Accessibility links

"ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიციური სპექტრი ვერ გაცდა ხახვს და კარტოფილს"


ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი

NDI-ს ბოლო გამოკვლევის პოლიტიკურ ნაწილში გამოკითხულთა 81%-მა განაცხადა, რომ პოლიტიკოსები ჰყოფენ საზოგადოებას, ასეთივე აზრისაა ქვეყნის ლიდერეზე გამოკითხულთა 68%, საზოგადოების გამყოფად თვლის მედიას გამოკითხულთა 72%. პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამგვარ შედეგს პოლიტიკოსების „განაჩენად“ აფასებს:

„ეს არის, ფაქტობრივად, განაჩენი ქართული პოლიტიკური სპექტრის, როცა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერები და ზოგადად, პოლიტიკური პარტიები დღეს დაკავებული არიან საზოგადოების გახლეჩით, კონფრონტაციის შეტანით საზოგადოებაში, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობით, რისი მიზანიც თავისთავად არის ის, რომ დაყავი და იბატონეს პრინციპით მართვა გაცილებით ეიოლებათ ქართველ პოლიტიკოსებს.

რატომ ვამბობ, რომ ეს არის განაჩენი? იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერების, პოლიტიკური პარტიების მოწოდება სწორედ რომ საპირისპიროა - საზოგადოების გამთლიანება, მისი დარაზმვა ერთი გლობალური, სახელმწიფოებრივი იდეის თუ მიზნის გარშემო. ეს არის უპირველესი ამოცანა, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, ნებისმიერი პოლიტიკური აქტორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერის. ჩვენთან მივიღეთ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ნდობის ხარისხი პოლიტიკური პარტიების მიმართ არის კრიტიკულად დაბალი“.

ხათუნა ლაგაზიძე აკავშირებს NDI-ს გამოკვლევასა და შუალედური არჩევნების შედეგებს და ამასთან უსაფუძვლოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის პროტესტს გამოკვლევის ავტორების მიმართ:

„ამ კვლევით, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ქართულ ოცნებას 17% მისცემდა ხმას და მის მიმართ სიმპატიით 21%-ია განწყობილი. ეს ორი მაჩვენებელი ახლოს არის ერთმანეთთან. ქართული ოცნების ლიდერები აპროტესტებდნენ ამ მონაცემს არჩევნებზე დაყრდნობით, რომ ეს კვლევა არ შეესაბამება რეალობას. შეესაბამება, ბატონებო! ამ კვლევაში ნათქამია, რომ გამოკითხულთა 37% მხარს არ უჭერს არც ერთ პარტიას.

ამ 37%-ს ყველა არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი დიდი ჭოკით მიერეკება ქართული ოცნებისკენ. ამ 37%-ში შედიან ისინიც, ვინც ხმას არ აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეკუთვნება. მათ დიდ ნაწილს აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიში. ამას სააკაშვილის რიტორიკა ყველა არჩევნების წინ უწყობს ხელს. ამ შიშის გამო ეს ხალხი მირბის და „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას“.

რა იწვევს საზოგადოების ასეთი ხარისხის პოლიტიკურ მიუმხრობლობას? ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ამის მიზეზი პოლიტიკური სპექტრია:

„ქართული პოლიტიკური სპექტრი „დაბერდა“ და მისი დიდი ნაწილი გახდა მერკანტილურ ინტერესებს დამონებული. ძალიან კატეგორიული თუ არ ვიქნები, ვიტყვი, რომ თუ, ფიგურალურად, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი 5 კილო კარტოფილსა და ხახვზე გაიყიდა, პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი 5 კილოზე თუ არა, პირობითად ვამბობ, 50 კილო კარტოფილსა და ხახვზე იყიდება.

დღეს ქართულ პოლიტიკაში იშვითად მეგულება პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას. არადა, პოლიტიკური ძალის მიზანი ეს არის, ხო? ძირითადად ისინი მიზნად ისახავენ საკუთარ კომფორტს, რომლის შემადგენელი ნაწილია პარლამენტში თუნდაც ერთი კაცის მოხვედრა ერთკაციანი პარტიებიდან. საზოგადოება ამას ძალიან კარგად გრძნობს. ისინი ზუსტად გრძნობენ როგორ მანიპულირებს დღეს პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებით“.

პოლიტოლოგის თქმით, პარტიები ვერ აღიქვამენ რამდენად რაციონალურად აზროვნებს ამომრჩეველი და როგორ ხვდება „იმ ხრიკებს, რა ხრიკებითაც ცდილობს პოლიტიკური სპექტრი ფონს გასვლას და საზოგადოებაში კონფრონტაციული ელემენტების შეტანას“.

ხათუნა ლაგაზიძეს იმედი არ აქვს, რომ პოლიტიკოსები საგანგაშო სიგნალებს შესაბამისად აღიქვამენ და რეაგირებას მოახდენენ:

„პოლიტიკური ელიტა დაბერდა მორალურად და დაბერდა ინტელექტუალურად. ვერ ხვდება ახალ რეალობაში როგორ შესთავაზოს თავი საზოგადოებას.

ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიციური სპექტრი ვერ გაცდა ხახვს და კარტოფილს და, შესაბამისად, ვერც პოპულისტურ განცხადებებს.

დღეს უაღრესად საინტერესო საგარეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყანას აქვს უამრავი გამოწვევა, ასევე უზარმაზარი შანსი და ამაზე არ საუბრობს არავინ. ამიტომაც არ ვენდობი დღევანდელ პოლიტიკურ პარტიებს, იმიტომ, რომ არც ერთს არ წარმოუდგენია ხედვა ამ მოცემულობაში როგორ და რა ადგილი შეიძლება დაიკაოს საქართველომ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი კონფიგურაციები დგება. დუღს მსოფლიო დღეს. ამ დუღილში უნდა იპოვნო საკუთარი ადგილი. მინიმუმ, უნდა შეიქმნა უსაფრთხოების გარანტიები. ამაზე არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მელაპარაკება. ამას ხალხი გრძნობს. ნუ ჩავთვლით, რომ გლეხი ჩხოროწყუში ან თელავში ვენახში რომ არის გასული ან ბოსტანს მარგლავს, ის ვერ ხვდება რასთან აქვს საქმე“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG