Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველიშვილის „ეროვნული თაობა“ რეგისტრაციას ითხოვს - რა წერია წესდებაში?

ფოტოზე: ნია მჭედლიშვილი, გიორგი ქართველიშვილი და ლევან ყურაშვილი
ფოტოზე: ნია მჭედლიშვილი, გიორგი ქართველიშვილი და ლევან ყურაშვილი

ცნობილი ხდება იმ ახალი მოძრაობის წესდება, რომლის წევრებიც მზად არიან, „ისტორია, სიწმინდეები, წინაპრები და რელიგია“ დაიცვან, „საჭიროების შემთხვევაში ციხეში წასვლითაც“ კი.

ამ მოძრაობის დამფუძნებელმა MMA-ის სპორტსმენმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი ქართველიშვილმა საჯარო რეესტრს განცხადებით, დღეს, 28 ივლისს მიმართა.

რეგისტრაციის თხოვნით მიმართავს თან ახლავს სადამფუძნებლო შეთანხმება, სადაც ნათქვამია, რომ მოძრაობას სურს იყოს არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი სახელწოდებით „ეროვნული თაობა“ [National Generation].

ორგანიზაციას სამი დამფუძნებელი ჰყავს: 29 წლის, გიორგი[გივი] ქართველიშვილი, 21 წლის, ნია მჭედლიშვილი და 34 წლის, ლევანი ყურაშვილი. ხელმძღვანელი გიორგი[გივი]ქართველიშვილია. გამგეობაც იგივე სამი წევრითაა დაკომპლექტებული.

რა წერია წესდებაში?

საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო განცხადება დაარეგისტრირა, თუმცა ამ ეტაპზე სისტემაში არ ჩანს, დაკმაყოფილდა თუ არა რეგისტრაციის მოთხოვნა.

წესდების მიხედვით, საქმიანობის მიზნები ასეა ჩამოყალიბებული:

  • საქართველოს ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრიობის, კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ისტორიული და ეროვნული ღირებულებების დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია;
  • ქართული ენის, კულტურის, ისტორიის, ეროვნული თვითმყოფადობისა და მართლმადიდებლური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • საქართველოს ისტორიაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სარწმუნოებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მოღვაწეთა მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გაცნობა;
  • ახალგაზრდებში პატრიოტიზმის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ეროვნული თვითშეგნების, ისტორიისა და კულტურის ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა;
  • ოჯახური, კულტურული და ეროვნული ღირებულებების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
  • მშვიდობიანი, კანონიერი და დემოკრატიული გზებით იმ ინიციატივებისა და პროცესების მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას;
  • მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის, მოხალისეობისა და საზოგადოებრივი თვითორგანიზების ხელშეწყობა ეროვნული, კულტურული და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად სხვადასხვა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აქტივობების ორგანიზება;
  • თანამშრომლობა საქართველოსა და უცხოეთში მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომელთა საქმიანობა შეესაბამება ორგანიზაციის მიზნებს და ემსახურება საქართველოს ეროვნული, კულტურული და საზოგადოებრივი ინტერესების განვითარებას;
  • საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.


„დიდი ბულინგია... ხაზს უსვამენ ჩემს ვიზუალს“

საჯარო რეესტრში განაცხადის შეტანას პროსახელისუფლებო ტელევიზია რუსთავი 2 იღებდა. ამ ტელევიზიის ჟურნალისტთან ინტერვიუში გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა, რომ ახალი მოძრაობის დაანონსების შემდეგ ის და მისი ოჯახის ბულინგის სამიზნეები არიან.

„ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, განსაკუთრებით ჩემი მეუღლის მიმართ, არის ძალიან დიდი ბულინგი. უფრო მეტიც, ზიზღის თვალით უყურებენ ამ ყველაფერს და ხაზს უსვამენ ჩემს ვიზუალს. ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ მთელი საქართველო სპორტით იყოს დაკავებული - კონკრეტულად შერეული ორთაბრძოლები იქნება ეს, თუ ჭიდაობა.

ამ ადამიანებს უნდა ვუბიძგოთ, რომ სპორტში წავიდნენ. ყურიც ექნებათ გატეხილი და ცხვირიც. ნორმალური და ჯანსაღი თაობა უნდა გაიზარდოს და არა ისე, როგორც მათ სურთ, ჩვენს ტრადიციებსა და ღირებულებებს შეურაცხყოფას რომ აყენებენ. მე მზად ვიყავი ყველანაირი ბულინგისთვის, უბრალოდ, ამაზრზენია ეს ყველაფერი“, - აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.

რა მიზანი აქვს ახალ მოძრაობას?

​MMA-ს მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, 27 ივლისს თანამოაზრეებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფუძნებენ მოძრაობას, რომელიც „ქართულ კულტურასა და ეროვნულ იდენტობას დაიცავს“.

ბრიფინგის შემდეგ მათ ჟურნალისტების დასმული კითხვებიდან მხოლოდ ნაწილს უპასუხეს. მათ შორის, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა - რა ქმედებებს განიხილავენ, როცა ამბობენ, რომ „საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავლენ“.

ვინ არიან დამფუძნებლები?

გიორგი ქართველიშვილი MMA-ს მებრძოლი და „ქართული საბრძოლო ლიგის“ პრეზიდენტია. არის მწვრთნელი, ჰყავს მოსწავლეები. სოციალურ ქსელში აზიარებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან გადაღებულ ფოტოებს. მისი ცოლი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ყოფილი და "რუსთავი 2-ის" მოქმედი ჟურნალისტია.

გიორგი ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად
გიორგი ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად

„ქართული ოცნების“ ლიდერებთან, მათ შორის შალვა პაპუაშვილსა და მიხეილ ყაველაშვილთან აქვს გადაღებული ფოტოები "ოჯახის სიწმინდის დღის" მსვლელობასა და სპორტულ ღონისძიებებზე ორგანიზაციის კიდევ ერთ მონაწილეს, ლევან ყურაშვილს.

ლევან ყურაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად
ლევან ყურაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ქართველი მოსამართლე 2008-2018 წლებში, ნონა წოწორია 27 ივლისს რადიო თავისუფლებასთან ამბობდა, რომ „ორგანიზაცია წესდებაში ძალადობრივი კომპონენტებს ნამდვილად არ ჩაწერდა“ და „ფორმალური თვალსაზრისით იუსტიცია მათ დაარეგისტრირებდა“.

„...თუმცა იუსტიციის სამინისტრომ მხედველობაში უნდა მიიღოს მათი საჯარო განცხადებები და საწესდებო ამოცანები და მეთოდები შეესაბამება თუ არა იმ ამოცანებს, რაც გაცხადებული აქვთ. გაცხადებული ამოცანები ძალადობრივია. ამ თვალსაზრისით, თუ იუსტიციის სამინისტრო, სკრუპულოზურად შეაფასებს ამ საჯარო განცხადებებს და იმას, რაც წესდებაში ეწერება ფორმალური საფუძველი ექნებათ უარი უთხრან რეგისტრაციაზე“, - ამბობს ნონა წოწორია, თუმცა აქვე შენიშნავს, რომ „ამ ჯგუფს აქვს ხელდასხმა ხელისუფლებიდან“ და არ ჰგონია, "წინააღმდეგობა შეხვდეთ“.

იმავეს ფიქრობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობის გაცხადებული მიზნები კონფლიქტშია კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებთან, იუსტიციის სამინისტრო მას რეგისტრაციას არ გაურთულებს, რადგან „ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აქვთ, რაც პოლიტიკური განცხადებებიდანაც გამოჩნდა“.

შეფასებები ახალ მოძრაობაზე

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ ორგანიზაციის მიზნები და შესაძლო შედეგები განსხვავებულად შეაფასეს. „ქართული ოცნების“ წევრები ერთი მხრივ იწონებენ ინიციატივის არსს, თუმცა „კანონის ფარგლებში მოქმედების“ საჭიროებაზე სვამენ აქცენტებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაფორმალური დაჯგუფების შექმნა არათუ წაახალისა, თავადაა ორგანიზატორი.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ეკლესია არ შეიძლება იყოს საზოგადოებაში ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი და მსგავსი შეკითხვის დასმაც კი უხერხულია.

დეკანოზი აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, აზრის გამოხატვისას ადამიანებმა სხვების ღირებულებებსა და სიწმინდეებს პატივი უნდა სცენ, ხოლო მეორე მხრივ, ნებისმიერი მოძრაობის ან კერძო პირის მიერ სიწმინდეებისა და ღირებულებების დაცვა მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ძალადობისგან, აგრესიისა და კანონის დარღვევისგან.

ამ მოძრაობის შექმნას წინ უსწრებდა თავდასხმა იუმორისტ, სტენდაპერსა და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე. ის სამიზნე იმის გამო გახდა, რომ ნოდარ დუმბაძეზე იხუმრა. კომიკოსმა პოპულარული მწერლის ხსენებისას უცენზურო სიტყვა გამოიყენა.

ნიკოლოზ ხურცილავა პოლიციაში გამოცხადდა და თქვა, რომ ოქრიაშვილს იმიტომ დაესხა თავს, რომ მან ეროვნული ფასეულობები და კულტურა შეურაცხყო - ეს მიზეზები გიორგი ქართველიშვილმა დღეს, 27 ივლისს, მოძრაობის დაარსების არგუმენტად გამოიყენა.

გიორგი ქართველიშვილი ნიკოლოზ ხურცილავას მეგობარია. ამის შესახებ თავად განაცხადა. ძალადობისთვის დაკავებული ახლა 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ კომიკოსებს, მსახიობებს, მუსიკოსებს მოსაზრების, ხუმრობისა და სიმღერის გამო ესხმიან თავს.

იურისტები ამ ორგანიზაციის შექმნაში ძალადობის წახალისებისა და ფიზიკური დაპირისპირების გაღვივების რისკებს ხედავენ. მათი აზრით, შსს-ს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლებიდან რომელიმეთი დაიწყოს:

  • 223-ე მუხლი - უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება.
  • 252-ე მუხლი - ისეთი რელიგიური, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ანდა ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა.
  • 225-ე მუხლი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მონაწილეობა.
  • 226-ე მუხლი - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა.
კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG