Accessibility links

site logo site logo

30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 11 ეპიზოდი


1991 წლის 9 აპრილს მათ ცხოვრებაში მთავარი ამბავი მოხდა - ამ დღეს, საქართველოს მაშინდელი უზენაესი საბჭოს და ახლანდელი პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ასლი დღემდე ყველა მათგანის კედელს ამშვენებს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ დღეს წინ 31 მარტის რეფერენდუმი უძღოდა, რომლის მთავარი კითხვაც იყო სურდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობა - 96%-მა უპასუხა - დიახ.

ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებთ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა.

11 ეპიზოდი: ნოდარ ნათაძე, ნემო ბურჭულაძე, მზექალა შანიძე, ნიკო ლეკიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ეთერ ყაველაშვილი, ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე, გურამ პეტრიაშვილი, სალომე ზვიადაძე, ირაკლი მელაშვილი, აკაკი ასათიანი.

ნოდარ ნათაძე

"ამ სიამაყის განცდას არაფერი შეედრება. იმიტომ რომ ეს იყო ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი. ეჭვი და ორჭოფობა მოლოდინში არ იყო, რომ საქართველოს გაიმარჯვა სამუდამოდ..."

ნემო ბურჭულაძე

"ძალიან ამაღელვებელი იყო. ამას ილია ჭავჭავაძეც ვერ ეღირსა... და შენ, ერთ ჩვეულებრივ, თბილისელ ბიჭს თუ კაცს, მოგიწია ამაზე ხელის მოწერა და ერთ-ერთი შემოქმედი ხარ ამ ამბის. იმდენად, რომ დამოუკიდებლობის აქტზე, ზოგიერთის გვარი კარგად არ იკითხება, ხელი უკანკალებდათ. მართლა დაუჯერებელი იყო..."

მზექალა შანიძე

"ამ 30 წელში ჩვენ ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ ბევრი რამისთვის არ ვიყავით მზად..."

ნიკო ლეკიშვილი

"ხელმოწერის დრო დაინიშნა, ჩვენ მივედით ადრე, ძალიან ამაღელვებელი იყო, სიმართლე გითხრათ.მანამდე მარტო ლიეტუვამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ჩვენ არ გვქონდა გამოცხადებული.."

დავით ბერძენიშვილი

"30 წელი გავიდა და მე არა მაქვს განცდა, რომ ჩემი ხელმოწერის დარი რაიმე შევძელი ქართულ პოლიტიკაში. და არ ვიქნები ზომაზე მეტად თავმდაბალი და არც ვინმე სხვა მგონია, რომელმაც იმ ხელმოწერის დარი რაიმე შექმნა ქართულ პოლიტიკაში..."

ეთერ ყაველაშვილი

"არავის არ ეგონა, რომ ჩვენ დეპუტატები გავხდებოდით, ამისთვის არ ვიბრძოდით. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რაც მოხდა 9 აპრილს; რაც მოხდა 89 წლის 9 აპრილის, იმ უბედურების ღამეს. და ზუსტად ბატონმა ზვიადმა ეს თარიღი დაამთხვია 9 აპრილს გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად, მათ პატივსაცემად, ვინც შეეწირა დამოუკიდებლობას..."

ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე

"გფარავდეთ ღმერთი!" - ამთავრებს პრეზიდენტი ამ სიტყვებით დამოუკიდებლობის გამოცხადებას... მერე მახსოვს, შემდგომი სიტყვები იყო ასეთი: ჩვენი ბრძოლა ახლა იწყებაო. უცებ, იმ მომენტში ვიფიქრე, ჩვენ ხომ მოვიგეთ ეს ბრძოლა. მართლაც ეგრე იყო შემდეგ, ქარტეხილები... ახლა რომ მახსენდება და აღდგენას რომ ვაკეთებ იმ პროცესის გარეთ რა ხდებოდა, როგორ ტიროდა ხალხი, ცეკვავდა - ასეთი სულიერად ამაღლებული საქართველო მინდა კიდევ ერთხელ ვიხილო, მაგრამ ალბათ ვერ ვიხილავ..."

გურამ პეტრიაშვილი

"ეგეთი განწყობა ჩემს ცხოვრებაში იყო ორჯერ - შვილები რომ გამიჩნდა, ასეთ ეიფორიაში ვიყავი მაშინაც. უფრო დიდი დღესასწაული რა უნდა იყოს? ამდენი თაობების ოცნება ახდა და ვაწერ ხელს დამოუკიდებლობის აქტზე: "მე ვარ მომხრე, რომ ჩემი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი!" უფრო კარგი რა უნდა იყოს, მე არ ვიცი..."

სალომე ზვიადაძე

"იქ მოიტანა ბატონმა ზვიადმა და წამაკითხა ეს ტექსტი. ბოლო ვერსია ამ ტექსტისა [დამოუკიდებლობის აქტი] ჩემი დარედაქტირებულია..."

ირაკლი მელაშვილი

"იყო ემოციური შოკი და მას მერე ხშირად მიფიქრია, რომ ის დღე მთავარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და მე თითქმის არაფერი არ მახსოვს გარდა იმისა, რომ ხელი მოვაწერე..."

აკაკი ასათიანი

"ცხადია, ვმსჯელობდით პრეზიდიუმზეც და ცალკეც, მე და ზვიადი. სხვათა შორის, ვუთხარი, იქნებ 26 მაისს დავამთხვიოთ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომ გაორმაგება არ მოხდეს მეთქი. და მითხრა მარტივი რამ, რაც მერე საჯაროდაც გაიმეორა: ჩვენ რით შეგვიძლია პატივი მივაგოთ დაღუპულებსო? მარტო ამითო..."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG