Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხი იწყებს და აგებს 


გია ნოდია
გია ნოდია

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანაში ვნახეთ ხალხის მასობრივი გამოსვლები ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ. იყო მოლოდინი, რომ ეს პროტესტი „ფერადი რევოლუციების“ სცენარში ჩაჯდებოდა და ქვეყნებს მეტ დემოკრატიას მოუტანდა. უმეტეს შემთხვევაში, იმედები გაცრუვდა.

ოთხი „რევოლუცია“

ვგულისხმობ ოთხ შემთხვევას: სომხეთის „ხავერდოვან რევოლუციას“ 2018 წელს, ბელარუსის საპროტესტო მოძრაობას 2020 წლის აგვისტოდან, ყირგიზეთის 2020 წლის ოქტომბრის ჯანყს და ყაზახეთის 2022 წლის იანვრის მოვლენებს.

ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი, სომხეთის რევოლუცია აღმოჩნდა ძირითადად წარმატებული. პროტესტს ბიძგი მისცა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის სურვილმა, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ პრემიერის სავარძელი დაეკავებინა მიუხედავად დაპირებისა, რომ მას არ გააკეთებდა. მოძრაობა თავიდან ბოლომდე მშვიდობიანი დარჩა და, საბოლოოდ, მიაღწია უშუალო მიზანს - ხელისუფლების შეცვლას. რაც შეეხება უფრო გრძელვადიან შედეგს, მიუხედავად მკვლევართა აზრისა, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება წინამორბედზე უფრო დემოკრატიულია, სომხეთი სრულად დემოკრატიულ ქვეყნად ვერ იქცა და ისევ „ჰიბრიდულ“, ანუ ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნად რჩება. ზოგი შეფასებით, სომხეთმა საქართველოს დემოკრატიის სფეროში რეგიონული ლიდერის ტიტულიც ჩამოართვა. გეოპოლიტიკური კუთხით, სომხეთი რუსეთზე დამოკიდებული დარჩა, ხოლო ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ (2020 წ. სექტემბერ-ნოემბერი) დამოკიდებულების ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა.

ყირგიზეთის შემთხვევაში, ხალხი გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გამოვიდა ქუჩაში. პირველმა დღემ მშვიდობით ჩაიარა, მაგრამ დემონსტრაციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ ხალხი შეტევაზე გადავიდა და ძირითადი სამთავრობო შენობები დაიკავა. ამან უშუალო მიზანს სწრაფად მიაღწია: სახალხო პროტესტის მეორე დღესვე არჩევნების შედეგები გაუქმდა, ჯერ პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე დღის შემდეგ კი, პრეზიდენტიც გადადგნენ. ხალხის მოთხოვნით, ახალ პრემიერ-მინისტრად ციხიდან რევოლუციური ძალების მიერ განთავისუფლებული სადირ ჯაფაროვი დაინიშნა; 2021-ის იანვარში, მანვე მოიგო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

მაგრამ ხალხის გამარჯვებას მეტი დემოკრატია არ მოუტანია: პირიქით, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ რევოლუციის შემდეგ ყირგიზეთი ავტორიტარიზმისკენ კიდევ უფრო გადაიხარა. ამერიკულმა „ფრიდომ ჰაუსმა“ ქვეყანა ნაწილობრივ თავისუფლიდან არათავისუფალთა რიგში გადაიყვანა, მისი რეიტინგი დააქვეითეს სხვა დემოკრატიის შემფასებელმა ორგანიზაციებმაც.

2021 წლის რეფერენდუმის შედეგად, ყირგიზეთი მმართველობის საპარლამენტოდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადავიდა, რაც ჯაფაროვის დიქტატურის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ორიენტაციას, არსებითი ცვლილებები არ ჩანს: ყირგიზეთი ძირითადად რუსეთზე ორიენტირებული რჩება.

ფერადი რევოლუციის კლასიკური სცენარით დაიწყო ბელარუსის მოძრაობაც: ხალხი ქუჩაში 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად გამოვიდა. ხალხის დიდი მასების მობილიზაცია თვეები გაგრძელდა და სრულად მშვიდობიანი ხასიათი შეინარჩუნა. რაღაც მომენტში იყო განცდა, რომ ბელარუსი დიქტატორი ლუკაშენკო განწირული იყო: ზოგმა მისი პოლიტიკური ნეკროლოგის გამოქვეყნებაც იჩქარა. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა: პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. დემოკრატიულ აქტივისტთა დიდი ნაწილი დააპატიმრეს ან ემიგრაციაში წავიდა. ამავე დროს, ლუკაშენკო, რომელიც მანამდე რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსირებას ცდილობდა, ახლა უკვე თავფეხიანად პუტინის ბანაკში გადაბარგდა.

დაბოლოს, 2020 წლის იანვარში საწვავზე ფასების გაძვირებამ ყაზახეთის სხვადასხვა ნაწილში მასშტაბიან გამოსვლებს მისცა ბიძგი. ეკონომიკურს დემოკრატიული მოთხოვნებიც მოჰყვა. თავდაპირველად მშვიდობიანი გამოსვლები ზოგან ძალადობაში გადაიზარდა - ძნელი სათქმელია, ეს გათვლილმა პროვოკაციებმა გამოიწვია თუ ხალხის განწყობამ (როგორც ჩანს, ორივე ფაქტორი მოქმედებდა). რეჟიმი გარკვეულ დათმობებზე წავიდა, გადადგა მთავრობა, აღდგა ძველი ფასები საწვავზე; ამან ხალხი კიდევ უფრო გაათამამა და მან, ყირგიზეთის მსგავსად, სამთავრობო შენობების დაკავება დაიწყო. მაგრამ პროტესტების მეოთხე დღიდან პრეზიდენტი ყაზიმ-ჟომარ ტოყაევი რეპრესიულ მეთოდებზე გადავიდა და ხალხის წინააღმდეგ გაუფრთხილებლად სროლის ბრძანება გასცა. ამასთან, მან ქვეყანაში რუსეთის გარშემო შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ჯარები შეიყვანა. გამოსვლები წარმატებით ჩააცხრეს. რევოლუციის მცდელობა, ჯამში, დაახლოებით ათ დღეს გაგრძელდა.

ყაზახეთის მოვლენები მეტისმეტად ახალია საიმისოდ, რომ მათი შედეგები ცალსახად შევაჯამოთ. მაგრამ ორი რამ აშკარაა. ძალაუფლება დაკარგა დამოუკიდებელი ყაზახეთის დამფუძნებელმა მამამ ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც 2019 წელს გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან, მაგრამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩებოდა; დაიწყო ძალაუფლების სტრუქტურების წმენდა მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავებისგან. გამოვიდა, რომ გამოსვლები არსებული ხელისუფლების შიგნით კლანების ბრძოლას გადაეხლართა:რთული გახდა იმის დადგენა, სად მთავრდება ხალხის გულწრფელი პროტესტი და სად იწყება მისი გამოყენება სახელისუფლებო ჯგუფების მიერ. მეორე მხრივ, თუ ნაზარბაევი რუსეთის მიმართ შედარებით დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა, მისი მემკვიდრე (ჯერჯერობით, ასეთი პრეზიდენტი ტოყაევია) მეზობლისგან დავალებულია. თუმცა რუსეთის ჯარები ყაზახეთიდან გადის, მისი რეალური გავლენა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

შეჯამება და გაკვეთილები

რა დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი აქედან? პირველ რიგში, ხალხს, როგორც წესი, არ მოსწონს ავტორიტარული, კორუმპირებული ხელისუფლება და, ადრე თუ გვიან, მის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. დემოკრატია, ზოგადი იდეის და მისწრაფების დონეზე მაინც,პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში მომხიბლავ მოდელად რჩება.

იქ, სადაც ძალაუფლებაში მყოფი ჯგუფი პოლიტიკურ ინსტიტუტებს მიიტაცებს და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის პირობებს დაარღვევს, საპროტესტო მოძრაობები ხშირად პროცედურული დემოკრატიის ჩარჩოებს სცდება და რეჟიმის შეცვლას ქუჩიდან ცდილობს, მშვიდობიანი თუ არც ისე მშვიდობიანი მეთოდებით. ეს კანონზომიერიცაა და ლეგიტიმურიც - თუ ხელისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის (თუმცა ამას არ აღიარებს), ის ხალხსაც უბიძგებს, ამ ჩარჩოებიდან გავიდეს.

მაგრამ ხალხის თუნდაც სამართლიანი რისხვა არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად. ოთხი განხილული შემთხვევიდან მხოლოდ ერთია წარმატებული. თუ ანალიზის სფეროს გავაფართოებთ (მაგალითად, „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებსაც განვიხილავთ), შეიძლება სკეპტიციზმი კიდევ უფრო გაგვიძლიერდეს.

მეტიც: წარუმატებელ რევოლუციას ვითარების გაუარესება მოაქვს: რეჟიმი უფრო რეპრესიული ხდება, თავისუფლების არსებული სივრცეც იკვეცება. პოსტსაბჭოთა შემთხვევებში, როგორც ვნახეთ, ამას რუსეთის გავლენის ზრდა მოჰყვება.

არ არსებობს თეორია, რომელიც დაადგენს, რა განაპირობებს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში რევოლუციის წარმატებას თუ წარუმატებლობას. მაგალითად, ბელარუსის რევოლუციის მარცხს ხანდახან იმით ხსნიან, რომ ის ზედმეტად მშვიდობიანი იყო და, ხალხი მაქსიმალური მობილიზაციის მომენტში, შეტევაზე არ გადავიდა. მეორე მხრივ, ყაზახეთის რევოლუციის წარუმატებლობას ძალადობრივ ქმედებებს აბრალებენ, რომლებმაც ხელისუფლების რეპრესიული მეთოდები გაამართლა. ყირგიზეთში ხალხმა აგრესიით შედეგს მალე მიაღწია, მაგრამ უარესი დიქტატორი დაისვა თავზე.

ზოგადი გაკვეთილია, რომ ცალსახა გაკვეთილების გამოტანა რთულია. მაგრამ რაღაცის თქმა შეგვიძლია: მშვიდობიან პროტესტს წარმატების გაცილებით მეტი შანსი აქვს, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების ლეგიტიმურობას ზრდის და მას მოძრაობის ჩახშობას უადვილებს; მაგრამ თუნდაც ასეთმა პროტესტმა გაიმარჯვოს, ნაკლები შანსია, ამ გზით მოსული ხელისუფლება დემოკრატიული აღმოჩნდეს.

მთავარი ისაა, რომ წარმატებული რევოლუციები, რომლებსაც არა მხოლოდ ხელისუფლების ცვლა, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი პროგრესი მოაქვს, იშვიათია - პოსტსაბჭოთა სივრცეშიც და ბოლო საუკუნეების მსოფლიო ისტორიაშიც. გარდა ამისა, ბოლო წლებში, ავტორიტარულმა და ნახევრად ავტორიტარულმა რეჟიმებმა კარგად ისწავლეს, როგორ გაუმკლავდნენ რევოლუციურ სიტუაციებს. უსამართლობით აღშფოთებული ხალხი სიმპათიას იმსახურებს, მაგრამ მხოლოდ აღშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის.

სხვისი რევოლუციები და საქართველო

ჩამოთვლილ შემთხვევებს კიდევ ერთი აქვთ საერთო: ყველა მათ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არა მხოლოდ გულშემატკივრობდა, არამედ შურით აღვსილი უყურებდა და საკუთარ ხალხს ამუნათებდა: რატომ არ ვგავართ სომხებს, ბელარუსებს ან ყაზახებს.

გულშემატკივრის პოზიციას მეც სრულიად ვიზიარებ. მართალია, ჩვენი მდგომარეობით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, ყველა ობიექტური შეფასებით, ჩამოთვლილ ქვეყნებზე გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს დემოკრატიული თავისუფლებების მხრივ (როგორც ვთქვი, ფაშინიანის სომხეთი შეიძლება გამონაკლისი იყოს, მაგრამ ამაზეც ერთიანი აზრი არ არსებობს). რატომ უნდა გვშურდეს მათი, როდესაც რეალურად უარეს მდგომარეობაში არიან, ხოლო რევოლუციების მცდელობებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესეს?

ამის ორი მიზეზია. ის, რომ ბელარუსსა და ყაზახეთზე უფრო თავისუფალი საზოგადოება ვართ, ჩვენთვის სანუგეშო არ არის: მთავარია, რომ დემოკრატია ვერა და ვერ გავხდით. მეტიც, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ უკან-უკან მივდივართ. ამ ფონზე ძლიერდება სკეპტიციზმი ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის შესაძლებლობის მიმართ და ჩნდება სურვილი, პრობლემა ერთი კარგი რევოლუციით ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ. ამიტომ აღგვიძრავს ნებისმიერი რევოლუცია მიბაძვის სურვილს.
მეორეა, რომ გვაქვს კარგი რევოლუციის გამოცდილება. „ვარდების რევოლუცია“ ორი აზრით იყო წარმატებული: ხალხმა მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების შეცვლა შეძლო და, მეტიც, მისმა მოყვანილმა ხელისუფლებამ ბევრ სფეროში სერიოზულ პროგრესს მიაღწია. მაგრამ, ამის გარდა, რევოლუციამ მისი განმეორების სურვილიც დაგვიტოვა. „ნაციონალების“ ოპოზიცია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე, თავის სტრატეგიას მთლიანად ახალი რევოლუციის მცდელობებზე აგებდა - მაგრამ საკუთარი მარგინალიზაციის გარდა ვერაფერს მიაღწია.

ნაციონალური მოძრაობა ამისთვის იმ ოპოზიციას, ჩემი აზრით, დამსახურებულად დასცინოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავად აღმოჩნდა ოპოზიციაში, თვითონაც, რაღაც ზომით, რევოლუციური ნოსტალგიის ვირუსით დაავადდა. მის მომხრეთა ნაწილს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ გაუღვივა იმედი, რომ რევოლუციური გარღვევა ახლა მაინც მოხდებოდა. როგორც დავინახეთ, აქედან არაფერი გამოვიდა: ხალხის მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილი იყო საკმარისად შემართული. პარტიის ხელმძღვანელობამ სანაქებო პოლიტიკური რეალიზმი გამოიჩინა და მიაღწია იმას, რომ საპროტესტო მოძრაობა სააკაშვილის განთავისუფლების სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნით პოლიტიკურ ავანტიურაში არ გადაზრდილიყო - მაგრამ ამის გამო საკუთარი რადიკალური ფრთა გაანაწყენა.

ამ კონტექსტში, პოსტკომუნისტური და სხვა რევოლუციების, წარმატებულის თუ წარუმატებლის, გამოცდილება ჩვენთვის აქტუალურია და ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ, ადრე თუ გვიან, საქართველოში მართლაც განვითარდეს კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი; დღევანდელი ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოხდეს. ამ შემთხვევაში, უნდა ვილოცოთ, რომ ასეთი რევოლუცია „ხავერდოვანი“ დარჩეს და პოზიტიური შედეგი მოიტანოს.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი სცენარია, რომელიც არც სხვაზე ალბათურია და, მით უმეტეს, არც სასურველი. საჭიროა გვახსოვდეს, რომ წარმატებული რევოლუციები გამონაკლისია. მეტიც, კარგი რევოლუციების შედეგებიც შეზღუდულია: იმავე „ვარდების რევოლუციამ“ დემოკრატია ვერ დაამკვიდრა, სხვა შემთხვევაში ისევ რევოლუციაზე არ ვიფიქრებდით. არც იმის წინასწარმეტყველება შეგვიძლია, როდის მოახერხებს ხალხი მობილიზაციას და რა შედეგს გამოიღებს ის ყოველ მოცემულ შემთხვევაში.

რევოლუციის იდეის აკვიატება ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მხოლოდ ასუსტებს მთლიანად ოპოზიციას და ზრდის ხელისუფლების ლეგიტიმურობას. შესაბამისად, ის ხელს უწყობს მეტ და არა ნაკლებ ავტორიტარიზმს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG