Accessibility links

ჭიათურელი მაღაროელების უკომპრომისო აქცია - დღე მე-9


მე-7 დღეა ჭიათურაში 14 მაღაროელი შიმშილობს. 3-მა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მე-9 დღეა 500-მე მაღაროელი აქციაზე დგას.

მაღაროელთა პროტესტს უერთდებიან ქალაქის მცხოვრებლებიც. მათ ქალაქში მსვლელობაც გამართეს. შეძახილებით „მაღაროელებს გაუმარჯოს!“, „ჭიათურას გაუმარჯოს!“

მე-9 დღეა ჭიათურელ მაღაროელებს ერთი და იგივე მოთხოვნა აქვთ:

  • ხელფასების მატება 30%-ით და რეორგანიზაციის შემდეგ +20%;
  • უკეთესი ჯანდაცვის და სადაზღვეო პირობები მაღაროელებს და მათ ოჯახებს;
  • მაღაროელთა უკეთესი კვება;
  • მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა ქალაქის ტერიტორიაზე.

გაფიცული მაღაროელები, ქალაქიდან გასასვლელებს აკონტროლებენ, რათა კერძო კოოპერატივებში მოპოვებული მადანიც კი არ გავიდეს ქალაქიდან.

გაფიცულმა მაღაროელებმა, დამსაქმებელთან მოლაპარაკების პროცესში მედიატორის ჩართვაზე უარი განაცხადეს.

დღეს ისინი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ჩაერთოს მათ მოთხოვნების მოგვარების პროცესში.

ადგილზე ხელისუფლებას წარმოადგენს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, გივი მოდებაძე. რომელიც მაღაროელებს ხვდება, თუმცა კომპანია „ჯორჯიან მანგანზესა“ და გაფიცულ მაღაროელებს შორის ქმედითი კომუნიკაციის მიღწევა ვერ ხერხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ჟორჟოლიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას შემდეგ რაც დასაქმებულებმა მედიატორის ჩართაზე უარი განაცხადეს, სამინისტროს შუამავლის როლის შესასრულებლად სხვა ბერკეტი აღარ დარჩა.

„თუ მოითხოვენ მედიატორის ჩართვას, არანაირი პრობლემა არ არის, მაშინვე ჩაერთვება, მაგრამ თუ სასამართლოს მიმართავს დამსაქმებელი მაშინ მედიაციის უფლებამოსილება წყდება. თუმცა, თუ დასაქმებულები მოითხოვენ ჩარევას, ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ და დამსაქმებელს ვთხოვოთ გამოიტანოს სარჩელი და აღდგეს მედიაციის პროცესი“.

საქართველოს მთავრობის პოზიცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორ წინადადებაში გამოხატა: "ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების ობიექტურ და სამართლიან მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება სამედიცინო მომსახურება, ადგილზე კვება და სხვა საკითხები“ და „რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს“ და „თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული“

ჭიათურაში კი აქცია გრძელდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის მერაბ ლომინაძისთვის უცნობია რა წინაპირობებმა გამოიყვანა მაღაროელები აქციაზე. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ გაუგებარია გაფიცულთა საპროტესტო მუხტის საფუძველი.

მერაბ ლომინაძის სიტყვებით, თუ აქციები გაგრძელდება და მაღაროში მანგანუმის მოპოვება შეჩერდება კომპანიას სულ უფრო მცირე შანსი დარჩება შეასრულოს ხელფასების 25%-იანი მატების დაპირებაც.ვინაიდან ჭიათურის მაღარო გაჩერება ავტომატურად გამოიწვევს ზესტაფონის ფეროსენადნობთა ქარხნის გაჩერებას, ეს ქარხანა მანგანუმის მადანს იყენებს პროდუქციის საწარმოებლად.

„იმ შემთვევაში თუ ზესტაფონი და ჭიათურა გაჩერდება, კომპანია კიდევ უფრო მეტ ზარალზე წავა და კიდევ უფრო მოკლებული იქნება შესაძლებლობას დააკმაყოფილოს რაიმე სახის მოთხოვნები. უბრალოდ ამის რესურსი არ იარსებებს“.

„ჯორჯიან მანგანეზი“დასაქმებუბელთან მოლაპარაკების მიზნით საინიციატივო ჯგუფის გამოყოფას მოითხოვს რაზეც მაღაროელები უარს აცხადებენ. კარავში მოშიმშილე 14 მაღაროელს კი ხვალიდან სავარაუდოდ კიდევ 7 გაფიცული მაღაროელი შეუერთდება.

მოშიმშილე მაღაროელმა რომან კუპატაძემ, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა და ამბობს:

„იმ შემართებით ვარ, რომ ბოლომდე მივიყვანო ეს ყველაფერი. მოვკვდები, მაგრამ ისე მოვკვდები, რომ ეს ჩემთვის იქნება საამაყო სიკვდილი თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. ჩვენ, მშრომელ ხალხს ხალხად არ გვთვლიან. დაუფასებლობამ წარმოქმნა ეს ყველაფერი, არაადამიანურმა მოპყრობამ. პირადად მე ვარ ამის შემსწრე და ეს 3800 კაცი. ამათი საქციელი, ამათი მოსვლა, ამათი ყოველდღიურობა არის გაუსაძლისი - მუქარა, რომ „თუ იმას არ გააკეთებთ რასაც გეუბნებით, მოიხსნებით სამსახურიდან“. აქ ყველა გაჭირვებითაა მისული, ყველას ბანკის ვალი აქვს და ამით მანიპულირებენ ხალხზე, მაგრამ ამოვიდა ყელში, დავიღალეთ. ავსებულია უკვე მოთმინების ფიალა. ახლა ხალხი იქით ვმართავთ ამათ.

ბექა ბიწაძე, გაფიცული მაღაროელია და ამბობს: გამოსულია ხალხი, ის ადგილობრივებიც ჩვენზე არიან დამოკიდებული. გაფიცული ბიჭების მეუღლეები არიან, მათი შვილები, ყველა გარეთაა და ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. აქ ცხოვრება არის წარმოუდგენელი დღევანდელ პირობებეში, უნდა ჩაერიოს მთავრობა და მიხედოს იმ ხალხს ვინც ჩვენ კაპიკებზე გვამუშავებს. ჩაერიოს სახელმწიფო და მოგვხედოს ჩვენ. აქ ხალხმა შეიძლება კარგად იცხოვროს. ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, ადამიანური პირობები გვჭირდება ჩვენ. ჩამობრძანდით, ორი თვე იცხოვრეთ ჭიათურაში და მერე მიხვდებით, როგორი სიტუაციაა.

გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი შეხვდა. ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის მანდატი არ ვრცელდება ყველა იმ საკითხზე რასაც მაღაროელები ჩამოთვლიან.თუმცა სახალხო დამცველი მაღაროელთა სამუშაო პირობებს შეისწავლის. „დღეს რაც მოვისმინე, ის 12-საათიანი რეჟიმი, ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს, რაც დადგენილი არის მაქსიმუმ სამუშაო საათებად, მითუმეტეს, რომ მათ უწევთ ძალიან მძიმე, ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით შრომის უსაფრთხოების საკითხებით, მოვისმინე, რომ კვებით უზრუნველყოფა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში გაფიცულებისგან, თუმცა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად კომპანია“,- განაცახადა ნინო ლომჯარიამ.

მაღაროელთა აქცია კი გრძელდება. გრძელდება მოთხოვნათა საბოლოო დაკმაყოფილებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG