Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 წელი და სამი პატრიარქი


ავტოკეფალიის აღდგენიდან 10 წელიწადში საქართველომ სამი პატრიარქი გამოიცვალა. სამივეს ტრაგიკული ბედი ხვდა წილად. კირიონ II მოკლეს, ლეონიდე ქოლერით გარდაიცვალა, ამბროსი ხელაია კი თითქმის სიკდილამდე ციხეში იყო გამოკეტილი. ეს იყო სამი პატრიარქის რუსეთთან ბრძოლის შედეგი.

1917 წელს საქართველომ ავტოკეფალია, ფაქტობრივად, ხელიდან გამოგლიჯა რუსეთს. ბრძოლა უშეღავათო, მომქანცველი და დამამცირებელი იყო. ამ ბრძოლაში ერთად იყვნენ კირიონი (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე) და ამბროსი (ხელაია). კირიონი და ამბროსი გარდაცვალების შემდეგ ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ბუბულაშვილი წერს: „კირიონ საძაგლიშვილის ეროვნული სულისკვეთება მეფის რუსეთის მოხელეთა დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ამ მიზეზით მასზე საერო ხელისუფლების მიერ მკაცრი საიდუმლო მეთვალყურეობა იყო დაწესებული, ხოლო „სასულიერო მთავრობა სასტიკად ავიწროებდა“.

თუ ჩემი არ გავიტანე, ცოცხალი აღარ დავბრუნდები და მტრებს კი არ გავახარებ.
აკაკი წერეთელი

1902 წელს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება, კირიონი გაათავისუფლეს გორის ეპისკოპოსობიდან, აუკრძალეს საკუთარ სამშობლოში მოღვაწეობა და რუსეთში გადაიყვანეს. მას იმის უფლებაც კი არ მიეცა, ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე ჩამოსულიყო. ერთხანს ეპარქიის მმართველი იყო სოხუმში, სადაც ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენა დაიწყო. ამის გამო ისევ რუსეთში გადაიყვანეს. უფრო გვიან კი მღვდელმოქმედება შეუჩერეს და დააპატიმრეს კიდეც - 1908 წელს თბილისში პიროვნებამ, რომლის ვინაობა დღემდე არ არის დადგენილი, ეგზარქოსი ნიკონი მოკლა, რაც ქართველ სამღვდელოებასა და კირიონს დაბრალდა.

კირიონის დაპატიმრების გამო აკაკი წერეთელი მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს სწერდა: „კირიონის ამბავმა ლახვარი გამიყარა... რაც იმედი მქონდა, სულ გამიქარწყლდა, მაგრამ ამაზედ გლოვის დრო არ არის. თავს არ დავზოგავ, წავალ პეტერბურგში და თუ ჩემი არ გავიტანე, ცოცხალი აღარ დავბრუნდები და მტრებს კი არ გავახარებ“.

გადასახლებისა და დაპატიმრების მიუხედავად, კირიონი ავტოკეფალიისთვის ბრძოლას განაგრძობდა - ხან ღიად, ხანაც შეფარულად. მის მიერ საქართველოში გამოგზავნილ წერილებში მხოლოდ ამ საკითხზეა საუბარი.

კირიონ II, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
კირიონ II, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

„ეხლა აქ გვირჩიეს მანდიდან დავაჩქარებინოთ საქმე, თორემ აქ როგორღაც ყურებს არ იბერტყამენ. უნდა შეიკრიბოთ, მოიწვიოთ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გ. დიასამიძე და სხ… გააცნოთ აქაური საქმის მდგომარეობა, შეადგინოთ დეპუტაცია ვორონცოვ-დაშკოვთან და სთხოვოთ მას საქართველოს ბედკრულ ეკლესიას უშველოს რაიმე“.

„მკითხამ, რად დაგანარჩუნეს პეტრეს ქალაქშიო? ნუ თუ ვერ მიჰხვედრიხარ, რომ რაღაც რიდი აქვთ და ჩემს აქედან დაბრუნებას საქართველოში მუდამ აბრკოლებენ. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. იწერები: მანდ რას აკეთებო, - ღმერთმა არ იცის ამათი თავ-ტანი!...“

„წყალკურთხევის (უკეთ ვსთქვათ, ყინულის კურთხევის) მეორე დღეს ლავრის დიდ ტაძარში ვსწირე“.

„რუსეთს ჩავაბარეთ ჩვენი სვე-ბედი და აღარაფერს გვიბრუნებენ“.

„ცაში კაჭკაჭის გაფრენაც კი საგონებელში მაგდებს“

„ვერ იქნა, ვერ დავმწყსნე ლეონიდი“, - წერს კირიონი ერთ წერილში.

ლეონიდეს და კირიონს უცნაური ურთიერთობა ჰქონდათ: ჩხუბობდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც ერთ საქმეს აკეთებდნენ.

„თქვენო მეუფებავ, მწყემსმთავარო კირიონ!

ჩვენ შორის არსებული უთანხმოება ერთობ შორს გავიდა საზოგადოებაში და მრავალნი იმ აზრისანი არიან, რომ საზოგადო საქმეს ვღუპავთ და ვმარხავთ პირადი ანგარიშების გამო. მოსასპობელად ყოველი ამისა, გთხოვთ დაივიწყოთ ყველაფერი და გამომიწოდოთ მეგობრული ხელი.

თანაძმა და მსახური მდაბალი ეპისკოპოსი ლეონიდი.

ლეონიდე და კირიონი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
ლეონიდე და კირიონი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

უფრო ემოციური და პოეტურია ლეონიდეს მეორე წერილი:

„ყოვლად სამღვდელო! თუ თქვენი აქ არყოფნა ვისმეს მოაკლდა, - ეს გახლავართ პირველათ მე: აღარა მყამს მომხრე, ყველას ენა მუცელში ჩაუვარდა, ყველა თაგვის სოროში იმალება, კრინტს ვეღარავინ სძრავს, ყველა კურდღლათ და დედალ ქათმათ გადაიქცა. მარტო ერთი ვერაფერს ვხდები და ტყუილ უბრალოთ თავქვას ვიხლი. თქვენით როდესაც ზურგი გამაგრებული მქონდა, ცა ქუდათ არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ეხლა კი ზურგწამხდარი ცხენივით, ცაში კაჭკაჭის გაფრენაც კი საგონებელში მაგდებს. ჩვენი სილაჩრით გამარჯვებულებმა აღარ იციან როგორ იდღესასწაულონ თავიანთი დღესასწაული, როგორ გაგვთელონ, გაგვანადგურონ, ყურით გაგვლეწონ და მტვრათ გვაქციონ. ოჰ, ღმერთო, როდემდის, როდემდის უნდა ვიტრიალოთ ამ ჯოჯოხეთ საკირეში და გავარვარებულ თონეში! ნეტავი სულაც შეგნება არ მქონდეს, ან ისე ვიყო აგებული, რომ ადვილათ ურიგდებოდე და ვეთვისებოდე ცხოვრების ყოველგვარ პირობებს...

უთქვენობით მხარმოტეხილი და ობლად დარჩომილი ეპისკოპოსი ლეონიდი“.

თვითმკვლელობა ჩაკეტილი რევოლვერით

1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. კირიონი უკვე ასაკოვანი იყო და ჯანმრთელობაც შერყეული ჰქონდა, მაგრამ პატრიარქად მაინც აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ, 27 ივლისს, მარტყოფის საზაფხულო რეზიდენციაში ჩავიდა. მოსასვენებლად საწოლში მწოლი კირიონი დილით ტყვიით მოკლული იპოვეს.

თავდაპირველად გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დასახელდა. არავინ დაიჯერა, მაგრამ რეალურად ვინ მოკლა პატრიარქი, მაინც გაურკვევლი დარჩა. ეს დიდი დარტყმა იყო საზოგადოებისთვის, რომელიც ჯერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობისგან მიღებული შოკიდანაც ვერ გამოსულიყო.

დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე იგონებს: „ხმა დაუყარეს, რომ თავი მოიკლაო!“ 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო პირზე ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით მწოლიარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო! რევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან: რევოლვერი დაკეტილი იყო. როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? გვერდზე დაიგდო?! ასეთი დასკვნა გამოუტანა „გამოძიებამ“… ამის გამო მქონდა პირადი შეტაკება ნოე რამიშვილთან. 1918 წლის ივლისში, როდესაც ანჩისხატის ტაძარში მესვენა უცნაურად ტყვიით განგმირული კათოლიკოზი კირიონი, დიდძალი ხალხის თანდასწრებით გადავიხადე პანაშვიდი. ჯერ წარმოვთქვი მეტად აღგზნებული [სიტყვა] იმის თაობაზე, რომ მოწმე ვიყავი იმ არაადამიანური, მეფისტოფელური დევნა-შევიწროვებისა, რომელიც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილ მის პირველ კათოლიკოზს”.

მეუფე ლეონიდე თეკლათის დედათა მონასტერში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.
მეუფე ლეონიდე თეკლათის დედათა მონასტერში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

ლეონიდი

1019 წელს, ზუსტად ასი წლის წინ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ლეონიდე აკურთხეს. წინამორბედის მსგავსად, არც მას მოუწია ამ წოდების დიდხანს ტარება - ორ წელიწადში ქოლერით გარდაიცვალა. 1921 წელს, როდესაც თბილისში ბოლშევიკები შემოვიდნენ, სუფთა წყალიც არ იშოვებოდა. შესთავზეს, წყაროს წყალს მოგიტანთ ხოლმეო, მაგრამ უარი თქვა. ისიც სხვებივით მტკვრიდან მოტანილს სვამდა, რასაც შეეწირა კიდეც.

ლეონიდე ერთ-ერთი იყო, ვინც კირიონსა და ამბროსი ხელაიასთან ერთად ავტოკეფალიისთვის იბრძოდა. ის მონაწილეობდა პეტერბურგის შეხვედრაში, სადაც ქართველები დიდხანს უშედეგოდ ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ეკლესია ისტორიულად დამოუკიდებელი იყო.

ისტორიკოსი ლევან ტყეშელაშვილი წერს: „კრების წარმომადგენლებმა აღიარეს: „ისტორიული მხრით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებათა შესახებ აღარაფერი ეჭვი არა გვაქვს. ეს ეკლესია, როგორც დამტკიცდა, ნამდვილად ავტოკეფალური იყო, მაგრამ ეს ღირსება დაჰკარგა მას შემდეგ, რაც საქართველო პოლიტიკურად რუსეთს შეუერთდა“. მეტად საინტერესო იყო მიტროპოლიტ ფლაბიანეს პასუხი ყოვლადსამღვდელო ლეონიდის მიმართ: ყოვლადსამღვდელო ლეონიდმა ჰკითხა: „მაშ, ღმერთმა რომ გაუმარჯოს რუსეთის იარაღს და აიღოთ კონსტანტინეპოლი, იერუსალიმი, ანტიოქია და სხვა... თქვენ განა მოსპობთ იქ საპატრიარქოებს?!“ მიტროპოლიტმა ფლაბიანემ დიდის აღტაცებით წამოიძახა: „უეჭველად, უეჭველად, საპატრიარქოებს გავაუქმებდითო!!!“

პატრიარქი მეტეხის ციხეში

ლეონიდეს შემდეგ, 1921 წელს, პატრიარქი ამბროსი ხელაია ხდება. მის კურთხევაზე სვეტიცხოველში ხალხი ცოტა იყო, მილიციონერი - ბევრი. საქართველოში ბოლშევიკური ტერორი იწყებოდა.

ამბროსი ხელაია ოჯახთან ერთად.
ამბროსი ხელაია ოჯახთან ერთად.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე წერს, რომ პრესაში ქვეყნდებოდა „მუშათა მოწოდებანი“, გაესამართლებინათ „ანაფორიანი ინტრიგანები“, „ბნელეთის მოციქულები,“ „მენშევიკური საქართველოს იდეალისტები“. მართალია, ხელისუფლება საჯაროდ აღიარებდა სინდისის თავისუფლებას, მაგრამ პროვინციებში, დიდ ქალაქებში ადგილობრივი ბოლშევიკური მმართველობის დეკრეტებით აუქმებდნენ მოქმედ ეკლესიებს, აღწერდნენ საეკლესიო ქონებას და ახდენდნენ მის კონფისკაციას.

სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, წმიდა დავით და კონსტანტინეს ნეშტები რიონში გადაეყარათ.

ოქრო-ვერცხლით მოჭედილ ხატებს, ბარძიმ-ფეშხუმებს „ეკლესიებში ტყუილუბრალოდ დაყრილ ოქრო-ვერცხლს“ უწოდებდნენ. ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს, წიგნებს. საეკლესიო მეტრიკულ ჩანაწერებს. მხოლოდ 1923 წელს საქართველოში 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი დაიხურა.

რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა ხშირად უკიდურეს ფორმას იღებდა, მაგალითად, ქუთაისში წმინდა დავითისა და წმინდა კონსტანტინეს ნეშტებს სასამართლო მოუწყვეს.

„ორი კვირის მანძილზე მათ ლანძღავდნენ, რომ ისინი არავითარი წმინდანები არ იყვნენ და ხალხს ატყუებდნენ. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, წმიდა დავით და კონსტანტინეს ნეშტები რიონში უნდა გადაეყარათ, მაგრამ ცნობილმა მხარეთმცოდნემ პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა მათი მუზეუმში გადაბრძანება... სოფელ სალხინოში ტრადიციული ქრისტიანული წესით დაკრძალული მიცვალებულები ამოასვენეს და წითელი დროშებისა და რევოლუციური სიმღერების, სასულე ორკესტრის თანხლებით გადაასვენეს კომუნისტურ სასაფლაოზე“, - წერს სერგო ვარდოსანიძე.

რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში პატრიარქი დიდხანს ვერ დარჩებოდა ხელშეუხებელი, მით უფრო, რომ მას აღსაყდრებამდეც დევნიდნენ, განსაკუთებით მაშინ, როცა სოხუმში მოღვაწეობდა და აცხადებდა, წირვა რუსულად არ უნდა ტარდებოდესო.

როგორ სარგებლობენ მტრები ჩვენი შეუგნებლობით.
ამბროსი ხელაია

1922 წლის აპრილში ამბროსი ხელაიამ გენუაში მიმდინარე კონფერენციას მიმართვა გაუგზავნა და სთხოვა საქართველოს დახმარებოდნენ. ის წერდა, რომ რუსეთმა „დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე!“.

მალევე, 1923 წელს, ამბროსი ხელაია, საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, „ჩეკამ“ დააპატიმრა. თუმცა ორი წლის შემდეგ შეიწყალეს. როდესაც მეტეხის ციხიდან გამოსულმა სიონში წირვა აღავლინა, უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ამბროსი ხელაიამ გრძელი სიტყვა წარმოთქვა:

„როგორ სარგებლობენ მტრები ჩვენი უდისციპლინობით და შეუგნებლობით, მისი მაგალითი ბევრია, მაგრამ აქ მოვიყვან მხოლოდ ერთს. რუსეთის ეკლესიას არ მოეწონა ჩვენი ავტოკეფალიის გამოცხადება, რუსეთის ეკლესიიდან ყოველთვის გვიმზადებდნენ სხვადასხვა დაბრკოლებას…“ აქ პატრიარქი ცუდად გახდა და ცრემლები მოერია.

1927 წლის 22 მარტს დროებითი მმართველობის წევრებმა ამბროსი ხელაიას გამოუცხადეს, რომ იგი განთავისუფლებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელობიდან. მეორე დღეს, 23 მარტს, პატრიარქმა დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს გონება, 29 მარტს კი, დილის 3 საათზე, გარდაიცვალა…

ამბროსი ხელაიამ ანდერძად დაიბარა, მისი დაკრძალვის დროს სიტყვით არავინ გამოსულიყო, გაითავლისწინა რა, რომ მასზე კარგის თქმა მთქმელს საფრთხეში ჩააგდებდა. 3 აპრილს ის სიონის ტაძარში კირიონისა და ლეონიდეს გვერდით დაკრძალეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG