Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტა რამ უკრაინაში მებრძოლ ბელარუს მოხალისეებზე


კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის წევრები
კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის წევრები

ბახმუტის გარდა, უკრაინაში გააფთრებული ბრძოლები გრძელდება ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაში, რომელიც ჯერჯერობით კვლავ რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ.

ერთ-ერთი ბოლო შეტევის დროს ნოვა კახოვკაში დაიღუპა და დაიჭრა უკრაინის მხარეზე მებრძოლი რამდენიმე ბელარუსი მოხალისე.

„მძიმე ბრძოლა იყო, სამწუხაროდ, ბელარუს მოხალისეთა კორპუსის (БДК) მხრიდან არის დანაკარგი... ასევე ერთ-ერთი ჩვენი მეთაური რაძივონ „გენა“ საავადმყოფოშია მძიმე ჭრილობებით. ის წინ მიუძღოდა ჯგუფს და ერთ-ერთი პირველი შეხვდა მტრის ცეცხლს. გენა, მალე გამოჯანმრთელდი. ძმებო, ჩვენ თქვენ გამო შურს ვიძიებთ!“ - ნათქვამია ბელარუს მოხალისეთა კორპუსის მიერ ტელეგრამის არხით 24 იანვარს გავრცელებულ ცნობაში.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ლაპარაკია რაძივონ ბატულინზე, რომელიც უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოს დაქვემდებარებაში შემავალ ბელარუს მოხალისეთა ბატალიონ „ტერორს“ მეთაურობს. ეს დანაყოფი ადრე შედიოდა კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის შემადგენლობაში, რომელიც ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი და რთული სტრუქტურის მქონე უცხოური ქვედანაყოფია უკრაინის მრავალეროვნული სამხედრო ძალების შემადგენლობაში. ეს ქვედანაყოფი ატარებს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლო ბელორუსი და პოლონელი რევოლუციონერისა და პუბლიცისტის, 1863 წლის პოლონეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერის, კასტუს კალინოვსკის სახელს. იგი ითვლება ეროვნულ გმირად თანამედროვე პოლონეთში, ლიეტუვასა და ბელარუსში.

ღამის რეიდი მტრის ზურგში

ბელარუს მოხალისეთა კორპუსის მონაცემებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით, ღამის რეიდი განახორციელა ნოვა კახოვკის რაიონში, გადავიდნენ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე და მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ჩაერთნენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნოვა კახოვკას რუსეთის არმიის სარდლობა იყენებს როგორც ლოგისტიკურ ბაზას, რომლის ხელში ჩაგდებაც უკრაინის არმიისათვის სტრატეგიული ამოცანაა.

შეტევაში მონაწილე სპეცდანიშნულების ამ რაზმში იმყოფებოდნენ ბელარუსი მოხალისეებიც. ბელარუს მოხალისეთა კორპუსის მონაცემებით, შეტევის შედეგად მათ გაანადგურეს 12 რუსი ჯარისკაცი, ერთი ტყვედ აიყვანეს და გაანადგურეს ერთი ჯავშანტრანსპორტიორი БТР 82А. მაგრამ დანაკარგი ბელარუს მოხალისეთა რაზმმაც განიცადა.

რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ საარტილერიო ცეცხლით გაანადგურეს სამი კატერი. უკრაინული მხარე ამის შესახებ არაფერს იტყობინება. ბელარუს მოხალისეთა კორპუსის ცნობაში არაფერია ნათქვამი, თუ რამდენი ბელარუსი მოხალისე ემსხვერპლა ამ ბრძოლას.

საერთოდ, უკრაინაში მებრძოლი ბელარუსი მოხალისეები პრესასთან ურთიერთობას ძალიან ერიდებიან. მათი დაღუპვის შესახებ ცნობებსაც საზოგადოება ძირითადად ბელარუსის ოპოზიციისგან იგებს. როგორც ეს იყო კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაურის, ივან „ბრესტის“ (ივან მარჩუკის) დაღუპვის შემთხვევაში.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ციხანოუსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას ცნობით, ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური და მასთან ერთად რამდენიმე ბელარუსი მოხალისე, გასული წლის 26 ივნისს, ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში დაიღუპა.

რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე 18 ბელარუსი მოხალისის დაღუპვის ფაქტი აქვს დადასტურებული.

ამ სიაში შედის ზმიცერ აფანასოვიჩი, მეტსახელად „ტერორი“, კასტუს კალინოვსკის ბატალიონის სნაიპერი, რომელიც 2022 წლის 26 მარტს გმირულად დაიღუპა კიევთან ახლომდებარე ქალაქ ირპენის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. ბელარუს მოხალისეს კარგად იცნობდა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში შემავალი, ქართველ მოხალისეთა რაზმის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.

„ბელარუს მებრძოლებთან ერთად პირველად ირპენში, გასულ წლის მარტში მომიწია დგომა. ჩვენ ერთმანეთისგან 150 მეტრის დაშორებით, ირპენის ჰოსპიტლის ახლოს ვიმყოფებოდით პოზიციაზე. სამწუხაროდ, იმ ბრძოლაში, როცა მათზე შეტევა მიიტანა რუსეთის ქვეითმა დანაყოფმა, ბელარუს მოხალისეებს დაეღუპათ მებრძოლი, მეტსახელად „ტერორი“. ის სუპერმებრძოლი იყო. საერთოდ, ყველა ბელარუსმა მოხალისემ წარმოაჩინა მებრძოლის საუკეთესო თვისებები. ისინი ჩვენი ძმები არიან! მე მათ დიდ პატივს ვცემ! და დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსიც იქნება თავისუფალი, და ამ ომში გაიმარჯვებს უკრაინა და გაიმარჯვებს საქართველოც!“ - უთხრა ვანო ნადირაძემ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

ზმიცერ აფანასოვიჩი
ზმიცერ აფანასოვიჩი

ირპენთან დაღუპული ბელარუსი მოხალისის ზმიცერ აფანასოვიჩის მეტსახელი „ტერორი“ მოგვიანებით ეწოდა ბელარუს მოხალისეთა ბატალიონ „ტერორს“, რომელიც ამჟამად დაზვერვის მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში შედის. სწორედ ეს დანაყოფი მონაწილეობდა ნოვა კახოვკის მიმართულებით განხორციელებულ ღამის რეიდში, რომლის დროსაც რამდენიმე ბელარუსი მოხალისე დაიღუპა, ხოლო ერთი, ამ ბატალიონის მეთაური რაძივონ „გენა“ ბატულინი დაიჭრა და ამჟამად მკურნალობს.

თავდაპირველად ბატალიონი „ტერორი“ კასტუს კალინოვსკის სახელობის მოხალისეთა პოლკის შემადგენლობაში შედიოდა. მაგრამ გასული წლის აგვისტოში ბატალიონი პოლკს გამოეყო. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური წერს, ამის მიზეზი გახდა მეთაურებს შორის მომხდარი პირადი კონფლიქტი და ურთიერთგაუგებრობა.

საერთოდ, ბატალიონ „ტერორის“ სტრუქტურა ძალიან დახურულია და მის შესახებ ცოტა რამ თუა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ქვედანაყოფს აქვს ოფიციალური ტელეგრამის არხი.

ვინ ვინ არის უკრაინაში მებრძოლ ბელარუს მოხალისეთა შორის?

უკრაინაში ამჟამად ბელარუს მოხალისეთა რამდენიმე დანაყოფი მოქმედებს. მათ შორის ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანია კასტუს კალინოვსკის სახელობის პოლკი, რომელიც 2022 წლის მარტში ჯერ ბატალიონად ჩამოყალიბდა. პოლკის ძირითად ბირთვს შეადგენდა ტაქტიკური ჯგუფი „ბელარუსი“, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2014-2016 წლებში იბრძოდა.

კასტუს კალინოვსკის ბატალიონი თავდაპირველად ბატალიონ „აზოვის“ შემადგენლობაში იყო, რომელიც თავის მხრივ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის ეროვნული გვარდიის სტრუქტურებში შედიოდა. მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ეროვნული გვარდია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში გადავიდა.

შესაბამისად, ცვლილება შეეხო კასტუს კალინოვსკის სახელობის ბატალიონსაც. გასული წლის მაისში იგი გარდაიქმნა პოლკად, რომელშიც, თავის მხრივ, ბელარუს მოხალისეთაგან დაკომპლექტებული ორი - „ვოლატისა“ და „ლიტვინის“ ბატალიონები გაერთიანდნენ.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, კასტუს კალინოვსკის სახელობის პოლკი შედის უკრაინაში მოქმედი საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში. ლეგიონში ბელარუსების გარდა შედიან ასევე მოხალისეები საქართველოდან, ჩეჩნეთიდან, რუსეთიდან და მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის წევრები
კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის წევრები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის ინტერვენციის შემდეგ საერთაშორისო ლეგიონში 52 ქვეყნის წარმომადგენელი იყო მოხალისედ გაერთიანებული.

კასტუს კალინოვსკის სახელობის პოლკი, ისევე როგორ უცხოელი მოხალისეების უმრავლესობა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოს ექვემდებარება, რაც თავად უკრაინის ხელისუფლებამაც აღიარა.

მაგრამ უკრაინაში მოქმედებს ბელარუს მოხალისეთა რამდენიმე რაზმი, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი კავშირი კასტუს კალინოვსკის პოლკთან და თავიანთ საქმიანობაში მაღალი ავტონომიურობით სარგებლობენ. მათ შორისაა ბატალიონი „ტერორი“, რომელიც ამ კვირის დასაწყისში ნოვა კახოვკის ღამის რეიდში მონაწილეობდა.

ბელარუს მოხალისეთაგან არის დაკომპლექტებული პოლკი სახელწოდებით „პოგონია“ (დადევნება). მაგრამ როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის წყარო ამბობს, „პოლკი“ პირობითი სახელწოდებაა, რადგან უკრაინაში მებრძოლ ბელარუსთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ აღემატება.

თანაც ბელარუს მოხალისეთაგან დაკომპლექტებულ დანაყოფებში ყოველთვის ხდება შიდა როტაციები.

მაგალითად, პოლკ „პაგონიის“ წევრების უმრავლესობა ივან ბაგუნის სახელობის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის შემადგენლობაში შედის. ზოგიერთი „პაგონიელი“ ასევე მსახურობს ბატალიონ „ტერორის“ შემადგენლობაში. ხოლო „პაგონიის“ საჰაერო დაზვერვის ჯგუფი ცოტა ხნის წინ შეუერთდა კალინოვსკის სახელობის პოლკს. ახლახან კი „პაგონიის“ რამდენიმე მებრძოლი შეუერთდა მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონს, რომელსაც რუსლან მიროშნიჩენკო მეთაურობს.

ჯილდოები, ფულადი ანაზღაურება და მკაცრი შემოწმება

კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური იყო ივან „ბრესტი“ მარჩუკი, რომელიც გასული წლის 26 ივნისს, ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში, რამდენიმე ბელარუს მოხალისესთან ერთად დაიღუპა.

უკრაინაში ბელარუსი მოხალისეების დაღუპვას გამოეხმაურა ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელმაც კასტუს კალინოვსკის პოლკის მებრძოლებს „ბელარუსის მტრები“ უწოდა. მაგრამ ის, ვინც ლუკაშენკასთვის სახელმწიფოს მტერია, გმირია ბელარუსი პატრიოტების და უკრაინის ხელისუფლების თვალში.

„ბრესტი“ იყო ნამდვილი ბელარუსი პატრიოტი. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისია. კიდევ რამდენიმე სხვა მოხალისე ბელარუსი მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ზოგიერთი მძევლად აიყვანეს რუსებმა“, - წერდა თავის ფეისბუკში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას უფროსი მრჩეველი ფრანაკ ვიაჩორკა.

ივანე მარჩუკი სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჯილდოთი - „უკრაინა უპირველეს ყოვლისა“. მას გარდა ასეთი ჯილდოები კიდევ ოთხ ბელარუს მოხალისეს აქვს მინიჭებული.

ალექსეი სკობლია
ალექსეი სკობლია

უკრაინის სპეციალური ოპერატიული ძალების მებრძოლს, ალექსეი სკობლიას („ტური“), უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ბელარუსი მოხალისე მსახურობდა ელიტარულ უკრაინულ რაზმში და ასრულებდა რთულ და საიდუმლო დავალებებს. ალექსეი სკობლია გასული წლის მარტში იმ დროს დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებს უკანდახევაში ეხმარებოდა.

ალექსეი სკობლია მეორე ბელარუსია, რომელიც უკრაინის გმირის წოდებით არის დაჯილდოებული. მანამდე უკრაინის უმაღლესი ჯილდო სიკვდილის შემდეგ მიენიჭა მიხაილ ჟიზნევსკის, კიევის ევრომაიდნის მოვლენების დროს, 2014 წლის 22 იანვარს დაღუპულ ბელარუსის მოქალაქეს.

უკრაინაში მყოფ უცხოელ მოხალისეებს არ უყვართ ანაზღაურებაზე საუბარი, მაგრამ როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა დაადგინა, სტანდარტული ხელფასი ბელარუსის მოქალაქისა, რომელიც ხელს აწერს კონტრაქტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან, თვეში 51,000 ჰრივნას (1,400 ევრო) შეადგენს. საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გათვალისწინებით, ხელფასი აღწევს 131 000 ჰრივნას (3,600 ევროს).

უკრაინაში ჩასული ყველა უცხოელი მოხალისე, მათ შორის ბელარუსები, უკრაინის უშიშროების სამსახურის მხრიდან გულდასმით მოწმდებიან.

იყო შემთხვევა, როდესაც შარშან ოქტომბერში ბელარუსის ორმა მოქალაქემ, რომლებსაც მოხალისეთა რაზმ „პაგონიაში“ სურდათ გაწევრიანება, ვერ გაიარეს შემოწმება და უკრაინის უშიშროების სამსახურმა მათ ქვეყნის ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა.

„ერთ-ერთი მათგანი ეჭვმიტანილია ბელორუსის კგბ-სთან თანამშრომლობაში. თავის მხრივ, „პაგონიის“ მეთაურობას არ აქვს მიზეზი, რომ არ ენდოს უკრაინის სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებს და ასრულებს ამ გადაწყვეტილებებს კანონის შესაბამისად“, - ნათქვამი იყო ბელარუს მოხალისეთა რაზმის ერთ-ერთი მეთაურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

თუმცა, მიუხედავად ასეთი ეჭვისა, ამ მოხალისეებმა, რომელთა ვინაობა უცნობია, მეთაურობისგან მიიღეს თვითმფრინავის ბილეთების ფული და მშვიდად გაემგზავრნენ ერთ-ერთ მახლობელ ქვეყანაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG