Accessibility links

ცნობილი პირები, რომელთაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ


7 მარტი. ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და კომუნიკაციის ოფიცერი ფაბიო ვაინგარტენი

მინისტრები, მსახიობები, სპორტსმენები - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილ ადამიანებს კორონავირუსი შეეყარათ.

ტრიუდო და მისი ცოლი

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო 14-დღიან იზოლაციაში იმყოფება. მის მეუღლეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. თავად ტრიუდო თავს კარგად გრძნობს.

სოფი გრეგორი ტრიუდოს დაავადების სიმპტომები ლონდონში ვიზიტის შემდეგ გამოუვლინდა.

ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ვირუსი პრემიერ-მინისტრსაც აღმოაჩნდება. ექიმების თქმით, სანამ სიმპტომები თავს არ იჩენს, პრემიერ-მინისტრი სხვა ადამიანებისთვის სახიფათო არ არის.

მისი მეუღლე კი, სოფი ტრიუდო, ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ვირუსისგან დისკომფორტს განვიცდი, მალე ფეხზე დავდგები. სახლის პირობებში კარანტინში ყოფნა არაფერია იმასთან შედარებით, რისი გადატანაც დანარჩენ კანადელ ოჯახებს შეიძლება მოუწიოთ, იმათ, ვისაც გაცილებით სერიოზული დაავადების გამკლავება უხდებათ“.

დონალდ ტრამპი საფრთხის ქვეშ

ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, ფაბიო ვაინგარტენს, კორონავირუსი დაუდგინდა. წინა დღეებში მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - მასთან ივახშმა და ფოტოც გადაიღო. მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა პრესას განუცხადა, რომ ოდნავაც არ არის შეშფოთებული და საკუთარი ჯანმრთელობის შემოწმებას არ აპირებს.

როცა ჯანდაცვის მინისტრიც ავადაა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ნადინე დორისი ასევე კორონავირუსით აღმოჩნდა დასნებოვნებული. ის თვითიზოლაციაში წავიდა, თუმცა, სანამ დაავადების შესახებ შეიტყობდა, ესწრებოდა შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან.

ტომ ჰანკსი და რიტა უოლსონი

ორივე მსახიობი 63 წლისაა. ისინი დაავადდნენ ავსტრალიაში, სადაც ელვის პრესლიზე ფილმს იღებდნენ. „დაღლას ვგრძნობდით, თითქოს შეგვამცივნაო. სუსტი ტკივილიც გვქონდა“, - დაწერა ტომ ჰანკსმა სოციალურ ქსელში და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ თავისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას სისტემატურად მიაწვდის. ამჯერად წყვილი იზოლაციაშია.

ტომ ჰანკსი მაყურებელს ყველაზე მეტად ფორესტ გამპის როლით ახსოვს.

რუდი გობერტის ხუმრობა

NBA-ის კალათბურთელი რუდი გობერტი ასევე კორონავირუსით აღმოჩნდა ინფიცირებული. ცოტა ხნით ადრე მან პრესკონფერენციაზე ხუმრობით ჟურნალისტების აპარატურას ჩამოუარა და ხელი შეახო (ვირუსის გადადების იმიტაცია მოახდინა). გობერტი ირწმუნება, რომ მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, ინფიცირებული თუ იყო.

„ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც საფრთხეში ჩავაგდე. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ დაავადებული ვიყავი. გაუფრთხილებლად მოვიქეცი და ჩემი საქციელი გაუმართლებელი იყო“, - ამბობს ის.

კორონავირუსით არის ინფიცირებული კიდევ ერთი კალათბურთელი, დონოვან მიტჩელი, საკალათბურთო კლუბ „იუტა ჯაზის“ წევრი.

ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ფეხბურთელს, იტალიის „ივენტუსის“ ცენტრალურ მცველს, დანიელე რუგანის. ყველა ის პირი, ვისთანაც რუგანის კონტაქტი ჰქონდა, კარანტინშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG