Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2023 წლის საგაზაფხულო სემესტრის სტიპენდიის კრიტერიუმები ნოემბერში დაადგინეს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრებით გამორჩეული სტუდენტები, გაორმაგებული სტიპენდიის მიღებას ელოდებიან.

2023 წლის შემოდგომაზე მთავრობა სტუდენტებს დაჰპირდა, რომ ყოველთვიური სტიპენდია 150-დან 300 ლარამდე გაიზრდებოდა და სტიპენდიატებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ 5-თვიანი საგაზაფხულო სემესტრისთვის 1500 ლარს მიიღებდნენ.

აღმოჩნდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ბრძანებით, სტიპენდიატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები შემოიღო: სამეცნიერო კონფერენციებში ან სხვა სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობა.

თუმცა იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ საგაზაფხულო სემესტრისას მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, საჭირო იყო სხვა აქტივობებში მონაწილეობა, სტუდენტებმა პოსტ-ფაქტუმ, შემოდგომაზე შეიტყვეს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ რადიო თავისუფლებას არ განუმარტა, რატომ გაიგეს სტუდენტებმა დამატებითი კრიტერიუმების შემოღების შესახებ მხოლოდ სემესტრის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სამინისტრომ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სტიპენდიების გაცემის პრაქტიკა გამოითხოვა. კონფერენციების კომპონენტი რამდენიმე წლის წინ ჩვენთანაც იყო და ზოგ სხვა უნივერსიტეტშიც, მაგალითად, თსუ-ში, როგორც ვიცი, იქ ასეთი პრაქტიკა ახალი ცვლილებების მიღებამდეც მოქმედებდა. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სამინისტრომ გარკვეულწილად შეაჯერა უნივერსიტეტებში არსებული პრაქტიკა“, - გვითხრა გიორგი გვალიამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა.

ილიაუნის პროფესორი ამბობს, რომ მისთვის სტუდენტების ღელვა გასაგებია, უკეთესი იქნებოდა, დამატებითი კრიტერიუმების შესახებ სტუდენტები წინასწარ ყოფილიყვნენ ინფორმირებული, მაგრამ მიიჩნევს, რომ ცვლილებები სტიპენდიატების შერჩევაზე არსებით გავლენას მაინც ვერ მოახდენს:

„წესი ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ძირითადი წონა თუ წილი მაინც აკადემიურ მოსწრებას ეხება. მერე ემატება ამას დამატებითი აქტივობები, მათ შორის, კონფერენციებში მონაწილეობა. კიდევ ერთი მომენტი ისიც არის, რომ რეალურად არავინ არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული... ისე არ არის, რომ რაღაც ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ამიტომ ბევრ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მეორე ნაწილს არ ჰქონდა.

ზოგადად, რა თქმა უნდა, ინფორმირებულობა უკეთესია, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ საბოლოო შედეგების თვალსაზრისით, მე არ ველი, რომ ეს დიდ გავლენას იქონიებს ამ სემესტრში“.

ვიცე-რექტორმა თქვა, რომ კვლავ გადამწყვეტი იქნება აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი და სტუდენტებმა კონფერენციებში ზერელედ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა.

„ჯერ ჩვენ არ გვინახავს, რეალობაში, როგორ იმუშავებს [ახალი პრაქტიკა], დაველოდებით და შევხედავთ. თუ დავინახავთ, რომ სტიპენდიების გაცემის პროცესი არ იქნება შესაბამისი აკადემიურ შედეგებთან და რაღაც პრობლემები წარმოიშობა, შემდეგ მივაწვდენთ ხმას [განათლების სამინისტროს]. დარწმუნებული ვართ, სხვა უნივერსიტეტებიც დააკვირდებიან, როგორ იმუშავებს ეს მოდელი“, - ამბობს გიორგი გვალია.

ილიაუნის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიატების სია დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

2023 წლის საგაზაფხულო სემესტრის საფუძველზე სტიპენდიისთვის შემდეგი თანხა არის გამოყოფილი:

ამონარიდი პროგრამიდან „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“.
ამონარიდი პროგრამიდან „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“.
  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG