Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხედრებთან ერთად თვითმფრინავში - როგორ დაფრინავდნენ აფხაზეთის ომის დროს

აფხაზეთის ომი. შაჰ აივაზოვის ფოტო
აფხაზეთის ომი. შაჰ აივაზოვის ფოტო

1992-1993 წლები - აფხაზეთში ომია, არა მხოლოდ მიწაზე, არამედ ზღვაზეც და ცაშიც. ესვრიან სამოქალაქო თვითმფრინავებსაც. მათ მოჰყავთ დაჭრილები, ლტოლვილები, სამხედროები, მოაქვთ ცხედრები.

ქართველებსა და აფხაზებს შორის 1992 წელს დაწყებული დაპირისპირება, თვალსა და ხელს შუა სისხლის ღვრაში გადაიზარდა. აფხაზეთში უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა. ყველა გარბის - ზოგი მთებით, ზოგი ზღვით, ნაწილი კი ავიაციით - ბაბუშარის აეროპორტიდან.

ეკა მირცხულავა 12 წლის იყო, როდესაც აფხაზეთიდან თვითმფრინავით გამოვიდა. მთელი გზა სკამის სახელურზე ჩამომჯდარმა გაატარა, დედა მოშორებით, თვითმფრინავის ტუალეტის უნიტაზზე იდგა. „გადატენილი იყო თვითმფრინავი, რომ ავფრინდით კატერი მოგვდევდა ზღვიდან. სხვა თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ჩვენ თავი დაგვანებეს. პილოტი მთელი გზა გვკარნახობდა: „ახლა უკან გადაიწიეთ, ახლა გვერდით გადაიწიეთ“.. ამბობდა, შეიძლება ვერ დავფრინდეთო. აეროპორტში რომ დავსხედით, ისტერიკაში ჩავვარდი“, - იხსენებს ეკა.

ალეკო ცქიტიშვილი დამწყები ჟურნალისტი იყო, როდესაც აფხაზეთში „ახალგაზრდა ივერიელიდან“ რეპორტაჟისთვის წავიდა. თვითმფრინავში ასასვლელად კორესპონდენტის მოწმობა ეყო.

„უსაფრთხოებაზე არავინ ფიქრობდა, არც მე. აქეთ რომ მოვდიოდით, თვითმფრინავის ერთ მხარეს საკაცეებით მიცვალებულები ელაგა, მეორე მხარეს ცოცხლები ვიყავით“.

„რაკეტკები“ რაკეტების წინააღმდეგ

დღეს უკვე ვეტერანი მფრინავი მირიან ჭყოიძე ბოლოს სოხუმიდან 1993 წელის 27 სექტემბერს, ქალაქის დაცემის დღეს გამოფრინდა.

„მგზავრები ორივე მხარეს ბევრი იყო ხოლმე, აქედან მეომრები მიდიოდნენ, იქიდან ლტოლვილები და დაჭრები მოგვყავდა. დაჯდომის დროსაც გვესროდნენ და აფრენისასაც. სასიგნალო რაკეტები გვქონდა, ისინი გავისროლეთ. ვერ მიხვდნენ, რა იყო და შეგვეშვნენ, შეეშინდათ“, - იხსენებს ის.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთის ომი - შაჰ აივაზოვის ფოტო
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთის ომი - შაჰ აივაზოვის ფოტო

მფრინავი კახა ჩაჩავა მშვიდობიან დროს ყოველ დილით დაფრინავდა სოხუმში, თბილისში დაბეჭდილი გაზეთები ჩაჰქონდა. ერთხელაც გაზეთები რომ ჩაიტანა, აეროპორტში სამხედროები დახვდნენ...

კახა ჩაჩავა
კახა ჩაჩავა

„ომი რომ დაიწყო, შეიქმნა ესკადრილია, რომელსაც ხალხის გადაყვანა, საკვებისა და წამლების გადატანა ევალებოდა. ყველა ტიპის თვითმფრინავი დაფრინავდა: „ტუ-134“, „ტუ-154“, „იაკ-40“...

ისროდნენ, ბევრჯერ დააზიანეს თვითმფრინავები. მაქსიმალურად ვცდილობდით ლტოლვილები წამოგვეყვანა, ინსტრუქციით გათვალისწინებულზე მეტი. 24 სექტემბერს უკვე დაკეტილი იყო სოხუმის აეროპორტი, როცა ორი „იაკ-40“-ით სპეცრაზმი წავიყვანეთ. კავშირის გარეშე გავფრინდით, რაც ძალიან სახიფათო იყო. რომ ჩავედით, უკვე კატარღები გველოდა ზღვაზე, ამიტომ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ნაცვლად მიმოსვლის ბილიკზე დავჯექით“, - ამბობს კახა ჩაჩავა და სოხუმის აეროპორტს ნოსტალგიით იხსენებს - „ყოველთვის ყველაზე საიმედო აეროპორტი იყო, სარეზერვო. თითქმის ყოველთვის საფრენი ამინდი იდგა. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებიც კარგი ჰქონდა. საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი თვითმფრინავი იყო აერობუსი „ილ-86“. მისი მიღება ყველა აეროდრომს არ შეეძლო. სოხუმი იყო ერთ-ერთი, რომელიც ამ თვითმფრინავის მისაღებად მომზადდა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში თუ გაფუჭდებოდა ამინდი, ვიცოდით, რომ სოხუმში ყოველთვის მიგვიღებდნენ“.

შევარდნაძე ჩამოსაწერ თვითმფრინავში

„სოხუმის აღებამდე ერთი თვით ადრე თითქმის შეწყვეტილი იყო ფრენები, რადგან, რამდენი თვითმფრინავიც წამოვიდა, ყველას ესროლეს. ზოგი წყალში ჩავარდა, ზოგში ხალხი დაიღუპა... ეშინოდა ხალხს თვითმფრინავში ასვლა“, - ჰყვება მფრინავი გონერ ნიკოლაიშვილი. ის აფხაზეთში აეროპორტთან ახლოს ცხოვრობდა.

სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე. აფხაზეთის ომი - შაჰ აივაზოვის ფოტო
სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე. აფხაზეთის ომი - შაჰ აივაზოვის ფოტო

დილის 5 საათზე კარზე დააკაკუნეს და უთხრეს, შევარდნაძე უნდა გადაიყვანოო. აეროპორტში შევარდნაძის თვითმფრინავიც იდგა - „იაკ-40“, ოღონდ პილოტების გარეშე. ვიღაცას ეთქვა, შევარდნაძე სვანეთით წავიდაო და თავადაც წასულიყვნენ. ჩასხდნენ მეორე თვითმფრავში, რომელიც კაპიტალურ რემონტს ელოდებოდა და რვა თვე არ ეფრინა. რაღაც ნაწილები აკლდა კიდეც. ნავთიც მხოლოდ ქუთაისამდე ან ბათუმამდე თუ ეყოფოდათ.

„ვფიქრობდი, ნეტავ ძრავა ამუშავდეს, გზას როგორმე ისეც გავიგნებ-მეთქი. რადგან მჩატე იყო თვითმფრინავი, შუა აეროდრომზე ავწყდი, 90 გრადუსით შემოვტრიალდი და ძალიან დაბალზე გავფრინდი, ზღვიდან 5 მეტრზე“, - ჰყვება მფრინავი.

კატერებს რომ დააღწიეს თავი და სიმაღლე აიღეს, ქუთაისის აეროპორტში გადაწყვიტეს დაშვება, მაგრამ... ძროხების შეეშინდათ: „ღამე არ მუშაობდა ქუთაისის აეროპორტი და ყველა იქ აბალახებდა საქონელს. ამიტომ გადავიფიქრე და ბათუმში დავჯექით“.

ეს ის დროა, როდესაც ედუარდ შევარდნაძესა და აჭარის მმართველ ასლან აბაშიძეს რთული ურთიერთობა ჰქონდათ. არ თქვეს, რომ თვითმფრინავში შევარდნაძე იჯდა. გონერ ნიკოლაიშვილი იხსენებს, დაცვის ბიჭებმა ხელ-ფეხიც კი გადაიბინტეს, ვითომ დაჭრილები მიგვყავსო. თვითმფრინავში ნავთი ჩაასხეს და ყურსასმენებიც იშოვეს.

„ტექნიკოსებს ყურსასმენები ვთხოვე, თბილისში დისპეტჩერს რომ დავკავშირებოდი. მოხსნეს იქვე სხვა თვითმფრინავს და მომიტანეს. თბილისის აეროპორტში რომ დავეშვი, ბორბლები არ გაიხსნა. მერე ავარიული სისტემით გამოვუშვით. იმ ფრენის მერე ჩამოწერეს ის თვითმფრინავი. მეტად ის ჰაერში აღარ ასულა“.

ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავი

ქეთევან ბერულავა ბაბუშარაში ცხოვრობდა. ომის განმავლობაში ხან ტოვებდა სახლს და თბილისში დებთან მიდიოდა, ხან ისევ ბრუნდებოდა. ყოველი ასეთი წასვლა-წამოსვლა თავგადასავალი იყო. ერთხელ სოხუმში ჩასვლისას თვითმფრინავი ბნელ აეროპორტში დაეშვა „მანევრები გააკეთა თვითმფრინავმა, ჭურვი რომ არ მოხვედროდა. ატეხა ხალხმა წივილ-კივილი. მფრინავმა, ხომ გეუბნებოდით, რომ ომია, რომ მოდიხართ, სად მოდიხართო“.

ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. აფხაზეთის ომი - შაჰ აივაზოვის ფოტო
ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. აფხაზეთის ომი - შაჰ აივაზოვის ფოტო

მეორედ კინაღამ ააფეთქეს: „ის იყო ჩავჯექით თვითმფრინავში და ჩვენს უკან ჯარისკაცებმა ჩხუბი ატეხეს. ერთმა „ლიმონკა“ დააძრო, აგაფეთქებთო. მეორემ ქურთუკი გადააფარა. გამოვიდა მფრინავი თავისი დიპლომატით, მე ცოლ-შვილი მყავს, თქვენ არ შეგაკვდებითო და დაგვტოვა. შუაღამისას სხვა თვითმფრინავით წამოვედით“.

რაც უფრო გრძელდებოდა ომი, მით უფრო რთულდებოდა გადაფრენაც. „ტროლეიბუსში რომ აცვივდება ხალხი, ისე იყო თვითმფრინავში, ვინ ვის ასწრებდა ვერ გაიგებდი. დაჭრილები იყვნენ აეროპორტში, იხვეწებოდნენ, ან დაგვხოცეთ, ან წაგვიყვანეთო. მეზობელი მყავდა მფრინავი, ოთარ შენგელია. გაგრა რომ დაეცა, იმან გამოგვიყვანა. თვითონ ბოლოს სოჭში გაფრინდა. რომ ბრუნდებოდა, ჭურვი მოხვდა თვითმფრინავს და ზღვაში ჩავარდა. დაიღუპნენ ყველანი. მერე მისი და სად აღარ დადიოდა, იქნებ, ამოიტანონ ის თვითმფრინავიო, მაგრამ ვერაფერს გახდა“, - ჰყვება ქეთევანი.

ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავი „ტუ - 134“ იყო. მას კატერებიდან ესროლეს. ამ ფაქტს შეესწრო „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ჟურნალისტი დიმიტრი ხოლოდოვი. ის აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ომებს აშუქებდა, კორუფციაზე წერდა. 1994 წელს 27 წლის ჟურნალისტი მოსკოვში, საკუთარ რედაქციაში ააფეთქეს. 2002 წელს კი მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ გაამართლა ხოლოდოვის მკვლელობის მუხლით ეჭვმიტანილი 6 პირი.

თავის სტატიაში „სოხუმის აპოკალიფსი“ ის სამ ქართულ თვითმფრინავზე წერს. „ტუ-134“-ს აფხაზებმა კატერებიდან გაუხსნეს ცეცხლი და ზღვაში ჩააგდეს; „ტუ-154“ სოხუმის აეროპორტში ააფეთქეს. ხოლოდოვი წერდა, რომ პირველ თვითმფრინავში 21 მგზავრი იყო და ყველა დაიღუპა. მეორეში დაიღუპა 80 ადამიანი და რამდენიმე გადარჩა, მათ შორის ეკიპაჟი.

აფეთქებული თვითმფრინავი აფხაზეთში
აფეთქებული თვითმფრინავი აფხაზეთში

მესამე თვითმფრინავზე დეტალებს აღარ ჰყვება, ამბობს, რომ მისი ჩამოგდების შემდეგ სოხუმის აეროპორტი საბოლოოდ დახურეს. ნაწყვეტი „სოხუმის აპოკალიფსიდან“:

„თხუთმეტიოდე წამი ТУ-134, რომელიც სოჭი-სოხუმის რეისს ასრულებდა, სიცოცხლეს ებღაუჭებოდა, ნელ-ნელა ეშვებოდა ზღვის ზედაპირისკენ, შემდეგ კი ბოძივით ჩაერჭო წყალში, ნაპირიდან 1,5 კილომეტრის მოშორებით, და მაშინვე აფეთქდა...

ჩვენი კატერი პირველი გაემართა კატასტროფის ადგილისკენ. ქვედა გემბანზე ჩავედით, რომ სამაშველო ოპერაცია გადაგვეღო. გვეჩვენებოდა, თითქოს წყლიდან ხელებს გვიქნევდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ აფრენილი თოლიები აღმოჩნდნენ. ცოცხალი არავინ დარჩენილა.

ჩვენ თვალწინ ზღვის სიღრმიდან გვამები ამოტივტივდნენ, უფრო სწორად, მათი ნაწილები. აპარატი ხელებში გვიკანკალებდა, როცა ამ ნარჩენებს ვიღებდით. თეთრი ბავშვის პატარა ცხედარი ჩვენს გვერდით ირწეოდა ტალღებზე. მამაკაცისგან მხოლოდ ნახევარი დარჩენილიყო და სისხლიან კვალს ტოვებდა. თავის კანი, კანის ნაგლეჯი, ქალის სხეულის მარცხენა ნაწილი. ყველა ცხედარი შიშველი იყო - აფეთქებამ მგზავრებს სიკვდილის წინ ტანსაცმელი შემოაძარცვა.

შორს დიდი რუსული სამხედრო ხომალდები იდგნენ და მომხდარს მშვიდად აკვირდებოდნენ“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG