Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 წუთიანი ფილმების კონკურსის ფინალისტები ცნობილია


პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ და რადიო თავისუფლების ერთობლივი, 3 წუთიანი ფილმების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა - ფინალისტები ცნობილია.

კონკურსზე, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება იყო, სულ 77 საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა.

5 პროფესიონალისგან შემდგარმა ჟიურიმ 17 საუკეთესო სამწუთიანი ფილმი აარჩია. სწორედ მათგან გამოვლინდება 4 გამარჯვებული.

პირველ ადგილზე გასული საუკეთესო ფილმი მიიღებს 17.000 ლარს.

მეორე ადგილის მფლობელი - 12 000 ლარით დაჯილდოვდება.

მესამე ადგილოსანი - 9000 ლარს მიიღებს.

პრიზი ფილმის გრძელი ვერსიის შექმნისთვის რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობით 7000 ლარია.

პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ხელმძღვანელი პატრისია როსა გარსია რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ 3 წუთიანი ფილმების ფესტივალმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ამას კონკურსის მონაწილეთა რაოდენობაც მეტყველებს: „ვფიქრობ, ჩვენ ამით უკვე მიზანსაც მივაღწიეთ, რომ ამდენი ადამიანი დაფიქრდა ამ საკითხებზე და იმუშავა“.

„ჩვენი პროექტი საქართველოში ხელს უწყობს სწორედ გენდერულ თანასწორობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ამ მხრივ, თუმცა კვლავაც რჩება არაერთი პრობლემა, რომლის გადასაჭრელად მუშაობაა საჭირო, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ა.შ. ფილმების უმრავლესობა, რომელიც კონკურსზე შემოვიდა, სწორედ ამ საკითხს ეხებოდა და ვფიქრობ, ეს კარგად ასახავს იმას, რაც ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ხდება“, - გვითხრა პატრისია როსა გარსიამ.

პატრისია როსა იმედს გამოთქვამს, რომ ეს ფილმები თავის როლს ითამაშებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, გასცდება ამ ფესტივალს და სოციალური ქსელების თუ იუტუბის მეშვეობით მიაღწევს ადრესატებამდე.

ფინალისტი ფილმების ნახვა შეგიძლიათ აქ:

  1. სალომე ჯუღელი - ნეტავ
  2. შორენა თევზაძე - ნაწყვეტები დეა გოშხეთელიანის ჩანაწერებიდან
  3. ამირან ქავთარაძე - 3 თვე
  4. ზვიად ციკოლია - უდანაშაულოდ დამნაშავენი
  5. თამარ გურჩიანი, რიკარდო ანგოტი - ფესვები, რომლებიც ვართ
  6. რატი ერაძე - ეძღვნება ყველას, ვინც ვერ შეძლო აქამდე მოსვლა
  7. პეტრე თომაძე - ღამის სეანსი
  8. მირიან ორაგველიძე - ნარიმე
  9. იზა თითბერიძე - თბილისის აკორდები
  10. ნინო გელოვანი - სევილ
  11. ალექსანდრე ქორიძე - ინსპექტორი მაია
  12. მარიამ აგლაძე - ყოველი მეშვიდე
  13. ქეთევან კაპანაძე - ლალა, მანქანების მექანიკოსი
  14. გიორგი ხარაძე - წრეზე
  15. ალექსანდრე ქვირია - დამიძახეთ გაბრიელა
  16. ანასტასია სლოვინსკაია - დრაკონი
  17. ქეთი გიგაშვილი, თინა გოგოლაძე - ზარი

კონკურსის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან: ევროკავშირის პროექტი - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“ და „რადიო თავისუფლება“. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG