Accessibility links

site logo site logo

წლის ყველაზე დეპრესიული ფილმი, საახალწლოდ


“იგი ხვალ მოკვდება” (2020, აშშ, რეჟისორი ემი სეიმეცი, “She dies tomorrow")

2020 წელი რომ არ იყოს, საშობაოდ, ცხადია, მხიარულს და დამაიმედებელს შემოგთავაზებდით. რა დასამალია, ასეთ ფილმებს ყველა ეძებს. “გვირჩიეთ, რა, კარგი ფილმი, ოღონდ თქვენ რომ გიყვართ, მძიმე... ეგეთი არა!”. “შე დალოცვილო, თუკი დარწმუნებული ხარ, რომ მძიმე კინო მიყვარს, აბა, რჩევას მე რატომ მთხოვ?”. არაერთხელ მიფიქრია, როცა მსგავსი თხოვნით მოუმართავთ.

თანაც, არ არის მართალი. ყოველ შემთხვევაში, საახალწლოდ სიამოვნებით გავიხსენებდი კარგ მელოდრამას, როგორიცაა, მაგალითად, ბილი უაილდერის “ბინა”, ანდა იმავე ფრენკ კაპრას კომედიას “ცხოვრება მშვენიერია”, რომელშიც ყველაზე მოულოდნელი სასწაული გათამაშდება. არც ელდარ რიაზანოვის “ბედის ირონიას” ვერჩი - მაინც ჩემი თაობის ცხოვრების ნაწილია. ასე უბრალოდ ამ ნაწილის უარყოფა არ გამოდის. და, ვფიქრობ, არც არის საჭირო.

მაგრამ 2020 წელი განსაკუთრებულია. ამ ტრაგიკულ დროში “ყველაფერი კარგად იქნებას” ძახილი უფრო თავის მოტყუება მგონია.. ამიტომ გავრისკავ და ჩვენს რუბრიკაში 2020 წლის ბოლო პარასკევს ყველაზე მძიმე ფილმს შემოგთავაზებთ, ფილმ-წინასწარმეტყველებას, რადგან იმხანად, როცა ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ემი სეიმიცმა თავის ამ ახალ სურათზე მუშაობა დაიწყო, სიტყვა “პანდემია” ლამის უკვე ხმარებიდან იყო ამოღებული. ფილმის პრემიერა 2020 წლის 14 მარტისთვის იყო დაგეგმილი, ზუსტად იმ დღეს, როცა ამერიკაში კოვიდის გამო კინოთეატრები დახურეს. სურათი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტად გამოხატავს 2020 წლის სახეს, დღევანდელობისთვის დამახასიათებელ განწყობილებას, პროდიუსერებმა ონლაინ ჩვენებებისთვუს გაიმეტეს - პრემიერის გადადებას აზრი არ ჰქონდა. მაყურებელს “იგი ხვალ მოკვდება” სწორედ დღეს, პანდემიის დროს, უნდა ენახა.

კარგი იქნება, თუ ამ ძალიან საინტერესო ქალის შემოქმედებას გაეცნობით (და ბიოგრაფიასაც, კერძოდ, შეყვარებულთან განშორების და თვითმკვლელობის მცდელობის ისტორიას, რომელიც, გარწმუნებთ, ცალკე ფილმია). ნამდვილად არ უნდა გამოგრჩეთ მისი, როგორც რეჟისორის, დებიუტი “ნუ ანათებ, მზეო”. ეჭვის, უნდობლობის, მომავლის შიშის გამომხატველი სახეები იმ ფილმში ქმნიან კლაუსტროფობიურ ატმოსფეროს, რომელიც ფილმის მეორე ნაწილში მაყურებელსაც გადაედება. დიახ, კლაუსტროფობიისა, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად აღელვებს რეჟისორს; მის ახალ სურათში ჩაკეტილობა და პარანოია უკვე ისტერიკაში გადაიზრდება... “იგი ხვალ მოკვდება” გასულ წელს რომ გამოსულიყო ეკრანებზე, ან, თუნდაც, 2020 წლის მარტში, სურათს სულ სხვა ეფექტი ექნებოდა. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ დღეს სეიმიცის ახალი სურათი ჩვენი ცხოვრების ანარეკლად იქცა. უბრალოდ, ჩვენ დღეს კოვიდის გადადების შიშით ვცხოვრობთ, სეიმიცის ფილმში კი სხვა ვირუსი თამაშდება - ადამიანები იჯერებენ, რომ “ხვალ მოკვდებიან”. ეს ვირუსი, პირველ რიგში, კლავს საღ გონებას, აღვიძებს ყველაფერს, რაც ქვეცნობიერში გვაქვს, აღვიძებს იმას, რაც ანგრევს და ხრწნის. ჩვენს წინაშე თამაშდება ამბავი ტრილერის და ფსიქოლოგიური დრამის ზღვარზე (ამ ჟანრის ნიშნები გამოჩნდა ასევე ფილმში “ნუ ანათებ, მზეო”), ოღონდ, როგორც ეს სჩვევია “ამერიკელი დამოუკიდებლების” უმრავლესობას, ძალიან პირობითი, თითქმის ფანტასტიკური სახეებით თამაშით - ხმაურებით, ფერების კონტრასტებით, მოულოდნელი გამონათებებით, ერთგვარი რეაქტიული ატრაქციონებით, რომლითაც ავტორი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ, ფილმის გმირების მსგავსად, ჩვენი ფსიქიკაც მზადაა ამ ისტერიკისთვის. საკმარისია ერთი გამაღიზიანებელი და ჩვენ შეიძლება საერთოდ დავკარგოთ ადამიანურობა და ისე შეგვეშინდეს, რომ თავად მოვინდომოთ სიკვდილთან თამაში, ფილმის ერთი გმირის მსგავსად ვიკითხოთ, “თუკი ვიცით, რომ ოდესმე აუცილებლად მოვკვდებით, რატომ არ შეიძლება ხვალვე მოვკვდეთ?”

კინოხელოვნება ზოგიერთი რეჟისორისთვის სარკმელია (მე პირადად ასეთი კინო მიყვარს), ზოგისთვის - სარკე, ზოგისთვისაც - თვალი და მზერა. სეიმიცი, როგორც ჩანს, იმ ავტორებს მიეკუთვნება, ვისთვისაც კინო, პირველ რიგში, გონებაა, ტვინია. სურათის ერთ გმირს, ჯეინს, მაგალითად, ესმის უცნაური ბგერები, რომლებსაც მისი ტვინი გადმოსცემს. “ტვინი, რომელიც ხმაურობს” - ცხადია, ეს კინოხელოვნების სახეა! ფაქტია, კინემატოგრაფისთვის დამახასიათებელი ისეთი ხერხები, როგორებიცაა, თუნდაც, ასოციაციური მონტაჟი, ფლეშბეკები, წაფენები, აუცილებლად გაგახსენებთ ადამიანის ცნობიერების შემქმნელ მექანიზმებს. გერმანელი რეჟისორი ფრიც ლანგი ხომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში ამბობდა, რომ კინემატოგრაფის ტექნოლოგიები უფრო ახლოსაა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან, “სიგიჟესთან”, ვიდრე რეალიზმთან.

ასეა აქაც, სეიმიცის ფილმში. სურათის პირველი კადრი უკვე “ატრაქციონია”, შოკია თავისი მასშტაბით, თავისი ზომით. მაყურებელი ხედავს ფილმის გმირს, ემის (ამ როლში ვიხილავთ კეიტ ლინ შეილს, რომელმაც მანამდე ითამაშა ფილმში “ნუ ანათებ, მზეო”). იგი გარდასულ “კარგ დროზე” გვიყვება. უფრო სწორად, ჩვენ ვხედავთ არა ემის, არამედ მის თვალს, რომელიც ჩვენკენაა მომართული. ადამიანის სახეს, სხეულს, კანს, როგორც წესი, ასეთი ზეახლო ხედებით არ იღებენ ხოლმე. მაგრამ სეიმიცისთვის წესები არ არსებობს. “იგი ხვალ მოკვდება” თავიდან ბოლომდე ჰალუცინაციების, ფსიქოდელური განცდების თაიგულია, იმ სახეების ერთობლიობა, რომელიც პანიკის შედეგად იქმნება. ესაა ფილმი, რომელიც ხანდახან ინგმარ ბერგმანს გაგახსენებთ, ხანდახან ჯონ კასავეტესს, ხანდახან ტრიერს. ვინაიდან წესები არ არსებობს, შესაბამისად, “გემოვნებაზე” პრეტენზიაც პრინციპულად უარყოფილია. თქვენ შეიძლება გაბრაზდეთ, მაგალითად, მოცარტის „რეკვიემის“ გამოყენებაზე სეიმიცის ფილმში, ანდა, თუნდაც, კამიუს სწორხაზოვან ციტირებაზე, მაგრამ ვინ თქვა, რომ კიტჩი ფსიქიკური შეტევის გამომხატველი ფორმა არაა? პანიკის ფორმა, რომელსაც ფილმის პირველი კადრიდან ქმნის ამერიკელი რეჟისორი.

მესმის, რომ ბევრისთვის გამაღიზიანებელი იქნება წლის ყველაზე დეპრესიული, შფოთვით აღსავსე ფილმის შერჩევა საახალწლოდ. როგორც იტყვიან, “ისედაც დაიღალა ხალხი”! მაგრამ მაინც მგონია, რომ კინოს მოყვარულებმა ეს საშინელი წელი სეიმიცის ფილმით უნდა გავაცილოთ. თუკი ფილმის გმირი თავისი “გადიდებული თვალით” გვიყურებს ჩვენ, მაყურებელს, ჩვენც არ დავიზაროთ და ყურადღებით შევხედოთ. ეგება მისმა სიგიჟემ დაგვანახვოს ის ფობიები, რომლებიც ჩაკეტილობამ და “გადადების შიშმა” (თუ სიკვდილის შიშმა) ახლა უკვე ჩვენ გაგვიძლიერა. ბოლოს და ბოლოს, კინო ხომ ერთდროულადაა სარკმელიც, სარკეც და ცნობიერების ნაკადიც.

“დანახვა” კათარზისისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, განსაკუთრებით აუცილებელი მაშინ, როცა სიკვდილი, მართლაც, სულ ახლოს, სულ გვერდითაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG