Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 წუთი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ


კადრი ფილმიდან "ჩემი მეზობელი ომარი"
კადრი ფილმიდან "ჩემი მეზობელი ომარი"

ფლირტი თუ სექსუალური შევიწროება? მას შემდეგ, რაც საქართველოში სექსუალური შევიწროება კანონით ისჯება, ამ კითხვაზე სწორი პასუხი გადამწყვეტი გახდა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორები იკვლევენ სექსუალი შევიწროების თემას და მის ფარულ ფორმებს.

„ჩემი ფილმის პერსონაჟისთვის [რეჟისორი, რომელიც როლზე მსახიობ გოგოს არჩევს] გასაუბრებაზე მისული გოგონას არც პიროვნებას, არც ასაკს, არც გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც მას გახდას სთხოვს, ეუბნება კიდეც, გაშიშვლდი, ხომ უნდა ვიცოდე, რას ვიღებ ფილმშიო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა ციმაკურიძემ.

ნიკა ციმაკურიძის „ქასთინგი“ სექსუალურ შევიწროებაზე 3-წუთიანი ფილმების კონკურსის მეორე ადგილის მფლობელია. ფილმში სექსუალური შევიწროება პროფესიული გასაუბრების დროს ხდება. რეჟისორის მიზანი იყო ეჩვენებინა ის დამამცირებელი გარემოებები, რომელში ყოფნაც ხშირად უწევთ ქალებს სამსახურის ძებნის პროცესში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2017 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალების 20 % ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, აქედან ნახევარი - სამსახურში.

საქართველოში 2019 წლის მაისის შემდეგ სექსუალური შევიწროება კანონით ისჯება.

2019 წელს (10 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით), კანონის ძალაში შესვლიდან, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების 12 შემთხვევა გამოვლინდა და 13 პირი დამნაშავედ ცნეს. 12 შემთხვევიდან 6 ქუჩაში მოხდა, 2 - ლიფტში, 2 - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 1 - სოციალურ ქსელში და 1 შემთხვევა საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილზე დაფიქსირდა.

იცი, რა ითვლება სექსუალურ შევიწროებად?

როგორც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ჰურატე იუდსნუკიტე ამბობს, საზოგადოებისთვის ჯერ ისევ ძნელია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება სექსუალურ შევიწროებაში.

„კანონი უკვე იძლევა ამის განმარტებას, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. სექსუალური შევიწროება ინდივიდუალური საკითხია და ის დიდხანს იყო ტაბუირებული, ამიტომ მის აღმოსაფხვრელად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების მზაობაა“, - ამბობს ის.

სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის სიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, ადამიანთან არასასურველი ნებისმიერი სახის ინტერაქცია, რომელიც აწუხებს, შეურაცხყოფს, აშინებს მას. სექსუალური შევიწროება შესაძლებელია ქმნიდეს არაკომფორტულ, დამამცირებელ გარემოს მსხვერპლისათვის.

კადრი ფილმიდან "ქასთინგი"
კადრი ფილმიდან "ქასთინგი"

ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი ვარაუდობს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში, საჯარო ტრანსპორტში - ავტობუსში, მეტროში, ზოგჯერ ტაქსიშიც - სექსუალური შევიწროება ყველაზე ხშირად ხდება.

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ განმარტებით, საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებად შესაძლებელია ჩაითვალოს:

  • დასტვენა ან დასიგნალება;
  • სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება;
  • სახელის ან/და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა მას შემდეგ, რაც ადამიანმა გარკვევით თქვა უარი ან ამ მოთხოვნის იგნორირება მოახდინა;
  • სექსისტური კომენტარები;
  • შემფასებლური კომენტარები;
  • ჰომოფობიური ან ტრანსფობიური კომენტარები;
  • ვულგარული ჟესტები;
  • გენიტალების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში;
  • არასასურველი შეხება ან ხახუნი;
  • სექსუალური ძალადობა;
  • სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას ან/და შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, ძალადობრივი ან/და მტრული გარემოს შექმნას და კავშირშია სექსუალობასთან.


კითხვები საკუთარ თავთან

სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი მხოლოდ ქალები არ ხდებიან. 2018 წელს ამერიკაში „გენდერული თანასწორობისა და ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სექსუალური შევიწროება გამოუცდია ქალების 80 %-ს დამამაკაცების 40%-ს.

ფესტივალის გამარჯვებული ფილმ „მელოდიის“ ერთ-ერთი რეჟისორის, სანდრო ვისოცკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სექსუალურ შევიწროებას მამაკაცებიც განიცდიან, ქალების უმრავლესობისთვის ეს პრობლემა ბევრად უფრო ნაცნობია.

ფილმში მოქმედება ტაქსიში ვითარდება და მსხვერპლი გოგოა, რომელიც ღამით მგზავრობს. მაყურებლისთვის სინამდვილე და წარმოსახვა ერთმანეთში ირევა და რთული გასარჩევი ხდება საფრთხე რეალურია, თუ მხოლოდ მგზავრი გოგონას შიშები.

„მე და ნინოს არ გვინდოდა, რომ ფილმში ქალი დაუცველი და დაჩაგრული ყოფილიყო. ბრუტალური სცენაც ამიტომ ავირჩიეთ, რათა მოძალადემაც იცოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება“, - ამბობს სანდრო ვისოცკი.

კადრი ფილმიდან "მელოდია"
კადრი ფილმიდან "მელოდია"


სექსუალურად შევიწროებულის ჩივილის დაჯერება ხშირად მსხვერპლის უახლოეს ადამიანებსაც უჭირთ. როგორც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ჰურატე იუდსნუკიტე ამბობს, ვიღაცისთვის უსიამოვნო რეპლიკა მეორის მიერ შესაძლებელია კომპლიმენტად იქნეს აღქმული.

მსგავსი გამოწვევის წინაშე დგება ნატო ბაგრატიონის ანიმაცია „ჩემი მეზობელი ომარის“ მთავარი პერსონაჟი გოგონა. მას ოჯახის წევრების იმედიც არ აქვს. „ჩემი მეზობელი ომარი“ ნატო ბაგრატიონისთვის პირველი ანიმაციაა და კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა.

„ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ისეთი პრობლემის წინაშე დგები, როგორიც სექსუალური შევიწროებაა“, - ამბობს ის და განმარტავს, რომ მისი ფილმის ერთ-ერთი მიზანი იმ ადამიანების წაქეზებაც იყო, ვინც ეს პრობლემა საკუთარ თავზე გამოსცადა - „არ დამალო, გაბედე, თქვი და იმოქმედე! - ეს არის ჩემი ფილმის დევიზი“.

საქართველოში სექსუალური შევიწროების ფენომენი არ არის საკმარისად შესწავლილი. ჯერჯერობით არც ის ვიცით, რამდენად შეცვალა მდგომარეობა ახალმა კანონმა.

პატრისია როზა გარსიას თქმით, საკუთარ ემოციებში გარკვევა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

„ვგრძნობ თუ არა დისკომფორტს ამ ყურადღებისგან? - ეს არის პირველი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ”, - ამბობს ის.

კადრი ფილმიდან „ჩემი მეზობელი ომარი“
კადრი ფილმიდან „ჩემი მეზობელი ომარი“

3-წუთიანი ფილმების კონკურსი პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის” და რადიო თავისუფლების ერთობლივი მხარდაჭერით ჩატარდა. მისი მიზანი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერება იყო. მასში მონაწილეობა შეეძლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს.

კონკურსზე სულ 39 ნაშრომი შევიდა, რომელთაგან 17 ფინალისტი შესარჩევმა კომისიამ აარჩია, ფინალისტთა შორის 3 გამარჯვებული კი 16 აპრილს დაასახელეს.

მეორე ტურში გასული ფილმები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG