Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადიჯა ისმაილოვას მორიგი გამარჯვება


სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 იანვრის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანმა დაახლოებით 19 300 $ უნდა გადაუხადოს გამომძიებელ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას მის წინააღმდეგ მიმართული შანტაჟისათვის, რომლის დროსაც ინტერნეტით გავრცელდა ჟურნალისტის ნებართვის გარეშე მისსავე სახლში გადაღებული ე.წ. „სექსვიდეო“.

„გონივრული ეჭვების“ არსებობის მიუხედავად, ვერ იქნა დადგენილი, რომ თავად სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა ისმაილოვას პირად ცხოვრებაში ძალიან სერიოზული ჩარევისათვის“, - ნათქვამია სასამართლოს 10 იანვრის გადაწყვეტილებაში.

მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა არ შეასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულება, „დაეცვა დაზარალებულის გამოხატვის თავისუფლება და გამოეძიებინა ის ქმედებები, რომლებმაც შეურაცხყვეს ისმაილოვას ადამიანური ღირსება“.

სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანმა 15 ათასი ევრო ($17,300) უნდა გადაუხადოს ჟურნალისტს „მიყენებული ტკივილისა და ტანჯვისათვის“, ხოლო დამატებით 1750 ევრო ($2,000) სასამართლო ხარჯების დასაფარავად.

ხადიჯა ისმაილოვა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოფილი თანამშრომელი, ხშირად აქვეყნებდა პუბლიკაციებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრების კორუფციულ საქმიანობაზე. 2012 წელს გამომძიებელმა ჟურნალისტმა მიიღო წერილი, რომელშიც საჯარო დამცირებით ემუქრებოდნენ, თუ არ შეწყვეტდა საგამოძიებო საქმიანობას.

წერილი შეიცავდა ისმაილოვას სახლში ფარული კამერით გადაღებული ვიდეოკადრებიდან დამზადებულ ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ჟურნალისტისა და მისი შეყვარებულის სექსუალური აქტი.

თავად ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა მას შემდეგ, რაც ისმაილოვამ უარი თქვა კორუფციული საქმეების გარშემო საგამოძიებო რეპორტაჟების გამოქვეყნებაზე და საჯაროდ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებს შატნაჟის კამპანია.

მოგვიანებით ისმაილოვამ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინა დამონტაჟებული ფარული კამერა და სპეციალური მოწყობილობა გადაღებული ვიდეოს დისტანციური გავრცელებისათვის.

როდესაც ისმაილოვამ საყვედური გამოთქვა მისი შანტაჟის მცდელობის თაობაზე ბაქოში დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების არაეფექტიანობის გამო, ხელისუფლებამ პასუხად გამოაქვეყნა გამოძიების დეტალები, რომელშიც გაამჟღავნა უფრო მეტი ინფორმაცია ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე, მათ შორის მისი მეგობრების, კოლეგებისა და ოჯახის წევრების სახელების, პროფესიული საქმიანობისა და ბინის მისამართების მითითებით.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 10 იანვრის დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გადმოცემული არც ერთი მასალა არ ადასტურებს გამოძიების ჩატარებას ჟურნალისტისათვის გაგზავნილი მუქარის წერილის თაობაზე.

”კიდევ ერთ გადაუდებელ საგამოძებო ქმედებას საჭიროებდა იმ ორი ვებსაიტის მფლობელებისა თუ ოპერატორების გამოვლენა, რომლებიც გამოიყენეს ვიდეორგოლების ინტერნეტით გამოსაქვეყნებლად. გამოძიებას არ დაუდგენია ასევე ვიდეორგოლების შემქმნელთა და ინტერნეტში მათი ამტვირთავების ვინაობა“, - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

ხადიჯა ისმაილოვას სარჩელზე გამოტანილ დადგენილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზერბაიჯანში გავრცელებულ „ჟურნალისტთა დევნასა“ და ქვეყანაში გამეფებულ „დაუსჯელობის ატმოსფეროზე“.

ხადიჯა ისმაილოვა ფეისბუკის საშუალებით გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს 10 იანვრის გადაწყვეტილებას. მან მადლობა გადაუხადა თავის ადვოკატებს, რომლებისთვისაც სასამართლო პროცესის დროს იოლი არ იყო მასთან კავშირის დამყარება, ვინაიდან იგი იძულებული იყო „დროის დიდი ნაწილი გაეტარებინა ბაქოს ციხეში ერთ საქმესთან დაკავშირებით“, რომელსაც ხადიჯა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანში წელიწად-ნახევრის განმავლობაში იხდიდა საპატიმრო სასჯელს შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე.

იგი 2016 წლის მაისში გაათავისუფლეს, თუმცა აკრძალული აქვს აზერბაიჯანის დატოვება.

ხადიჯა ისმაილოვა, არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, საერთაშორისო მედიასა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს

მუდმივად აწვდის ინფორმაციას აზერბაიჯანის ციხეებში მყოფი ჟურნალისტების შესახებ

ისმაილოვა აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამართალდამცველი სტრუქტურები კვლავაც განაგრძობენ მისთვის „დაბრკოლებების შექმნას“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG