Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხსოვნა თუ მართლმსაჯულება? - „ღირსების რევოლუციის“ წლისთავზე უკრაინაში არც ერთია და არც მეორე


2014 წლის 20 თებერვალი უკრაინის ისტორიაში შევიდა როგორც ე.წ. „ზეციური ასეულის“ დახვრეტის დღე, სისხლიანი კულმინაცია კიევის ცენტრში, „მაიდან ნეზალოეჟნოსტიზე“, რომელიც დემონსტრანტებისა და უშიშროების ძალების ჯერაც გამოუძიებელი შეტაკების ადგილს წარმოადგენს.

გამოძიების თანახმად, უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის, „ბერკუტის“, ფორმიანი სნაიპერების ცეცხლს უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში ღირსების რევოლუციის 48 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იმ ტრაგიკული დღეების შემდეგ გავიდა შვიდი წელი და ჯერ ისევ არსად ჩანს „ზეციური ასეულის“ გმირთა მემორიალი და სამუზეუმო კომპლექსი, რომლის მშენებლობაც კიევის ცენტრში ჯერ კიდევ შარშან, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისათვის, უნდა დასრულებულიყო.

ამის მიზეზია უკრაინის მთავარი პროკურატურა, რომლის თანახმად, ინსტიტუტის ქუჩა, რომელზეც მემორიალი უნდა აგებულიყო, შესაძლოა ჯერ კიდევ ინახავდეს მნიშვნელოვან სამხილს იმის დასადგენად, თუ ვინ დახვრიტა ანტისამთავრობო დემონსტრანტები 2014 წლის 20 თებერვალს.

„ჩვენ გვჭირდება პასუხი, თუ რა მოხდა, ვინ გასცა ბრძანება, ვინ ესროდა ხალხს და რატომ მოხდა ეს“, - ამბობს სერგეი გორბატიუკი, უკრაინის მთავარი პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც კურირებას უწევდა „მაიდნის“ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას და რომელმაც 2019 წელს კიევის სასამართლოს მიმართა თხოვნით შეჩერებულიყო მშენებლობა „ზეციური ასეულის“ გმირთა მემორიალისათვის გამოყოფილ მიწის მონაკვეთზე.

საქმე არ არის დახურული

მაიდნის საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო. მოგვიანებით ამ გამოსვლებს „ღირსების რევოლუცია“ ეწოდა. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ მას, დაპირებისამებრ, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. საპროტესტო გამოსვლების შედეგად შეიცვალა ხელისუფლება. დაპირისპირებისას დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი.

პრორუსული ვიქტორ იანუკოვიჩის გაძევების შემდეგ მოსულმა უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, რომლის დროსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისგებაში მიეცა სულ მცირე 200 კაცი, ხოლო თავად იანუკოვიჩი დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სახელმწიფო ღალატისა და ანტისამთავრობო დემონსტრაციის სასტიკი ჩახშობისათვის.

გამოძიებას არ გასჭირვებია ზუსტად აღედგინა 7 წლის წინანდელი სისხლიანი მოვლენები, კერძოდ, თუ როგორ ხვრეტდნენ სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წევრები ინსტიტუტის ქუჩაზე აგებული ბარიკადებიდან დემონსტრანტებს.

მაგრამ პოლიციის სპეცდანიშნულების 20-მა წევრმა მართლმსაჯულებას თავი აარიდა. ისინი ან რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გაიქცნენ, ან რუსეთის ტერიტორიას შეაფარეს თავი, ხოლო მოსკოვმა მათ ექსტრადირებაზე კიევს 2015 წელს მტკიცე უარი უთხრა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად დაღუპულთა მემორიალთან 2020 წლის 20 თებერვალს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად დაღუპულთა მემორიალთან 2020 წლის 20 თებერვალს

საბოლოო ჯამში, უკრაინულ თემიდას ვერ გაექცა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ ხუთი წევრი: სერგეი ტამტურა, ალექსანდრ მარნიჩენკო, პაველ აბროსკინი, სერგეი ზინჩენკო და ოლეგ იანიშევსკი, რომლებიც საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ. მაგრამ 2019 წელს მათ წინაშე ციხის კარები გაიღო: უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კიევსა და მოსკოვს შორის დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად ისინი გაათავისუფლეს პატიმართა მასშტაბური გაცვლის ფარგლებში.

ორი განსასჯელი მოგვიანებით უკან დაბრუნდა, უკრაინაში, მაგრამ აბროსკინი, ზინჩენკო და იანიშევსკი უკრაინის პროკურატურისათვის მიუწვდომელი არიან და არც მათი დაბრუნების შანსი არსებობს, რის გამოც ოპონენტები უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის მიმართ სისუსტეშიც კი ადანაშაულებენ.

მათ შორის არის „ზეციური ასეულის“ საქმეზე მოსარჩლე მხარის ადვოკატი, ევგენია ზაკრევსკაია, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას და, კერძოდ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს იმაში, რომ შესაძლებლობა მისცა „ბერკუტელებს“ თავიდან აეცილებინათ დამსახურებული სასჯელი.

„ეს იყო მართლმსაჯულების საშინელი შეურაცხყოფა“, - განაცხადა ზაკრევსკაიამ თავის წერილობით კომენტარში.

საქმეს ისიც ართულებს, რომ უკრაინის მოქმედი კანონმდებლობა დასახვეწია, როცა საქმე ეხება დამნაშავის დაუსწრებლად გასამართლებას. შესაბამისად, თუ ტამტურასა და მარინჩენკოს საქმე წელს, ალბათ, სასამართლოზე გადაწყდება, დანარჩენი სამის შემთხვევაში პროცესი გაყინულია.

„არც პრეზიდენტს, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, და არც თავად პრეზიდენტის მომხრე დეპუტატებს, არ დაურეგისტრირებიათ კანონპროექტი, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრიდა“, - წერს ზაკრევსკაია.

არასოდეს დავივიწყებთ?

ზაკრევსკაია დარწმუნებულია, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ 7 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. სწორედ ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ ის და მისი კლიენტები, როდესაც პროკურორ ჰორბატიუკის წინაშე წარდგნენ შუამდგომლობით, შეჩერებულიყო ინსტიტუტის ქუჩაზე დაწყებული მემორიალური კომპლექსის მშენებლობა.

ადვოკატის თანახმად, ეს რაიონი ხელუხლებლად უნდა დარჩეს მანამდე, ვიდრე არ დადგება განაჩენი „ბერკუტის“ თანამშრომლების საქმეზე, რასაც, თავის მხრივ, სჭირდება დამატებითი ბალისტიკური ექსპერიმენტის ჩატარება და ბრალდების პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება, რათა თავიდან იქნეს აცილებული „ისტორიის გადაწერის“ მცდელობა მოსკოვიდან მომდინარე ინსინუაციებისა და შეთქმულების თეორიების ფონზე. ერთ-ერთი ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდება შეეხება კიევის ცენტრში სისხლისღვრის პროვოცირების განზრახვით უკრაინის მაშინდელი ოპოზიციის ლიდერების მიერ ე.წ. ქართველი სნაიპერების დაქირავებას.

ადვოკატი ზაკრევსკაია ამტკიცებს, რომ არსებობს ახალი მონაცემები, მოწმეთა ჩვენება და ფოტოფაქტები, რომელთა შეჯერება ასევე საჭიროებს შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

და ამ ყველაფრის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება აშენდეს „ზეციური ასეულის“ გმირთა მემორიალი და მუზეუმი, რომელმაც 7 წლის წინანდელი „ღირსების რევოლუციის“ შესახებ ადამიანებს სიმართლე უნდა მოუთხროს, - ამბობს „ღირსების რევოლუციის მუზეუმის“ დირექტორი, იგორ პოშივაილო.

ბერკუტის ყოფილი მებრძოლების სასამართლო კიევში. 2015 წლის 3 აგვისტო
ბერკუტის ყოფილი მებრძოლების სასამართლო კიევში. 2015 წლის 3 აგვისტო

მემორიალური კომპლექსისათვის 2018 წელს მემორიალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 148 მილიონი ჰრივნა გამოიყო. აქედან მოიჯარე ფირმა ღია კონკურსის სახით შეირჩა და მის ანგარიშზე ორნაწილიანი კომპლექსის მშენებლობისთვის ავანსის სახით უმალვე გადაირიცხა ამ თანხის 80 %, ანუ, დააახლოებით, 11 მილიონი ჰრივნა.

პოშივაილო „ნამდვილ კომედიას უწოდებს“ პროკურორ ჰორბატიუკის მიერ გამოძიებისათვის საჭირო მტკიცებულებების შესაგროვებლად პროექტის მშენებლობის გაჩერებას, რის გამოც არავინ იცის, თუ რა დრო დასჭირდება მეომორიალის აგებას.

საქმე კიდევ უფრო გაართულა შარშან, ნოემბერში, „მაიდნის“ გამოსვლების მორიგ წლისთავზე მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც სამართალდამცველებმა, მემორიალისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის ფარგლებში, ჩხრეკა ჩაატარეს პოშივაილოს სახლსა და ოფისში.

სახიფათო ნარატივები

უკრაინის პრორუსული ოპოზიციური პარტიის თხოვნით, საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო ასევე იმის გამოძიება, იყო თუ არა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერთა მოქმედება „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობა, როგორც კრემლი და მისი პროპაგანდისტული ტელევიზიები უწოდებენ 7 წლის წინანდელ მოვლენებს უკრაინის დედაქალაქის ცენტრში.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა გააკრიტიკა და „უადგილო“ უწოდა ჩხრეკის ჩატარებას, ამ ინციდენტის შემდეგ მაინც არავინ იცის, როდის გაგრძელდება პროექტზე მუშაობა, მაშინ როცა, იგორ პოშივაილოს თქმით, მოიჯარეს მემორიალის ასაშენებელი თანხა უკვე ჯიბეში ედო და პროექტის დასრულება 2019 წლის აგვისტოში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისათვის, იგეგმებოდა,

საქმე ისაა, რომ 7 წლის წინ მაიდანზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ სიმართლის დადგენის მომხრეებიც კი გაყოფილი აღმოჩნდნენ და სხვადასხვაგვარად უყურებენ დაღუპულთა მემორიალის მშენებლობის შეჩერებას, რაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია.

ასე მაგალითად, ინსტიტუტის ქუჩაზე დამატებითი საგამოძიებო სამუშაოს ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს 7 წლის წინ დაღუპული დემონსტრანტების ნაწილის ინტერესთა დამცველი ადვოკატი, ვიტალი ტიტიჩი, რომელიც დარწმუნებულია, რომ გამომძიებლებმა წინასწარი გამოძიების პროცესში საკმაოდ ბევრი მტკიცებულება შეაგროვეს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ „ზეციური ასეულის“ მემორიალის მშენებლობის შეჩერება ხელს აძლევს და აძლიერებს მოსკოვის ნარატივს, რომლის თანახმად, რადიკალური ელემენტები და ულტრამემარჯვენე აქტივისტები კიევის კარნახით მოქმედებენ.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება, თუ მომავალ თაობებს ყოველგვარი მითოლოგიზების გარეშე ეცოდინებათ, რა პროცესები უძღოდა წინ „ღირსების რევოლუციას“ („მაიდანს“) და რა ვითარებაში დაიღუპნენ დემონსტრანტები.

„მაიდნის“ არსის თავიდან ბოლომდე გაცნობიერება წარმოადგენს იმ ვითარებიდან გამოსავალს, რაშიც ჩვენ [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინის გამოისობით ჩავვარდით“, - ამბობს ვიტალი ტიტიჩი.

2018 წლის ივლისში უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიების დეპარტამენტმა განკარგულება გასცა კიევის ინსტიტუტის ქუჩაზე „ღორსების რევოლუციის მუზეუმის“ მშენებლობა შეჩერებულიყო.

სამართალდამცველები მუზეუმის ხელმძღვანელობას და კერძო მოიჯარე კომპანიას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ 100 მილიონი ჰრივნის - საბიუჯეტო თანხის -მითვისების საქმეში.

მუზეუმის გენერალური დირექტორი, იგორ პოშივაილო, აცხადებს, რომ „ზეციური ასეულის“ მემორიალის ასაშენებლად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაპატიმრებამ მძევლად აქცია როგორც მუზეუმი, ისე მოიჯარე კომპანია.

„ღირსების რევოლუციის“ შემდეგ უკრაინაში ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება და ორივეს მისამართით გაისმის ბრალდება, რომ მათ ბოლომდე ვერ მიიყვანეს ვერც სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და ვერც „ზეციური ასეულის“ მემორიალისა და ღირსების რევოლუციის მუზეუმის მშენებლობის საქმე, მაშინ როცა კრემლი და მისი უკრაინაში დარჩენილი მომხრეები ძალ-ღონეს არ იშურებენ „მაიდნის“ მემკვიდრეობის დისკრედიტაციისათვის.

„ცუდია, რომ ხელისუფლებამ ეს პრობლემა დღემდე ვერ გადაჭრა. ქვეყანას სჭირდება ასეთი მემორიალის აშენება. ეს ხომ ხსოვნას ეხება! ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ხომ უნდა იცოდნენ, თუ რისთვის იბრძოდნენ ეს ადამიანები და რას შეეწირნენ“, - უთხრა ევგენი ლიტვინმა რადიო თავისუფლებას. იგი 7 წლის წინანდელი მღელვარე მოვლენების დროს კიევის ცენტრში პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადადგომისა და ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ საპროტესტო ბანაკს საკვებით ამარაგებდა, ამჟამად კი უკრაინაში მებრძოლ უცხოელ მოხალისეთა რაზმის, „ქართული ლეგიონის“, წევრია და მის რიგებში ასრულებს სხვადასხვა სამხედრო დავალებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG