Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წააგე, წადი - კატარში პლეიოფი იწყება


კატარი 2022, ჯგუფი G, სერბეთი - შვეიცარია. 2 დეკემბერი, 2022
კატარი 2022, ჯგუფი G, სერბეთი - შვეიცარია. 2 დეკემბერი, 2022

მსოფლიოს ოცდამეორე საფეხბურთო ჩემპიონატზე, მონაწილე ნაკრებთა რაოდენობა განახევრდა. რვა ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი მერვედფინალში გადაერთო. მესამე-მეოთხე ადგილზე გასულები კი შინ ბრუნდებიან.

ზოგიერთი წარუმატებელი ნაკრების მწვრთნელმა უკვე თანამდებობის დატოვებაც მოასწრო. ზოგი კი კრიტიკის ქარცეცხლის მიუხედავად, ჯიუტად ცდილობს პოსტზე დარჩენას.

ჯგუფური ეტაპი ისე დასრულდა, ოცდათორმეტი ქვეყნის ნაკრებიდან ერთმაც ვერ შეძლო პლეიოფში ქულათა მაქსიმუმით გასვლა. ასპროცენტიანი შედეგის შანსი ბოლო ტურში გაუშვეს ხელიდან საფრანგეთმა, ესპანეთმა, ბრაზილიამ და პორტუგალიამ.

წინ პლეიოფებია და დღეიდან, ყველა თამაში გადამწყვეტია. ფავორიტთა უმრავლესობა ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. თუმცა, არიან ისეთებიც, ორიოდ კვირის წინ მედლებისთვის ბრძოლის რეალურ კანდიდატებად რომ მიიჩნეოდნენ და დიდი იმედგაცრუება იწვნიეს.

იაპონური სასწაული და იმედგაცრუებული გერმანელები

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ზედიზედ მეორე მუნდიალია, ჯგუფური ეტაპის დაძლევას ვერ ახერხებს. 2018 წელს, გერმანელებმა ჯგუფის აუტსაიდერებად დაასრულეს შეჯიბრება. ამჯერად კი ერთი საფეხურით წინ წაიწიეს.

გერმანელმა ფეხბურთელებმა ამ ჟესტით FIFA-ს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციამ მათ OneLove სამკლაურის ტარების უფლება არ მისცა.
გერმანელმა ფეხბურთელებმა ამ ჟესტით FIFA-ს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციამ მათ OneLove სამკლაურის ტარების უფლება არ მისცა.

ჰანს-დიტერ ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა კატარში პირველი გამარჯვება მესამე ტურშიღა მოიპოვა, კოსტა-რიკასთან (4:2) და ოთხი ქულა დააგროვა, მაგრამ მეორეადგილოსანს - ასევე ოთხქულიან ესპანეთს გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსით ჩამორჩა. ორივე გრანდის წინ კი იაპონია აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი გერმანიის ძლევით გახსნა და ესპანეთთან მოგებით დააგვირგვინა. სწორედ იაპონელთა მეორე ხმაურიანმა გამარჯვებამ დაასრულებინა გერმანელებს მერვედფინალზე ოცნება.

ბელგიის ნაკრებიც სამიოდე თამაშით დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს. ბელგიის „ოქროს თაობად“ წოდებული, მაგრამ ასაკში შესული გუნდი კატარში მსოფლიოს მოქმედი პრიზიორის რანგში ჩავიდა, თავისი ბოლო შანსის გამოსაყენებლად, მაგრამ... უსუსური თამაშით შეირცხვინა თავი და არცთუ ძლიერ ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა.

მოულოდნელი შედეგების ჩამოთვლისას, პლეიოფს მიღმა დანიის ნაკრების დარჩენაც შეიძლება ვახსენოთ. გუნდმა, რომელიც საფრანგეთთან ერთად, D ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად ითვლებოდა, სამ თამაშში მხოლოდ ქულა აიღო და ერთადერთი გოლი გაიტანა.

ეშმაკური სტრატეგია თუ ფეხის დაცდენა

ესპანეთის ნაკრების მეორე ადგილიც მოულოდნელ წაფორხილებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ფეხბურთის მოყვარულთა აზრები ორად გაიყო. მეორე ნაწილის აზრით, ესპანელებმა თავად არ მოინდომეს პლეიოფში პირველი ადგილით გასვლა, რადგან მეორე პოზიციით შედარებით უკეთესი სატურნირო ბადე გაინაღდეს. თან იაპონიასთან ქულების დაკარგვით შეგნებულად ჩამოიშორეს გზიდან ერთ-ერთი კონკურენტი - გერმანია.

კატარი 2022, ესპანეთი - გერმანია, 27 ნოემბერი, 2022 წ.
კატარი 2022, ესპანეთი - გერმანია, 27 ნოემბერი, 2022 წ.

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ეშმაკური სტრატეგიით თამაში კატეგორიულად უარყო, მაგრამ კრიტიკოსთათვის მის მიერ იაპონელებთან მატჩში დაყენებული გადახალისებული შემადგენლობა უფრო დამაჯერებელი პასუხია, ვიდრე მატჩისშემდგომი კომენტარი.

ფიფას არგუმენტები - Var-ი და ჩიპი

იაპონიის ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პლეიოფში სამარცხვინოდაც რომ წააგოს, მაინც ერთ-ერთ დასამახსოვრებელ გუნდად დარჩება კატარი 2022-დან. აზიელებმა ორი სენსაცია შემოგვთავაზეს... თუმცა ესპანეთის კარში გატანილ გადამწყვეტ გოლს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. კრიტიკოსთა აზრით, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან ბურთმა იქამდე მოედნის პირითი ხაზი გადაკვეთა.

იაპონიის ნაკრების ფეხბურთელები იაპონია - ესპანეთის მატჩის დროს. 1 დეკემბერი, 2022 წ.
იაპონიის ნაკრების ფეხბურთელები იაპონია - ესპანეთის მატჩის დროს. 1 დეკემბერი, 2022 წ.

ვიდეოჩანაწერის თანახმად, რამდენიმე რაკურსიდან ჩანს, რომ ბურთმა მართლაც სრულად დატოვა მოედანი, მაგრამ გადამწყვეტი Var-ის სისტემა აღმოჩნდა, რომელმაც დაასკვნა, რომ ბურთს ხაზი ბოლომდე არ გადაუკვეთია. ფიფამ გრაფიკული გამოსახულებაც გაავრცელა, მაგრამ კრიტიკოსების გადარწმუნება ვერც ამით შეძლო. ბევრი ქომაგი და სპეციალისტი ისევ თავის აზრზე რჩება - გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

ჯგუფურ ეტაპზე იყო კიდევ ერთი სადავო ეპიზოდი, ოღონდ იქ დაფიქსირებული განსხვავებული აზრის მიუხედავად, არც ერთი ნაკრები არ დაზარალებულა.

პორტუგალიისა და ურუგვაის მატჩში ევროპელების მიერ გატანილი პირველი გოლი თავიდან კრიშტიანო რონალდოს ჩაუთვალეს, მაგრამ, დეტალური ვიდეოგანხილვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბრუნო ფერნანდეშის მიერ ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში ისე შევარდა, მას რონალდო არ შეხებია.

კრიშტიანო რონალდო. პორტუგალია - განა, 24 ნოემბერი, 2022 წ.
კრიშტიანო რონალდო. პორტუგალია - განა, 24 ნოემბერი, 2022 წ.

თავად კრიშტიანო და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ბურთი ნაკრების ლიდერმა გაიტანა. პორტუგალიელებმა ფიფას გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვეს, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ აზრი არ შეიცვალა და თავისი არგუმენტის განსამტკიცებლად, ყველას შეახსენა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთებში ჩიპებია ჩამონტაჟებული და მათზე დაყრდნობით დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ფერნანდეშის დარტყმულ ბურთს არავინ შეხებია.

კატარში დასრულებული კონტრაქტები

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, ოთხმა მწვრთნელმა უმალ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა, ირანელთა დამრიგებელმა კარლოს კეირუშმა, მექსიკის თავკაცმა ხერარდო მარტინომ და განის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოტო ადომ.

მარტინესმა მესამე ტურში, ხორვატიასთან ნათამაშები ფრის შემდეგ, განაცხადა, რომ ის თამაში მისთვის ბოლო იყო ბელგიის ნაკრებში. ესპანელი სპეციალისტი, გუნდის წარუმატებლობით ძალიან იმედგაცრუებულია, მაგრამ ახლაც დარწმუნებულია, რომ თუ ბელგია ჯგუფურ ეტაპს დაძლევდა, პლეიოფში აუცილებლად ისეთ ფეხბურთს აჩვენებდა, როგორსაც მისგან ქომაგები ელოდნენ.

საფეხბურთო მატჩი კამერუნი - სერბეთი, კატარი, 28 ნოემბერი, 2022 წ.
საფეხბურთო მატჩი კამერუნი - სერბეთი, კატარი, 28 ნოემბერი, 2022 წ.

განის ნაკრების მწვრთნელმა ოტო ადომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა გადადგომის შესახებ, ოღონდ მარტინესის, მარტინოსა და კეირუშისგან განსხვავებით, ადოს წინასწარვე ჰქონია გადაწყვეტილი თანამდებობის დატოვება. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ ნაბიჯს ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით დგამს და განა მსოფლიო ჩემპიონიც რომ გამხდარიყო, აზრს მაინც ვერავინ შეაცვლევინებდა.

პლეიოფს მიღმა დარჩენილი ოთხი ნაკრების დამრიგებლები ისე დაემშვიდობნენ გულშემატკივრებს, ნორმალურად გაკრიტიკებაც არ დააცადეს. მათგან განსხვავებით, გერმანიის ნაკრების თავკაცი ჰანსი ფლიკი საოცარი ზეწოლის მიუხედავად, ჯიუტად აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

ფლიკს გერმანიაში უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს. აკრიტიკებენ სპორტული გამოცემები, გულშემატკივრები, ცნობილი სპეციალისტები, მაგრამ თავად აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და თუ გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია შანსს მისცემს, ნაკრებში მუშაობას სიამოვნებით გააგრძელებს.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG