Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნინო შუბლაძე გახდა, ბაკურ ბაკურაძე - სამხატვრო ხელმძღვანელი

ნინო შუბლაძე და ბაკურ ბაკურაძე
ნინო შუბლაძე და ბაკურ ბაკურაძე

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ტელეწამყვანი ნინო შუბლაძე გახდა.

ინფორმაცია პარასკევს, 2026 წლის 1 მაისს, თავად ტელეარხმა გაავრცელა.

ნინო შუბლაძე ამ დრომდე იყო ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

ჯერჯერობით სამეწარმეო რეესტრში ცვლილებები ასახული არ არის არც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სა“ და არც „მედიაჰოლდინგში“.

ამ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე ნინო შუბლაძე ცვლის ბაკურ ბაკურაძეს, - ყოფილ დირექტორს.

დღეს საღამოს, 9-საათიანი „კურიერის“ დაწყებისას, ტელეწამყვანმა დავით კაკულიამ განაცხადა:

„დარწმუნებული ვართ, ჩვენს კოლეგასთან და არხის მთავარ სახესთან, რომელთან ერთადაც თითოეული ჩვენგანი უკვე ათეული წლებია მუშაობს, „რუსთავი 2“ კიდევ უფრო წარმატებული და რეიტინგული გახდება“.

ბაკურ ბაკურაძემ, თავის მხრივ, 2025 წლის ივლისში შეცვალა ამ პოსტზე ვაკო ავალიანი, - რომელიც დიპლომატიურ სამსახურში დაინიშნა. ავალიანის ხელფასი 2026 წელს გასაჯაროვდა, მას შემდეგ, რაც დეკლარაცია შეავსო - ის ყოველთვიურად 39 ათას ლარზე მეტს იღებდა.

ბაკურ ბაკურაძე, არხის ცნობითვე, ტელეკომპანიის „სამხატვრო ხელმძღვანელი“ იქნება.

  • ნინო შუბლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
  • 2012 წელს ხელისუფლებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" მფლობელების შეცვლის შემდეგ, კვლავ არსებობს კითხვები ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოების შესახებ - ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიმართ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG