Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში - რა უნდა იცოდე, სანამ უყურებ


20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, კატარში მსოფლიოს უძლიერესი 32 საფეხბურთო ქვეყანა პირველობისთვის იბრძოლებს. ეს სანახაობა ათიათასობით ადამიანს სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა.

FBI ეჭვობს, რომ მილიონების სანაცვლოდ, საფეხბურთო ბომონდმა თვალი დახუჭა კატარში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე.

ყველაფერი კორუფციით დაიწყო?

2010 წლის 2 დეკემბერს, FIFA-ს იმჟამინდელი პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი სიხარულს არ მალავდა. “ახალ მიწებზე მივდივართ”, - უთხრა მან ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ფიფამ გამოაცხადა, რომ 2018 წელს მუნდიალს რუსეთი უმასპინძლებდა, 2022 წელს კი - კატარი.

ორივე ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ერგო. ბევრმა ეს გადაწყვეტილება სადავოდ მიიჩნია. მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთშიც და კატარშიც სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები. ბლატერი კრიტიკოსებს ჯიუტად პასუხობდა, რომ “ახალბედები” იმსახურებენ ნდობას, ფეხბურთის სიყვარულის ხარჯზე კი ისინი უფრო მეტად დაუახლოვდებიან დანარჩენ სამყაროს.

ზეპ ბლატერი და ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგში. 2015 წლის 25 ივლისი
ზეპ ბლატერი და ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგში. 2015 წლის 25 ივლისი

ხუთ წელიწადში, საფეხბურთო ელიტებში მორიგი კორუფციული სკანდალი მოხდა. 2015 წლის დეკემბერში, ზეპ ბლატერი და ევროპის საფეხბურთო ასოციაციის, უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი ფეხბურთს 8-8 წლით ჩამოაცილეს, რამდენიმე მაღალჩინოსანი კი დააპატიმრეს. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში ბრალდებულებმა 150 მილიონი დოლარის ქრთამი აიღეს. მათ შორის იმაში, რომ მუნდიალი რუსეთსა და კატარში ჩატარებულიყო.

დღეს ზეპ ბლატერი ამბობს, ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალის დახუჭვა შეცდომა იყოო. “კატარი ძალიან პატარა ქვეყანაა. ფეხბურთი და მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის მეტისმეტად დიდია”, - თქვა მან 9 ნოემბერს.

სტადიონებს აშენებდნენ გაუსაძლის პირობებში

ნავთობითა და გაზით მდიდარ კატარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის 7 ახალი სტადიონი ააშენეს. მთლიანობაში, ახალი ინფრასტრუქტურა 200 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. ეს ისტორიაში უძვირესი მუნდიალი იქნება. შედარებისთვის, წინა მასპინძელმა, რუსეთმა 12 მილიარდ დოლარამდე დახარჯა.

კატარი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. 2021 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 61 276 დოლარი იყო. მოსახლეობა კი სულ რაღაც 2.9 მილიონია. მაგრამ აქედან თითქმის 90% ემიგრანტები არიან.

სტადიონი ალ ვაკრაჰი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა.
სტადიონი ალ ვაკრაჰი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა.

ბანგლადეშის ინდოეთის, კენიის, ნეპალისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები კატარში უკიდურესი სიღარიბის გამო ჩადიან და მიზერულ ხელფასს თანხმდებიან. მძიმე სამუშაო პირობებსა და შრომითი კანომბდელობების რეფორმის აუცილებლობაზე წლებია საუბრობენ Amnesty International-ი (AI), Human Rights Watch-ი და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები.

მაგალითად, 2016 წელს AI-მა დაწერა, რომ სტადიონების, სასტუმროებისა და გზების მშენებლობებზე გაუსაძლის პირობებსა და 40-გრადუსიან სიცხეში მუშაობდნენ. დღეში 14-18 საათს, დასვენების გარეშე. მუშების საშუალო ხელფასი თვეში 220 დოლარი იყო.

ბევრი ცხოვრობდა ბარაკებში, ქალაქგარეთ. 1 პატარა ოთახში ღამეს ხშირად 6 ადამიანი ათევდა. ბევრს ართმევდნენ პასპორტს, უგვიანებდნენ ხელფასს. არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.

უკანასკნელ 12 წელიწადში, AI-ს გამოთვლებით, კატარში 100 ათასზე მეტი მუშის უფლებები დაირღვა.

ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს მშენებლობებზე დაიღუპა 38 მუშა. ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" გამოიანგარიშა, რომ ბოლო 11 წელიწადში, ანუ მას შემდეგ, რაც კატარმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება მიიღო, დაიღუპა 6500-ზე მეტი მუშა. შემთხვევების უმეტესობა გამოუძიებელია.

მოწოდებების საპასუხოდ, კატარმა ჩაატარა შრომითი კანონმდებლობის რეფორმა და შემოიღო რეგიონში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი (280 დოლარი).

ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაწერა, რომ კატარმა “მნიშვნელოვანი” რეფორმები გაატარა და “ასიათასობით მუშის სამუშაო და საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესა”. თუმცა, ამასთანავე, “მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რათა რეფორმები ძალაში შევიდეს”.

კატარში სისტემურად ძალადობენ ლგბტ ადამიანებზე

წლებია, კატარში სისტემურად ირღვევა ლგბტ ადამიანების უფლებები. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2019-2022 წლებში პოლიციელებმა სცემეს 6 ადამიანს და სექსუალურად იძალადეს 5-ზე.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 4 ტრანსგენდერი ქალი, 1 ბისექსუალი ქალი და 1 გეი მამაკაცი პოლიციამ უკანონოდ გამოკეტა მიწისქვეშა საპატიმროში. ერთ-ერთმა მათგანმა იქ ორი თვე გაატარა. ერთმა ტრანსგენდერმა ქალმა უფლებადამცველებს უთხრა, რომ მას აიძულებდნენ "ისევ კაცი გამხდარიყო”.

კატარში ჰომოსექსუალური კავშირი კრიმინალიზებულია და ხუთწლიანი პატიმრობით ისჯება. ამისდა მიუხედავად, კატარის ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ მათი ქვეყანა უმასპინძლებს ყველას, “თუკი ისინი დაიცავენ ადგილობრივ ადათ-წესებს”.

8 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ელჩმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, ჰალიდ სალმანმა, გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰომოსექსუალობას უწოდა “ტვინის დაზიანება”.

ზოგი მსოფლიო ჩემპიონატს აღარ უყურებს

ამ ყველაფრის გამო, ევროპის არაერთ ქვეყანაში, ადამიანები აღარ აპირებენ მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას.

მაგალითად, საფრანგეთში პარიზის, მარსელის, ლიონის, ბორდოსა და ტულუზის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, წელს არ დაამონტაჟოს დიდი ეკრანები მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად.

დემონსტრანტი უჩვენებს ფიფას "წითელ ბარათს" კატარისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების მიცემის გამო. ციურიხი, შვეიცარია. 2013 წლის 3 ოქტომბერი.
დემონსტრანტი უჩვენებს ფიფას "წითელ ბარათს" კატარისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების მიცემის გამო. ციურიხი, შვეიცარია. 2013 წლის 3 ოქტომბერი.

კატარს აკრიტიკებენ გერმანიაშიც. ქვეყნის შაინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა რამდენჯერმე მოსთხოვა დოჰას იმის გარანტიები, რომ კატარში ჩასული გერმანელი ლგბტ ადამიანების უსაფრთხოებას დაიცავენ.

თუმცა მისმა კატარელმა კოლეგამ ბრალდებებს და კრიტიკას ფარისევლობა უწოდა. “ერთი მხრივ, გერმანიის ხელისუფლება მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას აწვდის. მეორე მხრივ, მას არ აქვს ჩვენთან პრობლემა, როცა საქმე ეხება ენერგოთანამშრომლობას ან ინვესტიციებს”, - თქვა შეიხმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.

***

და კიდევ - ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ზამთარში. ეს იმიტომ, რომ ზაფხულობით კატარში ძალიან ცხელა. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში საფეხბურთო სეზონის შეწყვეტა მოუხდათ.

არაერთმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა ამის გამოც გააკრიტიკა FIFA. კრიტიკოსების თქმით, შუა სეზონში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ფეხბურთელებისთვის მეტისმეტი ფიზიკური დატვირთვა იქნება.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG