Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლ-შვილიანები, უმაღლესი განათლების გარეშე - უკრაინული კვლევა რუს სამხედრო ტყვეებზე


რუსი სამხედრო ტყვეები ბანაკში მუშაობენ
რუსი სამხედრო ტყვეები ბანაკში მუშაობენ

უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების უმრავლესობა ჯარში სარგებლის მიღების სურვილმა წაიყვანა. უკრაინულმა პროექტმა, რომელიც რუს ჯარისკაცებს ტყვედ ჩაბარებაში ეხმარება, 400 ადამიანი გამოჰკითხა.

გამოკითხული ტყვეების თითქმის 55%-ისთვის სამხედრო სამსახურის მთავარი მოტივაცია “ცხოვრებაში სტაბილურობის მიღწევაა”. გამოკითხულთა თითქმის 36%-მა ჯარში “წინსვლის შესაძლებლობა” დაინახა. “ამხანაგებთან ყოფნის” - 20%-მა, ფულის შოვნის - თითქმის 19%-მა.

ეს ირკვევა გამოკითხვიდან, რომელიც გაზაფხულზე რუს სამხედრო ტყვეებში ჩაატარა პროექტმა “ხაჩუ ჟიტ” (“სიცოცხლე მინდა”). სექტემბერში პროექტი უკრანის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა აამოქმედა და იქიდან მოყოლებული, ისინი რუს ჯარისკაცებს ტყვედ ჩაბარებაში ეხმარებიან.

როგორც ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, ისინი თანამშრომლებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვასთან. პროექტის გუნდის მტკიცებით, ტყვედ ჩაბარებაში უკვე "რამდენიმე ათას" ჯარისკაცს დაეხმარნენ.

“კრედიტი მქონდა, და ფინანსური პრობლემები” - უთხრა მკვლევრებს 23 წლის ტყვემ კრასნოდარიდან.

“დამპირდნენ, რომ მომხსნიან ყველა ნასამართლეობას, და ეს საბუთებში აღარსად ეწერება” - თქვა 30 წლის კაცმა, რომელიც კერძო სამხედრო დანაყოფ “ვაგნერში” მსახურობდა.

თუმცა გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთებიც “ვისაც დონბასელი ხალხის დახმარება”, ან “ფაშისტებისგან რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა” უნდოდა.

სამხედრო ტყვის პორტრეტი

გამოკითხულთა სრული უმრავლესობა (83%) 26-დან 50 წლამდეა. 10% - 18-დან 25 წლამდე და მხოლოდ 7% - 51-დან 60 წლამდე.

ყველაზე მეტი (43.3%) მსახურობდა რეგულარულ არმიაში. ყველაზე ცოტა (2,2%) - “როსგვარდიაში”, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფში.

59% ჯარში უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღმოჩნდა. მესამედი (30.9%) გაიწვიეს 2022 წელს, მაგრამ ომის დაწყებამდე. 2022 წლამდე ჯარში მხოლოდ ყოველი მეათე მსახურობდა. სრული უმრავლესობა სერჟანტი ან რიგითი მეზღვაურია და მხოლოდ 2%-ია ოფიცერი.

კვლევაში მონაწილე ტყვეების მხოლოდ 11%-ს აქვს უმაღლესი განათლება. ძირითადად, (58%) დამთავრებული აქვთ პროფესიული სასაწავლებელი. 19%-მა მხოლოდ სკოლა დაამთავრა, 12%-მა - მხოლოდ 9 კლასი. ცოლი ჰყავს გამოკითხულთა 33%-ს, 14 წლამდე შვილები - 40%-ს.

რას ფიქრობენ რუსულ ჯარზე?

გამოკითხულებს სთხოვეს, შეეფასებინათ სამხედრო ხელმძღვანელობა 1-დან 5-მდე (1 - ძალიან არ მომწონს. 5 - ძალიან მომწონს). უმაღლესი შეფასება ხელმძღვანელობამ მხოლოდ 2%-სგან დაიმსახურა. თითქმის 60%-მა კი თქვა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა “ძალიან არ მოსწონს”.

მათდამი რუსული სამხედრო სისტემის დამოკიდებულება “ძალიან არ მოსწონს” 52,9%-ს და მხოლოდ 1,3%-ს მოსწონს. 71% კი უკმაყოფილოა მხარდაჭერით სხვა სამხედრო დანაყოფების მხრიდან.

როგორ აღმოჩდნენ ტყვეობაში?

გამოკითხულთა 40% ჩაბარდა. კვლევის ავტორების აზრით “ეს რუსი სამხედროების სუსტ მორალურ სულისკვეთებაზე მიუთითებს”.

“მეთაურებმა გადაწყვიტს, იქ მივეგდეთ” - თქვა 49 წლის კაცმა, რომელიც ოკუპირებული დონეცკის ე.წ. “სახალხო მილიციაში” მსახურობდა.

“მკაფიოდ, გასაგებად ამიხსნეს. საჭირო ხარ იმისთვის, რომ ჩვენიანზე გაგცვალოთო. გააფთრებული წინააღმდეგობის გაწევის საბაბი არ მქონია” - თქვა 36 წლის ჯარისკაცმა, რომელიც წარმოშობით ნოვგოროდის ოლქიდანაა.

58% ტყვეობაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა. “ვიჯექით ტყეში, ვთხრიდით სანგრებს, დავწექით და დავიძინეთ. დილით გაგვაღვიძეს და დაგვატყვევეს” - ამბობს 35 წლის “როსგვარდიელი”.

“8 დღე მინდვრებში დავბოდიალობდი, წყალს გუბეებიდან ვსვამდი, ვჭამდი სოკოებს და ჭიაყელებს. საარტილერიო სროლის ხმას მივყვებოდი, მეგონა რუსეთისა იყო. ვიყავი დაჭრილი და დაუძლურებული”, - ეს 36 წლის ლიპეცკელი ჯარისკაცის სიტყვებია.

2%-მა კითხვას არ უპასუხა.

სანდოა თუ არა?

კვლევა 10-დან 20 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. პრეზენტაცია უკრაინაში, მაისში შედგა. თუმცა შედეგები ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. ნაწილი დღემდე გასაიდუმლოებულია. ნაწილი რუსულმა გამოცემა “მედუზამ” 6 ივლისს გამოაქვეყნა.

უკრანის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი განმარტავს კვლევის მიზანს. “იმის გაგება, თუ ვინაა საშუალოსტატისტიკური რუსი ოკუპანტი, როგორია მისი სოციალური პორტრეტი, მოტივები, როგორ აღიქვამს სამყაროსა და რეალობას”.

თუმცა რუს პოლიტილოგსა და ფილოსოფს, გრიგორი იუდინს ეჭვი ეპარება, რომ ავტორებმა ამ მიზანს მიაღწიეს. მისი თქმით, სამხედრო ტყვეები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ გულწრფელად უპასუხონ შეკითხვებს.

“ამ მონაცემების ფასი ნულია. გვაქვს ყველა საბაბი ვივარაუდოთ, რომ სხვა პირობებში ეს ადამიანები განსხვავებულად უპასუხებდნენ” - უთხრა იუდინმა “მედუზას”.

უკრაინა არ ახმაურებს, სულ რამდენი სამხედრო ტყვე ჰყავს. კიევი ამტკიცებს, რომ მოსკოვისგან განსხვავებით, მათ ადამიანურ პირობებში ამყოფებს და არ აწამებს. თუმცა მაგალითად, უკრაინაში გაეროს სამონიტორინგო მისიის მარტის ანგარიშში ნათქვამია, რომ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ლაპარაკობდა 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვე.

მათ “სცემდნენ, ესროდნენ ფეხში, ჭრიდნენ კიდურებში, ურტყამდნენ დენს, ემუქრებოდნენ მოკვლით და სექსუალური ძალადობით” - ნათქვამია ანგარიშში. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ეს ძირითადად ხდებოდა მათი დაკავებიდან ცოტა ხანში და არა საპატიმროებსა, ან ბანაკებში.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG