„კურიერის“ პრიორიტეტები კარგა ხანია ჩამოყალიბებულია და უკვე ცნობილია მისი პრიორიტეტებიც და სტრატეგიაც“, - მოკლე კომენტარი მისცა მან რადიო თავისუფლებას, შემდეგ კი ტელეფონი გათიშა.
ხათუნა ბერძენიშვილს ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ბერძენიშვილის კარიერა
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, მოგვიანებით კი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი - ამ თანამდებობაზე ის ოთხი წლის განმავლობაში, 2013 წლამდე მუშაობდა. ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა დიდ არხს აკონტროლებდა, მათ შორის „რუსთავი 2-სა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2013 წლის 1 მარტს გაათავისუფლეს. მან თავისი ნათლულის მამა, გიორგი ბარათაშვილი, რომელიც მაშინ დირექტორის თანამდებობას იკავებდა, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაში დაადანაშაულა.
„მისი სურვილი იყო, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის თემა და პრემიერის ბრიფინგები, ასევე რამდენიმე სხვადასხვა საკითხი, რომელიც ახალი ხელისუფლების [„ქართული ოცნების“] ქმედებებს უკავშირდება, მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში განხილულიყო. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ეს არაა კერძო ტელევიზია და არის საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - თქვა მაშინ ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილთან შეუთანხმებლობის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მოულოდნელად გაათავისუფლა არხის დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი, რომელსაც 6-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა. ბარათაშვილი თანამდებობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შემდეგ, მალევე, 1 თვეში, ხათუნა ბერძენიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თბილისის მერად არჩეულმა გიგი უგულავამ კრწანისის რაიონის გამგებლად დანიშნა. ის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იყო თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ოპოზიციაში გადასვლისა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ევროპული საქართველოს“ გამოყოფის შემდეგ კი ის ახალშექმნილი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და პრესსამსახური იყო. ბერძენიშვილი მედიაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა ჯგუფმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „რუსთავი 2“ დატოვა. ის მას შემდეგ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერად მუშაობს.
მისი უშუალო უფროსი, ნინო შუბლაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.
ფორუმი