Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 წელია არ შეკრებილან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები


საქართველოსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშები
საქართველოსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშები

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ბოლო სამი წელია, არ ჩატარებულა.

ქარტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს, აგვისტოს ომიდან 5 თვეში, გაფორმდა.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო შეერთებული შტატების მხრიდან - სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ 11 დღეში დატოვა თეთრი სახლი, თუმცა ეს ნაბიჯი შეთანხმებული იყო მომავალ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან.

გრიგოლ ვაშაძე და კონდოლიზა რაისი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ. 2009 წლის 9 იანვარი
გრიგოლ ვაშაძე და კონდოლიზა რაისი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ. 2009 წლის 9 იანვარი

„ეს ინსტრუმენტი ექვსი თვის წინ რომ გვქონოდა, მშვიდობის შანსები გაცილებით ძლიერი იქნებოდა“, - განაცხადა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდებოდა ქარტიის პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

ქარტიის პრეამბულაში მხარეები ადასტურებენ მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და, რომ თანამშრომლობა დაფუძნებულია „გაზიარებულ ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე“, მათ შორის, საზღვრების ურღვეობის პრინციპების მხარდაჭერაზე.

დოკუმენტით აშშ და საქართველო „ადასტურებენ საერთო სურვილს, გააძლიერონ ურთიერთობები ეკონომიკური, ენერგეტიკული, დიპლომატიური, სამეცნიერო, კულტურული და უშიშროების მიმართულებებით“.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, 4 საკვანძო მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების,
  • ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის,
  • დემოკრატიისა და კარგი მმართველობის,
  • ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფები.

ქარტიის საფუძველზე ასევე შეიქმნა სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სახელმწიფო მდივანი კონ კერი ესაუბრება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი, 2014 წლის 26 თებერვალი.
სახელმწიფო მდივანი კონ კერი ესაუბრება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი, 2014 წლის 26 თებერვალი.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ამერიკელი და ქართველი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები, - შესაბამისი სამუშაო ჯგუფების წევრები, - ატარებდნენ ყოველწლიურ შეხვედრებს ჯგუფის ვალდებულებების განსახილველად, აქტივობების განსაახლებლად და თანამშრომლობის სამომავლო მიზნების დასადგენად.

არც ქარტიის კომისია და არც სამუშაო ჯგუფები 3 წელია არ შეკრებილან. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისში შეერთებული შტატების საელჩოში დაუდასტურეს.

ბოლო შეხვედრები

სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრა 2020 წლის 24 იანვარს გაიმართა. კერძოდ, ეს იყო ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული პროგრამების სამუშაო ჯგუფი.

რაც შეეხება პლენარულ სესიას, სადაც სახელმწიფო მდივანი და პრემიერი იღებდნენ მონაწილეობას, - უკანასკნელი სესია ჩატარდა 2019 წლის 11 ივნისს (მონაწილეობდნენ მაიკ პომპეო და მამუკა ბახტაძე).

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2020 წლის იანვარში - ბოლო შეხვედრა ამ დროისათვის
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2020 წლის იანვარში - ბოლო შეხვედრა ამ დროისათვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 28 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეფონით ესაუბრა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს.

სამინისტრო წერს, რომ ქარტიის პლენარული სესია, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ზალკალიანის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართებოდა, თუმცა ასეთი შეხვედრა აღარ გამართულა.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მეორე წელია, მოხსნილია.

„ეს არის აუხსნელი“

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, „რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი სერგი კაპანაძე, რომელიც კომისიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის თანახელმძღვანელი იყო 2011-12 წლებში, რადიო თავისუფლებას განუმარტავს ქარტიისა და კომისიის მნიშვნელობას:

„ამ ქარტიის არსი ის იყო, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ყოფილიყო ხაზგასმული და შექმნილიყო ფორმატი, რომელშიც სტრატეგიული პარტნიორობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნებოდა წინ წაწეული… ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი ჩართულობა ყოფილიყო ამერიკული მხრიდან და სტრატეგიული პარტნიორობა აგვეტანა ზედა დონეზე“.
სერგი კაპანაძე, GRASS-ის დამფუძნებელი
სერგი კაპანაძე, GRASS-ის დამფუძნებელი

„თუკი ეს შეხვედრები სამი წელია, არ ტარდება, ეს არის აუხსნელი. ეს ნიშნავს, რომ ქართული მხარე არ მუშაობს სტრატეგიულ პარტნიორთან ამ ოთხი მიმართულებით და ეს არის სერიოზული პრობლემა“, - ამბობს სერგი კაპანაძე, ყოფილი პარლამენტარი.

მისი თქმით, ეს გარემოება შესაძლოა არც იყოს გასაკვირი „გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რასაც "ქართული ოცნება" აწარმოებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ანტიდასავლური რიტორიკისა და დასავლეთის მტრად მოხსენიების ფონზე“.

ამ ფორმატის ფუნქციონირების შეჩერება კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რაც საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიანიშნებსო, გვეუბნება იგი.

„მიზეზზე ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის, რომ მომდევნო შეხვედრა ჩანიშნული არ არის“, - განუცხადეს შეერთებული შტატების საელჩოში რადიო თავისუფლებას.

რედაქცია ელოდება განმარტებას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რატომ არ გამართულა ბოლო 3 წელიწადში ასეთი შეხვედრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG