, სწორედ ე.წ. საბურთალოს კლასტერის წარმომადგენელი იყო. გამონაკლისია დღევანდელი დღე, 2 ივნისი, როდესაც საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები მარნეულიდან არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG