Accessibility links

წერილი ცხინვალის ციხიდან - რა გაირკვა ზაზა გახელაძის გზავნილით  


„როგორ ხარ, ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე. უთხარი, მამიკოს უყვარხარ-თქო. დედა, მამა, დათო როგორ არიან? ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მე ჯერ ვერ მომირჩა. მალე მომირჩება, ალბათ, და გავივლი. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება“.

ზაზა გახელაძის ეს წერილი მისმა ოჯახმა დღეს წითელი ჯვრისგან მიიღო. წერილი 8 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია დაწერილი. საერთაშორისო ორგანიზაციამ ორთვიანი მცდელობის შემდეგ ზაზა გახელაძე ცხინვალში პირველად მოინახულა. მას ივლისში ოჯახის მიერ დაწერილი ორი წერილი გადასცა და მისგან საპასუხო წერილიც წამოიღო.

ზაზა გახელაძის წერილით ირკვევა, რომ მისი ჭრილობა მსუბუქი სულაც არ ყოფილა, როგორც აქამდე ოჯახს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არწმუნებდნენ. დაჭრილი საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე ვერ დადის. გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ ზაზასთან ამდენ ხანს წითელი ჯვრის არშეშვებაც, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ მას მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და არ უნდოდათ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ენახათ.

„დღეს გადმოგვცეს წერილი. ზაზა ცუდად არის. ჭრილობა ისევ ღიად არის. წერს, რომ ღმერთის იმედი აქვს, რომ მალე ჩვენს გვერდით იქნება. დღემდე არ დაუდგია ფეხი - ისევ ისე ღია ჭრილობის გამო. ალბათ, მალე მომირჩებაო. მხნედ არის, რაც მთავარია. აქეთ ჩვენ გვამხნევებს. კარგად იყავით და ერთმანეთს გაუფრთხილდითო“.

ზაზას დედა, ნანა ბუნტური, აცხადებს, რომ, რთული ვითარების მიუხედავად, ზაზა ოჯახის წევრებს ამხნევებს.

ცხინვალის იზოლატორში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მღებრიშვილი, სამთვიან სასჯელს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იხდის. დაახლოებით, ერთი კვირის წინ წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ჯერ ის მოინახულეს.

კარგად ვარ, ნორმალურად მექცევიან, სასეირნოდაც გავყავარ, ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. იმედი მაქვს, მალე გამომიშვებენ“, - ხვიჩა მღებრიშვილისგან ამ შინაარსის წერილი მისმა ნათესავებმა სოფელ მეჯვრისხევში 4 სექტემბერს მიიღეს.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ის ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.

ჯერჯერობით ცხინვალიდან არ ვრცელდება ინფორმაცია, როდის შედგება სასამართლო პროცესი, მისი ოჯახი კი დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხინვალთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით აქვთ და დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაკავებულთა ოჯახებს ეუბნებიან, რომ ცხინვალის იზოლატორში მყოფთა გასათავისუფლებლად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისინი ოჯახებს სწრაფად დაუბრუნდნენ, თუმცა ეს განცხადებები საქართველოს დაკავებულ მოქალაქეთა ოჯახის წევრებს, უკვე ორი თვეა, ესმით. ცხინვალის იზოლატორში ბოლო წლებში ყველაზე დიდხანს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იჯდა - მან იქ 48 დღე გაატარა, მღებრიშვილი და გახელაძე კი, ორი თვეა, რაც დაკავებული არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG