Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წაგებული, გამარჯვებული, გახარებული


10 ნოემბერს დასრულდა ყარაბაღის მორიგი, უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში რიგით მესამე ომი, რომელიც თითქმის 1,5 თვე გრძელდებოდა და რომელმაც ორივე მხრიდან ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეზობელ ქვეყნებს ომის დასრულება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა. „ვულოცავ ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ყარაბაღის ომში ჩართული ყველა მხარე თანაბარი ემოციით ვერ მიიღებდა ამ მილოცვას. 10 ნოემბერს დასრულებულ ომს, გარდა იმისა, რომ ჰყავს აშკარა დამარცხებული და გამარჯვებული, ასევე ჰყავს, მთავარი ფასილიტატორი - რუსეთი, რომელმაც, ისტორიკოსებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე მეტი პოლიტიკური სარგებელი მიიღო.

გამარჯვებული, რუსეთი

„ომი დამთავრდა. კარგია, რომ ხალხი აღარ დაიღუპება, მაგრამ ყველაზე მეტად მოიგო რუსეთმა, რომელიც დამატებით ბრიგადას განათავსებს ამიერკავკასიაში და სომხეთსა და აზერბაიჯანს მეტად დამოკიდებულს გახდის მასზე. პირდაპირ არა, მაგრამ დაახლოებით 1920 წელი განმეორდა კავკასიაში. იმედია, შემდეგ წელს „1921 წელი“ არ განმეორდება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ, რომლის თქმითაც, სწორედ 1920 წელს დაბრუნდა რუსეთი კავკასიის რეგიონში, სადაც გააწითლა ჯერ აზერბაიჯანი, შემდეგ კი სომხეთი.

დიმიტრი სილაქაძე
დიმიტრი სილაქაძე

„ცხადია, პირდაპირი კავშირი არ არის, მაგრამ მაშინაც აზერბაიჯანი და სომხეთი ყარაბაღისთვის ომში იყვნენ ჩართული და ეს გამოიყენა რუსეთმა, რომელმაც დაარტყა აზერბაიჯანს, ამ უკანასკნელს კი თავისი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი ყარაბაღისკენ ჰყავდა გადასროლილი. მაშინაც ამ ომმა გააძლიერა რუსეთის გავლენა რეგიონში“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, სომხეთი დათანხმდა გაიყვანოს სამხედრო ძალა კელბაჯარის, ლაჩინისა და აგდამის რაიონებიდან, ხოლო აზერბაიჯანმა შეინარჩუნა აქტიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად გათავისუფლებული ტერიტორიები მთიან ყარაბაღში, მათ შორის, ქალაქ შუშის ჩათვლით. გარდა ამისა, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებაზე მთიან ყარაბაღში ერთგვარი „გამყოფი კორდონის სტატუსით დაპირისპირებულ მხარეებს შორის“.

„ოფიციალურად ამ დოკუმენტს არ ჰქვია კაპიტულაცია, მაგრამ რეალურად ეს არის კაპიტულაცია, იმიტომ რომ ის საბრძოლო წარმატებები, რომლებიც ჰქონდა აზერბაიჯანის არმიას ბრძოლის ველზე, სრულად აისახა დიპლომატებს შორის შეთანხმებულ ისეთ ხელშეკრულებაში, რომელიც, პირველ რიგში, აზერბაიჯანისთვისაა სასარგებლო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა, რომლის თქმითაც, სომხურმა სამხედრო ნაწილებმა უნდა დატოვონ როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში დაკავებული აზერბაიჯანული რაიონები, ასევე ყარაბაღის ტერიტორია, სადაც რუსი სამშვიდობო ძალები განლაგდებიან.

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, ამ ომში აზერბაიჯანი გამარჯვებულია, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვებული რუსეთია, რომელიც კიდევ ერთხელ დაბრუნდა კავკასიაში:

ზურაბ ბატიაშვილი
ზურაბ ბატიაშვილი

„თუ აქამდე რუსეთი იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიერიდან მას ახალი და მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო ძალების სახით, ეს კი რეალურად ნიშნავს იმას, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთზე. მაგალითად: ხელშეკრულებით, სომხეთსა და ყარაბაღს შორის დამაკავშირებელ გზას სწორედ რუსი სამხედროები გააკონტროლებენ, ისევე როგორც რუსები გააკონტროლებენ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე გზას, რომელიც ნახიჩევანს აკავშირებს დანარჩენ აზერბაიჯანთან“.

დამარცხებული, სომხეთი

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, სიჩუმე, რომელსაც რუსეთი ომის დაწყებიდან ინარჩუნებდა, მოჩვენებითი აღმოჩნდა, რადგან რუსეთმა ბოლომდე დაიცვა თავისი ინტერესები, რაშიც უდავოდ შედიოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, დასჯა.

აშკარაა, რომ რუსეთმა, მისმა პოზიციამ, გადამწყვეტი როლი ითამაშა სომხეთის სამხედრო მარცხში. ისტორიკოსი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ „ყარაბაღის ომის“ მთავარი შედეგი ის იქნება, რომ ჯერ სომხეთი შეაქცევს ზურგს რუსეთს და დასავლეთისკენ დაიწყებს სვლას, შემდეგ კი რუსეთი მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე დაკარგავს გავლენას.

„მშვიდობას ისეთი შანსი ეძლევა, რომელიც აქამდე არ ჰქონია. რუსეთი დასუსტდა, ბერკეტი შეუსუსტდა. არ მოგატყუოთ მისი სამშვიდობო ძალების განლაგებამ. რუსი სამშვიდობოები საქართველოშიც იდგნენ, როცა საქართველომ დასავლეთისაკენ სვლა დაიწყო. ასევე იზამს სომხეთიც, ასევე იზამს აზერბაიჯანიც. რა თქმა უნდა, არა უცებ, და მაინც, რუსეთმა რაც მიიღო, უფრო მორალური კომპენსაციაა, ვიდრე რაიმე რეალური: აქამდე მთელი სომხეთის უსაფრთხოების სექტორს აკონტროლებდა საელჩოსა და ინფილტრირების მეშვეობით, ახლა ამის შანსი ნაკლები იქნება, სომხეთს კი კარი გაეღება აზერბაიჯანისკენაც და თურქეთისკენაც. აღარც აზერბაიჯანს სჭირდება რუსეთი, რადგან მისი ნებართვითა თუ გამოუვალი მდგომარეობის შექმნით მაქსიმუმი გამოსტყუა. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, მაგრამ ნამდვილად გამოჩნდა კავკასიაში რუსული იმპერიალიზმის დომინირების დასრულების პერსპექტივა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით დარჩიაშვილმა, რომელიც რეგიონისათვის ახალ და მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს სამშვიდობო ოპერაციაში თურქეთის ჩართულობას, რაც კიდევ უფრო მეტად უზღუდავს რუსეთს სამშვიდობო ძალების გამოყენებით პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობას.

დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებული სომხეთი და მთლიანად რეგიონი შორეულ პერსპექტივად მიაჩნია GIPA-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს, რომლის ვარაუდით, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ამგვარად დასრულება უმძიმეს პროცესებს დაუდებს სათავეს სომხეთში.

„სომხეთში უნდა ველოდოთ გადატრიალებას, მშვიდობიანს ან ძალადობრივს. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ყველა შემთხვევაში გაუშვებენ. რა ფორმით, ამაზე შეიძლება ვიმარჩიელოთ, შესაძლოა მძიმე ფორმითაც კი. ფაშინიანის შემდეგ, მოკლევადიან პრესპექტივაში, პროდასავლური ლიდერი ნამდვილად არ მოვა. იქნება, ალბათ, მოსკოვზე ორიენტირებული ლიდერი. იტყვიან, რა გვიყო ფაშინიანმა, მისნაირმა ლიდერმა და ა.შ.“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე, რომელიც იქვე შენიშნავს, რომ რუსი სამშვიდობოების ჩაყენებით ყველაფერია ნათქვამი:

„არანაირად არაფერი არ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა პოზიციები დათმო. ფაქტია, რომ რუსი სამშვიდობოები უნდა ჩადგნენ. რომ ჩამდგარიყვნენ მხოლოდ თურქები, ვიტყოდით, რომ თურქული ფაქტორი ძლიერდებაო“.

თუმცა შესაძლოა თურქეთი მოგვიანებით ჩაერთოს ე. წ. სამხედრო ოპერაციაში. ზურაბ ბატიაშვილის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ იგეგმება რეგიონში თურქი სამხედროების განთავსებაც.

„ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ დამატებით კიდევ ერთი ხელშეკრულება იქნება, სადაც დამატებით იქნება გაწერილი, თუ რა სახით იქნება წარმოდგენილი თურქული კონტინგენტი ყარაბაღში“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

10 ნოემბრის განცხადების მიხედვით კი, ჯერ საუბარია მხოლოდ რუსი სამშვიდობო ძალების ჩაყენებასა და ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ცენტრზე, რომელშიც თურქეთიც იქნება ჩართული.

„თუმცა ეს იქნება, ალბათ, სამოქალაქო ოფისი, რამდენიმე ათეული თანამშრომლით, რომელსაც დიდი ძალა არ ექნება“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე, რომელიც ასევე სკეპტიკურად უყურებს სომხეთში პროდასავლური ძალების მომძლავრების პერსპექტივას და ეს, მიუხედავად იმისა, რომ, ომში რუსეთის როლიდან გამომდინარე, სომხეთში ანტირუსული განწყობები იზრდება:

„სომხეთში ამ ყველაფერს ეძახიან პუტინ-ერდოანის შეთქმულებას. შესაბამისად, იზრდება ანტირუსული განწყობები, მაგრამ, ვფიქრობ, სომხეთს ვერ ექნება ფუფუნება, ეს ანტირუსული განწყობები ახლო პერსპექტივაში გადაზარდოს დასავლეთისკენ სწრაფვაში, რადგან რუსეთმა დამატებითი ბერკეტები მიიღო სამშვიდობო კონტინგენტისა და მთიან ყარაბაღში დარჩენილი სომხური მოსახლეობის სახით, რომელიც, ფაქტობრივად, მძევლებად გვევლინებიან. პლუს ამას, სომხეთის მოსახლეობა განრისხებულია ფაშინიანზე და დიდია ალბათობა, რომ პრორუსული ძალები მოვიდნენ სათავეში“.

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილსაც ძნელად წარმოუდგენია, რომ ამ ეტაპზე სომხეთმა თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას.

„სომხეთი კვლავინდებურად რჩება რუსეთზე დამოკიდებული, რომ მთლიანად არ დაკარგოს დამაკავშირებელი გზა ყარაბაღთან, ისევე როგორც ყარაბაღის დარჩენილი რაიონები. რუსეთი ამ ბერკეტს იტოვებს, როგორც მას სჩვევია ხოლმე იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გავლენა მოახდინოს სომხეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე. ახლა რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება პრორუსული ხელისუფლება მოიყვანოს სომხეთში და ამ მიმართულებით იგი აამოქმედებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

გახარებული, აზერბაიჯანი

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, 10 ნოემბრის ომის შეწყვეტის ხელშეკრულება, ხელსაყრელია აზერბაიჯანისა და რუსეთისთვის.

„წაგებული მხარე აშკარად სომხეთია და, განსაკუთრებით კი - პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. თურქეთიც გარკვეულწილად მოგებულია, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, მისმა მოძმე აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა, მეორე - გაჩნდა პირდაპირ დამაკავშირებელი გზის პერსპექტივა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის და მესამე - ასევე გაჩნდა შუა აზიის თურქულენოვან სახელმწიფოებთან დაკავშირების შესაძლებლობაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია თურქეთისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ბატიაშვილმა.

თუმცა ყველაზე დიდი კომპენსაცია 1,5-თვიანი ომიდან, ცხადია, აზერბაიჯანმა მიიღო. ასე ფიქრობს ისტორიკოსი დავით დარჩიაშვილი, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანმა, დიპლომატიითა და თურქეთის მხარდაჭერით, მოახერხა ის, რომ რუსეთი ამ ომში არ ჩარეულიყო. დავით დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ 10 ნოემბრის შემდეგ აზერბაიჯანს კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია რუსეთზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლების სახით:

„რუსეთსაც მძიმე დრო უდგას და ზედმეტი ავანტიურების თავი ნაკლებად აქვს. ახლა, როცა შუშა და სხვა გათავისუფლებული რაიონები აზერბაიჯანის ხელშია, ბაქოს შეუძლია ბევრად ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთის განწყობებზე. ამის პერსპექტივა არსებობს, ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ აზერბაიჯანში არ იმძლავრებს ულტრანაციონალიზმის მძლავრი ტალღა და დასჯერდებიან მიღწეულს“.

გაზარდა თუ არა რუსეთის პოზიციამ მოსკოვის გავლენა აზერბაიჯანზე?

GIPA-ს პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე, ამბობს, რომ აზერბაიჯანისთვის დღევანდელი სტატუს-კვო ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რაც იყო 1.5 თვის წინ.

თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე

„ყველაზე მეტად რეგიონში აზერბაიჯანი გაძლიერდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ რუსეთის გაძლიერებაზე. რაც შეეხება თურქეთს, თურქეთი ჩაება რეგიონის საქმეებში იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე იყო ჩაბმული. თუ გაძლიერებაზეა საუბარი, მაშინ ამ თანმიმდევრობით გაძლიერდნენ: აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე, რომლის თქმითაც, ყოველთვის საყურადღებო და საფრთხილოა, როცა რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება:

„კარგია, რომ აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორია და კარგი ურთიერთობა გვაქვს“.

საქართველო, გადარჩენილი

ომის მსვლელობისას, მთელი 1,5 თვის განმავლობაში, არსებობდა მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების საფრთხე, მაგრამ, როგორც თორნიკე შარაშენიძე ამბობს, ჩვენდა საბედნიეროდ, რუსეთმა არ მოითხოვა კორიდორი საქართველოს ტერიტორიის გავლით:

„ეს იყო ყველაზე კოშმარული სცენარი ჩვენთვის. ეს სცენარი, ბოლო 25 წელია, დევს საქართველოს საგარეო უწყების სამსახურებში და 25 წელია, არ გვაქვს პასუხი იმაზე, რა მოხდება, თუკი რუსეთი მოითხოვს კორიდორს საქართველოს გავლით“.

თორნიკე შარაშენიძის თქმით, ყარაბაღის ომის ამგვარმა დასასრულმა გააჩინა რეგიონში ახალი, ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების პერსპექტივა. აზერბაიჯანს შესაძლებლობა ექნება, ნახიჩევანით დაუკავშირდეს თურქეთს, ასევე, შორეულ პერსპექტივაში განიხილება თურქეთისა და სომხეთის სატრანსპორტო კავშირის შესაძლებლობა.

„ეს გარემოება რაღაც დოზით შეამცირებს ჩვენს სატრანზიტო როლს, მაგრამ რას ვიზამთ? ჩვენი ეს მონოპოლია დროებითი იყო რეგიონში და ოდესღაც უნდა დასრულებულიყო. გრძელვადიან ამბავში შეიძლება მეტი მოვიგოთ, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ, იმით, რომ რეგიონში მშვიდობა იქნება“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

თურქეთისა და აზერბაიჯანის ან სომხეთისა და თურქეთის სახმელეთო კავშირი ხომ არ აზარალებს საქართველოს? - ამ კითხვის პასუხად დავით დარჩიაშილი ამბობს, რომ საკითხის ასე დაყენება უკიდურესად მოკლემხედველურია.

„მოდი, მეზობლებს ძალიან ცუდად ჰქონდეთ საქმე, რომ ჩვენ უკეთ ვიყოთ - ეს ძალიან არასტრატეგიული ხედვაა, იმიტომ რომ, მთლიანობაში, თუ რეგიონი კონფლიქტებით არის მოცული, ამით ზარალდება ყველა და ყველაფერი, მათ შორის საქართველოც. სამხრეთი კავკასია მსოფლიოს თვალში ჩანს როგორც წითელი ლაქა, სადაც უპერსპექტივობა და უიმედობაა თუნდაც ვაჭრობის გაფართოების კუთხით, სადაც ნატო და ევროკავშირი ფრთხილ დამოკიდებულებას ავლენს, პირველ რიგში, იმის გამო, რომ კონფლიქტებია! და თუკი მოგვარდება კავკასიის მთავარი კონფლიქტი, ყარაბაღი, ეს სხვა პერსპექტივებსაც გააჩენს, საიდანაც საქართველოც აუცილებლად ნახავს სარგებელს. დიდი კომპანიებისთვისაც მიმზიდველია ერთიანი რეგიონალური ბაზარი - ამის პერსპექტივებიც ჩნდება, ხოლო თუ ნავთობის ნაწილი „იქაც“ გაივლის და „აქაც“, ამით რამე კატასტროფული ზარალი არ ექნება საქართველოს“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი, რომელიც უფრო დიდ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში რჩება ყველაზე სუსტ, მოწყვლად რგოლად, რაც ვლინდება შიდადაპირისპირებებში, რუსეთის ოკუპაციასა და რუსული სპეცსამსახურების გავლენაში საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებზე, რაც, თავის მხრივ, ძირს ურყევს საქართველოს სუვერენიტეტს.

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი. 2020 წ. 15 თებერვალი
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი. 2020 წ. 15 თებერვალი

ზურაბ ბატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის ახალი და ალტერნატიული სატრანსპორტო კავშირების მშენებლობა შორეული პერსპექტივაა.

„ჯერ უნდა დაიგეგმოს, აშენდეს, მერე რუსეთმა, როგორც სამშვიდობო პროცესის მონაწილე მხარემ, უნდა გასცეს ნებართვა და გაწეროს ფუნქციონირების სქემა. რაც მთავარია, სომხეთსა და თურქეთს შორის არაერთი პრობლემა არსებობს: გენოციდის საკითხი, ყარსის ხელშეკრულების არაღიარება სომხეთის მიერ და ა.შ. ასე რომ, ეს ერთ და ორ დღეში გადასაჭრელი საკითხი არ არის. არ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის მთავარი პრობლემა იქნება გზა, რომელიც დააკავშირებს ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს. უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ რეგიონში ძლიერდება რუსეთი და ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველია. საქართველოს მთავრობის და პოლიტიკოსების ყურადღება აქეთ უნდა იყოს მიმართული: რუსეთის გაძლიერება საგრძნობი და თვალსაჩინოა!“, - უთხრა ზურაბ ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG