Accessibility links

წილხვდომილობის რელიგიური და პოლიტიკური ასპექტები


ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის ფენომენზე საუბარი საქართველოში მე-10 საუკუნეში იწყება და საქართველოს ფარგლებს არ სცდება. უცხოური წყაროები ამ ფენომენზე არაფერს ამბობენ.

გარდა წმინდა რელიგიური საფუძვლისა, რაც ღვთისმშობლის გამოცხადებებსა და ეკლესიის უშუალო გამოცდილებას უკავშირდება, არსებობს ამ ფენომენის პოლიტიკურ-ისტორიული კონტექსტიც.

მესიანიზმი მესიანიზმის საპირწონედ

მე-4 საუკუნეში საქართველოს გაქრისტიანება არ იყო საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ბიზანტიას ის თავის მოკავშირედ ეღიარებინა, - ამბობს თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი და განმარტავს: „ქრისტიან ქვეყნებს შორის კულტურული დიფერენციაცია იყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ორ რამეს: ენას და რომელი ქვეყანა რომელი მოციქულისგან გაქრისტიანდა“.

მირიან გამრეკელაშვილი განმარტავს, რომ სწორედ ამ პროცესებმა დაუდო საფუძველი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილად გამოცხადებას.

წერილობითი ტექსტები ამ თემაზე მეათე-მეთორმეტე საუკუნეებში ჩნდება, - ამბობს ფილოსოფიის დოქტორი ეკა ჭყოიძე, - უფრო ადრე, 626 წელს, ავარების ალყისგან კონსტანტინოპოლის სასწაულებრივად გათავისუფლება ღვთისმშობლის სახელს დაუკავშირდა. ამის შემდეგ კონსტანტინოპოლში ყოვლადწმინდა მარიამს ქალაქის მფარველად აღიქვამდნენ. ეკა ჭყოიძე ამბობს, რომ მოგვიანებით ქართული მესიანისტური იდეის ჩამოყალიბება ერთგვარი პასუხი იყო ბიზანტიის მესიანიზმისგან თავის დასაცავად.

„მაგრამ ის, რომ ამის [ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა] შესახებ ვინმემ იცის ჩვენს გარდა, არსად ჩანს. ამაზე არც ერთი უცხოური წყარო არ წერს“, - ამბობს ის.

რაც შეეხება რელიგიურ მოტივს, ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ლაპარაკია ღვთისმშობლის ორ გამოცხადებაზე.

გამოცხადება ულუმბოს მთაზე

ილარიონ ქართველის ცხოვრებაში წერია, რომ როდესაც ულუმბოს მთის (მცირე აზია) მონასტერში სტუმრად მისული ქართველი ბერების გაყრა მოისურვეს, ღვთისმშობელი მონასტრის წინამძღვარს გამოეცხადა და უთხრა, რომ ქართველები მას ქრისტესგან ერგო, რადგან მათ მაცხოვარი სწამდათ და მართლმადიდებლობის მტკიცე მცველები იყვნენ:

„რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათჳს მათისა, ვინაჲთგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაჲ და ნათელ იღეს“.

ათონის მთა
ათონის მთა

გამოცხადება ათონის მთაზე

მე-11 საუკუნეში გიორგი მთაწმინდელი წერს, რომ პატარა ექვთიმემ (მთაწმინდელი) ქართული ენა ღვთისმშობლის გამოცხადების შედეგად ისწავლა. ათონის მთაზე ყოფნისას ის ძალიან მძიმედ გახდა ავად. გიორგი მთაწმინდელი თავად ექვთიმეს მონაყოლს იხსენებს: „წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მრქუა ქართულითა ენითა: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი”.

ეკა ჭყოიძე განმარტავს, რომ, მართალია, ამ ამბავში წილხვდომილობასთან დაკავშირებით უშუალო მითითება არ არის, მაგრამ ხაზგასმულია ის, რომ ღვთისმშობელი ქართულად ლაპარაკობდა. რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ვერსიას, რომ ღვთისმშობელს საქართველოს მოქცევა კენჭისყრის შედეგად ხვდა წილად, ეს ლეგენდა შედარებით ახალია. „ქართლის ცხოვრებაში“ ამის შესახებ ჩანაწერი მე-18 საუკუნეში ჩნდება.

„გამოცხადებაზე როცა ვსაუბრობთ, გვაინტერესებს მისი კულტუროლოგიური და იდეოლოგიური კონტექსტი. მკვლევარი ვალდებულია პირუთვნელი და ემოციებისგან თავისუფალი იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გადავამოწმებთ, ეს მართლაც მოხდა თუ არა“, - ამბობს ეკა ჭყოიძე.

მისივე თქმით, თქმულება წილხვდომილობის შესახებ, ერთი მხრივ, აძლიერებს თავდაჯერებულობას, მეორე მხრივ კი, შესაძლოა ამპარტავნების მიზეზადაც იქცეს.

„ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა, ანუ იმედისა“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ (იმედის დღე) 2019 წელს გამოცხადდა.

მართლმადიდებელ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვდომილად საქართველოს გარდა კიდევ სამი ტერიტორია მიიჩნევა: ათონის მთა საბერძნეთში, კიევ-პეჩორის მონასტერი უკრაინაში და დივეევოს სამონასტრო კომპლექსი რუსეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG