Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანგოშვილის მკვლელობა: რას ამბობენ გერმანიაში?


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქის ბერლინში მკვლელობის ფაქტზე აქტიური საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს გერმანიაში. დაკავებულია რუსი ეროვნების ერთი პირი. ნაპოვნია პარიკი, იარაღი და ველოსიპედი.

რას ამბობენ და წერენ გერმანიაში - რატომ მოკლეს 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი?

ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებული 49 წლის მამაკაცი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

უწყება თავის განცხადებებში არც ადასტურებს და არც უარყოფს გერმანიის მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული მამაკაცი ჩეჩენი ეროვნებისაა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულს ბინაში დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა.

  • 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, პატარა სკვერში დღის 12:00 საათზე მოკლეს;
  • თვითმხილველებზე დაყრდნობით გერმანული მედია იუწყება, რომ ხანგოშვილი ფეხით გადაადგილდებოდა, ხოლო მკვლელი ველოსიპედით მოძრაობდა;
  • თვითმხილველები მედიასთან ყვებიან, რომ მკვლელმა ახალგაზრდა კაცს თავის არეში ესროლა და შემდეგ მიმალვა სცადა.

ოფიციალური წყაროს ცნობით, ამოღებულია ნივთმტკიცებები - მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი, თუმცა არ კონკრეტდება - სად. გერმანიის პრესა კი, აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ცეცხლსასროლ იარაღსა და პარიკს მყვინთავებმა მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, მდინარე შპრეეში მიაკვლიეს. სხვა ვერსიით - ასევე მდინარეში აღმოაჩინეს ველოსიპედიც.

გერმანული გამოცემები ცდილობენ შეკრიბონ ცნობები 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებით და აქტიურად იკვლევენ მის წარსულს.

  • ხშირად ესმება ხაზი მოკლულის კავშირს 2012 წელს ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან. აღინიშნება, რომ მას ჰქონდა შუამავლის როლი, რადგან სავარაუდოდ კარგად იცნობდა ხეობაში მყოფ ისლამისტ მეამბოხეებს - ჩეჩნეთის ომებში აქტიური ჩართულობის გამო;
  • გერმანულ მედიაში ხშირად გამოკვეთილი ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ლოპოტის სპეცოპერაციაში მომლაპარაკებლად ჩართვის დროს, ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ ჯგუფში მუშაობდა და შესაძლოა, მას საიდუმლო დავალებები ჰქონდა;
  • გერმანულ მედიაში გამოკვეთილია ასევე ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის სპეცსამსახურების ანგარიშსწორების სამიზნე გახდა - სწორედ რუსეთ-ჩეჩნეთის ომებში აქტიურობისთვის;
  • გერმანული მედია ასევე წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი 20015 წელსაც დაჭრეს თბილისში, გამოძიება უშედეგოდ დასრულდა და გერმანიას მან სწორედ უსაფრთხოების გამო შეაფარა თავი;
  • ერთ-ერთი გამოცემა მოკლულის შვილზე დაყრდნობით წერს, რომ ზელიმხანზე თავდასხმა ოთხჯერ მოხდა და რუსეთის სპეცსამსახურებს ის მიზანში ჰყავდათ ამოღებული.

ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ხსენებისას გერმანიის მედიასაშუალებები ახსენებენ ასევე საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილ ახმედ ჩატაევს, რომელიც სპეცოპერაციის კვალდაკვალ დააკავეს საქართველოში, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს.

მედია იხსენებს იმ ფაქტსაც, რომ 2016 წელს სწორედ ჩატაევის ორგანიზებით აფეთქდა აეროპორტი სტამბოლში, ხოლო ერთი წლის შემდეგ - თბილისში (გაბრიელ სალოსის ქუჩაზე), სპეცოპერაციის დროს ტერორისტმა თავი აიფეთქა. ჩატაევი ნახსენებია, მაგრამ მედია არ ლაპარაკობს რაიმე სახის ვერსიებზე ახმედ ჩატაევსა და ზელიმხან ხანგოშვილს შორის კავშირის შესახებ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG