Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის განცხადებები - რეალური საფრთხე, თუ დეზინფორმაცია?


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები

ცხინვალიდან უკვე თითქმის ყოველდღე ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების დამადანაშაულებელი განცხადებები, მაგრამ ბოლო დროს ამ განცხადებების ერთ-ერთი ადრესატი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც გახდა. ხშირად აბსურდულ და დეზინფორმაციულ ტექსტებში კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის საფრთხეც იკვეთება და ამ ფონზე საოკუპაციო ხაზთან მუდმივად მიმდინარეობს ბორდერიზაციის პროცესი. ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს გაკეთებული განცხადებით დაადასტურა და საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარება სთხოვა.

26 მაისს გავრცელებული განცხადებით კი, დე ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ქართული მხარე და საერთაშორისო მისია ადგილზე ვითარების ესკალაციის მცდელობაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში, რომელსაც ოსური სააგენტო „რესი“ ავრცელებს, წერია: „21 მაისს ღამის საათებში სამხრეთ ოსეთის კაგებეს სასაზღვრო სამსახურმა სოფელ ქსუისთან საქართველოს პოლიციელებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტი დააფიქსირა. მეორე დღეს, 22 მაისს, პოლიციელებმა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვიეს სოფელ ხელჩუასთან და ათი მეტრით შემოვიდნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე. კაგებეს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირდაპირი გაფრთხილების შემდეგ მათ დატოვეს ტერიტორია“.

გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ძალოვან უწყებებს ე. წ. საზღვართან სათვალთვალო საგუშაგოების მოწყობაში ადანაშაულებს და ამის მაგალითად ახალგორის რაიონის სოფელი ძეგლეთია მოყვანილი. ბიბილოვის ხელისუფლება ამ ფაქტებზე მითითებით საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო დამკვირვებლებს კონფლიქტის ესკალაციის მცდელობაში ადანაშაულებს. დე ფაქტო ხელისუფლებამ მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა და ლუგარის ცენტრის ექიმები ევროპელი დამკვირვებლების დახმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისგან ბიოლოგიური მასალის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აბსურდი და დეზინფორმაცია უწოდა ამ განცხადებას.

რა მოხდა 21 მაისს?

ის ფაქტი, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის კაგებე ყოველდღიურად ბრალს სდებს საქართველოს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე სადამკვირვებლო მისიას იმაში, რომ გრძელდება პროვოკაციები, პირიქით მნიშვნელობაზე მიუთითებს, ანუ მათი მხრიდან პროვოკაციების შესაძლო გაგრძელებაზე.
ირაკლი საჯაია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, სოფელ ქსუისიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები გამოჩნდნენ, საოკუპაციო ღობეებთან ბუჩქნარი გაჩეხეს და მოსახლეობას უთხრეს, ჩვენს სათვალთვალო კამერებს ხედვას უშლის და ტერიტორია იმიტომ გავასუფთავეთო, ესე იგი ქართული სოფლის დაზვერვაში ხელი გვეშლებოდაო. სპეციალური განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 22 მაისს კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, ვითარების სათანადოდ შეაფასება სთხოვა და რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯებისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთისგან გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

რას ემსახურება ბიბილოვის ხელისუფლების მიერ უკვე ინტენსიურ რეჟიმში განცხადებების წერა და როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე სართაშორისო მონიტორების დადანაშაულება?

ტრადიციულად, ასეთ განცხადებებს წლების განმავლობაში ხან მცირე და ხანაც მასშტაბური ესკალაცია მოჰყვებოდა ხოლმე. არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის“ დამფუძნებელი, ირაკლი საჯაია, ფიქრობს, რომ ვითარება საყურადღებოა. მისი აზრით, ასეთი დეზინფორმაციული განცხადებებით მზადდება ნიადაგი უფრო სხვა სახის ოპერაციისთვის და ეს შეიძლება ბორდერიზაციის მასშტაბების გაზრდა იყოს. ირაკლი საჯაიას ამ მოსაზრებას ისიც უმყარებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ხისტი განცხადებებისგან თავს იკავებენ ხოლმე, ახლა უკვე ღიად დაიწყეს ლაპარაკი რუსულ საფრთხეებზე და ესაა ყველაზე საყურადღებო:

მე მგონია, რომ აქ ადგილი უფრო თვითშემოქმედებას აქვს მათი მხრიდან და უფრო მეტად იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ადგილი აქვს შიდა პროპაგანდისტულ საქმიანობას, რომლის მიზანიც არის შიდა აუდიტორიაზე მუშაობა.
გიორგი მოლოდინი

„ის ფაქტი, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის კაგებე ყოველდღიურად ბრალს სდებს საქართველოს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე სადამკვირვებლო მისიას იმაში, რომ გრძელდება პროვოკაციები, პირიქით მნიშვნელობაზე მიუთითებს, ანუ მათი მხრიდან პროვოკაციების შესაძლო გაგრძელებაზე და ამ შესაძლო გაგრძელებაში შეიძლება ვიგულისხმოთ უფრო ინტენსიური გაგრძელება ბორდერიზაციის მიმართულებით და ასევე ლოკალური დაპირისპირების მცდელობაც. ვერ დავარქმევ, რომ ეს არის მასშტაბური ომისთვის მზადება, თუმცა არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ გარკვეულ პროვოკაციაზე წამოაგონ ქართული მხარე“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი კი მიიჩნევს, რომ სეპარატისტული ხელისუფლება უფრო თვითშემოქმედებითაა დაკავებული და ბიბილოვის მთავრობა კრემლთან არც ათანხმებს დეზინფორმაციულ და აბსურდულ განცხადებებს, რომლებიც უფრო იუმორის ჟანრშია განსახილველი და მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი.

„სახეზე გვაქვს უკვე ძალიან იუმორისტული ჟანრი, რომელიც სეპარატისტული მთავრობის უსაფრთხოების სამსახურმა აირჩია დანარჩენ სამყაროსთან საკომუნიკაციოდ. მე მგონია, რომ აქ ადგილი უფრო თვითშემოქმედებას აქვს მათი მხრიდან და უფრო მეტად იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ადგილი აქვს შიდა პროპაგანდისტულ საქმიანობას, რომლის მიზანიც არის შიდა აუდიტორიაზე მუშაობა და მიჭირს დავიჯერო, რომ ამ პროპაგანდისტულ განცხადებებსა და მოსკოვს შორის დიდი კავშირები არსებობს“.

„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონს“ ახლა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რბილი ძალის მეშვეობით საქართველოში ანტიდასავლური ნარატივების დამკვიდრების წინააღმდეგ მძლავრი საინფორმაციო კამპანიის წამოწყება და საზოგადოების სწორად ინფორმირება. ამ მიზნით 26 მაისს „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა“ შიდა ქართლში ადგილობრივ მოსახლეობაში სპეციალური გაზეთი, „პოზიცია“, დაარიგა, რომელიც სწორედ საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოებისთვის შეიქმნა და რუსეთის საინფორმაციო ომის წინააღმდეგაა მიმართული.

ინტენსიური ბორდერიზაციის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს კონფლიქტის ზონაში არ უშვებს და გზის დაკეტვის მიზეზად მათივე უსაფრთხოებას ასახელებს; ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს, ბოლო დროს განახლებული მცოცავი ოკუპაციის შესახებ კი ერთი ფოტო ან ვიდეომასალაც არ გაუვრცელებია. ასეთ პირობებში როგორ უნდა შეძლოს საქართველოს ხელისუფლებამ მცოცავი ოკუპაციისადმი საერათაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა და საზოგადოების თანადგომის მოპოვება?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG